- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-06-09 10:04:15
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი რუსეთუმე დასავლეთის პოლიტიკის წყალობით გახდა. დუმბაძის თქმით, ივანიშვილს 2014 წლამდე დასავლეთი ესიმპათიურებოდა და ევროპისკენ იხრებოდა, მაგრამ 2014 წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ისევ შცვალოს თავისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ.
რა შეცვალა 2014 წელმა ივანიშვილის ცხოვრებაში? რატომ გადაწყვიტა მან სოსო ჯაჭვლიანისთვის სამაგიეროს გადახდა? რა თამაშს თამაშობს სალომე ზურაბიშვილი? რატომ ვერ გადარჩებიან კობახიძე და მდინარაძე? რატომ არ ეკუთვნის საქართველოს ევროპულ ოჯახში შესვლა ამ ეტაპზე? _ ამის შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო მურმან, თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმაზე, რომ 2014 წლამდე ბიძინა ივანიშვილი პროდასავლურად იყო განწყობილი, ძალიან მოსწონდა ევროპა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასავლეთმა რუსეთს ყირიმის ანექსია და დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაცია შეარჩინა.
_ ასე იყო და ამას ყოველთვის ვიტყვი. მე ბიძინა ივანიშვილთან ძალიან ახლოს ვიყავი, თითქმის ყყოველდღე გვიწევდა ან შეხვედრა, ან საუბარი. კარგად მახსოვს, თუ როგორი პოზიცია ჰქონდა მას. ის რუსეთისკენ არც იხედებოდა. მას დასავლეთი მოსწონდა. ყველაფერი 2014 წელს შეიცვალა. დასავლეთმა ხმა არ ამოიღო რუსების მიერ ყირიმის ოკუპაციაზე. არც დონბასისა და ლუგანსკის მხარეების მითვისება გაუპროტესტებია, დასავლეთმა მოსკოვს შეარჩინა უკრაინის მიწების მითვისება. ამ ფაქტმა ივანიშვილზე დიდი გავლენა იქონია და მან რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
_ იქნებ, ყოველთვის რუსეთისკენ იყო და იმ წლებში ამას, უბრალოდ, მალავდა?
_ ამას ვერ დამალავდა. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და აუცილებლად იტყოდა, რომ რუსეთის მიმართ იყო სიმპათიებით განწყობილი. 2014 წლის შემდეგ მან დამოკიდებულება შეცვალა და რუსეთისკენ მიბრუნდა. შეიძლება მას შეეშინდა, რომ პუტინი რამეს დაუშავებდა. ამის საშიშროება იყო. ფაქტია, რომ დასავლეთმა იმ პერიოდში რუსეთის ყველა ქმედება გაამართლა. ივანიშვილს ძალიან ეშინია პუტინის. ამიტომაც არის, რომ დღეს მისი „ქართული ოცნება“ ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. თავად ივანიშვილი არსად ჩნდება, არანაირ განცხადებებს არ აკეთებს.
_ თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს პუტინის ეშინია. იმის არ ეშინია, რომ პუტინთან ასეთი კეკლუცობის გამო დასავლეთმა შეიძლება სანქციები დაუწესოს? ამ ომის ფონზე სანქციების დაწესების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
_ ამისაც ეშინია. მას უკვე შეექმნა დასავლეთში გარკვეული სახის პრობლემები, რაღაც ფული ვერ მიიღო, შეფერხდა მისი ტექნიკის გადაადგილება. ეს მხოლოდ დასაწყისია. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი უკვე ფიქრობდეს მისთვის სანქციების დაწესებაზე. სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შესაძლოა, ივანიშვილმა ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს.
_ თავის პრორუსულობაზე „ოცნებას“ შეაწმენდს ხელებს?
_ ამის გაკეთება არ გაუჭირდება. ასეთი რამე სხვა დროსაც გაუკეთებია. მისთვის ადამიანებისა და თანაგუნდელების გაწირვა პრობლემას არ წარმოადგენს. რაღაც პერიოდი საქართველოს პრემიერი იყო გიორგი კვირიკაშვილი. ბიძინა ივანიშვილი მისით აღფრთოვანებული გახლდათ. ამბობდა, რომ კვირიკაშვილი მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. გავიდა რამდენიმე წელი და ივანიშვილმა თქვა, ქვეყანაში თურმე ხალხი შიმშილობს და ეს გაჭირვება კვირიკაშვილის ბრალიაო. კვირიკაშვილი პრემიერობიდან გაუშვეს. ბიძინა ივანიშვილს სხვაზე ხელის შეწმენდა ახასიათებს, თუ მის საქმეს დასჭირდა, ყველასა და ყველაფერს გაწირავს და შემდეგ საერთოდ არ დაინტერესდება მათი ბედით.
_ თავის დროზე, ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც გაწირა, მაგრამ მერე უკან დააბრუნა პრემიერად.
_ ირაკლი ღარიბაშვილიც გააგდო, მაგრამ მერე უკან დააბრუნა. შეიძლება კვირიკაშვილიც დაებრუნებინა, მაგრამ მისი საქმე უფრო მძიმედ არის და ამას ვერ პატიობს.
_ რა არის ასეთი, რასაც ვერ პატიობს?
_ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივანიშვილის გარეშე მიიღო გვიორგი კვირიკაშვილმა რაღაც გადაწყვეტილებები. კერძოდ, მოძრაობები დაიწყო მამუკა ხაზარაძის მიმართულებით და ამას ვერ პატიობს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, „ქართულ ოცნებას“ შეაწმინდოს ხელები თავის პრორუსულობაზე. დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს არ გადაყვება, მათ უფრო მარტივად შეაწმენდს ხელებს.
_ თავად მამუკა მდინარაძე ან ირაკლი კობახიძე არ ფიქრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი მათ შეაწმენდს ხელებს? უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი ყველა ვარიანტში დამარცხდება და ამ მარცხის გაფორმების შემდეგ რით გაიმართლებენ თავს? რას ეტყვიან საზოგადოებას?
_ ის, ვინც დღეს საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს, პოლიტიკურად გამოუცდელი ხალხია. ეს ადამიანები, უბრალოდ, მიბმული არიან მილიარდერ კაცზე. მათი სახელი და გვარი მას შემდეგ გავიგეთ, რაც ისინი პარლამენტში შემოიყვანეს. ისიც არ ვიცით, საიდან მოვიდნენ და რა უკეთებიათ? სად იყო წლების წინათ ვინმე ალუდა ღუდუშაური, ახლა ასე უკმეხად რომ საუბრობს ოპონენტებზე?! ამათ რომ პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეთ, ცოტა სხვანაირად მოიქცეოდნენ. ეგეც არ იყოს, ძალიან ახალგაზრდები არიან.
_ აღარ არიან ახალგაზრდები, თითქმის ყველა მათგანმა 40 წელს გადააბიჯა.
_ პოლიტიკისთვის ვამბობ, რომ ახალგაზრდები არიან და ესაა მათი მთავარი პრობლემა. ისინი 80 წელს რომ იყვნენ მიტანებული, ასეთი მოქცევა გამართლებული იქნებოდა. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პენსიაზე გავიდოდნენ. ესენი კი ახალგაზრდები არიან და ამ ასაკში რა უნდა გააკეთონ? მათ ხომ ასეთი ცუდი საქმეები აქვთ გაკეთებული? რას იზამენ? ვერაფერს _ ლევან მამალაძესავით დაიწყებენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში სირბილს და თავის მართლებას? მდინარაძეებს, კობახიძეებსა და ღუდუშაურებს მომავალში პოლიტიკური პერსპექტივა აღარ შერჩებათ. კარგი იქნება, თუ ისინი ამაზე დაფიქრდებიან.
ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს და იკადრებს, ყველას გაწირავს. სხვებს თავის გადარჩენა გაუჭირდებათ. ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის გარეშე თავს ვერ გადაირჩენს, ეს გამორიცხულია. ივანიშვილი კი მის გადასარჩენად ხელსაც არ გაანძრევს.
ხშირად ვუსმენ ხოლმე აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძის გამოსვლებს. ძალიან ახალგაზრდა კაცია, 35 წლამდე იქნება, ალბათ. ასეთ პატარა ასაკში პოლიტიკურ მაქსიმუმს მიაღწიო და მერე ერთბაშად დამარცხდე, ძალიან მძიმე იქნება. ის სიბინძურეები, რასაც თორნიკე რიჟვაძე ახლა აკეთებს, მეთელი ცხოვრება თან გაჰყვება და კარგად ვერასდროს იცხოვრებს. ბევრ ცუდს აკეთებს ეს ახალგაზრდა კაცი, მაგრამ არა იმის გამო, რომ ასე სურს მას. ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია.
„ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი მიბმული არის ბიძინა ივანიშვილზე. ოლიგარქზე მიბმული ხალხის პოლიტიკური პერსპექტივები საქართველოში ბუნდოვანია, რადგან არ ვიცით, რას იზამს ივანიშვილი იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში სიტუაცია შეიცვლება.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიცვლება მსოფლიოში სიტუაცია?
_ აუცილებლად შეიცვლება და ეს ცვლილება რუსეთისთვის კარგი არ იქნება. „ოცნების“ ლიდერებმა ამაზე ბევრი უნდა იფიქრონ.
_ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ბიძინა ივანიშვილზეა მიბმული, მაგრამ ის უფრო სხვანაირად იქცევა. მისი ბოლო განცხადებებიც დამაფიქრებელია. ის ცდილობს, რომ „ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიციები დააფიქსიროს, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებითაც.
_ „ქართული ოცნების“ წევრებისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ის 2005 წლიდან არის ქართულ პოლიტიკაში. ამის გარდა, მას უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს. დასავლეთში კარგ დიპლომატად მიიჩნეოდა. მგონია, რომ ის „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებას ცდილობს. მყისიერად მათგან გამიჯვნას ვერ მოახერხებს.
_ რატომ ვერ მოახერხებს მყისიერად გამიჯვნას?
_ იმიტომ, რომ მაშინვე შეახსენებენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. მაშინ სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ძალით გაიყვანა პრეზიდენტად. ივანიშვილმა ყველაფერი იკადრა, რომ ზურაბიშვილს მოეგო ის არჩევნები. არც ისაა გამორიცხული, რომ გამიჯვნის შემთხვევაში „ოცნებამ“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი მინიმალურ წარმატებასაც თუ მოიპოვებს, მაშინ „ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება. რუსეთი თუ დამარცხდა და, ალბათ, ასეც იქნება, „ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. კობახიძისა და მდინარაძისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი ამას კარგად ხვდება და სწორად იქცევა, რომ მმართველ პარტიას ემიჯნება.
კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი მარტო „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნაზე არ იფიქრებს. მისი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს საქართველოში პოლარიზაციის დასრულება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი რაღაც პრინციპების მიმართ უფრო შეუვალი უნდა იყოს.
_ სად უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი უფრო შეუვალი?
_ მან მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ბევრად მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს.
_ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მის შეწყალებას არ აპირებს.
_ მან ერთხელ თქვა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, რომ „არა და არასოდეს“. ეს ჯიუტი პოზიცია გასულ კვირასაც დააფიქსირა. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზურაბიშვილმა უფრო პოზიტიური პოზიცია დააფიქსირა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ გვარამიას დაკავებამ, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ დააზიანა და ეს მართლაც ასეა. პრეზიდენტმა ამ დაკავებას უდროო უწოდა. ეს განცხადებაც საინტერესოა.
_ ბევრი მიიჩნევს, რომ გვარამიას დაკავება უდროო იყო, მაგრამ იქნებ, დროული იყო და „ქართულმა ოცნებამ“ ის მისთვის საჭირო მომენტში დაიჭირა?
_ არის ასეთი მოსაზრება, რომ გვარამია იმიტომ დაიჭირეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოსო. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ სტატუსთან დაკავშირებით ჩემი შხედულება მაქვს. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა გახდეს. ძალიან კარგია ევროკავშირი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სტატუსს ახლა ვერ მივიღებთ. პირდაპირი საუბარი მიყვარს და პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველომ ახლა არ უნდა მიიღოს ეს სტატუსი.
_ რატომ არ უნდა მიიღოს?
_ იმიტომ, რომ არ გვეკუთვნის.
_ რატომ არ გვეკუთვნის?
_ არ დაგვიმსახურებია. ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ ახლა ეს სტატუსი არ გვეკუთვნის.
_ რატომ არ გვეკუთვნის? რატომ ფიქრობთ, რომ არ დაგვიმსახურებია?
_ 30 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ ვერ გავიზარდეთ. ჩვენ ისევ პიონერებად და ოქტომბრელებად დავრჩით. 30 წელი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გავზრდილიყავით. რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ ამ პერიოდში, მაგრამ არცერთმა ხელისუფალმა არ გამოიჩინა იმის ნება, რომ საქართველოში არ ყოფილიყვნენ პოლიტპატიმრები. სამწუხაროდ, საქართველოში იყვნენ და არიან პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრები რომ არ ჰყავდეს ქვეყანას, ამის გაკეთება ძნელი საქმე არ არის. არც იმის გაკეთებაა ძნელი, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. ამ მიზეზების გამო ვამბობ, რომ არ გვეკუთვნის, თორემ მე საქართველოს ადგილს ევროპაში ვხედავ.
_ თუ მაინც მოგვცეს წევრობა, გააპროტესტებთ?
_ არ გავაპროტესტებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ეს სტატუსი არ გვეკუთვნოდა. თუ მხოლოდ იმიტომ მოგვიგდეს ეს სტატუსი, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, ძალიან მეწყინება. ამით საქართველო დიდად წარმატებული ქვეყანა ვერ გახდება.
ბავშვი სკოლაში რომ დადის და მისი დონე ქაჩავს სამოსნობას და მასწავლებელი უწერს ხუთიანს, ეს მშობელს, რომელსაც შვილი უყვარს, არ უნდა უხაროდეს. კანდიდატობის მინიჭებაც ეს ამბავია. არ ეკუთვნის საქართველოს ეს სტატუსი. სხვა თუ არაფერი, 30 წლის განმავლობაში არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ. ისეთი საარჩევნო კანონი ვერ მივიღეთ, რომელიც ყველა პარტიისთვის მისაღები იქნება.
ყველა სიკეთესთან ერთად, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, გვყავს პოლიტიკური პატიმრები. ამ სიტუაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იქნება გამართლებული. ეს იქნება ცუდი. ეს ჩვენ მიგვაჩვევს ლუარსაბ თათქარიძეობას. ჩვენი ამოცანა ევროკავშირის წევრობა კი არ უნდა იყოს, არამედ ისე უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, როგორც ევროპის ქვეყნები ცხოვრობენ. თუ სტატუსს მოგვცემენ, გამიხარდება, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო.
_ თუ არ მოგვცემენ ამ სტატუსს, გეწყინებათ? გულწრფელად გვითხარით.
_ გულწრფელად გეტყვით, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ძალიან მეწყინება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ საქართველო ჭკუას ისწავლის. ახლა ჩვენი ადგილი ევროპაში არ არის. რომელ ევროპაზეა, ხალხო, ლაპარაკი?! _ უკვე მეორე პრეზიდენტს ვკლავთ. პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, 29 წლის წინათ მოვკალით, ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება ციხეში. ევროპულ ქვეყნებში ასე არ ხდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ სტატუსს არავინ მოგვცემს.
_ იქნებ, მოგვცენ?
_ ეს არის გამორიცხული! რა ინფორმაციებიც მაქვს, იქიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ამ სტატუსს ვერ მივიღებთ.
_ მესამე პრეზიდენტი ახსენეთ და, თქვენი აზრით, რატომ იჩენს ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას მისი სიცოცხლის მიმართ „ქართული ოცნება“?
_ იმიტომ, რომ არასდროს ყოფილან ოპოზიციაში. ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ხალხია. ისინი ივანიშვილმა ნაფტალინიდან ამოიღო და მთავრობაში დასვა. ოპოზიციიდან ნაბრძოლი კაცი ასეთ რამეს არ იკადრებდა. ამათ, უბრალოდ, არ იციან, რა არის ოპოზიციონერობა.
_ გია ცაგარეიშვილმა იცის, თუ რა არის ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ისიც კობახიძე-მდინარაძის ნარატივზე ზის.
_ ცაგარეიშვილის მსგავსებიც არიან. მან იცის, რას ნიშნავს ოპოზიციიდან ბრძოლა, მაგრამ მაინც ასე იქცევა. რას ვიზამთ? ბევრნაირი ადამიანი არსებობს. რამდენიმე დღის წინ სოსო ჯაჭვლიანს ვუსმენდი. მას ძალიან ბევრი პრობლემა შუქმნა ხელისუფლებამ, მაგრამ რატომ, ამაზე სოსოს არასდროს უსაუბრია. ამ თემაზე ექსკლუზივს მოგცემთ თუ გენდომებათ.
_ ექსკლუზივი როგორ შეიძლება, არ გვინდოდეს, გვითხარით.
_ მოგეხსენებათ, რომ 2011 წლის მაისის აქციის მონაწილე ვარ და დეტალურად ვიცი, რაც მაშინ მოხდა. 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მთხოვა, რომ ამ საქმეზე ჩვენება მიმეცა. იმ დროისთვის ივანიშვილთან უკვე დაპირისპირებული ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში. მე მთხოვეს, რომ როგორც პარლამენტის წევრს, ისე მიმეცა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება. ასეთივე თხოვნა ჰქონდათ სოსო ჯაჭვლიანთანაც. რამდენადაც ვიცი, სოსო ჯაჭვლიანმა ამ ჩვენების მიცემაზე კატეგორიული უარი თქვა.
_ რატომ თქვა უარი? ის 2011 წლის 26 მაისს დააკავეს და მან ერთი თვე ციხეში გაატარა.
_ სოსომ ასეთი რამე თქვა, რომ ის წაქცეული კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა. სააკაშვილი იმ დროს საქართველოდან წასული იყო. წლებია, სოსო ჯაჭვლიანი იდევნება და ვფიქრობ, რომ მას „ოცნება“ იმიტომ გადაემტერა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. ბიძინა ივანიშვილს ასეთი რამეების დამახსოვრება ახასიათებს. ის ვერ იტანს, როცა მის მოთხოვნას არ ასრულებენ. მან ცუდი გადამტერება იცის. მისი გადაკიდების არ მეშინია, განსაკუთრებით ახლა. ჩემი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული. დღეს იქ წყდება მთელი ცივილიზებული სამყაროს ბედი. იმედი მაქვს, რომ იქ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.
_ შეძლებს უკრაინა გამარჯვებას?
_ შეძლებს! უკრაინაში ბევრი ჩემი ნაცნობი იბრძვის, მათ შორის, ნადიმ ცეცხლაძე. მათთან ხშირად მაქვს კონტაქტი და ვეკითხები ფრონტის ამბებს. ნადიმი უკრაინელებით, უბრალოდ, გადარეულია. საქართველო სულ ომშია და ომის მეტი რა უნახავს, მაგრამ უკრაინაში სხვა რამე ხდება _ ქალი, კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დამოკიდებულება უკრაინელებს გამარჯვებამდე მიიყვანს. ეს ჩვენი გამარჯვებაც იქნება. უკრაინას ისედაც ვგულშემატკივრობდი რუსეთთან ომში, მაგრამ რაკი მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა, ასმაგად ვგულშემატკივრობ. უკრაინა აუცილებლად მოიგებს ამ ომს, სხვანაირად შეუძლებელია.