- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-06-09 09:19:56
ნენე ინჯგია
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადასცა. მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა, ხოლო უცნობია, როგორ შეავსო იგი.
30 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, განაცხადა, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სწორედ ამ შეფასების შემდეგ დაიწყება დისკუსია, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
რა შანსები აქვს საქართველოს? მზად ვართ თუ არა ევროკავშირის წევრობისთვის და რაზე მეტყველებს ამ პერიოდში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება, ასევე მმართველი გუნდის თავდასხმები ევროპარლამენტარების მისამართით?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკურ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა გეგმა „7 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“, რომელიც ხელისუფლებამ არ მიიღო. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ევროკავშირში გაწევრიანება, ამის ირგვლივაც ვერ ახერხებს ხელისუფლება და ოპოზიცია კოორდინაციას?
_ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამ გეგმაში წერია და წარმოდგენილია 7 ნაბიჯად. ოღონდ ჩვენი ყოფის პრობლემა გახლავთ ის, რაზედაც თქვენთანაც ხშირად მისაუბრია, რომ ჩვენი პარტიული სისტემა ისეთ კრიზისშია, ხალხის მხარდაჭერა/ლეგიტიმაცია იმდენად არადემოკრატიულია, პარტიული სისტემური ლეგიტიმაციის დეფიციტს იწვევს, შესაბამისად, ამდაგვარი ინიციატივები წარმოჩინდება, როგორც ამა თუ იმ პარტიის, რაღაც წევრთა ჯგუფის ხედვა, რომელსაც ასევე თავისი იგივენაირად სისტემურად პრობლემების მქონე პარტია, მისი ვიწროპარტიული ჯგუფი ან იზიარებს, ან არ იზიარებს. ამ ყოფაში ვართ და, შესაბამისად, სანამ ეს მოცემულობა არ შეიცვლება და სანამ არ იქნება ხალხის წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი, ეს იდეები დარჩება იმ პარტიებისა თუ იმ კლუბების იდეებად, რომელსაც მეორე მხარე არ გაიზიარებს სწორედ იმიტომ, რომ იცის, _ ეს ვიწრო ჯგუფის იდეაა და არ აქვს ფართო მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ძალიან კარგია და რამდენად მოესწრება წევრობის საკითხის გადაწყვეტამდე, სხვა საკითხია, რომ რეალურად დაიწყოს მოძრაობა საზოგადოებაში, ხალხში, _ ამ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ და არ გვექნება საშუალება, რომ ჩვენი იდეები ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკაში; ასევე ჩვენს პოზიციას ანგარიშს უნდა უწევდეს ყველა პოლიტიკური სუბიექტი მის ადგილზე და გადაწყვეტილებებსაც ისე იღებდნენ.
_ გარდა იმისა, რომ ამ გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ, ისინი მუდმივად ბრალდებების რეჟიმში იყვნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ჩაატარეს ბრიფინგი და აცხადებდნენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში წევრობის სტატუსის მიღებას, თავის მხრივ კი ოპოზიცია ამბობდა, რომ თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბრალი. შიდა დაპირისპირება, რომელსაც ამ დღეების მანძილზე ვუყურებთ, გარკვეულწილად, აისახება თუ არა შედეგზე?
_ გარკვეულწილად, ამ კითხვაზეც პათოსი იგივეა, რაც წინა კითხვაზე იყო. ბოლო პერიოდში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ფორსირებული მოვლენების ფონზე, გამძაფრდა ევროკავშირში ჩვენი წევრობის საკითხი და ახლა გახდა ჩვენშიც პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა და ეს არის მოცემულობა. მანამდე მინდა, ორი რამ აღვნიშნო, რაც სწორედ ე. წ. პარტიული სისტემის კრიზისსა და დემოკრატიის ხარისხს წარმოაჩენს. ევროკავშირთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დიდი ხნის წინათ არის მიღებული, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირების პროცესი და ამავე კონტექსტში, დასავლეთთან ინტეგრაციის კონტექსტში თუკი ვიმსჯელებთ, ალბათ უნდა აღვნიშნოთ ასევე ნატო-სთან დაკავშირებული პლებისციტი, ანუ ხალხის მონაწილეობა. ეს მოცემულობად გავითვალისწინოთ, ანუ როდის არის ევროპული არჩევანი გაკეთებული და როდიდან მოდის. ხალხის ნება მხოლოდ ნატო-სთან დაკავშირებით არის გამოხატული, მაგრამ ნატო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დასავლურ ოჯახში საქართველოს დამკვიდრების არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანი, რაც მან გააკეთა. მოვედით აქამდე, გავიარეთ 2012 წელი და შემდგომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, რომ კონსტიტუციიდან ევროასოცირების, ევროპაში დამკვიდრების მუხლი ამოეღო, გარდამავალ ვალდებულებებში გადაიტანა, გადამალა, ე. წ. დროებითი მუხლი, გადამალა და ეს გაუვიდა. ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდანაც ჯეროვანი ყურადღება ამას არ მიექცა. შემდგომ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებსა და მთავრობის ფორმირების დროს თქვეს, რომ ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ ევროკავშირში წევრობის განაცხადსო. შესაბამისად, ამომრჩეველმა ეს მიიღო, ისევე როგორც პოლიტიკურმა ძალებმა და ჯეროვნად არ შეაფასეს. რატომ 2024 წელი? მანამდე რას ვაკეთებთ? მანამდე როგორი პროგრესი გვაქვს ევროასოცირების? 2014 წელს რომ მოაწერე ხელი და 10 წლის განმავლობაში საჯარო დისკურსი წარმოდგენილი არ გაქვს საზოგადოების მიმართ და, მეორე მხრივ, საზოგადოება მისი სოციალური და მძიმე ყოფის გათვალისწინებით, იგივე სამოქალაქო კულტურისა თუ განათლების გათვალისწინებით, ნაკლებად არის აქტიური ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენი დემოკრატია (არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ძალა მყავს მხედველობაში მათი ჩათვლით) არის მძიმე მდგომარეობაში. უმთავრესი დემოკრატიული არჩევანი, ანუ ევროპული გზა, 10 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დღის წესრიგის პირველ საკითხად არ იყო. შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ უკრაინის მოვლენებმა ფორსირება გაუკეთა, თორემ 2024 წლამდეც კი არ მოვიკითხავდით ამ ამბავს, 2024 წელს კი რა იქნებოდა, ეს კიდევ არავინ იცის, როგორ გააგრძელებდნენ ჩვენი ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები თავიანთ თანაცხოვრებას, მათთვის საინტერესო თემაზე. ასე რომ, ჩემი პოზიცია ამ საკითხის შესახებ არის ის, რომ, რეალურად, ყველამ ერთად, ყოველდღიურად საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ, რომ სახელმწიფო ეს ჩვენ ვართ თითოეული ჩვენგანი და ჩვენს აქტიურობაზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე არის დამოკიდებული, როგორი იქნება პარტიული სისტემა, ესა თუ ის პარტია და როგორი იქნება საბოლოო ჯამში სახელმწიფო _ დემოკრატიული, ანუ დასავლური, თუ დეკლარაციულად დემოკრატიული, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ჩრდილოელი „კეთილისმყოფელის“ კარიკატურა. ეს არის ჩემი აზრი.
_ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ამ პერიოდში მუდმივად ესხმოდნენ თავს ერთმანეთს, მმართველი გუნდი უკვე ჩვენი პარტნიორების მისამართითაც კრიტიკული გახდა. გავიხსენოთ ირაკლი კობახიძე, რომელმაც ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ანტიევროკავშირი უწოდა. ამ ტიპის თავდასხმები ევროპარლამენტარებზე რას ემსახურება, _ ეს არის ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედება?
_ ამ პრობლემებზე პირადად თქვენთან დიდი ხანია, ვსაუბრობ, _ მნიშვნელოვან პროცესში ეს პრობლემას რომ შექმნიდა, ბევრჯერ მითქვამს. მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დადების პროცესში გახსოვთ, რა განცხადებებსაც აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, _ ესტონეთმა თავის დემოკრატიას მიხედოსო; ევროკავშირში, აბა, მოიკითხონ, როგორია დემოკრატი ჰარცელიო და ა. შ. ამაზე საზოგადოებას რეაქცია არ ჰქონია! არადა, ეს, სინამდვილეში, იყო, ის, რომ ამ რიტორიკით (თან გასათვალისწინებელია: მემარჯვენე, ულტრარადიკალური ამომრჩეველი „ქართული ოცნებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომელიც მან დაკარგა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ), ამდაგვარი ფრაზებით, რომელიც უპირისპირდება „დასავლურ გარყვნილებას“, კულტივირება ხდება და ამას ჰყავს მომხმარებელი, ანუ მხარდამჭერი მათი გულის მოსაგებად, შიდა მოხმარებისთვის ხდება ასეთი თავდასხმები. თუმცა ერთი რამ ვერ გათვალა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელმძღვანელობამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით ევროასოცირებასთან მიმართებით მსგავსი თავდასხმები აუცილებლად გასცდებოდა ქვეყნის ფრგლებს და ახლა გასცდა კიდეც, თორემ დიდი ხანია, ასეთი რამ დაწყებულია. ისინი ღიად თავს ესხმოდნენ, მიზანი იყო ერთადერთი, „ქართული ოცნების“ ძველი და ახალი თაობის დაპირისპირება. გახსოვთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის, კინაღამ წააგეს, შემდგომ იყო მობილიზაცია, ამომრჩეველს რაღაცებს შეჰპირდნენ. შემდეგ კი დაბრუნდა ღარიბაშვილი, იმ განაწყენებული ნაწილის, ე. წ. ძველების საბოლოოდ შემორიგება ვერ მოხერხდა, რადგან მათთვის პრინციპულად მიუღებელია კობახიძე და ე. წ. მისი გუნდი, ეს ხდებოდა „ქართული ოცნების“ შიგნით, თუმცა რაღაც კონსენსუსი, როგორც ჩანს, მოძებნეს ხელისუფლებაში, რომ ეს კობახიძე და ახლებიც იყვნენ და ღარიბაშვილიც იყოს და რახან ორივეა, ამდაგვარი თავდასხმებით ეს ამომრჩეველი ისევ თავიანთ ორბიტაზე დატოვონ, ეს არის ის, რასაც თვალყურს ვადევნებთ. ოღონდ შეცდომას უშვებენ, რადგან ეს უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის შედეგები, რომელიც შეიძლება საქართველოს მიმართ დადგეს, მათ პარტიასაც ძალიან მძიმედ მოუბრუნდება. ასე რომ, ეს არის, რასაც ვაკვირდები და რითიც ვხსნი ამ ყველაფერს, რაც, რა თქმა უნდა, ისევ პარტიული სისტემის კრიზისზე მიანიშნებს. თუნდაც იგივე „ქართული ოცნების“ შიგნით პარტიული სისტემა დემოკრატიული რომ იყოს, არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იქნებოდა ასეთი საუბარი და მით უმეტეს, სპეცსამსახურების ჩართულობა საერთოდ გამორიცხული იქნებოდა იმ დემოკრატიულ სისტემაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასეა.
_ ბატონო ლევან, თქვენ ასე ახსენით „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ ეს არის ელექტორატზე გათვლილი, ქვეყნის შიგნით ამომრჩევლის შენარჩუნებაზე. ეს ნაწილი რომ დავაზუსტოთ, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ეს გათვლა აქვს? მაგალითად, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის ბრალდება, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსულ, პუტინის საქმეს და სწორედ ამიტომ აქვს ეს რიტორიკა. ამ ნიშნებს თუ ხედავთ თქვენ, რომ მმართველი გუნდი საქართველოში პუტინის საქმეს აკეთებს?
_ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების შეფერხება, იგივე კრიტიკა და იმიჯის გაუარესება საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები საქართველოს არაკეთილმოსურნეების სასარგებლოდ, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ოღონდ ქმედებები არის თუ არა წინასწარ გათვლილი იმ შედეგზე, რომ რუსეთს მოეწონება თუ არ მოეწონება, _ ამაზე რთულია მსჯელობა. გარდა იმისა, რაც საჯაროდ არის ერთადერთხელ ნათქვამი, რომ რუსეთთან მიმართებით უნდა ვიყოთ ფრთხილები და საქართველო რუსეთთან არ უნდა იყოს დაპირისპირებაში, ეს გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომ ესა თუ ის ცდომილება, რომელიც საქართველოსთვის საზიანოა, ავტომატურად ნიშნავს რუსეთისთვის სასარგებლოობას. ანუ ერთმანეთს რომ შეადარო დემოკრატია, სინათლე, ავტორიტარიზმი და რუსეთი, თუკი ამ ბეწვის ხიდზე გავლის დროს ისეთ შეცდომას უშვებ, რომელიც გაშორებს განვითარებას, სინათლესა და დემოკრატიას, ავტომატურად აღმოჩნდები მეორე მხარს, აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს. ეს უნდა იცოდნენ ხელისუფლებაში პოლიტიკურმა პარტიებმაც და პოლიტიკოსებმაც.
_ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ტიპის განცხადებებს, რაც რუსეთისთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს, გაუცნობიერებლად აკეთებენ?
_ შეგნებულად ემსახურება თუ არა ვინმე რუსეთს, _ ამდაგვარი პოლიტიკური ძალები პარლამენტში წარმოდგენილი აღარ არის. გვახსოვს, რომ 2012 წლის შემდგომ პარლამენტში ასეთი ძალები წარმოდგენილი იყო, მაგრამ აღარ არიან „ქართული ოცნების“ სატელიტები. ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსსა“ და ამდგვარ ჯგუფებს. შიგნით რა მოხდა, არ ვიცი, სავარაუდოდ, ისევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, ისინი ჩამოიცილეს და მათთვის აღარ არის ეს მნიშვნელოვანი, ელექტორატის თავის ორბიტაზე დატოვებას ცდილობენ. ერთია, მე რაღაც გავაკეთო და შეგნებულად ვემსახურო, მეორეა, დაუფიქრებლადაც კი, პასუხისმგებლობის გარეშე, რაღაც ისეთი გავაკეთო ან არ გავაკეთო, შეცდომა დავუშვა, რომლითაც ავტომატურად აღმოვჩნდე მეორე მხარეს და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, ამაზე უნდა ვიფიქრო, როცა ხელისუფალი ვარ. როდესაც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს, ხალხს დასავლური არჩევანი აქვს და შენ, მაგალითად, საკუთრ უფლებასთან მიმართებით, სამეწარმეო თუ სხვა, რაზეც დგას დემოკრატიული სისტემა, იმის საწინააღმდეგო, დამაზიანებელ გადაწყვეტილებას იღებ, ამით ავტომატურად, ისე, რომ შეიძლება არც ფიქრობდე, ხვდები იმ ორბიტაზე, რასაც ანტიდასავლეთი ჰქვია, ისე, რომ რუსეთმა შეიძლება ამისთვის დიდი არც არაფერი გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და რუსეთი საკმაოდ იბრძვის ამისთვის, არაერთი ძალა არსებობს საზოგადოებრივ სივრცეში მასთან დაკავშირებული, რომლებიც ღიად რუსეთთან ცდილობენ დაახლოებას. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო დონეზე ასეთი ძალა არის. ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, განსაკუთრებით საპარლამენტო არენად წარმოდგენილი ძალები, რომლებსაც გვინდა-არგვინდა ამორმჩევლის რაღაც რაოდენოის მხარდაჭერა აქვთ, მანდატი უდევთ, შესაბამისად, იქ პარლამენტში ვინც არიან წარმოდგენილი, უნდა გააცნობიერონ, რომ ყველა განცხადების, გადაწყვეტილების აწონა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, _ ამის გარეშე შეიძლება უნებლიედაც კი აღმოვჩნდეთ ავტორიტარიზმისა და არადემოკრატიული ქვეყნების მხარეს.
_ კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს და განსაკუთრებით ელოდება საზოგადოება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზედაც ვისაუბრეთ: რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ? როგორია თქვენი პროგნოზი ამ მიმართულებით და გაქვთ თუ არა პოზიტიური მოლოდინი?
_ 2012 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალი შეცვლილი იყო ხელისუფლება, სატელევიზიო ეთერში ვთქვი, რომ ევროასოცირების დაწყება ეს არ არის ბილეთი, რომელსაც ჩაიდებ ჯიბეში, ჩაჯდები ავტობუსში და იმოგზაურებ იმ თავისუფალ სამყაროში. არა, ეს არის ურთულესი პროცესი. ჩვენნაირ, ტოტალიტარულიდან გამოსულ, ახალშექმნილ სახელმწიფოს, სადაც მყარად არ არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული პროცესები, ღირებულებები, შეიძლება ათწლეულებიც კი დასჭირდეს ევროპული სტანდარტების მისაღწევად, თუმცა შესაძლებლობა და ეს დრო შეიძლება ჩვენვე შევარჩიოთ. ასე რომ, თუკი ვიმუშავებთ ყველა ერთად ჩვენს ადგილზე, ყოველწამიერად გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც შეგვიძლია და არ გავაფუჭებთ მაინც, ეს პროცესი შეგვიძლია დავაჩქაროთ-მეთქი. მაშინ ვივარაუდე, რომ ამისთვის 10 წელი საკმარისი იქნებოდა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ დასავლური ინტეგრაციის პროცესის დაწყების დროს, დღეს რომ ვართ ისეთები კი არ ვიქნებით, რეფორმებს გავატარებთ და უფრო დემოკრატიულებად რომ გარდავიქმნებით, მერე გავხდებით დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოების ოჯახის წევრიო. ანუ ჩვენი სახელმწიფო თქვენნაირი დემოკრატიული გახდებაო. თუკი ჩვენ გავხდით დემოკრატიული, სახელმწიფო ისე ავაშენეთ, რომ მართლაც დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი გახდა, გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხი ხომ შინაარს კარგავს კონკრეტული დროის მონაკვეთში, როცა მზად ვიქნებით ამისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვართ. რისთვის გვინდა დემოკრატიულ თანამეგობრობაში ადგილის დაკავება? იმიტომ, რომ ვიყოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. თუკი ამ ყველაფერს გავყვებით, ვნახავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანას ევროკავშირთან მიმართებით სხვადასხვა გზა აქვს გავლილი, სანამ წევრობაზე მივიდოდა. მაგალითად, თურქეთს, რომელმაც 1999 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, ჯერ კიდევ დახურული არ აქვს წევრობის კითხვარის ყველა პუნქტი, სხვადასხვა ინტენსივობით განახლდებოდა მოლაპარაკებები, შემდეგ ისევ დაიხურებოდა. როგორია დღეს ჩვენი სახელმწიფო, ეს ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით, _ მოქალაქეებმა, შეესაბამება თუ არა დემოკრატიულ სტანდარტებს. საქართველოს დემოკრატია ევროპის რომელიმე ქვეყნის დემოკრატიას რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა 10-წლიანი შანსი, ძალიან დავახლოვებოდით და ყველანაირი პერსპექტივა და ალბათობა ამის იყო, საქართველო ლიდერიც იყო ასოცირების ხუთეულში, ჩემდა სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, ევროპულ სახელმწიფოდ რომ შედგეს. განსაკუთრებით ეს შეეხება სწორედ ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს ფუნდამენტის სიძლიერეს, მოქალაქის უფლებების სიძლიერეს, მართლმსაჯულებას ვგულისხმობ, ასევე საარჩევნო სისტემას და ე. წ. ერთმანეთთან დიალოგის კულტურას. ანუ პოლიტიკური კულტურის ფორმირებას. 10 წლის განმავლობაში, როცა გქონდა ამის შესაძლებლობა და სასამართლო რეფორმა გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესე, როდესაც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობა გქონდა, დაიწყე ეს პროცესი და საბოლოოდ მაინც გააუარესე, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურ დიალოგში შეხვიდე, თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო ჩამოსული დამოლაპარაკების პროცესის დროს, ასეთი ისტორიას არ ახსოვს, ერთმანეთს ელაპარაკეთ, ხალხო რა გჭირთო და ლაპარაკის ნაცვლად ყოველდღიურად სიძულვილს როცა აღვივებ, ბუნებრივია, დასკვნა იმისა, რომ შორს ვართ ევროპული ღირებულებისგან, ძნელი გასაკეთებელი არ არის. აქედან გამომდინარე, ველი, რომ ევროპაც, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპაში, გააკეთებენ დათქმებს ჩვენს წევრობასთან მიმართებით და ეს იქნება საკმაოდ მძიმე შეფასება მმართველ პოლიტიურ ძალასთან ერთად ჩვენი საზოგადოებისა, ჩემიც, იმიტომ, რომ მეც ვერ შევძელი, იმაზე მეტად აქტიური ვყოფილიყავი, რომ იმ პრინციპების, რომელიც ყველასთვის საერთოა, სახელმწიფოებრივია, ეროზია არ მომხდარიყო, დისკრედიტაცია და რეფორმები გაგრძელებულიყო. ჩემს გასაკეთებელს არც ევროპელი გააკეთებს და არც ოკეანისგაღმელი, მით უმეტეს, არც რუსი. რუსი დაანგრევს, შესაბამისად, ეს ჩვენი მძიმე შეფასება იქნება 10-წლიანი პერიოდისა. როგორ ფორმულირებას მისცემენ ამას, პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია შეფასება, რადგან იქ ეწერება: 10 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა გასაკეთებელი ბევრი რამ, დაიწყო, მაგრამ არ გააკეთა, საქართველო ჯერ შორს არის დემოკრატიისგან. როცა ეს ყველაფერი ეწერება იქ, დანარჩენი მნიშვნელოვანი, მაგრამ არამთავარი იქნება. ჩვენ თვითონაც ვიცით, რომ საქართველოში ევროპული და თანამედროვე სტანდარტების დემოკრატია არ გვაქვს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ინსტიტუტებისა და პოლარიზაციის მხრივ იქნება კრიტიკული დასკვნებიც, შენიშვნებიც და დათქმები. მაინც არ გიშვებთ ხელს და ამიტომ რუსეთისკენ არ გადავარდებით, _ ეს პროცესი ჩემთვის „კავკასიური ცარცის წრესავითაა“, _ ხელს არ გაგიშვებ, რომ იქითკენ არ გადავარდე, თორემ ისე ჩემიანი არ ხარო, _ ჩემთვის, ასეთი შინაარსია, სავარაუდოდ.