- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-05-13 08:03:28
შორენა მარსაგიშვილი
რუსეთისგან საქართველომ ბევრი უბედურება იწვნია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას აქვთ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%. ამ ფონზე საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მეხოტბეები არ უნდა იყვნენ, მაგრამ არიან და თან ბლომად. რუსეთის მიმართ მათ განწყობა ვერც უკრაინის ამბებმა შეცვალა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ფაშისტებზე უარესი საშინელებები ჩაიდინეს. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ ქართველების ნაწილის რუსეთისადმი ასეთი ტრფობა სტოკჰოლმის სინდრომით არის გამოწვეული.
რატომ უყვართ საქართველოში რუსები? როგორ შეიცვლება მსოფლიო წესრიგი? რა მოხდება საქართველოში? გვაქვს თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი? რატომ ვერ მოიგებს ომს უკრაინასთან რუსეთის იმპერია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კახა მიქაია ესაუბრება:
_ კახა, რუსეთმა საქართველოს ბევრი უბედურება დამართა, გააუქმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, წაგვართვა ტერიტორიები, დაგვიხოცა და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქცია ადამიანები და ამის მიუხედავად, საქართველოში ოკუპანტებს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ეს ამბავი ცოტა გასაკვირი არ არის?
_ თქვენგან განსხვავებით, მე ეს არ მიკვირს. რუსეთუმეებში მძლავრობს სტოკჰოლმის სინდრომი. ვინც არ იცის, რა სინდრომია ეს, მათთვის განვმარტავ _ მსხვერპლს უყვარდება მოძალადე, თავის გამაუპატიურებელი. სტოკჰოლმის სინდრომი ჩვენს რუსეთუმეებში უკვე ქრონიკულ ფორმაშია გადასული. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ამდენი ხნის ყოფნამ და ამდენწლიანმა მონობამ თავისი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას. ძალიან მიჭირს ამის თქმა და აღიარება, მაგრამ ეს არის რეალობა.
გავიხსენოთ, რა მოვლენები განვითარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. ამ შემთხვევაში მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე შევჩერდები: ეს იყო 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება. ეს არ იყო ძმათამკვლელი ომი, როგორც ამას ზოგიერთი უწოდებს, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, სადაც რუსეთმა გამოიყენა ქართველი რენეგატები. კრემლმა თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეების ხელით დაამხო საქართველოს ეროვნული მთავრობა და მისი პირველი პრეზიდენტი. ეს იყო რუსეთის შურისძიება საქართველოზე და უშუალოდ ზვიად გამსახურდიაზე.
უკაცრავად, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე არ მიკვირს იმ პრორუსული განწყობების არსებობა, რომელიც დღეს საქართველოშია. არც ისაა გასაკვირი, ამდენი ადამიანი ასე პირდაპირ რომ უჭერს მხარს რუსეთს. ერთი რამ არის აქ აღსანიშნავი: თუ აქამდე ისინი ნიღბავდნენ თავიანთ რუსეთუმეობას, რუსეთ-უკრაინის ომმა მათ ეს ნიღაბი ჩამოხსნა.
_ ამ ომმა მართლა ერთიანად გამოაჩინა ყველა რუსეთუმეს სახე.
_ მე პირდაპირ გეტყვით ახლა: ზუგდიდის მერიაში შეიძლება ხმამაღლა ვერ ბედავენ ოკუპანტებისთვის მხარის დაჭერას, მაგრამ კულუარულ საუბრებში აღიარებენ, რომ ისინი რუსეთის მომხრეები და მხარდამჭერები არიან. ისინი ოცნებობენ, რომ ამ ომში უკრაინა დამარცხდეს და პუტინმა გაიმარჯვოს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით.
_ ამის ნამდვილად მჯერა, საქართველოში ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში თანაუგრძნობენ ოკუპანტებს.
_ სამწუხაროდ, ასე ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. პირდაპირ ვამბობ, _ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებში ბევრი რუსეთუმე აღმოჩნდა. მათ პერსონიფიცირებას არ დავიწყებ, მაგრამ ძალიან ბევრნი არიან. ხომ გითხარით, არ მიკვირსნ რომ ქვეყანაში ამდენი რუსეთუმეა, მაგრამ ვიღაცები რომ რუსეთუმეები აღმოჩნდნენ, ეს გამიკვირდა, ისინი ყოფილან ჩუმი რუსეთუმეები, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ნიღაბი ჩამოხადა და ყველას თავის ადგილი მიაკუთვნა.
_ ქართველებს იმიტომ უყვართ რუსეთი, რომ სტოკჰოლმის სინდრომი სჭირთ, მაგრამ ეს სინდრომი რატომ არ აღმოაჩნდათ უკრაინელებს? ისინიც ხომ რუსეთის ტყვეობაში იყვნენ? თან უკრაინელები რუსებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ქართველები. როგორც ამბობენ, რუსები და უკრაინელები თითქმის ერთი ხალხია.
_ რუსები და უკრაინელები ერთნი არ არიან. რუსეთ-უკრაინის ომმა ერთი რამ ცხადყო, _ აშკარაა, რომ იცვლება მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი. ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ევროპა, ჩვენ თვალწინ იბადება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც რუსეთის ადგილი იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს, აღარ იქნება. ახლა რუსეთის იმპერიის დაშლის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
_ პირველი ეტაპი როდის იყო?
_ პირველი ეტაპი იყო ე. წ. პერესტროიკა. შემდეგ ამას მოჰყვა საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლა.
_ ეს დაშლა დიდად მშვიდობიანი არ ყოფილა.
_ ბევრი სისხლი დაიღვარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1989 წლის 9 აპრილი. რუსეთის იმპერიის დაშლის პირველი ეტაპი დასრულდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ ამის შემდეგ პუტინმა და რუსეთმა სცადეს იმპერიის აღდგენა. აქ მარტო პუტინზე არაა საუბარი. თავად რუს ერშია პრობლემა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ოთარ იოსელიანს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რუსეთის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ბრბო არისო.
_ ძნელია არ დაეთანხმო ამაში ოთარ იოსელიანს.
_ ჩემი აზრით, ბრბო უფრო მეტია. ასე რომ, პრობლემა რუს ერშია. რაც შეეხება რუსებისა და უკრაინელების მსგავსებას, ამაში არ დაგეთანხმებით.
_ ქართველებისგან განსხვავებით, უკრაინელებს რუსებთან უფრო მეტი საერთო აქვთ.
_ უკრაინელებმა დაამტკიცეს ერთი რამე _ ისინი არიან ერი, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, უკრაინელები მზად არიან, თავი გაწირონ სამშობლოსთვის. ისინი მზად არიან, პირველ რიგებში იყვნენ ბრძოლის წინა ხაზზე და დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლება, არამედ ევროპისაც. ეს არ გახლავთ მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ომი. ეს არის რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ომი. ეს არის ომი ბოროტსა და კეთილს შორის. ამ ბრძოლაში პირველ რიგებში არიან უკრაინელები.
მინდა საჯაროდ გამოვხატო პატივისცემა თავისუფლებისთვის მებრძოლი ამ გასაოცარი ერის მიმართ. უკრაინას ვუსურვებ გამარჯვებასა და წარმატებას. ისინი ახლა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენთან რუსეთის მიმართ სიყვარული ისევ მძლავრობს.
_ საბედნიეროდ, საქართველოში ყველას არ უყვარს რუსეთი. ძალიან ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის ახლა უკრაინაში უკრაინის, საქართველოსა და ევროპის თავისუფლებისთვის.
_ ეს ძალიან კარგია და ამით ნამდვილად ვამაყობ. სიამაყით ვივსები და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა ვისმენ, რომ ლეგენდარულ პოლკ „აზოვის“ შექმნაში ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა.
_ გიორგი ქუფარაშვილსა და ბახვა ჩიქობავას „აზოვის“ შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით.
_ ამით ძალიან ვამაყობ. საამაყოა, რომ ამ პოლკის წამყვანი მებრძოლები იყვნენ და არიან ქართველები. თუნდაც აქედან გამომდინარე იმედიანად ვარ განწყობილი. საქართველოს ისტორიაში ყოფილა მძიმე პერიოდები, მაგრამ გამოვსულვართ მდგომარეობიდან.
დღეს მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული უყურებს უკრაინას. უკრაინის შემყურე არცერთი თავმოყვარე ქვეყანა აღარ დაუხრის თავს და აღარ დაემონება რუსეთის იმპერიას, ეს შეუძლებელია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად საქართველოც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ახალი ევროპის შექმნაში. ვინმეს უნდა თუ არა, ჩვენ მაინც გავხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი.
_ დაკარგულ ტერიტორიებს თუ დავიბრუნებთ? ახლა თითქოს გაჩნდა ამის შანსი.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს და სრულ თავისუფლებასაც მოიპოვებს. თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ რუსეთუმეებს და უკვე ახლავე ვიზიარებ მათ ღრმა მწუხარებას. სულ ახლო მომავალში ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
_ მძიმე დღეში რომ აღმოჩნდებიან, ეს ცხადია, მაგრამ პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ ამ აღვირახსნილი რუსული პროპაგანდისთვის?
_ ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამე გამოვიარე. ყოველთვის პირველ რიგებში ვიყავი და კარგად ვიცი, თუ რა დამართეს რუსეთუმეებმა ჩემს სამშობლოს. ამის მიუხედავად, რუსეთუმეების მიმართ არასდროს მქონია შურისძიების განცდა.
_ შურისძიება არც მე მქონია მხედველობაში, მაინტერესებს თქვენი აზრი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, ამ აღვირახსნილმა რუსეთუმეებმა რამე სახელმწიფო თანამდებობები დაიკავონ?
_ თუ კონკრეტული დამნაშავეები არ დაისაჯნენ და ისინი არ ამხილეს, ეს იქნება ძალიან ცუდი. ეს ამბავი ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.
_ თქვენ ზემოთ მითხარით, რომ არ გიკვირთ, რუსეთს საქართველოში ამდენი მოყვარული და მომხრე რომ ჰყავს. არც ის გაკვირვებთ, ოკუპანტებს ის ხალხი რომ უჭერს მხარს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა?
_ ესეც სტოკჰოლმის სინდრომიდან გამომდინარეობს. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი. დღეს ძალიან ბევრი ქართველი აგინებს და აძაგებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. ის ამით მხარს უჭერს რუსეთს და ოცნებობს, რომ რაც შეიძლება მალე მოიგოს ომი რუსეთმა. რა უნდა ველაპარაკო იმ ქართველს, რომელიც მოუთმენლად ელოდება, როდის მოუგებს რუსეთი უკრაინას ომს?!
_ დიდი იმედი მაქვს, რომ არ ეღირსებათ ამ ოცნების ასრულება. რუსეთმა ეს ომი, წესით, არ უნდა მოიგოს.
_ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთუმეების ოცნებებს ახდენა არ უწერია. უკვე ღიად ჩანს, რომ რუსეთის იმპერია ამ ომში დამარცხდება.
_ საიდან ჩანს, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება? იქნებ, ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია?
_ აშკარაა, რომ რუსეთი ამ ომში მარცხისთვის არის განწირული. რუსეთის გამარჯვება ამ ომში ისტორიულ კანონზომიერებასაც ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება, ამ ბნელმა ძალამ ცივილიზებულ სამყაროს მოუგოს? რუსეთი არის სიბნელე, სიბნელე კი ვერასდროს მოუგებს სინათლეს.
_ აქამდე ამ ბნელმა ძალამ არაერთხელ აჯობა ცივილიზებულ სამყაროს.
_ სამწუხაროდ, ბევრჯერ მოუგო, მაგრამ დრო იცვლება. ახლა სულ სხვა ეპოქაა და დადგა დრო, როდესაც რუსეთის იმპერია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიშალოს.
_ ადრე თუ გვიან, ყველა იმპერია იშლება და ალბათ არც რუსეთი იქნება გამონაკლისი.
_ რუსეთის იმპერია რომ დაიშლება, ამაში ეჭვი არ მეპარება. სხვანაირად წარმოუდგენელია, ბნელი ძალა ცივილიზებულ სამყაროსთან ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს.
_ ქართველების მიერ ზელენსკის ლანძღვა ახსენეთ. ზოგიერთი ქართველი მას იმიტომ ლანძღავს, რომ სააკაშვილს უჭერს მხარს.
_ ამასაც მოკლედ ვუპასუხებ _ ქოც-ნაცური პინგ-პონგის სტილში მიდის ყველაფერი. შეხედო ზელენსკის და მის მებრძოლ ერს და იმაში ჩაიციკლო, რომ ის მიშა სააკაშვილს უჭერს მხარს, ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი. ამის გარდა, ეს არის ქართული სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რადგან რუსეთ-უკრაინის ომში წყდება საქართველოს ბედი.
_ ზელენსკის წარსულზე ქირქილი და მისთვის კლოუნის დაძახება რას ნიშნავს? დანაშაულია, ადამიანი ნიჭიერი მსახიობი რომ იყო? ამით დაუშავა რამე ზელენსკიმ მის ქვეყანას?
_ ზელენსკისთვის კლოუნის ძახილი უკვე სასაცილოა. დაუძახონ, რეიგანიც კლოუნი იყო. ასე მოიხსენიებდნენ მას მისი მოწინააღმდეგეები. მე რომ მკითხო, რეიგანი არის ამერიკის შეერთებული შტატების ნომერ პირველი პრეზიდენტი. ზელენსკის მარტო კლოუნს არ ეძახიან. არის ადამიანების კატეგორია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს თანამედროვეობის ჩერჩილს უწოდებს. ასე რომ, ამაზე საუბარი ცოტა სასაცილოდ მიმაჩნია. ზელენსკიზე ისეთი ხალხი იცინის და საუბრობს, რომ მათზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
ფაქტი არის ერთი: ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურა თანამედროვე მსოფლიოში. უკრაინის პრეზიდენტმა, თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი როლი ითამაშა უკრაინის არმიისა და ერის მობილიზაციაში. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ წინააღმდეგობის გაწევაში, რასაც დღეს უკრაინა უწევს რუსეთის იმპერიას.
_ უკრაინის არმია და უკრაინელები საოცარ სიმამაცეს აჩვენებენ. ჩვენთან ამან ბევრი ჩააგდო პესიმიზმში, რომ ჩვენ ხომ ამას ვერასდროს გავაკეთებდითო... მაგრამ, მგონი, არ ღირს თავზე ნაცრის დაყრა, ჩვენ ხომ პირველები დავეჯახეთ ამ იმპერიას. სხვა თუ არაფერი, აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე გავუწიეთ წინააღმდეგობა მათ.
_ რატომ უნდა ჩავვარდეთ პესიმიზმში? რა გვჭირს სამაგისო? ჩვენ თავაწეულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ჩვენ გვყავს თანამედროვე გმირები, ჩვენ გვყავს გიორგი ანწუხელიძე! ჩვენ გვყავს ოთხოზორია! ჩვენ გვყავს არჩილ ტატუნაშვილი! ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს.
_ ჩვენ გვყავს ჟიული შარტავა.
_ რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჟიული შარტავა. ჩვენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამედროვეები ვართ. ჩვენ თავზე ნაცრის წასაყრელად არ გვაქვს საქმე. ჩვენ ჩვენი წარსულით უნდა ვიამაყოთ. სამწუხაროდ, ახლა საქართველოს ხელისუფლება არ ასახავს ქართული საზოგადოების ინტერესებს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას.
_ მხარსაც უჭერს და ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის დღეს უკრაინაში.
_ კი ბატონო, უკრაინაში ბევრი ქართველი მოხალისეა წასული. ისინი იქ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, არამედ იქ საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც სწირავენ თავს. ამიტომ თავზე ნაცრის წაყრა და პესიმიზმი საჭირო არ არის, ეს უადგილოა.
სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში სტოკჰოლმის სინდრომი მკვეთრად არის გამოვლენილი. ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან ბევრი ქართველი აღმოჩნდა რუსეთუმე და რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ასეთები განასაკუთრებით მრავლად ხელისუფლების რიგებში არიან.
_ რუსეთუმეობას თქვენ ძირითადად სტოკჰოლმის სინდრომით ხსნით. იქნებ, მათი რუსეთუმეობა სულაც არაა სტოკჰოლმის სინდრომი და ეს, უბრალოდ, სამშობლოს ღალატი და კოლაბორაციონიზმია?
_ სამწუხაროდ, მარტო სტოკჰოლმის სინდრომთან არ გვაქვს საქმე. აქ ღალატიცაა და მტერთან თანამშრომლობაც. ჩვენ ძალიან მძიმე ისტორია გვქონდა. ეს ყველაფერი ამ ჩვენი მძიმე ისტორიიდან მომდინარეობს. ასეთი მძიმე ისტორია რომ არ გვქონოდა, ერთი მხრივ, სტოკჰოლმის სინდრომი და, მეორე მხრივ, КГБ-ს აგენტურა, რომელიც მოქმედებდა საქართველოში, 1991-192 წლებში არ მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. არც იმ 30-წლიან ციკლში აღმოვჩნდებოდით, საიდანაც დღემდე ვერ გამოვედით.
_ გამოვალთ ოდესმე?
_ აუცილებლად გამოვალთ. ეს ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
_ ეს გამარჯვება უკრაინის გამარჯვებას მოჰყვება?
_ რა თქმა უნდა. საქართველო გაიმარჯვებს, როცა ცივილიზებული სამყარო აჯობებს ბნელეთს. ახლა უკრაინაში ნათელი ებრძვის ბნელს. ნათელ მხარეს კი ბნელი ვერასოდეს აჯობებს.
_ ბნელზე ნათელი მალე გაიმარჯვებს?
_ მალე.
_ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება, ეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ რუსეთის მარცხის შემდეგ ბუნებრივია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. მაგრამ ეს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით არ დასრულდება _ ჩვენს მომავალს ახლებურად გავიაზრებთ. ჩვენ გამოვნახავთ კუთვნილ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ ჩვენი იდენტობით, მსოფლმხედველობით აუცილებლად გავხდებით ევროპის ნაწილი. ჩვენ მენტალობით ვართ ევროპელები.
რუსეთის იმპერიაში საქართველო მოხვდა ძალადობის გზით. ჩვენ დაგვიპყრო იმპერიამ, თორემ ყველა დიდი ქართველი, სულხან-საბა ორბელიანით დაწყებული, მიილტვოდა ევროპისკენ. ევროპაში ყოფნა არის ჩვენი მოწოდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მალე გახდება ევროპის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ რუსეთის იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ჩვენ მივიღებთ ისეთ საქართველოს, როგორისთვისაც ბრძოლაში უამრავი ქართველი დაიღუპა. ძალიან მალე სულ სხვა მსოფლიო წესრიგი იქნება, სადაც როგორც უკვე გითხარით, რუსეთი იმ სახით არ იქნება წარმოდგენილი, რა სახითაც ახლა არის.