QronikaPlus
შალვა ნათელაშვილი: „დღეს გადასარჩენია ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ პუტინმა არ ჩაგვყლაპოს, მაგრამ პუტინმა უკვე ჩაყლაპა სახელმწიფო ივანიშვილის ხელით“

შალვა ნათელაშვილი: „დღეს გადასარჩენია ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ პუტინმა არ ჩაგვყლაპოს, მაგრამ პუტინმა უკვე ჩაყლაპა სახელმწიფო ივანიშვილის ხელით“

2022-04-22 08:28:13

გიგა გელხვიიძე

ბოლო პერიოდში საქართველოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამ მოხდა და პროცესები ახლაც მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე გლობალური ძვრების მომსწრეები გავხდით. ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი მოსაზრება და შეფასება აქვს. „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ამ და სხვა საკითხებზე ვრცელი ინტერვიუ ჩაეწერა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილთან და მიმდინარე თუ გასული პოლიტიკური პროცესების შესახებ ამომწურავი პასუხები მიეღო.

_ ბატონო შალვა, თქვენი შეფასებები მოსახლეობისთვის ყოველთვის საინტერესოა. ვინაიდან ჩევნი ბოლო ინტერვიუ გასულ წელს შედგა, შევეცდები, რაც შეიძლება მეტი საკითხი განვიხილო თქვენთან, თუმცა ძირითადად მაინც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის თემატიკას შევეხები.

როგორ გამოიყურება დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი?

_ იავარქმნილია და ძალიან დეპრესიულია.

_ სად არის ოპოზიცია?

_ დღეს ოპოზიცია არის ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე დიდი საყრდენი ძალა და კედელი რუსი ოლიგარქისთვის არის ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უთეთრებს ყველაფერს, არჩვენების გაყალბებიდან დაწყებული, პარლამენტის ლეგიტიმაციით გაგრძელებული და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ასპექტში დაგვირგვინებული.

_ რა ფუნქცია აქვს პარლამენტს დღეს?

_ არაფერი! ამ ორგანოს აქვს ერთადერთი ფუნქცია _ მატროსოვივით გადაეფაროს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, მის ბიზნესსა და მისი გარემოცვის უზრუნველ და ბედნიერ ცხოვრებას ხალხის ხარჯზე! სხვა არავითარი ფუნქცია არ გააჩნია ამ ე. წ. პარლამენტს, რომლის სიაც ჩამოწერა პირადად ივანიშვილმა და შეუთანხმა მის ლობისტს, ამერიკის ელჩ კელი დეგნანს, რომელიც ასევე ამერიკასაც ღალატობს და რომელიც მისი, რუსი ოლიგარქის, თანაშემწეა დიქტატურის დამყარებაში. შეუთანხმა მას ეს სია და ამას დაარქვეს პარლამენტი. ერთადერთი, ვინც ნერვებს უშლიდა, ეს იყო ლეიბორისტული პარტია და გამოაგდეს საერთოდ არა მარტო პარლამენტიდან, არამედ პარტია აკრძალეს, ეს არის რეალობა.

_ ბოლო პერიოდის განცხადებები რომ გავიხსენოთ, რა შედეგს მოიტანს საქართველოს პოზიცია უკრაინის მიმართ? ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაც კრიტიკული იყო. ეს იმოქმედებს თუ არა ქვეყნის საგარეო იმიჯზე და აისახება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე?

_ დავიწყოთ იქედან, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებენ და ეს არის სიაფანდობა. თურქეთმა 40 წლის წინათ შეავსო ეგ კითხვარი. უნდა მივხვდეთ, რომ გეოპოლიტიკური მასხარები ვართ _ ეს ერთი! და არც ნატოში მიგვიღებენ. დღეს გადასარჩენია ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ პუტინმა არ ჩაგვყლაპოს, მაგრამ პუტინმა უკვე ჩაყლაპა სახელმწიფო ივანიშვილის ხელით. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, იქ ნახევრად სიმართლე ეწერა: არ იწყებოდა იმით, რომ 21-ე საუკუნეში აიკრძალა პოლიტიკური პარტია ლეიბორისტული პარტიის სახით, ამერიკის ელჩის მდუმარებით და ხელშეწყობით! ამით უნდა დაწყებულიყო და ეს ელჩი უნდა გაეწვიათ აქედან ამისთვის და მერე იქნებოდა ეს დასკვნა დამაჯერებელი და ობიექტური. დანარჩენი იქ რაც წერია, ისედაც ვიცოდით რეალობა და მთლად ხომ ვერ დამალავდნენ ყველაფერს? მაგრამ აი, იქ რომ წერია, ამაზე დაყრდნობით ნუ იტყვით, რომ უარი თქვეს ივანიშვილზე, _ იგი ერთადერთი რუსი ოლიგარქია დედამიწაზე, რომელიც სანქციებს გადაურჩა დღესდღეობით, რომლის შვილი და მისი ოჯახი ახლა ბრაზილიის პლაჟებზე ნებივრობს მოშინაურებულ ნიანგებთან ერთად, როცა ახალგაზრდები შიმშილით იხოცებიან, სიღატაკით სული ძვრებათ, ქვეყნიდან გარბიან, უმაღლესი სასწავლებლიდან აძევებენ, კარტოფილის სათლელად გერმანიაში ან იღებენ, ან _ არა და აი, ამ ფონზე, მთელი ეს პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს გალავანს ივანიშვილის უსაფრთხოებისათვის.

_ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი გამართეთ და ისაუბრეთ იმის შესახებ, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა წლების მანძილზე, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, როგორც ქართველთა გენოციდი. ისიც ახსენეთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიმართეთ პარლამენტს დიდი ხნის წინათ. რატომ იკავებენ თავს და თუ გენოციდის შეფასებას მხარს დაუჭერენ, რა შედეგებზე გავალთ ამით?

_ ამით საქართველო მიიღებს უსაფრთხოების უდიდეს გარანტიებს, ისევე როგორც მიღებული აქვთ გენოციდის ქვეშ მოყოლილ სომხებსა და ებრაელებს. მაგრამ სანამ ამ გენოციდს აღიარებდნენ, მანამდე მათი ქვეყნების ოფიციალურმა სტრუქტურებმა აღიარეს და გააფორმეს იგი. გენოციდში მოყოლილი ქართველი ერის ე. წ. პარლამენტი ორი წელია, არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ორი წელია, რაც შევიტანეთ ეს განაცხადი, მაგრამ არ იღებს, რადგან ბიძინა ივანიშვილს პუტინისგან არ აქვს ამის თანხმობა და მისი მრისხანება არ უნდა, რომ გამოიწვიოს. ამის ფონზე კი იღუპებიან ოთხოზორიები, ტატუნაშვილები, ყოველდღე იტაცებენ მცოცავი ოკუპაციის ზონიდან ხალხს, ყოველდღე ხურავენ ქართულ სკოლებს ცხინვალის რეგიონში, საზღვარს სპობენ და ბორდერიზაციას აგრძელებენ. ამიტომ გამოგვაგდეს პარლამენტიდან, რომ ასეთი საკითხებით ნერვები არ მოგვეშალა მათთვის და საფრთხე არ შეგვექმნა ოლიგარქის ბედნიერებისთვის. თუ ოდესმე ეღირსება ამ ქვეყანას პარლამენტი, მაშინ მიიღებენ ამ დადგენილებას და მაშინ დაიწყება ამის საყოველთაო აღიარება და დადასტურება, _ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტორი სამომავლოდ, თორემ ახლა ჩვენ ნატოში არ გვიღებენ და ატომური ელექტროენერგია არ გვექნება და ვერასოდეს დავიცავთ საკუთარ თავს. ამ სტატუსის, ანუ გენოციდის აღიარება იქნება ერთგვარი დაცვის გარანტია და დაცვის რეალური შანსი. დადგენილება პარლამენტშია, შედგენილია მაღალ დონეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, გამოძიების მასალებით განმტკიცებული, მაგრამ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლების შეცვლა სჭირდება.

_ განცხადებები, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, თითქოს რუსეთის მიმართ სანქციებზე არშეერთება იყო გარანტორი უსაფრთხოებისა, რამდენად გამართლებულია? აღმოჩნდებოდა საქართველო რამე საფრთხის წინაშე ან ამ განცხადებით ავირიდეთ საფრთხე?

_ სისულელეა! არავითარი საფრთხე არ გვემუქრებოდა! 180 ქვეყანაა ლამის ამ სანქციებთან შეერთებული, მათ შორის, არიან რუსეთის მეზობლებიც და არამეზობლებიც და ახლა რუსეთი იმის გიჟია, რომ სანქციების გამო მეორე ფრონტი გახსნას სადმე? ეს სანქციები ისედაც ფორმალურია, ევროპა ისევ აგრძელებს ნავთობითა და გაზით ვაჭრობას რუსეთთან. ეს იქნებოდა ფორმალური და მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათქვამი, რომ ჩვენ პირველი მსხვერპლი ვართ რუსული იმპერიის აღდგენის გზაზე და პირველები ვუერთდებით ამ სანქციებს და მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომ გააძლიეროს ზეწოლა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოში და ამის შემდეგ გვექნებოდა უფლება, ახლა რა ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ? ვინ მოიკლავს თავს შენს ტერიტორიებზე, როდესაც სანქციებს არ უერთდები შენი მკვლელისა და შენი მახრჩობელას წინააღმდეგ დაწესებულს?! ეს უარის თქმას ნიშნავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე! ხომ ხედავთ, აღარც ახსენებენ დოკუმენტებში ულტიმატუმის წესით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამოვვარდით საერთოდ, უკრაინაზეა მხოლოდ საუბარი.

_ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე მინდა გკითხოთ: ყველაფერ ამის ფონზე, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ვიზიტი საქართველოსთვის?

_ არაფრის, ეს იყო ღალატი-2. ღალატი-1 გახლდათ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, ივანიშვილის გადარჩენა და გათეთრება არალეგიტიმური პარლამენტის, რომელიც დღედღეზე იშლებოდა და მაშინაც ასე აქტიურობდნენ სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, უსუფაშვილი, ვაშაძე და ყველა ისინი, რომლებიც ახლა ამ დელეგაციასთან ერთად წავიდნენ უკრაინაში. მაშინაც ეგენი შეუძვრნენ ოპოზიციას იქით და რაღაც არგუმენტებით ამტკიცებდნენ, რომ დაანგრევდნენ პარლამენტში ყველაფერს და აიღებდნენ შტურმით ივანიშვილის სასახლეს. ახლაც იმავე არგუმენტებით აცხადებენ, რომ საქართველომ თავისი ერთობა და ძალა უნდა აჩვენოს. საქართველოს უნდა ეჩვენებინა თავისი ძალა სანქციებზე შეერთებით და არა უსაქმოდ უკრაინაში ჩასვლით იმისთვის, რომ ივანიშვილს ჩამორეცხონ პუტინის მოკავშირის იმიჯი. ამის შემდეგ ეს ოპოზიციაა? ამას ოპოზიცია ჰქვია ამის შემდეგ და ესენი შეიძლება ვიღაცამ რაღაცად აღიაროს და მიიჩნიოს? ამ უსუფაშვილმა აღარ დაამთავრა ვაჭრობა, შევარდნაძიდან დაიწყო და აგრძელებს მორიელის პრინციპს, კუს რომ გადაჰყავს წყალზე და მერე რომ დაკბენს იმ კუს.

_ როგორ შეაფასებთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კოლაბორაციას?

_ იმ ყოფილი პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაღუპულია ეს ქვეყანა და მათი შემოყვანილია პუტინიც და მათი მოყვანილია ივანიშვილიც. ესენი არიან ერთმანეთზე უარესები და ეს არის უბედურება ამ ქვეყნის და უპერსპექტივობა, რომ ასეთ არჩევანს აკეთებენ, თუ ამას არჩევანი ჰქვია.

_ უნდა ჩასულიყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში და რა შეიცვლება მისი წასვლით ან არწასვლით?

_ იცით, რა ხდება? ივანიშვილის ნებართვის გარეშე ეგ ცხვირს ვერ გაყოფს ტუალეტშიც კი, აქედან დავიწყოთ. თუ დასჭირდება ივანიშვილს საკუთარი თავისა და მილიარდების გადასარჩენად და გამოსაძრომად ზურაბიშვილის გაშვება, პირდაპირ წინა ხაზზე გაუშვებს მას და ქლიავის ხეზე ჩამოკიდებს, მაგრამ ჯერჯერობით არ სჭირდება, ამიტომაც ეს ქალი თამაშობს პროდასავლურობას და ამ იმიჯს ირგებს. ღარიბაშვილს დაავალა პუტინის გულის მოფხანა, ის გამოდის, აკეთებს განცხადებებს, რომ სანქციები არ გამაგონოთ და რის სანქცია, რა სანქცია _ გზა გაუხსნა იარაღისა და მიკროჩიპებისთვის რუსეთში გადასატანად სანქციების რეჟიმის დარღვევით; ხოლო ზურაბიშვილს დაავალა დასავლეთის დამშვიდება და აკეთებინებს ანტირუსულ განცხადებებს. სათამაშო გახდა ეს ქვეყანა ერთი სულიერი სიმახინჯის გამო, რომელსაც რუსული ფული გამოატანეს ამ ქვეყნის დასამხობად, თავი გაიხადეს სამასხარაოდ. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამ ქვეყნისგან რაიმე გამოვიდეს. ივანიშვილის ბრალი კი არ არის ეს ყველაფერი, ეს იმ ხალხის ბრალია, ვისაც ეგონა, რომ ივანიშვილის მეწილე გახდებოდა ბერასთან ერთად მილიარდებში.

_ რა გეგმები აქვს ლეიბორისტულ პარტიას? ხომ არ უნდა ველოდეთ მიუხედავად ყველაფრისა გარკვეული სახის მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რაიმე კონკრეტული შედეგის მისაღწევად? მით უფრო იმის ფონზე, რომ აქტიურად საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიცია, ამას სააკაშვილიც უსვამს ხაზს.

_ როგორ უნდა შევიკრათ? ღამით ივანიშვილის საწოლში სძინავს ოპოზიციას და ხვალ ჩემთან დავსვა? წავიდნენ და ყველაფერი გაუთეთრონ უკრაინაში, გაუთეთრონ გაყალბებული პარლამენტის არჩევნები და ოპოზიციად მივიჩნიო? ესენი დავსვა ჩემთან? როდესაც დავსვი ჩემთან და ყველას ერთად მოვუყარე თავი, მაშინ უღალატეს ქვეყანას და ახლა მეორედ იგივე გავითამაშო? ასე სად არის? არავითარი ოპოზიცია არ არსებობს! ამ ხალხს ერთადერთი არჩევანი აქვს: ან მომცემს მე ხმას და ამ ქვეყანას გადავარჩენ, ან არადა კისრებს წაიტეხენ.

_ როგორ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ველი ქვეყანაში?

_ შიდა ძალებით ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ხალხი არ არის ქუჩაში გამომსვლელი, სხედან ბუჩქებში ან ქვეყნიდან გასაქცევად ემზადებიან და ამის არც უნარი და არც სურვილი არ გააჩნიათ. პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გაყიდული და გადარეცხილია. ერთადერთი ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ სანქციებში მოახვედრონ ბიძინა ივანიშვილი, ეს ქონება დაკარგოს და შეშინებულმა შემდეგ დანიშნოს ვადამდელი არჩვენები, თუმცა იმ არჩევნებშიც მე ასევე არ მაქვს გარანტია, რომ ვაჭრობას დაჩვეული, სამშობლოს გაყიდვას დაჩვეული ამომრჩეველი არ გავარდება და კიტრიდან დაწყებული, თანამდებობით და ტენდერების გაყიდვით დაწყებული, არ მისცემს ხმას ისევე იმათ, ვისაც აქამდე აძლევდა.

სანამ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აკეთებენ არჩევანს, სანამ ირჩევენ ბანკირებს, სანამ ირჩევენ ჩხარტიშვილის პარტიას, სანამ ირჩევენ „КГБ“-ს აგენტ ელისაშვილს, რაზე შეიძლება იფიქრო?

_ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხეთ, გკითხავთ, _ უნდა გადაეცეს თუ არა სააკაშვილი უკრაინულ მხარეს?

_ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი! ეს არის ფაქტი, მოგვწონს ეს თუ არა. მის მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები და ის არის განთავისუფლების ქვემდებარე სუბიექტი. ის უნდა განთავისუფლდეს და მერე უნდა უკრაინაში წავა და უნდა _ არგენტინაში.

გაზიარება