- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-04-21 10:17:12
ნენე ინჯგია
15 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველის საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ვიცესპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“); ვიცესპიკერი დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“); დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“); ვიცესპიკერი ლევან იოსელიანი („მოქალაქეები“); ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე; პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი („გირჩი“); პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი („ლელო“); პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი (პარტია „საქართველოსთვის“). მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა _ ძალა ერთობაშიამ“. „ევროპელ სოციალისტებს“ დელეგაციის წევრობის სურვილი არ გამოუთქვამთ. პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა. 8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.
რა მოლოდინები აქვთ „ქართულ ოცნებაში“ ვიზიტთან მიმართებით? როგორ აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას და რას აცხადებენ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების თვალსაზრისით?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლადო კახაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ლადო, უკრაინული რადის თავმჯდომარემ პაპუაშვილისგან მიწვევის საპასუხოდ მიიღო, რომ ის ავად იყო და ვერ მოახერხებდა ჩასვლას, თუმცა საბოლოოდ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ჩავა, _ ოპოზიციის მხრიდან გაისმა შეფასებები, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ სურდა პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტი, რადგან „ოცნება“ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. რას უპასუხებდით ოპონენტებს და რით ახსნით იმ პროცესებს, რაც ვიზიტთან დაკავშირებით განვითარდა?
_ მოცულობითი პასუხი გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ, _ იგი არის ძალიან მოტივირებული, კარგად მომზადებული და სწორად ორიენტირებული ამ საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც ჩვენს მოძმე, ერთგულ და მეგობარ ქვეყანას ეხება. პაპუაშვილი მართლაც შეუძლოდ გახდა და იგი ამ შემთხვევაში ჩაერთო სატელეფონო კავშირით. უკრაინის რადის თავმჯდომარესთან მისი პირადი საუბარი თბილი და საქმიანი ურთიერთობის გასაგრძელებლად სრულ შესაძლებლობას იძლევა ვიზიტის სახით, _ ამაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვისაუბროთ არა პარტიული, არამედ ქვეყნის სახელით, _ სწორედ ეს შეთავაზება გააკეთა პაპუაშვილმა დელეგაციასთან დაკავშირებით. ის დელეგაცია, რომელიც ახლა უკრაინაში მიემგზავრება, საქართველოს სახელით სამძიმარსა და თანადგომას გამოუცხადებს ჩვენს მოძმე და დღეს ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც სამართლიანად იმსახურებს მსოფლიო მხარდაჭერას და ქართველები ამას არაფერს ვაკლებთ. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი და ახლაც გეტყვით, რომ არ გავაკეთებ მათ კომენტირებას ორი მიზეზის გამო: პირველი იმიტომ, რომ რაც არ უნდა ვთქვა, ეს მათთვის და მათი მომხრეებისთვის მიუღებელი იქნება, ამიტომ ისინი თავის მხარეს რჩებიან და მე მეორე მოსაზრებაც მაქვს: ჩვენი ხელისუფლება იმით განსხვავდება ყველა სხვა ხელისუფლებისგან, რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ვამბობთ, რომ ოპოზიციურ პარტიას აქვს უფლება, თქვას ყველაფერი, მათ შორის, სისულელეც. ეს მათი აზრია და ისინი მხარდამჭერებისთვის იბრძვიან, თუ მათ აზრს მხარდამჭერები ჰყავს, ღმერთმა შეარგოთ. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი რომ ქვეყნის დამანგრევლები არიან და ომისა და ღალატის პარტიაა, ეს კიდევ არახალია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს სასიკეთო ნაბიჯები იდგმება, ყველგან ფეხს უდებენ _ ქვეყნის შიგნით თუ გარე ძალის მეოხებით, განსაკუთრებით რუსეთი ეხმარება მათ ამ საქმეში, რომ საქართველო როგორმე დაზიანდეს. ეს ბევრისთვის არის ცნობილი, არა მხოლოდ ჩემთვის. მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, მათ ყველგან მოჭრილი აქვთ თავი. როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ სადაც მე ვიმყოფები, როგორც ხელისუფლების შტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, მათ აზრის გამოთქმის საშუალებას ვაძლევთ და მოქალაქემ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი არჩევნების დროს და ეს იქნება 2024 წელს _ ვნახავთ, რამდენი მხარდამჭერი ეყოლებათ.
_ თქვენი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს გაუგებრობის აღმოფხვრას, რომელიც ბოლო პერიოდია არსებობს უკრაინა-საქართველოს შორის. რა კონკრეტული მოლოდინი გაქვთ ამ ვიზიტის შესახებ? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ვიზიტი ორ მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გარკვევას შეუწყობს ხელს?
_ რა კარგი სიტყვები თქვით, _ მეგობარი და პარტნიორი, _ დიახ, მეგობრებშიც ხდება ხოლმე გაუგებრობები. ეს ახასიათებეს ნებისმიერ თაობას გარდამავალ პერიოდებში, როგორც პროფესიული, ასევე ასაკობრივი, პოლიტიკური თუ მეცნიერული. ბევრი რამე არის დავისა და კამათის საგანი, მაგრამ არა შეურაცხყოფისა და ზურგშექცევის. ამიტომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ამას, რასაკვირველია, ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. ვერ წარმომიდგენია, ვინმე ჭკუათმყოფელს, გონიერს უნდოდეს ომი, კაცის კვლა, არეულობა, მაგრამ ხომ ხედავთ, ფაქტის წინაშე დავდექით. არის ქვეყანა და ამ ქვეყანასთან ერთად მეორე ქვეყანაც უწყობს ხელს, ვიღაცებთან კონტაქტი აქვთ, რუსებს ვგულისხმობ, რომელიც იმ განვითარების მეინსტრიმში არ ჯდება, რადგან მისი თამაშის წესით არ სარგებლობს დანარჩენი მსოფლიო, ამიტომ ძალისკენ იყურება. სამშობიარო სახლს რომ დაბომბავს, ისეთ ქვეყანასთან როგორ შეიძლება მაგიდასთან დაჯდომა? პოლიტიკურ მაგიდასაც ვგულისხმობ და ყველანაირს: ადამიანურს, მორალურს, ზნეობრივს. წარმოიდგინეთ, რამხელა უსამართლობასთან აქვს მსოფლიოს საქმე, როცა ასეთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს გაეროში! ამაზე დიდი გაუგებრობა სადმე არსებობს?! ახლა ყველამ უნდა ვიფიქროთ, კეთილად მოაზროვნეებმა, მშვიდობის მხარეს მდგომმა, კაცთმოყვარეობისა და განვითარების მხარეს მდგომმა, როგორ მოხდეს ასეთი ქვეყნის ნეიტრალიზაცია და ასეთი ქვეყნიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. უკრაინა დღეს არის ყველაზე დიდი გამოწვევის ქვეშ მყოფი. უამრავი ქვეყნის საკეთებელს აკეთებს. უკრაინის საზღვარი, მშვიდობა დაარღვია რუსეთმა და უკრაინის მთლიანობას ხელყოფს რუსეთი. უკრაინაში იგი ანგრევს ეკლესიას, მონასტერს, სამშბიარო სახლს, საავადმყოფოს, მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებს და სიცოცლეს უსპობს მას. ხშირად მითქვამს, როდესაც ასეთი დიდი გამოწვევები არის, მტერი ფიქრობს, სუსტი ადგილი მეხუთე კოლონის დახმარებით თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და შემდეგ იმ კარგ საარქივო მასალად გამოდგება, რომელიც ჭკუის სასწავლებლად გამოადგება მომავალ გენერაციებს.
_ ეს ვიზიტი, საბოლოო ჯამში, იქნება გადამწყვეტი გაუგებრობების გარკვევის თვალსაზრისით?
_ უკრაინელ ხალხთან ჩვენ არასდროს გაუგებრობა არ გვქონია. ხელისუფლება ხალხის ნაყოფია, იქ ხომ დიქტატურა არ არის და ხალხი ირჩევს ხელისუფალს. ხალხს აქვს უფლება, მრავალპარტიული არჩევნების დროს პარტიები აირჩიოს და ისინიც ერთმანეთში ლაგდებიან. ხელისუფლების საბოლოო მიზანია, ხალხთან თანამშრომლობის მეოხებით ქვეყანაზე იზრუნოს. ძალიან პატარა დროა 30 წელი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენ ყველანი დემოკრატიასაც ვსწავლობთ და ურთიერთობის ახალ ფორმატში გადასვლასაც. ამიტომ ყველაფერი მოწესრიგებადია. ერთი რამ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოპოზიცია მუდმივად შეურიგებელი იქნება. 15 აპრილს, როცა პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ვუსმენდით, ღამის 11 საათი იყო უკვე დაწყებული და ოპოზიციის ნაწილი დარბაზში იჯდა, მე მათაც მივმართე და ეთერიდანაც ვთქვი, _ დღესაც ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ამ დროს აბსოლუტურად ყველა ფრაქცია, ყველა დეპუტატი მონაწილეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში მინისტრთან და ღამის 10 საათამდე ვუსმენდით. ამის შემდეგ კი გამოდიან და ამბობენ, პარლამენტი არალეგიტიმურიაო. ასეთ ოპოზიციასთან რა უნდა ვითანამშრომლოთ?! ხალხი ხომ ხედავს ამას?! რა კარგია, რომ მასმედია არსებობს, პირდაპირი ეთერები, დიალოგის რეჟიმი. გარდა ამისა, იქ მეორე ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც შესაშური ვაჟკაცობა გამოიჩინეს, სწორად დანახული სიტყვები თქვეს, ოპოზიცია ხომ არის, მაგრამ როგორ სწორად უთხრა მადლობა მინისტრიანად მთელ გუნდს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, რაც მთელ ქვეყანას უნდა გამოადგეს: სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მეურნეობა, პირველადი პროდუქცია, შესანახი მეურნეობა, უნარჩენო მეურნეობა, გარემოზე ზემოქმედების შემსწავლელი საკითხებია გარემოს უსაფრთხოება, საერთაშორისო კონტაქტები, _ როგორ შეიძლება ამის დაუნახაობა და ამ მიმართულებებით წინსვლის არშემჩნევა. შეურიგებელი ოპოზიცია კი ამბობდა, რომ უკან მივდივართო. ისინი ამახინჯებდნენ არაარგუმენტირებულ ფაქტებს, რომლებიც 5 წუთი ძლებს მარტო, რადგან მას შემდეგ, რაც შინაარსში ჩაიხედავ, მიხვდები, რომ ეს არის წყლის ასამღვრევად და ადამიანების რწმენის შესალახავად გამოყენებული. ამას მივეჩვიეთ. კაცი, რომელიც საოპერაციოში დგას და ოპერაციას აკეთებს, ამ დროს კი ქუჩაში ვიღაც გაჰყვირის: სისხლძარღვი გადაკვანძე, ეს გაჭერი, _ ეს როგორ შეიძლება, ქირურგმა უკეთ არ იცის, რას აკეთებს?! ხელისუფალი არის ხალხის მომსახურების სფეროში გადასული, ყველა ასე უნდა იყოს. რასაკვირველია, უნაკლო არავინაა, მაგრამ სწორ რელსებზე გადასვლის გზა ხალხთან ერთად უნდა მოძებნო. ჩვენ მაჯაზე ხელი გვიჭირავს: კომიტეტის შეხვედრები იქნება, საჯარო შეხვედრები თუ უშუალოდ ადგილზე ჩასვლა, ადგილობრივ დონეზე და ასევე პირველად რგოლთან მუშაობა, პროფესიულ სფეროში ადამიანებთან ურთიერთობა იქნება თუ სხვა, ამით ვსაზრდოობთ. იქიდან ვღებულობთ ინფორმაციას, მათ დამსახურებეულ კრიტიკას ანგარიშს ვუწევთ და ვცვლით აზრებს. ამაზე სხვანაირი ფორმა რა უნდა მოიფიქრო? დიქტატურა და ავტოკრატია არასდროს იქნება, რომელსაც ისინი მუდმივად ქადაგებენ და უნდათ, რომ ერთი ადამიანის ჭკუაზე იარონ (მათ ოპოზიციურ ლიდერს ვგულისხმობ), _ დაუკვეთს რაღაცას და უნდა, ყველამ მის ჭკუაზე იაროს. არ ივლის ქვეყანა მათ ჭკუაზე. ეს არის პოლიფონია, მრავალპარტიული მმართველობა, სადაც ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფალს, რომლის საღი კონტროლი ევალება ოპოზიციას. სამწუხაროდ, ოპოზიციური ფლანგი სუსტია. როგორ მინდა, რომ კარგი, გამართული ოპონენტები იყვნენ, რომელთა გონებაც პოლიტიკას არ დაუჩრდილავს. პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ასუსტებს ოპონენტის აზრს. გონება არ უნდა დაგიბნელოს მისმა წარმატებამ. დღეს მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და ევროკავშირისგან მიღებული კითხვარის გასაჯაროების მზაობა და დაჩქარებული წესით ჩვენი ევროკავშირში მიღების განხიილვა, _ ეს ყველაფერი უნდა გიხაროდეს და საკუთარ წინადადებას უნდა სთავაზობდე, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთილშობილებს და გააძლიერებს, გაალამაზებს და შენი ქვეყნის სახელით წარმატებულს გახდის. როცა გშურს და გული გისკდება, ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებ, ან თვითონ ხარ უმეცარი და ბოროტი, ან კი ვიღაცის დაკვეთას ასრულებ. ამ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, რომ არც ერთი აკლია და არც მეორე, გარედანაც ასრულებენ დავალებას, ძალიან შენიღბულად და წარმატებულად, ასევე თვითონაც არ ჰყოფნით ვაჟკაცობა და შინაგანი კეთილშობილება, რომ თავისი ქვეყნის გამარჯვება უხაროდეთ.
_ ბატონო ლადო, მესმის, რომ ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებთ, მაგრამ მინდა გკითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზე პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში არ მიიღებენ მონაწილეობას და მათივე თქმით, „ამ ვიზიტში მონაწილეობა ერთგვარი ფარისევლობაა“, _ რით ხსნით მათ ამ პოზიციას? ამ შემთხვევაში მაინტერესებს თქვენი შეფასება, არა საპასუხო კომენტარი, არამედ რას უკავშირებთ მათ ამ დამოკიდებულებას?
_ ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: „ქართული ოცნების“ არცერთ გადაწყვეტილებას არც დათანხმებია, არც ეთანხმება და არც დაეთანხმება „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ძალა არის ბოროტი ძალა, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ ცუდ სიტყვას არ ვამბობ. ამ შემთხვევაში ბოროტებაში ვგულისხმობ პოლიტიკურ სიბოროტეს. პიროვნულად მათ არ ვეხები. პოლიტიკურად დაბნელებული გონება აქვთ, თუ ისინი არ არიან პირველი ორკესტრანტები, სხვა არაფერი მიაჩნიათ ქვეყნის წარმატების საგნად. არაფერზე დათანხმდებიან. მაგალითსაც გეტყვით: საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ასევე მიშელის დოკუმენტზე იყვირეს, იწუწუნეს და ხელი არ მოაწერეს. მას შემდეგ, რაც უკვე ყველაფერი გაკეთდა, გავითვალისწინეთ და არჩევნები ჩატარდა, შემდეგ მოაწერეს ხელი და ამით ვაჭრობა დაიწყეს, რაც ასევე პოლიტიკური სიბნელისა და სიბეცის ბრალია. ახლა რომ ამბობენ, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდესო, 11 აპრილს მივიღეთ ეს კითხვარი და მეოთხე დღეს ატეხეს ამბავი, _ არ გვაჩვენებენ კითხვარსო... თუმცა არათუ ჩვენება, არამედ უთხრეს კიდეც, მიიღეთ მონაწილეობა შევსებაშიო. ჩვენ ევროასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს ძალიან ბევრი ცვლილების განხორციელებას, ბევრი რუტინა არის გასაკეთებელი. ევროკავშირი არის ქვეყანათა ერთობა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი ყველა დონის მმართველობაში, ეს არის პირველი, მეორე რგოლი, ცენტრალური ხელისუფლება, ერთმანეთთან ურთიერთობები, კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლა, გაეროში ერთიანობა. ჩვენ ამის შესაბამისობაში მოგვყავს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე. როგორ გვინდა, რომ ყველა თვალი ყველა კუთხიდან გვიყურებდეს და რჩევებს გვაძლევდნენ. ოპოზიცია არც ერთ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს. როდესაც კომიტეტი გადაწყვეტს, იმუშავებს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო მხარდამჭერებთან და დოკუმენტი გამოვა, შემდეგ პარლამენტის სხომაზე მოვლენ, დასვამენ შეკითხვებს, გაგვლანძღავენ, დატოვებენ დარბაზს, შეკითხვებზე პასუხებს არ მოისმენენ, _ ამას რა ჰქვია?! _ მავნებლობა ჰქვია, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. პოლიტიკოსობამდე ექიმი ვარ და მთელი ცხოვრებაა ვიცი, რას აკეთებს მიკროსამყარო ჯანმრთელი ორგანიზმის წინააღმდეგ და მე მაინც რუტინის წესით ვამუშავებ ჭრილობა,ს ვუვლი წყალბადის ზეჟანგით, ანტიბიოტიკით. ასეა პოლიტიკაშიც, იგივეს ვაკეთებ დღესაც და ის გუნდი, სადაც ვარ, დააშავებს, გაილანძღება?! _ პოლიტიკური წყალბადის ზეჟანგით და იოდით მივხედავთ. სხვანაირად ვერ გავაკეთებ. არ შემიძლია, ვინმეს საუბარი ავუკრძალო, ეს არ შეიძლება, დემოკრატია ეს არის დიდი ვალდებულება, მათ შორის, რა თქმა უნდა, თმენის ვალდებულება. საერთოდ, უფლის მიერ შექმნილ ადამიანს მართავს ტვინი, იგი არის მარეგულირებელი. როგორც ჩანს, დერეგულაციის მომხრეები გამოჩნდნენ, რომელთაც ტვინი არ სჭირდებათ და ენა თავის ჭკუაზეა მიშვებული, ხელიც თავის ჭკუაზეა, ხარბი თვალიც ასევე მიშვებულია თავის ჭკუაზე, ყური კი დაყრუებულია. რა ვქნათ?! _ ამათ პოლიტიკური მკურნალობა სჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილების მიღების დროს, როდესაც მოქალაქე არჩევნებზე მოვა, ასეთ ძალას, რომელიც ხელის შემშლელია, თვითონ არ უნდა მისცეს ხმა. ამ ძალას ჰყავს თავისი მხარდამჭერები და ვერ ავკრძალავთ. დანაშაულს როცა ჩაიდენენ და პოლიტიკური დანაშაული ცალკეა, ხოლო სამართლებრივი _ ცალკე, ასევე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიც არსებობს, _ ეს ყველაფერი სამართლებრივი მხარეა და ასეთ შემთხვევაში სამართალმა თავისი სიტყვა უნდა თქვას.