- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-04-21 08:54:25
გიორგი საკარული
კორონავირუსის პანდემიის ეფექტმა და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინას შორის არსებულმა ომმა განსაკუთრებული ეკონომიკური ზიანი მიაყენა საქართველოს, რადგან სწორედ ამ ორი ქვეყნიდან ხორციელდებოდა ძირითადი ექსპორტი საქართველოში. კერძოდ, საკვებზე ფასები გაიზარდა. ათეულობით პროცენტით გაძვირდა რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. საგრძნობლად მომატებულია პურის ფასიც _ პური კი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხშირად ერთადერთი საარსებო პროდუქტია.
მაისიდან პური კიდევ 20 თეთრით გაძვირდება. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში პურის ფასი 1 ლარსა და 50 თეთრს მიაღწევს.
საცხობების ნაწილმა პროდუქტის ფასი 10 თეთრით უკვე გაზარდა. ექსპერტები ამბობენ, _ მატების მიზეზი, იმპორტირებული ფქვილზე გაზრდილი ფასია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პურის მწარმოებლებისა და მთავრობის პოზიციას.
არასაიმედო ლარი, უზარმაზარი უმუშევრობა და კრიტიკულად მაღალი ინფლაცია _ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი საიმედო პროგნოზებზე საუბრობს.
საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. არსებული ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასების ზრდის მიზეზია, ერთი მხრივ, ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასის ზრდა და, მეორე მხრივ, შავ ზღვაში ომის გამო საზღვაო გადაზიდვების გაძვირება.
მთავრობისთვის ხალხის პროტესტი შეუმჩნეველია და ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება ისე გვაჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა და აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც ეს საბჭოთა საქართველოში ხდებოდა. სად ვართ ახლა და რა მოჩანს გვირაბის ბოლოს? სინათლე რომ არა _ ამას თქვენც ხედავთ, თუმცა „ოცნების“ მეოცნებე ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და გაუფასურებულ ლარზე პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დასტაბილურდაო.
მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მისივე სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, საქართველოში ეკონომიკა „დუღს“.
„გახსოვთ, ომის დაწყებიდან მალევე, 1-2 კვირაში, ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ფასებზე. თუმცა ნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, 3,05-ზე, თითქმის 3.00-ზეა ჩამოსული ლარის კურსი დოლართან მიმართებით. ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და, ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ექსპორტი იზრდება და ყველა ეს პარამეტრი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, _ ამბობს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%-ით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული _ 27.0%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები _ 24.6%;
პური და პურპროდუქტები _ 23.5%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული _ 20.0%;
თევზეული _ 19.0%;
ზეთი და ცხიმი _ 17.1%;
ხილი და ყურძენი _ 16.8%;
რძე, ყველი და კვერცხი _ 15.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო _ 14.1%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები _ 10.5%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე _ 29.5%, სატრანსპორტო მომსახურებაზე _ 6.1% და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე _ 3.8%
საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-ით მატება.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება _ 12.9%;
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები _ 11.3%;
ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე 2.4%.
სად ხედავს სახელისუფლებო გუნდი გამოსავალს? რას პროგნოზირებენ ეკონომისტები და დგას თუ არა საქართველო შიმშილობის ზღვარზე? ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომისტი გიორგი პაპავა:
_ დღეს დოლართან მიმართებით ლარის კურსი არის 3.08, რაც გრძელვადიანი პერსპექტივით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ სტაბილური მაჩვენებელია, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი მერყეობს 3,15-3,20-ს შორის. იყო რამდენიმედღიანი შემთხვევა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ ლარი 3,40-იან ნიშნულს გადასცდა, თუმცა ძალიან მალე დაბრუნდა უკან. იმ მომენტში სავალუტო ბაზარზე გარკვეული სახის აჟიოტაჟი გაჩნდა, რომელიც აღმოიფხვრა და თითქმის ერთი თვეა ვხედავთ, რომ ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ამიტომ იმ შეფასებაში, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია, ვერ დაგეთანხმებოდით, პირიქით, ჩემდა მოულოდნელად, უკრაინაში ომის მიუხედავად, ლარმა სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო.
_ ბატონო გიორგი, ჩვენ ვხედავთ პროდუქტებზე ფასების ზრდას: ბენზინი გაძვირდა, თამბაქოზე ფასი გაორმაგდა _ ეს ყველაფერი უკავშირდება თუ არა უკრაინის მოვლენებს?
_ ფასებს რაც შეეხება, მათი მომატების რამდენიმე არხია, რომლის ნაწილზეც გარკვეული ფაქტორები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც მოქმედებდა და ნაწილი დაემატა. რა ხდებოდა მანამდე? მანამდე გვქონდა სიტუაცია, როდესაც ნავთობი მნიშვნელოვნად გაძვირებული იყო, თითქმის გაორმაგებული. ომამდე ერთწლიანი პერიოდი რომ ავიღოთ და პლუს გაძვირებული იყო პროდუქციის ტრანსპორტირება, გლობალური მიწოდების ჯაჭვებს რასაც ვეძახით, რაც კოვიდის პერიოდში აირია და ვეღარ ხდებოდა პროდუქტის ეფექტიანად მიმოცვლა მსოფლიოს მასშტაბით. ამის და ნავთობის ფასების გამო გაძვირებული ჰქონდა პროდუქცია და ზოგადად რაღაც ინფლაციური წნეხი მთელ მსოფლიოში იყო მაღალი. მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ნავთობი, სადღაც, 130 დოლარამდე ავიდა, შემდეგ ჩამოვიდა და ახლა 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ეს ხდება იმიტომ, რომ რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი გაზის. შესაბამისად, ამ ორ საქონელზე ფასები გაიზარდა და ამ კონკრეტულ მომენტში რომ კიდევ გაზრდილია, ეს გამოიწვია საფრთხემ, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაამწვავებს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში. არსებობს რისკი, კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შემოვიდეს ამ ნაწილში, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ფასები სამომავლოდ. ამიტომ როდესაც ამ ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ნავთობის ფასი, რომელთანაც დაკავშირებულია საწვავის ფასი და ნებისმიერი პროდუქტის დისტრიბუცია არის გაძვირებული. ეს ერთ-ერთი წნეხია ნავთობის ფასიდან გამომდინარე.
მეორე არის ის რომ, რუსეთი და უკრაინა სხვადასხვა პროდუქციაში, მაგალითად, ხორბალში, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი მიმწოდებლები იყვნენ და არა მარტო ხორბალში, იქ ბევრ მეტალზე რუსეთს მნიშვნელოვანი წილი უკავია და, შესაბამისად, რიგი სასაქონლო პოზიციები მსოფლიო ბაზრებზე გაძვირდა. გაძვირდა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უკვე შემცირდა მიწოდება და, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ არის შიშები, ისევე როგორც ნავთობის შემთხვევაში იყო, რომ კიდევ უფრო აირიოს სიტუაცია და კიდევ უფრო შეიზღუდოს მიწოდება, ისევე როგორც ნავთობის შემთხვევაში მოხდა და ესეც აისახება ამ გაზრდილ ფასებში.
ბუნებრივია, ეს აძვირებს სხვა პროდუქტებსაც. მაგალითად: კვებისა და სოფლის მეურნეობის ინდექსირებული ორგანიზაცია „ფაო“ მარტში რეკორდულად გაიზარდა თებერვალთან მიმართებით, დაახლოებით ორნიშნა ზრდა იყო იქაც საკვები პროდუქტების ინდექსში. ის უყურებს, ვთქვათ, ხორბალს, ზეთებს, ხორცის პროდუქციებს. რომ წარმოვიდგინოთ, საკვების რაღაც გაერთიანებული ერთი ინდექსია, რომელიც ძალიან მაღალი გახდა მარტში. შევაჯამოთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ: ერთი იმიტომ, რომ ნავთობი და ზოგადად ენერგომატარებლები გაძვირდა _ ეს გადაითარგმნება ინფლაციაზე, მათ შორის, პროდუქტის დისტრიბუციის გაძვირებაზე; მეორე: უშუალოდ ის პროდუქტები გაძვირდა, რომელზედაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების წილი რუსეთსა და უკრაინას მაღალი ჰქონდათ და ახლა ემატება მესამე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი არის მსოფლიო ბაზარზე რა წილი აქვს რუსეთს და რომ მსოფლიო ბაზარზე ის აძვირებს და მეორე არის, რომ უშუალოდ ჩვენთვის, რიგ შემთხვევებში, უკრაინასა და რუსეთზე გაცილებით მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე რაღაც რომელიმე საშუალო ქვეყანა რომ ავიღოთ, რადგან მეზობლები ვართ და, შესაბამისად, რიგი ეკონომიკური ტრანზაქციებიც მათთან გვაქვს.
ჩვენ რაც გვეხება ხორბლის შემთხვევაში, იგივე სხვა პროდუქტებზეც. ჩვენთვის ალტერნატივა რომ წარმოვიდგინოთ: ერთი ევროპული ქვეყნისთვის მეორიდან ზეთის შემოტანა გაცილებით მარტივია ლოჯისტიკურად, ვიდრე რუსეთიდან წამოღება, რადგან ის ბევრად მარტივად შეძლებს ამას, ჩვენს შემთხვევაში ეს უფრო რთული იქნება, _ ზეთი, რომელზეც დიდი წილი ჰქონდა რუსეთსა და უკრაინას, მისი ჩანაცვლება გაგვიჭირდება. ამიტომ იქნება რიგი პროდუქციები საქართველოში, სადაც გაძვირების ეფექტი უფრო მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს.
_ ზეთის ფასიც გაორმაგებულია.
_ დიახ, გაძვირებულია ზეთიც და ხორბალიც. ზოგადად, სურსათია გაძვირებული უფრო მეტად, ვიდრე სხვა სასაქონლე პროდუქცია. მაგალითად, ტანსაცმელი არ გაგვიძვირდება არასოდეს ამაზე მეტად, რადგანაც მანდ პრობლემა არ გვაქვს, არის კიდევ რაღაც მეორადი მანქანები და მსგავსი რამ, რაც არ გაძვირდება. ერთი, რაც გვეხმარება, არის ის, რითაც დავიწყეთ საუბარი: ლარი არის სტაბილური, ეგ დამატებითი ეფექტი კარგია, რომ არ გვაქვს ინფლაციაზე წნეხი. აი ლარი რომ იყოს დოლართან მიმართებით 3,40-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 10%-ით კიდევ უფრო გაუფასურდა, ე. ი. იმპორტული პროდუქტი ათი პროცენტით მეტი ეღირებოდა. ეს არის დამატებითი წნეხი, რომელიც რომ ავიღოთ 2020 წლამდე პერიოდები, როდესაც ლარი წლიდან წლამდე შეიძლება მნიშვნელოვნად გაუფასურებულიყო, გვქონდა ეს დამატებითი ფაქტორი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც გადაითარგმნებოდა იმპორტული პროდუქტის გაძვირებაში და ზოგადად ქვეყანაში ფასების დონის მომატებაში. ახლა გვიმართლებს, რომ ლარი შედარებით სტაბილურია, თუმცა როცა რაღაც რისკებზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია ეს რისკებიც ვახსენოთ, რომ ლარის გაუფასურების რისკი არსებობს და თუ ეს მოხდა, კიდევ უფრო დამატებითი წნეხი იქნება ფასების დონეზე ზრდის მიმართულებით.
_ და ეს დამატებითი რისკები რამ შეიძლება გამოიწვიოს?
_ რისკების რეალიზება შეიძლება იმ შემთხვევაში, რუსეთს რომ დაარტყას თავში და კიდევ ახლიდან წამოიწყოს ყველაფერი... თუ ეს კონფლიქტის ბოლო არ გამოჩნდა, როგორც მინიმუმ რაღაც დასტაბილურების, რაღაც შეთანხმების მიღწევის, ეს სულ გაგრძელდება. რაც უფრო დიდი ხანი გაიწელება საომარი მოქმედებები უკრაინაში, მით უფრო მეტია დამატებითი რისკებისა და ინფლაციის შანსი... ყველა კონტექსტში ეს სიტუაცია გაზარალებს, რადგან გიკარგავს მიმზიდველობას. რომ წარმოვიდგინოთ: ამერიკაში ცხოვრობდე და ფიქრობდე, ტურისტულ მოგზაურობაში ხომ არ წავიდე საქართველოში? და ამ დროს გესმის, რომ იქ გვერდით ერთი მეზობელი მეორის დაპყრობას ცდილობს, ბომბებს ესვრის და ფიქრობ: ხომ არის შესაძლებლობა, რომ ამან ეს ბომბი საქართველოშიც ჩამოაგდოს? და გიჟი ვარ? რატომ წავიდე? ამიტომაც, შესაბამისად, რაც უფრო დროში იწელება კონფლიქტი, ტურისტული ნაკადები იქნება ეს თუ ინვესტიციებზე ლაპარაკი, ძალიან გართულდება, რადგან მიმზიდველობას დავკარგავთ. ამას რომ თავი დავანებოთ, უფრო მეტად დაირღვევა უკრაინასთან ეკონომიკური ურთიერთობა... ამიტომაც ეს გააგრძელებს ფასების დონის მატებას. როცა ფასები მატულობს, ასეთ დროს გვიწევს უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ვუწყობთ ხელს. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტიურობას ამცირებს, ქვეყანაში არ იქმნება დოვლათი და ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია უმუშევრობის დონე, თუ არ შეიქმნა ახალი შესაძლებლობები კერძო სექტორში, რომ ადამიანები დასაქმდნენ, მაშინ ვერ დავძლევთ ამ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობას.
_ სად ვხედავთ გამოსავალს? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომრეობა დასტაბილურდეს?
_ რომ გითხრათ, რაღაც ერთი რეფორმით დააბალანსებს მთავრობა რამეს-მეთქი, ეს სისულელე იქნებოდა. მთავარი განმსაზღვრელია ის, თუ რამდენ ხანში და რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. რაც უფრო მალე დასრულდება ომი და რაც უფრო რუსეთისთვის ნეგატიური შედეგით, მით უფრო უკეთესი მომავალი გველოდება ჩვენ, მათ შორის, ეკონომიკურად. ქვეყნის შიგნით ახლა მოკლევადიან პერიოდში რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის, მაგალითად, ის, რომ როდესაც აღარ ველოდებით იმხელა ეკონომიკურ ზრდას, როგორიც ომამდე წარმოგვედგინა საქართველოში, ბიუჯეტის ნაწილში უფრო ხელმომჭირნედ უნდა მოვიქცეთ და მნიშვნელოვნად არ გავზარდოთ ხარჯები, რადგან შემოსავლები საკმარისად არ გვექნება და ვიფიქროთ იმ პროგრამების შეწყვეტაზე, ყოველ შემთხვევაში, ახალი მაინც არ დავიწყოთ, _ ახლა ფული არ გვაქვს ამისთვის! ამას შეგვიძლია დავარქვათ უფრო მეტი ფისკალური დისციპლინა ან ფისკალური კონსოლიდაცია, რაც ნიშნავს, რომ დისბალანსი ხარჯვასა და შემოსავლებს შორის არ გავაფართოოთ ან სხვა სიტყვებით შეიძლება ვთქვათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შევინარჩუნოთ რაღაც ნორმალურ ნიშნულზე. გრძელვადიან პერიოდს რაც შეეხება (და ყველა გვითითებს ამისკენ), ნამდვილად რეფორმების ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი, უფრო გამჭვირვალე, უფრო ჩართულობითი ფორმით განვახორციელოთ რეფორმები, ყბადაღებული სასამართლოთი დაწყებული, დამთავრებული სხვა რეფორმებით, რომლებიც შეიძლება ძალიან ბევრი ჩამოვთვალოთ.
_ ამ ეტაპზე ქამრების შემოჭერა ნამდვილად ჰმართებს ხელისუფლებას.
_ იგივე ვთქვათ საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით: მიჩვეულები ვართ, რომ გვაქვს ბევრი ვაჭრობის შეთანხმება, კიდევ უფრო გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ შენთვის უფრო იაფად გქონდეს წვდომა სხვა ქვეყნების პროდუქციაზე და ეს არ არის რაღაც ის, რაც დღეს და ხვალ შედეგს გამოიღებს, მაგრამ დაგროვებით ნელ-ნელა ნახავ შედეგს, მით უმეტეს, როცა თავისუფალ ვაჭრობას ხსნი _ ერთი მხრივ, უცხოურ პროდუქციებს იიაფებ, მეორე მხრივ, შენს მწარმოებლებს უჩენ წვდომას უცხოურ ბაზრებზე შედარებით იაფად. როგორც წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს მოჰყვება ხოლმე გარკვეული კაპიტალის მიმოცვლაც, ვგულისხმობ იმას, რომ ინვესტიციებიც შეიძლება შემოვიდეს. ინვესტიციების ნაწილზე მნიშვნელოვანია გვქონდეს სტაბილური, გამჭვირვალე გარემო, რომელიც იზიდავს არა მარტო უცხოურ ინვესტიციებს, არამედ ადგილობრივსაც. ეს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების ურთიერთობა თუ შეთანხმება არის ის, რომ უცხოელი როცა მოდის, თქვენც რომ წარმოიდგინოთ მის ადგილზე თავი, იგი ეძებს ადგილობრივ პარტნიორებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილობრივი პარტნიორები აქ ხედავდნენ ახალ შესაძლებლობებსა და ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების ვარიანტებს.
_ დაბოლოს, ის, რაც ყველას აწუხებს და, ფაქტობრივად, ამ შიშით ცხოვრობს დღეს საზოგადოება, რისი საფუძველიც, დამეთანხმებით, რომ ნამდვილად აქვს ნებისმიერს. ვდგავართ თუ არა შიმშილობის ზღვარზე?
_ არა! მგონია, რომ არ ვდგავართ შიმშილობის ზღვარზე. არის საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ნამდვილად არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ ის, რომ საქართველო შიმშილობის ზღვარზეა, ასეთ შეფასებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ.