QronikaPlus
დავით კეზერაშვილი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის?

დავით კეზერაშვილი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის?

2022-04-18 08:37:16

ელისო კილაძე

ქოლცენტრების ირგვლივ დაწყებული სკანდალი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, საინფორმაციო სააგენტო cnews-ის მიერ დასმულმა კითხვებმა ისე გააღიზიანა, ორდღიანი ფეისბუქ ისტერიკა გამართა და შეურაცხმყოფელი გამოთქმების კასკადის შემდეგ სოციალურ ქსელში ჟურნალისტები და მომხრეები საერთოდ დაბლოკა.

 შევეცდებით, თანმიმდევრობით მოგიყვეთ,რატომ დაკარგა სახე ლევან ხაბეიშვილმა  დასკვნები კი მკითხველმა თავად გააკეთოს.

რამდენიმე კვირის წინ „ქრონიკა+“-ის ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მოვიდა. წყარო „ნაციონალური მოძრაობიდან“ იტყობინებოდა, რომ ლევან ხაბეიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილთან ლარნაკაში შეხვედრაზე იმყოფებოდა,სადაც ანტიკორუფციული ცენტრის დაფინანსების საკითხი გადაწყდა,

გთავაზობთ წერილს, რომელიც „ქრონიკა+“-მა მიიღო:

2021 წლის 24-26 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ლარნაკაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროს დავით ტყეშელაშვილსა და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს.

ლევან ხაბეიშვილი 24 ნოემბერს თბილისიდან გაემგზავრა ლარნაკას მიმართულებით და თბილისში დაბრუნდა 26 ნოემბერს. დავით კეზერაშვილს სურს, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები გააერთიანოს, ისინი დააფინანსოს და მესამე ძალა ჩამოაყალიბოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავით კეზერაშვილმა ხაბეიშვილს განუცხადა, რომ გააქტიურებულიყო როგორც პარტიაში, ასევე დამოუკიდებლად და შესთავაზა საქართველოში ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბება, რასაც დააფინანსებდა დავით კეზერაშვილი. კეზერაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროსთვის ლევან ხაბეიშვილს უქირავა საოფისე ფართი და ყოველთვიური ხარჯებისთვის გამოუყო 15 000 დოლარი ბიუროს გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად. იგეგმება საქართველოს დიდ რეგიონებში ფილიალების გახსნა, ხოლო ბიუროს წევრების საქმიანობის ხელშეწყობისთვის იგეგმება 10 ავტომანქანისა და ვიდეოკამერების შეძენა. ასევე კეზერაშვილმა ლევან ხაბეიშვილს დაავალა, მის გარშემო შემოიკრიბოს სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც კეზერაშვილი გადაუხდის გარკვეულ თანხას. როგორც ცნობილია, კეზერაშვილი აფინანსებდა „ევროპულ საქართველოს“, პარტია „გირჩს“ (ზურა ჯაფარიძე), პარტია „დროას“ (ელენე ხოშტარია) და მოძრაობა „სირცხვილიას“.

დავით კეზერაშვილის აზრით, მთავარია, სააკაშვილმა ციხეში გაძლოს 2022 წლის გაზაფხულამდე, რადგან, მისი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ირკვევა, რომ კეზერაშვილი არის გაბრაზებული ირაკლი ღარიბაშვილზე, რადგან მან არ მისცა საკუთარი მამის დაკრძალვაზე დასწრების უფლება. ხსენებულზე კეზერაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ვერ იქნება თანამდებობაზე და ევროპაში, თუნდაც რუსეთში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში, დავით კეზერაშვილი დახარჯავს მთელ ქონებას, რათა მას არ მიეცეს მშვიდად ცხოვრების საშუალება.

ასეთია წერილის შინაარსი.მოწოდებული ინფორმაცია საინტერესო იყო, რადგან ლევან ხაბეიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს გახსნა დროში ნამდვილად დაემთხვა წერილში დასახელებულ დროს, ამიტომ როგორც ჟურნალისტური სტანდარტი მოითხოვს, კომენტარზე თავად  ლევან ხაბეიშვილს დავურეკეთ. მან უარყო როგორც კეზერაშვილთან შეხვედრის ფაქტი, ისე ანტიკორუფციული ბიუროს მის მიერ დაფინანსება. ვთხოვეთ, დასტურად საზღვრის კვეთის მონაცემები წარმოედგინა, მაგრამ უხეში პასუხით მოგვიშორა თავიდან.ხაბეიშვილის კომენტარი უცვლელად გამოვაქვეყნეთ,კომენტარები ჩავწერეთ ასევე კორუფციის თემაზე მომუშავე სხვა პირებთან. ფაქტის გახმაურების შემდეგ  ანტიკორუფციულ ბიუროში აღარ გამოჩენილან „ევროპული საქართველოსა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტები . ქოლცენტრების სკანდალის დაწყება ხაბეიშვილს მარტოს მოუწია. მან რამდენიმე ბრიფინგი გამართა და ქოლცენტრების მფარველებად სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი დაასახელა. ეს უკანასკნელი სამ წელზე მეტია, საერთოდ აღარ იმყოფება საქართველოში და ფინანსურ სქემებს კარგახანია ჩამოშორებულია.

რატომ გახდა ე. წ. ქოლცენტრები კეზერაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს დაინტერესების მთავარი თემა?

ქოლცენტრების საერთაშორისო სკანდალში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, ერთი წლის წინ გაეხვია, როდესაც ევროპოლის მიერ უცხოელი პენსიონერების ანგარიშების ძარცვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების კვალმა სამართალდამცველები კიევში ერთ-ერთ უმსხვილეს ქოლცენტრამდე მიიყვანა.პარალელურად,ჟურნალისტური გამოძიება დაიწყეს რეპორტიორებმაც.

რა გაარკვიეს შვედმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა?

ჟურნალისტები თვეების განმავლობაში ადევნებდნენ თვალს ქოლცენტრის მამხილებელი თანამშრომლის მიერ მიწოდებულ ვრცელ მტკიცებულებებს ათასობით ზარის, მომხმარებელთა სიების, ფულადი გზავნილების დოკუმენტაციის სახით. ქოლცენტრის თანამშრომლები შეიარაღებულები იყვნენ 1000-ზე მეტი ადამიანის სიით 21 ქვეყნიდან, საუბარია 180-ზე მეტ მსხვერპლზე. რეპორტიორებმა გამოიკვლიეს დანგრეული ცხოვრების კვალი შვედეთის არქტიკური ნაწილიდან _ ეკვადორის ამაზონამდე, მცირე ინდუსტრიული ქალაქების გავლით, ბალკანეთსა და მსოფლიოს დიდ ქალაქებშიც კი, როგორიცაა ლონდონი და სიდნეი.

ასე მივიდნენ ისინი კიევის ცენტრში Mილტონ Gროუპ-ის ქოლცენტრამდე, რომელსაც ქართველები აკონტროლებენ და ეს კომპანია პირდაპირ უკავშირდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს.

Mილტონ-ი, როგორც ჩანს, მიბმული იყო სხვა სატელეფონო ცენტრებზე: ალბანეთში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლებიც ასობით თანამშრომელს ასაქმებდნენ.

მილტონ ჯგუფის თბილისის სატელეფონო ცენტრში ახალი თანამშრომლების ტრენინგზე, რომელსაც შვედი რეპორტიორი ფარულად ესწრებოდა, ტრენერმა მათ განუმარტა, რომ კომპანიის მიზანია, მომხმარებელმა ფული დაკარგოს რეალისტური გზით. კითხვაზე, თუ რატომ? მან გაიცინა, _ გულუბრყვილობაა ამის კითხვა. როდესაც ისინი კარგავენ ფულს, ის ჩვენთან რჩება, _ უპასუხა ტრენერმა.

კეზერაშვილის ქოლცენტრების ქართულ კვალს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ახლა შვედი რეპორტიორების მიერ კიევში გაშიფრულ ქართულ კვალზე მოგიყვებით:Milton Group-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ კესელმანია, რომელიც საკუთარ თავს კიევის მგელს უწოდებს. კესელმანის მშობლიური ენა რუსულია, ის კიევის უნივერსიტეტში სწავლობს. ამასთან, სანამ მილტონ ჯგუფში გაწევრიანდებოდა, ისრაელში გაყიდვების ორი კურსი აქვს გავლილი. კესელმანი ამტკიცებს, რომ მილტონი მხოლოდ ინვესტიციების გამყიდველ კომპანიას უწევს Iთ მხარდაჭერას.

დავით თოდუა 38 წლის, საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქეა, რომელიც „მანდარინ პლაზას“ სატელეფონო ცენტრის ხშირი სტუმარია.

შვედი რეპორტიორების წყაროს ცნობით, მათ იციან, რომ თოდუა „მილტონ ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელია.

2019-2020 წლის მიჯნაზე მან პერსონალს პირადად მიულოცა და აცნობა, რომ მათი ქოლცენტრის მოგებამ 50 მილიონ დოლარს მიაღწია.მანვე ბინებით და მანქანებით დააჯილდოვა განსაკუთრებული მიღწევების მქონე თანამშრომლები, წყარო ამბობს, რომ თოდუა დაცვის გარეშე არ გადაადგილდება.

Instagram- ზე ის რეგისტრირებულია David todua 007-ის სახელით, სადაც პოზიორობს ოქროს „კალაშნიკოვით“, სნაიპერული შაშხანით და მისი სახლის გარეთ გაჩერებული ძვირადღირებული მანქანებით.

მას ასევე აქვს ბიზნესკავშირები რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკოსებთან, მათ შორის, მინისტრებთან და სხვა გავლენიან ფიგურებთან, მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქვეყანას თითქმის ათი წელი მართავდნენ. სააკაშვილი მოგვიანებით უკრაინის მოქალაქე გახდა და პოლიტიკური კარიერა ემიგრაციაში გააგრძელა, _ იუწყებიან შვედი რეპორტიორები.

ცოტა რამ არის ცნობილი თოდუას ისრაელში ცხოვრების შესახებ, სადაც ის ოჯახთან ერთად 1993 წელს გადავიდა, მაგრამ სასამართლოს ჩანაწერებიდან და მისი სოციალური მედიის ანგარიშებიდან ჩანს, რომ ბოლო დრომდე ცხოვრობდა თელ-ავივის მახლობლად მდებარე ვილაში. დღეს იგი კვიპროსში,კეზერაშვილის მეზობლად  ცხოვრობს.

ალბანეთი, რომელიც ამაყობს 400-კაციანი სატელეფონო ცენტრით, ასევე დაკავშირებულია „მილტონ ჯგუფთან“. კომპანია, რომელიც მას მართავს, მინისტრის მრჩეველს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ თოდუას  ბიზნესპარტნიორი ორ უკრაინულ კომპანიაში არის დავით კეზერაშვილი _ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი.

თოდუა და კეზერაშვილი არიან უძრავი ქონებისა და სამშენებლო ფირმა Project Partners-ის თანამფლობელები, რომელსაც სათავო ოფისი კიევში „მილტონ ჯგუფის“ მეზობლად აქვს. მისი ხელმძღვანელია გია გეწაძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

Project Partners-ი, თავის მხრივ, თანამფლობელია სამშენებლო და საინჟინრო ფირმა ElitekomFortbu-ის სხვა ყოფილ ქართველ ჩინოვნიკთან ერთად, კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილთან, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე იყო.

კეზერაშვილს 2013 წელს ბრალი წაუყენეს 12 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში, უკრაინიდან ალკოჰოლის მასობრივ კონტრაბანდაზე საქართველოში. თვალის მოხუჭვისთვის საბოლოოდ ის გაათავისუფლეს ბრალდებებისგან, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო, თუმცა აგრძელებს ცხოვრებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, _ იუწყებიან გამომძიებელი ჟურნალისტები.

რა გაარკვია " ქრონიკა +"-მა ?

ქოლცენტრების ბიზნესი საქართველოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შემოიტანა. ის აქ რამდენიმე კომპანიას ფლობდა, რომლებსაც სახელწოდებებსა და  მისამართებს ხშირად უცვლიდა. ერთ-ერთ ასეთ ოფისს „ქრონიკა+“-მა სპორტის სასახლესთან მიაგნო. თანამშრომელმა ჩვენ გადმოგვცა ქოლცენტრის შიგნით გადაღებული ვიდეომასალა და ასევე გამოვაქვეყნეთ წყაროს  აუდიოჩანაწერი, სადაც ის დეტალურად ყვება, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყო ფინანსური პოლიციიდან მათი ოფისი ხელშეუხებელი. „ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ ყოფილი თანამშრომლის მიერ,ოფისის მენეჯერად  დასახელებული ვინმე სოსო არის დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი და ალბანეთში „გალფის“ დირექტორი სოსო მგელაძე. მათ მიერ გაქურდული ბრიტანეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები ჩვენ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს ,ვიდეო მასალის გასაჯაროების მერე  გამოძიება ბრიტანეთში უკვე დაწყებულია. მეორე ქოლცენტრი, რომელიც ასევე დავით კეზერაშვილს ეკუთვნის, შპს „მორგან ლიმიტედია“, რომელიც თბილისში ვაკის რაიონში, ოთარ ჩხეიძის 10 ნომერში მდებარეობდა და წილის მმართველი უკრაინის მოქალაქე ნატალია პლუტენკოა. მას შემდეგ, რაც ევროპოლმა გამოძიება დაიწყო და საქართველოში უცხოელი გამომძიებლები კეზერაშვილის კვალს დაადგნენ, საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა  გამოძიება თავადაც დაეწყო და ქოლცენტრების რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაეკავებინა. არავის იმის ილუზია არ აქვს, რომ კეზერაშვილის ქოლცენტრები საქართველოში ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე მუშაობდნენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მისი შუამავალი იყო „რმჯ გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე,მეტსახელად "ბალანა" და კეზერაშვილი  მისი მეშვეობით იხდიდა წილს „ქართული ოცნების“ საერთო სალაროში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარიგებას გრძელი ისტორია აქვს: ე. წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეზე ის უცნაურად გაამართლეს, 13 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე მისი სიძე მეირი ჯანაშვილი დამნაშავედ ცნეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს, .ანუ ის ფულს სპირტის კონტრაბანდის დაკრიშვაში  ისე იღებდა, კეზერაშვილი საქმის კურსში არ იყო. არადა, „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა კონტრაბანდის საქმის ერთ ერთი ფიგურანტის, ბიზნესმენ ნიკოლოზ დავითაშვილის ჩვენება, სადაც ის დეტალურად ყვება, როგორ მუშაობდა კონტრაბანდის სქემა და რამდენჯერ შეხვდა პირადად კეზერაშვილს. სხვათა შორის, ბიზნესმენი გასული წლის  2 დეკემბერს მოკლეს კიევში, დაკავებულია ორი რუსი და ორი ჩეჩენი ქილერი უკრაინული  გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. კონტრაბანდის საქმეზე გამართლების სანაცვლოდ კეზერაშვილს პირობა ჰქონდა დადებული, რომ არ დააფინანსებდა მედიას და არ ჩაერეოდა ქართულ პოლიტიკაში. მან დაშალა 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებდა „ევროპულ საქართველოს“. სანაცვლოდ მან დაიბრუნა დაყადაღებული ქონების ნაწილი, დათმო წილები და მშვიდად ამუშავებდა ქოლცენტრებსაც. თანამშრომლების დაკავებისა და ქოლცენტრების დახურვის პარალელურად, მან ანტიკორუფციული ბიურო სწორედ იმიტომ შექმნა, რომ საკუთარი ბიზნესი დაეცვა კონკურენტებისგან და ტემპერატურის აწევისა და ხმაურიანი თემების გახურების  პარალელურად, ხელისუფლებასთან მორიგი გარიგების რაუნდი დაეწყო, _ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გააფართოვა გავლენები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიის გენერალურ მდივნად დანიშნა შვედი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ კიევის ქოლცენტრების სკანდალში დასახელებული პირი, პეტრე ცისკარიშვილი, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩააბარა საკუთარ ცოლისძმას, დიმიტრი ჩიქოვანს, ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეც კეზერაშვილის ფრთას წარმოადგენს (პეტრე ცისკარიშვილის გავლით), და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახალი პირობები შესთავაზა.

მაგრამ, ამჯერად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უარი მიიღო.

ხელისუფლებამ მის მიერ დაფინანსებული ანტიკორუფციული ბიუროს სკანდალებს მოულოდნელი სვლით უპასუხა _ ევროპოლის გამოძიების პარალელურად, მიუხედავად მფარველებისა, აბსოლუტურად ყველა ქოლცენტრი დახურა. ხაბეიშვილის მტკიცება, რომ მამაცაშვილ-ფარცხალაძის ქოლცენტრები ხელშეუხებელი იყო, არ გამართლდა. მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა დეპუტატმა ქულების ჩაწერა ევროპოლის მიერ დაწყებული გამოძიების ხარჯზე სცადა და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 49 ქოლცენტრში ფინანსური პოლიციაა შესული, თუმცა ლოგიკაში აშკარად გაიჭედა, _ თუ ქოლცენტრები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის საკუთრებაა და იქ ფინანსური პოლიცია შევიდა, მაშინ სამართლებრივ ქვეყანაში გვიცხოვრია და რაღას ვედავებით „ქოცებს“?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, კეზერაშვილმა გარიგების ერთ-ერთ პირობად დაასახელა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობა და მისი თემის პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პარტიაში ხმამაღლა ამბობს კიდეც, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, რომ კეზერაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქტივობებს არ დააფინანსებს. მაგრამ ხელისუფლება ამ პირობაზეც, ჯერჯერობით, არ რეაგირებს, რადგან ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად ქმნის და მისი განთავისუფლებაც ან სამკურნალოდ გაყვანა დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული და არა კეზერაშვილის აქტიურობაზე. რაც შეეხება ევროპელებს, რომელი თავმოყვარე პოლიტიკოსი დაელაპარაკება პარტიას, რომლის გენერალური მდივანიც ქოლცენტრების სკანდალში ამხილეს ევროპელმა სამართალდამცველებმა?! ხოლო პოლიტიკური თანამდებობა მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებით ახსნას.

კეზერაშვილს უზანაესმა სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თავდაცვის სამინსტრომ კი თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურებს 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

ასეა თუ ისე, ქოლცენტრების სკანდალი, რომელზედაც კეზერაშვილმა საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა, ისევ მას შემოუბრუნდა _ ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უცხოელ მეგობრებსა და საელჩოებზე იყო გათვლილი, სრულად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდა, ამიტომაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილმა მორიგი დავალება მიიღო, კავშირები დაემყარებინა საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, რომლებსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააფინანსებდა. ასეთ კანდიდატურად „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი შეირჩა. ჯერჯერობით ჩვენი წყარო ვერ ასახელებს გოგიჩაიშვილის ანაზღაურების რაოდენობას, მაგრამ გვარწმუნებს, რომ შეთანხმება უკვე შედგა და გოგიჩაიშვილმა განცხადებები უჩა მამაცაშვილზე უნდა გააკეთოს. არც ფაქტმა დააყოვნა, _ „პალიტრანიუსის“ ეთერში ლევან გოგიჩაიშვილმა მამაცაშვილი უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადების ადრესატად დაასახელა და აღნიშნა, რომ სწორედ ის მფარველობს რუსეთში კონტრაბანდის აწყობის სქემებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ლევან გოგიჩაიშვილთან ვცადეთ, მას cnews-ის ჟურნალისტი ნენე ინჯგია დაუკავშირდა. კითხვებზე პასუხის ნაცვლად გოგიჩაიშვილმა აგენტები, პროვოკატორები და სუსის მიერ დაფინანსებულები გვიწოდა, დაგვემუქრა, რომ დადგებოდა დრო და აუცილებლად პასუხს ვაგებდით.

გოგიჩაიშვილის ამ უადგილო გაცხარებას სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ორდღიანი ისტერიკა და „ქრონიკა+“-ის რედაქტორის ლანძღვა მოყვა. როგორც ამ კამპანიის დროს გაირკვა, კიდევ ერთი ყოფილი ქოცაქტივისტი, რომელიც ხაბეიშვილმა სათანამშრომლოდ მიიწვია, ნიკა მემანიშვილია, _ პირი, რომელიც ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და აქტივისტებს სუსთან თანამშრომლობაში ამხელდა. მისი პირველი ინტერვიუ სწორედ „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა. როცა კონკრეტიკაზე მიდგა საქმე, მემანიშვილი ჟურნალისტს დაემალა.

„ქრონიკა+“ პარტიული გამოცემა არ არის, შესაბამისად, ვერც ვერავინ უკარნახებს, როდის რა უნდა დაწეროს, არც ხელისუფლების კრიტიკას მოერიდება და არც გარიგებული ოპოზიციის მხილებას.

ამიტომ მარტივად და გასაგებად დავწერ:

გვაქვს კითხვები და გვჭირდება არგუმენტირებული პასუხები, პირველ რიგში, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ფაქტი ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, რომ გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა თუ არა ლარნაკაში და შეხვდა თუ არა დავით კეზერაშვილს? აფინანსებს თუ არა კეზერაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროს და როდის იგეგმება რეგიონებში ფილიალების გახსნა?

დეპუატატ ხაბეიშვილს შევახსენებთ, რომ მას აქვს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. პასუხი, _ ვინ გეკითხებათ თქვენ, სად დავდივარ და ვის ვხვდები! _ მხოლოდ იმის დასტურია, რომ ჩვენი წყარო „ნაციონალური მოძრაობიდან“ მართალია.

სოციალურ ქსელში დაბლოკვის შემდეგ ჩვენ მიერ ხაბეიშვილ-კეზერაშვილის საქმიანობაზე  მოპოვებული ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქება მოგვიწევს, მაგრამ ყოველ ჯერზე ვეცდებით მისი კომენტარის მოპოვებას. ასევე მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით საჯარო დებატებისთვის.

გაზიარება