- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-04-07 08:30:59
თამარ როსტიაშვილი
პანდემიის შემდგომი შეზღუდვები ყველა საჯარო მოხელეს მოეხსნა. განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული რგოლები _ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები _ ისევ ე. წ. ნებაყოფლობით დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან. განათლების ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, აღნიშნული მოდელის არსებობამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია და თუ ეს გაგრძელდა, მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მანანა ნიკოლაიშვილი:
_ პანდემია იმხელა მასშტაბით აღარ გვაქვს, მაგრამ სასკოლო პროცესის ორგანიზების ფორმები პანდემიის შესაბამისი დარჩა. საკითხი დგას ასე, _ რატომ არ ცვლის განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმებს და რატომ არ უქმდება დისტანციური სწავლება? შეზღუდვები გაუქმდა ყველა საჯარო მოხელისთვის, ვინც იყო დისტანციურ რეჟიმზე. სკოლებზე ეს მოდელი არ გავრცელდა. ამავე დროს, ამ სამწლიანმა ლოკდაუნმა გამოიწვია ის, რომ მოწაფეთა უმეტესობას სკოლაში დაბრუნება არ სურს, აგრძელებს სახლში დარჩენას, შედარებით უფროსკლასელები კი არ ემორჩილებიან მშობელს.
_ ანუ ბავშვების სახლში დატოვება და სკოლაში არგაშვება მშობელთა არჩევანი არ არის?
_ არა! ეს არის თავად იმ რამდენიმე ათასი მოსწავლის არჩევანი, რომელიც თავისი ნებით რჩება დისტანციურ სწავლებაზე.
_ სტატისტიკა თითქოს სხვას გვეუბნება: განათლების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლის სურვილი 1286-მა მოსწავლემ გამოთქვა, 5602-მა მოსწავლემ კი პირიქით, კლასში დაბრუნება მოითხოვა.
_ მერწმუნეთ, რეალობა სრულიად განსხვავებულია. ყოველი კვირის ხუთშაბათს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ რეგისტრაცია ონლაინ სწავლებაზე. მე არაერთ მშობელთან მქონია გასაუბრება და მშობლებს არც ეკითხებიან ბავშვები, ისე რეგისტრირდებიან ამ ონლაინ სწავლების ფორმაზე. ეს არის სწორედ რეალობა. მოწაფეთა 50-60%, ვინც სახლში რჩება დისტანციურ სწავლებაზე, საერთოდ არ ესწრება გაკვეთილებს. უბრალოდ, არ შედიან გაკვეთილებზე. ასეთი ქმედებების ჩადენის საშუალებას კი მოსწავლეებს აძლევს დღევანდელი კანონმდებლობა. კერძოდ, გაკვეთილების გაცდენისთვის ადრე ბარდებოდა ექსტერნი გამოცდები, 2019 წლიდან დღემდე ეს მოხსნილია. მოხსნილია ასევე გაცდენების ზღვარი _ 30% და მეტი. სწორედ ეს ორი ფაქტორი აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ გარდა იმისა, რომ სკოლაში არ დადიან და სახლში რჩებიან, იქაც არ შევიდნენ გაკვეთილებზე.
_ ქალბატონო მანანა, რით ხსნის განათლების სამინისტრო იმის საჭიროებას, რომ მოსწავლეები დარჩნენ დისტანციურ სწავლებაზე?
_ ვერაფრით! სხვათა შორის, ეს მარტო სკოლების გასაჭირი კი არა, უნივერსიტეტების პრობლემაც გახლავთ. განათლების სამინისტრო ელემენტარულად იმ კანონს არ ცვლის, რომ მოსწავლემ ჩართოს ვიდეოთვალი. კანონმდებლობის მიხედვით, ამის დაძალება არ შეიძლება. შესაბამისად, მასწავლებელი ვერ ხედავს, ესწრება მის გაკვეთილს ბავშვი თუ არ ესწრება _ კამერა გამორთული აქვს.
_ კი მაგრამ, პედაგოგს კითხვის დასმა ან დავალების გამოკთხვა ხომ შეუძლია, რომ მიხვდეს, გამორთული კამერის მიღმა ზის ვინმე თუ არა?
_ შეუძლია, მაგრამ ნახევარ საათში პედაგოგმა რამდენი უნდა მოასწროს? _ ახსნას გაკვეთილი, მისცეს საშინაო დავალება, უპასუხოს ჩართული ბავშვების კითხვებს და შემდეგ დაიაროს გამორთული კამერები?! პედაგოგთა უმეტესობას ურჩევნია, ვინც ესწრება, ეს დრო გაკვეთილის ხარისხიან ახსნას მოანდომოს. თანაც, უფლება არ აქვს პედაგოგს და ლექტორს, კამერის ჩართვა მოსთხოვოს ბავშვს. საკონტროლო წერები და ზეპირი გამოკითხვა ხომ საერთოდ გაყალბებულია.
_ რას ნიშნავს, გაყალბებული?
_ გამორთულ კამერასთან რომ ზის ბავშვი, რა საკონტოლო წერაზე მესაუბრებით? _ გადაიწერს და მორჩა! ამ საკითხის შესახებ, თავის დროზე, 300-ზე მეტმა ექსპერტმა დაწერა წერილი და მოაწერა ხელი, _ რომ არ შევაფასოთ მოსწავლეები, მხოლოდ სიტყვიერი ჩანაწერები გავაკეთოთ, იმიტომ რომ რეალობას აცდენილია მთლიანად მოდელიო. იჩივლეს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, _ გახარია იყო, პარლამენტს მიმართეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მაგრამ არსებობდა მეორე ბანაკიც, სადაც მე შევდიოდი. ჩვენ ვამბობდით, რომ მოსწავლეები უნდა შეფასდნენ, უნდა დაეწეროთ ქულები და პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი დაჰყვა ჩვენს ნებას. მე ადრეც და ახლაც მინდა მივმართო მოსწავლეებს და მათ მშობლებს _ ვინც დისტანციურ სწავლებაზეა და ვინც კლასში მოდის, არათანაბარ პირობებში არიან. ამით ჩვენ მივდივართ კონსტიტუციის დარღვევამდე. ეს არის ელემენატარული დისკრიმინაცია!
_ დაგვიკონკრეტეთ, თუ შეიძლება...
_ მოსწავლე რომ გამორთავს კამერას და ზეპირი გამოკითხვის დროს იქ წიგნში ჩაიხედავს, ანდა კონსპექტიდან გადაიწერს უცებ და ასე იღებს ნიშანს. ასეთი საშუალება კი კლასში მყოფ მოწაფეს არ აქვს და, ბუნებრივია, არც უნდა ჰქონდეს. კონსტიტუციაში წერია განათლების მიღების ძირითადი უფლება და იქ საერთაშორისო ტერმინია _ თანაბარუფლებიანობა. თანაბარი უფლებები უნდა შექმნას სახელმწიფომ რუსთაველზე ანდა ვაკეში რომ არის სკოლა და სვანეთის ერთ-ერთ სოფელში.
_ მაშინ ძალიან შორს ვყოფილვართ კანონმდებლობისგან _ სასწავლო ინფრასტრუქტურა ქალაქსა და სოფლებში კარდინალურად განსხვავებულია.
_ სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ დღეს მთავარ პრობლემად რჩება გახანგრძლივებული ფორმით დისტანციური სწავლება. მერწმუნეთ, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს. ორი წელი მოსწავლეები იყვნენ სკოლის გარეთ. ძალიან ბევრ უნარ-ჩვევას მოიცავს სკოლაში სიარული და აქ მარტო საგნების ცოდნა არ არის.
_ გამოსავალი რა გესახებათ ამ ყველაფრიდან?
_ პირველ რიგში, განათლების სამინისტრომ უნდა ასახოს თავის ნორმატიულ დოკუმენტებში ანდა სკოლებს დაუგზავნოს მინისტრის ცირკულარული წერილი, თუნდაც ბრძანება, რომ სასწრაფოდ აიკრძალოს დისტანციურად შემაჯამებელი წერები და მოსწავლეთა ზეპირი პასუხები. ზოგჯერ, არის კვირაში ორჯერ შემაჯამებელი წერა, ზოგჯერ 3-ჯერ ან 5-ჯერ, საგანს გააჩნია. ამ ბავშვებს მოუწევთ შემაჯამებელი წერის გამო სკოლაში მისვლა. ზეპირი გამოკითხვებიც უნდა აიკრძალოს ამ ჩამოფარებული ფარდის _ ჩაურთველი კამერების მიღმა. ამისთვის უნდა დაადგინოს სამინისტრომ ნორმები: ერთსაათიან გაკეთილს რამდენი სჭირდება, სავარაუდოდ, 3-4 გამოკითხვა და ა. შ. მაგალითად, ქართულისა და მათემატიკის შემთხვევაში 10-ჯერ მაინც მოუწევს მისვლა. იყოს სახლში, მოისმინოს დისტანციურად, მაგრამ ზეპირი გამოკითხვებისა და წერის დროს მოვიდეს სკოლაში. არის მეორე ვარიანტიც: დისტანციური ჩართვები სკოლიდან არ იყოს და მოსწავლეებმა თვითონ მოუსმინონ გაკვეთილებს დისტანციურად.
_ ჩანაწერებს გულისხმობთ?
_ დიახ. ანდა სახელმწიფომ შექმნას სპეციალიზებული პროგრამა. ყოველი სემესტრის ბოლოს ისეთმა მოსწავლეებმა, რომლებიც საერთოდ არ მივლენ სკოლაში, უნდა ჩააბარონ გამოცდა. მესამე ვარიანტიც მაქვს _ დისტანციური სწავლების ფორმა დარჩეს მხოლოდ მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის ან მათი ოაჯხის წვრებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობით დადასტურებული. და მეოთხე ვარანტი _ საქართველოში შემოიტანონ და დააკანონ საოჯახო განათლება. ამერიკაში არის ეს ძალიან მიღებული, ოჯახში იღებს ბავშვი განათლებას, მხოლოდ ყოველი სემესტრის ბოლოს მიდის და აბარებს ექსტერნად გამოცდას. ოღონდ ამ შემთხვევაში ვაუჩერი უნდა მისცე მშობელს, რომ დაიქირავოს მასწავლებლები. დღეს განათლების სამინისტრო ძალიან ბევრს საუბრობს დასავლური განათლების მოდელზე. ჩვენ ვაკეთებთ ამერიკულ რეფორმას და ა. შ. მე ძალიან კარგად ვიცი აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების განათლების სტრუქტურა და რა ხდება იქ. ამ ქვეყნებში ძალიან მაღალ დონეზე დგას ფსიქოთერაპევტების სამსახური. აქტიურად მიდის მშობელთა პედაგოგიზაცია. სკოლის მხარდამხარ ერთი ფსიქოლოგი კი არ მუშაობს, არამედ მთელი გუნდი. საქართველოში გაეროს ორგანიზაცია „იუნისეფმა“ გაააკეთა 11-17 წლამდე ასაკის კონტინგენტის კვლევა და დაადგინა, რომ ყოველი მეათე აზარტული მოთამაშეა. გამაოცა იმან, რომ 32% ოჯახის წევრებთან ერთად იწყებს თამაშს, 16%-ის აზრით კი აზარტული თამაშები ჰგონიათ პრესტიჟული საქმიანობა. ეს ყველაფერი გამოიწვია სწორედ დისტანციური სწავლების ხანგრძლივმა რეჟიმმა.
_ სკოლების ავტორიზაციის ახალმა სტანდარტებმა დიდი სკანდალი გამოიწვია... რა ხდება, ხურავენ კერძო სკოლებს?
_ პარლამენტს გულისმობთ, ალბათ: 15 მარტს განათლების კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს განათლების ხარისხის უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი. ამ პაკეტის მიედვით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტადარტის მიხედვით უნდა გაიაროს. მხოლოდ კერძო სკოლებს დაუწესდათ ვადა განათლების კომიტეტის ინიციატივით, იმიტომ, რომ პირველ ვარიანტში ანუ პირველ მოსმენზე რომ გაიტანეს კანონპროექტი, არ იყო ეს ვადა მითითებული. საკითხი დგას ასე: რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის პირველ სექტემბრამდე? _ სკოლები, რომლებმაც ავტორიზაცია ძველი სტანდარტით გაიარეს და რომელთაც ახალ სტანდარტზე გადასვლისთვის კონკრეტული ვადა დაუწესდათ? სკოლები სანამ გაივლიან ახალი სტანდარტებით ავტორიზაციას, სახელმწიფო ვერ ჩაერევა დამატებით. მაგალითად, 2023 წლამდე თუ უწევთ სკოლებს ავტორიზაციის გავლა, შეუძლიათ უკვე ახალი სტანდარტით გაიარონ და შეუძლიათ ძველი სტანდარტითაც გაიარონ. სკოლებში საგანმანათლებლო აკრედიტაციის მექანიზმი აღარ იარსებებს. შეიცვალა ავტორიზაციის სტანდარტები. აკრედიტაციის მექანიზმის ავტორიზაციის სტანდარტში ნაწილობრივი ინტეგრაცია მოხდება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების მექანიზმს გააუმჯობესებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ სამინისტროში, მთავრობასა და პარლამენტში.
_ ეს ყველაფერი გასაგები ენით ავხსნათ, ვინაიდან საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
_ მაშინ ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე კახა ერაძის ციტატას მოვიშველიებ, _ თურმე, ავტორიზაციის პროცესის დაწყება არ იქნება სკოლებისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, თუმცა კონკრეტული ეტაპის გავლის შემდეგ სამინისტრო იმსჯელებს ასეთი სკოლის არსებობის საკითხზე. ე. ი. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, ქვეტექსტიც არ არის მოშველიებული, რომ სკოლები დაიხურება. ერაძე ამბობს, რომ ამ წუთში მოლოდინი არ გვაქვს, რატომ ვერ უნდა განვითარდეს ამხელა მხარდაჭერის მიუხედავად სკოლაო და არსებობს მექანიზმი, რომ სამინისტრომ იმსჯელოს ამ სკოლის არსებობის მიზანშეწონილობაზეო.
_ მუქარასავით კი ჟღერს!
_ მაშასადამე, როდესაც სკოლის დირექტორებთან მივლენ ექსპერტები და დაიწერება დასკვნა, შემდეგ ამას მიიტანენ ავტორიზაციის საბჭოში, ამ უკანასკნელის დამფუძნებელი კი განათლების სამინისტროა და აღნიშნული სკოლის არსებობის მიზანშეწონილობის განხილვის თაობაზე დადგება საკითხი. საჯარო სკოლებზეა უკვე საუბარი და ასეთი მიზანშეწონილობის საკითხი დგება მაშინ, როდესაც სკოლა გასაუქმებლად არის განწირული.
_ ე. ი., განათლების სამინისტროს შესაძლოა, უკვე წინასწარ ჰქონდეს გასაუქმებელი სკოლების ნუსხა?
_ მეორე გლობალური საკითხი, ამაზე არანკლებ მნიშვნელოვანი _ როდის მოხდება წიგნების თავისუფლად არჩევა და გრიფის გაუქმება!
_ სახელმძღვანელოებზე ამბობთ?
_ დიახ. ციტირებას გავაკეთებ სამინისტროს დოკუმენტიდან: _ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და ეროვნული სასწავლო წესით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. სამინისტროსთან სახელმძღვანელოს შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური, სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტით.
_ და ამას არ ეთანხმებით?
_ არა, რა თქმა უნდა! სამინისტრო უნდა ჩამოშორდეს ამას, თორემ ძალიან ძვირად დაუჯდება, ვინაიდან სკოლამ თავად უნდა განსაზღვროს წიგნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სამინისტროს მონაწილეობის გარეშე. სამინისტროს ამ მიმართულებით კანონმდებლობით არავინ აკონტროლებს. ეს არ არის სწორი, რომ როცა მას არავინ აკონტროლებს, ვისაც უნდა, იმას მიანიჭებს გრიფს და ვისაც უნდა, არ მიანიჭებს.
_ მაშასადამე, ექსპერტთა ნაწილის, მათ შორის, თქვენი პოზიცია არის ასეთი, რომ რა საჭიროა განათლების სამინისტროს ნებართვა, როცა სკოლამ თავად იცის, რომელიც წიგნი სჭირდება?
_ დიახ.
_ სკოლების ყოფნა-არყოფნის საკითხს მინდა დავუბრუნდეთ. საჯარო სკოლების ხელახალი ავტორიზაცია და მათი დახურვა განათლების სამინისტროს რისთვის სჭირდება?
_ საჯარო სკოლებს განათლების სამინისტრო აფუძნებს, აძლევს მათ დაფინანსებას და ა. შ. მაშინ შენ რომ განათლების სამინისტრო გქვია და სახელმწიფო უწყება ხარ, ისეთი სკოლა დააფუძნე და გააკეთე, რომ აღარ დასჭირდეს ავტორიზაცია და ზედმეტი ფულის ხარჯვა. ეს არის ფულის საკეთებელი მანქანა, რომელიც საერთოდ უნდა გაუქმდეს. კანონი ისე იცნობს სკოლების ფინანსურ ანგარიშებს, ნახევარწლიურსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემდგომ. გარდა ამისა, ვინ დაუშალა სამინისტროს, რომ აკონტროლოს ეს ყველაფერი?! მაგრამ მთელი უბედურება ისა რის, რომ არ აქვთ მაკონტროლებელი სისტემა. საქართველოს არ გააჩნია განათლების მაკონტროლებელი სისტემა და სტრუქტურა. არც კერძო სკოლების ასე ხელაღებით ანულირება შეიძლება. შევლენ იქ ვიღაც გამოგონილი ექსპერტები, დატრენინგებულები და დახურავენ სკოლას.
_ საბოლოო ჯამში, კერძო სკოლების გაუქმებამდე მივდივართ?
_ თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ მოხდა ან რაღაც უბედურება, თუ ავტორიზებული ხარ 6 წლის განმავლობაში, ასე ხელაღებით ავტორიზაციის გაუქმება არ შეიძლება. პარლამენტში ცხარე კამათი გამოიწვია ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონპროექტის იმ დებულებებმა, რომელიც განათლების ხარისხის ინდიკატორებს ეხებოდა. ვეთანხმები იმ დეპუტატებს, რომელთაც თქვეს, რომ ეს ინდიკატორები განათლების ხარისხს სრულყოფილად არ განსაზღვრავს. ხელახალი ავტორიზაცია ამ მოდელით, რის გაკეთებასაც აპირებს განათლების სამინისტრო _ არის დანაშაული.