QronikaPlus
გოჩა გიუნაშვილი: „ჩემი მიწები ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ არის, აღსრულებამ ქონება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოიტანა გასაყიდად! ჩნდება ეჭვები“

გოჩა გიუნაშვილი: „ჩემი მიწები ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ არის, აღსრულებამ ქონება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოიტანა გასაყიდად! ჩნდება ეჭვები“

2022-04-07 07:22:17

ნენე ინჯგია

„ქრონიკა+“-ს ბიზნესმენი გოჩა გიუნაშვილი უყვება, რომ მისი 18 უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები, რომლებიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საზღვარზე, გორის რაიონის სოფელ ქვეშსა და ფლავისმანში) და ქალაქ თბილისში ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა #11-ში მდებარე 160 კვ.მ. ფართობის ბინა #94, მას შემდეგ, რაც გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 12 მარტს და რომელიც 10 (ათი) წლის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 13 მარტის მდგომარეობით, გახდა კანონიერ ძალაში შესული დადასტურებული ხანდაზმული გადაწყვეტილება და მან დაკარგა ძალა, მიუხედავად ამ გარემოებისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ ხანდაზმულ გადაწყვეტილებაზე არათუ არ შეწყვიტა საქმის წარმოება, არამედ ხანდაზმულობის ვადის დადგომის შემდეგ, ჩემი ზემოხსენებული უძრავი ქონებები გაიტანა ელექტრონულ აუქციონზე, რუსეთის სახელმწიფოს VTB ბანკის ხანდაზმული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. რუსული ბანკის ხანდაზმული გადაწყვეტილების აღსრულება კი რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

უფრო კონკრეტულად, რას ეხება საქმე და რა ეჭვები აქვს ბიზნესმენს, ამის შესახებ „ქრონიკა+“ გოჩა გიუნაშვილს ესაუბრა:

_ 2011 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფოს VTB ბანკმა, ყველანაირი კანონის დარღვევით, მიითვისა ჩემი გორის რაიონის სოფელ ქვეშში მდებარე მცირე ჰიდროელექტროსადგური, VTB ბანკმა, იმ მიზეზით, რომ ხელოვნურად გავეხადე იმისი მოვალე და მუდმივად ჰქონოდა როგორც ჩემი უძრავ-მოძრავი ქონებები დაყადაღებული, ისე მოეხდინა ჩემი ფინანსური პარალიზება და არ შემძლებოდა ჩემი უფლებების დაცვის შესაძლებლობა, მან 2011 წელს ორჯერ შემომიგზავნა საგადასახადო სამსახური, რომელმაც პირველად დამარიცხა 259000 ლარი, ხოლო თანხის დაფარვის შემდეგ მეორედ დამარიცხეს 207000 ლარი. ამის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფოს VTB ბანკმა საგადასახადო სამსახურში ჩემს სახელზე არსებულ დავალიანებაზე გადარიცხა 61000 ლარი და ზუსტად მეორე დღეს ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, _ უსაფუძვლოდ გამდიდრდაო. მან გამოიყენა რა თავისი გავლენები, გორის რაიონულმა სასამართლომ ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებით VTB ბანკის სასარგებლოდ დამაკისრა 61000 ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 12 მარტს და მას შემდეგ მამყოფებენ მუდმივი მოვალის მდგომარეობაში. რომელ საქმეშიც აქტიურად მონაწილეობს აღსრულების ბიურო, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მან 10 წლის მანძილზე არ აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული  გადაწყვეტილება და მამყოფა მუდმივი მოვალის მდგომარეობაში _ დამკვეთი რუსეთის სახელმწიფოს VTB ბანკის დავალების შემდეგ დაიწყო ხანდაზმული გადაწყვეტილების აღსრულება. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.

_ რას უკავშირებთ იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 10 წლის შემდეგ დაიწყო აღსრულების ბიურომ მოქმედება?

_ როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ჩემი მიწები მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე მდებარე სოფელ ქვეშსა და ფლავისმანში. ამ მიწების გვერდით მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზები. აღსრულების ბიუროს გააქტიურებაც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას მოჰყვა. როცა ასეთ დროს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ მიწებს ხანდაზმული გადაწყვეტილებით ყიდი მსოფლიოს მიერ სანქციადადებული რუსეთის სახელმწიფოს VTB ბანკის სასარგებლოდ, ე. ი. ან რუსულ დავალებას ასრულებ, ან ვინმე რუსეთის გავლენიან პირებთან აქვს სააღსრულებო ბიუროს საეჭვო კავშირი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაც რუსულ საქმეს აკეთებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ, მაგალითად, როდესაც ამ ტერიტორიებზე ერთი ჰექტარი მიწა ღირს 10000 დოლარი, რუსი ბიზნესმენები იხდიან ორჯერ უფრო მეტს იმ მიწებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარეობს. ცხადია, ჩნდება ეჭვები და კითხვები.

_ რას გეგმავთ?

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მივმართეთ, რადგან მას შემდეგ, რაც „ვითიბი ბანკს“ სანქციები დაუწესდა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო, მოგეხსენებათ, „ბაზის ბანკს“ გადაეცა „ვითიბის“ პორტფელი, ამიტომ გვინდოდა გაგვერკვია, ამ საქმესთან დაკავშირებით შეიცვალა თუ არა რამე, თუმცა ეროვნული ბანკისგან საპასუხოდ მივიღეთ, რომ „დღეის მდგომარეობით „სს ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესი არ არის დაწყებული და, შესაბამისად, ამ კუთხით, მასთან მიმართებით, არ მოქმედებს რამე განსაკუთრებული სტატუსი.

ვაპირებ შევიტანო სარჩელი აღსრულების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომელსაც 10 წლის განმავლობაში საქმე ეწერა და რეაგირება არ ჰქონიათ. მათ არ ვიცი, რამხელა მფარველობა აქვთ ან ვისგან, მაგრამ ფაქტია, გავლენიანი პირები მფარველობენ ან, შესაძლოა „ვითიბი ბანკს“ იყენებს ვიღაც, ვისაც ჩემი ინტერესი აქვს. არ შეიძლება ასეთი რამ, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აღსრულება უნდა დაიწყოს ერთ თვეში. დაეწყოთ თუნდაც 2 წლის შემდეგ, 3, 4, 7, 8, მაგრამ როცა ვადა გასდის და შემდეგ იწყებ აღსრულებას, ეს უკვე დანაშაულია.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქრონიკა+“ გთავაზობთ, კონკრეტულად, 2011 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას, სადაც აღნიშნულია:

„მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრება გარემოებაზე მითითებით, რომ მან შეგნებულად გადაიხადა მესამე პირის წინაშე ის ფულადი თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც თითოეულ მოპასუხე მხარეს ჰქონდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რამე მოქმედების შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დადგენილია და არ არის მხარეთა შორის სადავო, რომ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ გადაიხადა მესამე პირის წინაშე გოჩა გიუნაშვილის დავალიანება 61 727.91 (სამოცდაერთი ათას შვიდასოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ნონა გიუნაშვილის დავალიანება _ 29 316.35 (ოცდაცხრა ათას სამასთექვსმეტი ლარი და ოცდათუთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით და ნანა გიუნაშვილის დავალიანება _ 28,955.74 (ოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

დადგენილია ასევე რომ აღნიშნულ გადახდას არ უძღოდა წინ რაიმე სახის შეთანხმება ვადის გადაკისრების თაობაზე ან მოსალოდნელი გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მხრიდან მოვალეთა შეტყობინება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან მიმართებით, რომ მოცემულობა უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 969-ე და 974-ე მუხლებით და, შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას, მიუხედავად განხორციელებული გადახდისა, არ აქვს გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოპასუხეთაგან.

სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის თანახმად, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 974-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში არ აქვს ადგილი კოდექსის 969-ე და 974-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევას, რასაც საქმის არსებული მოცემულობა  ადასტურებს _ მოპასუხეთა მიერ თავიანთი ქონების დაზოგვას მოსარჩელის ხარჯზე: იმ პირის ქონება, რომელიც ვალდებულია, გადაიხადოს ვალი, კი არ შემცირდა, არამედ უცვლელი დარჩა, რადგან შეცდომით ან შეგნებულად ეს ვალი სხვამ გადაიხადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლომ ეს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმის როგორც უდავო, ისე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი ქმნიან იმ შემადგენლობას, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით. ამ მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა ხარჯის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის ორ კუმულატიურ წინაპირობას ადგენს: ვალის არსებობა და ამ უკანასკნელის გადახდა მესამე პირის მიერ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ აქვს იმ თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხეთაგან, რომელიც მან გადაიხადა. მათი დავალიანების დაფარვის მიზნით მესამე პირის წინაშე“.

ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში კი ვკითხულობთ:

„1999 წლიდან, ერთის მხრივ, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ და, მეორე მხრივ, გოჩა გიუნაშვოლი, ნანა გიუნაშვილი და ნონა გიუნაშვილი იმყოფებოდნენ საკრედიტო-სახელშეკრულებო ურთიერთობაში; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის მოპასუხის ახსნა-განმარტება, სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

3.1 2. გოჩა იუნაშვილს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 61 72791 (სამოცდაერთი ათას შვიდასოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ 2011 წლის მაის-ივნისში შეგნებულად გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი),

მოპასუხის ახსნა-განმარტება  (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი),

ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი (ს.ფ. 1,5);

13. 06. 11 საგადასახადო დავალება #12, 13.06.2011 საგადასახადო დავალება #11 (დ 74-15) 1.3. ნონა გიუნაშვილს ჰქონდა საგადასასადო დავალიანება 29316.35 (ოცდაცხრა ათას სამასტექვსმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ 2011 წლის მაის-ივნისის თვეში შეგნებულად გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

ფინანსთა სამინისტროს შედარების აქტი (ს.ფ. 13);

31/05/2011 _ საგადახდო დავალება #10. 31/05/2011 საგადასახადო დავალება #13. 31.05.2011 საგადასახადო დავალება #11. 31.05.2011 საგადასახადო დავალება 12 (ს.ფ  10 23).

3.1.4. ნანა გიუნაშვილს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 28 55 74 (ოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდათუთმეტი ლარი და სამოცდათოთქმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ 2011 წლის მაის-ივნისის თვეში შეგნებულად გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი); ფინანსთა სამინისტრს შედარების აქტი (ს.ფ. 14);

31/05/2011 საგადასახადო დავალება #16; 31/05/2011 საგადასახადო დავალება #9; 31/05/2011 საგადასახადო დავალება #7. 31/05/2011 საგადასახადო დავალება #8 (ს.ფ. 16-19).

3.1.5 ერთი მხრივ, გოჩა გიუნაშვილს, ნანა გიუნაშვილსა და ნონა გიუნაშვილს და, მეორე მხრივ, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შორის შეთანხმება ვალის გადაკისრების თაობაზე არ ყოფილა. საბანკო დაწესებულების მიერ სადავო გადახდის განხორციელებას არ უძღოდა წინ მოსალოდნელი გადახდის თაობაზე მოვალეთა შეტყობინება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

გაზიარება