QronikaPlus
„ქრონიკა+“-ის სპეციალური რეპორტაჟი ვარშავიდან

„ქრონიკა+“-ის სპეციალური რეპორტაჟი ვარშავიდან

2022-03-25 08:06:13

ზაზა სვანაძე, სპეც რეპორტაჟი ვარშავიდან

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რადაში გამოსვლისას ისტორიული განცხადება გააკეთა: „ჩვენ ვქმნით ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და უკრაინასთან ერთად“.

საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შესახებ ანონსი, უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფესიულ რელსებზე გადაყვანის განკარგულებაზე, საჯარო ხელმოწერით დაგვირგვინდა.

„რეგიონში უსაფრთხოებისთვის ბრძოლა წარმოადგენს ასეთი თანამშრომლობის მიმართულებას. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მომხდარი ჰიბრიდული თავდასხმის სახით ჩვენ უკვე ვიგრძენით დესტაბილიზაცია ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე“, _ აღნიშნა იმავე დღეს კიევში მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

პირველი თებერვლის შემდეგ, მალევე, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგა: აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან, ხანგრძლივი სამხედრო ძალების კონცენტრაციის შემდეგ, რუსეთმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ამ ტერიტორიებზე შეიარაღებული ძალები შეიყვანა, სამ დღეში კი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები არაერთი ფლანგიდან წამოიწყო. მოკავშირეებმა დანაპირები შეასრულეს და ამ ომამდე, მოლაპარაკებების ყველა რაუნდში, წინასწარ გაწერილი პუნქტების შესრულებას თანმიმდევრულად შეუდგნენ. ვარშავა, ლონდონთან ერთად, აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, ამიტომ რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფი მეზობელი სახელმწიფოსკენ მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთების გასატარებლად მან საზღვრები გახსნა და უკრაინიდან ომს გამოქცეული მოქალაქეების აუარებელ ნაკადებს უწყვეტად იღებს, რის გამოც კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია პოლონეთს მწვავედ აკრიტიკებს.

როგორ იღებენ მეზობელი უკრაინიდან ომის მიგრანტებს? როგორ ხვდება პოლონეთი აუარებელ ნაკადებს? როგორი ატმოსფეროა ვარშავაში?

ჯერ კიდევ დედაქალაქში შესვლამდე ქალაქ ლოძთან მძიმე ტექნიკის გადაადგილება დავაფიქსირეთ. გზის მეორე მხარეს, საწინააღმდეგო მიმართულებით, მინიმუმ ათმა ერთეულმა სამხედრო მანქანამ ჩაგვიარა. დედაქალაქში ღამის სამ საათზე შევდივართ, თუმცა შუაღამის მიუხედავად ვარშავას არ სძინავს; ქალაქი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრადაა ქცეული.

დევნილთა აუარებელი ნაკადის მიუხედავად, პოლონელებს დაბნეულობა არ ეტყობათ. ერთი შეხედვითაც შესამჩნევია, ფოსფორისფერ ჟილეტებში გამოწყობილი ვოლონტიორები მათზე დაკისრებულ მოვალეობას სრულად იაზრებენ და ორგანიზებულად მოქმედებენ.

ვარშავის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე, სამართალდამცავებთან ერთად, მოხალისეებიც აკონტროლებენ სიტუაციას. სადგურის ფოიე ვერ იტევს დევნილებს, რის გამოც ნაწილი გადასასვლელ გვირაბში ზის. აუარებელ ჩემოდანთან ერთად გაქვავებული სახეებით მდგარი ან მჯდარი უკრაინელები დაბალი ხმით კითხულობენ, თუ სად გადაიყვანენ, ნაწილი კი მობილური ტელეფონების ეკრანებს ჩაჰკირკიტებს; ფრაგმენტულად მოსმენილი საუბრებიდან ვგებულობთ, რომ ომს გამოქცეული ადამიანები სამშობლოში ჩარჩენილ ახლობლებს აწყნარებენ.

„ვარშავა-ზაჰოდნიას“ რკინიგზის სადგურის უცნაურ აუდიოფონს შეფუთნილი ბავშვების ტირილი აქა-იქ თუ დაარღვევს. შუაღამის ყინვაში (ვარშავაში ღამით ტემპერტურა ნულ გრადუსს ქვემოთ ეშვება) მოხალისეთა ნაწილი გარეთ დგას და მსურველებს ცხელი ჩაით და საკვებით უმასპინძლდება. გარიჟრაჟზე რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარე, ავტოსადგურისკენ ვინაცვლებთ. გათენებიდან რამდენიმე საათში მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები იდგმება. უფასო ტანსაცმელი მათთვის, ვინც ვერ მოასწრო პირველადი საჭიროების ნივთების თან წამოღება. სპეციალურად, ამ რეპორტაჟის ფარგლებში, მეორადი სამოსის პუნქტთან ვჩერდებით და ვითხოვთ ხელთათმანს.

ახალგაზრდა გოგონამ ძებნა დაიწყო და თან კოლეგა მოიხმო, _ მამაკაცის ხელთათმანები არ გვაქვს, მაგრამ ქუდს მოგცემთ, _ ვოლონტიორმა გოგონამ ნაქსოვი აქსესუარი მოგვაწოდა, მოგვიბოდიშა და მეორე პუნქტისკენ გადაგვამისამართა;

_ იქ ექნებათ...

_ მოდიან ტანსაცმლის წასაღებად?

_ ძირითადად ბავშვებისთვის მიაქვთ, ყველაზე მეტად კაშნეებს ითხოვენ... დევნილებისთვის განკუთვნილი აქსესუარი მოგონილი მიზეზით მალევე უკან დავაბრუნეთ და ავტოსადგურში გადავინაცვლეთ, რომლის ფოიეშიც, ჰიგიენის საშუალებებიდან დაწყებული, საკვებით დამთავრებული, ყველაფერი ყუთებზე იარუსებადაა დალაგებული და ყურადღებიანი მოხალისეები მსურველებს უყოყმანოდ აწვდიან. სადგურის გარე პერიმეტრზე რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სპეციალური ამოსაცნობი სამკლავურებით დგანან. თუ რომელიმე დევნილი ამა თუ იმ რელიგიურ ან სექსუალურ იდენტობას მიაკუთვნებს თავს, შეუძლია, კონკრეტულად ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა დახმარებით ისარგებლოს. უფასო ბინებს სთავაზობენ ყველა აღმსარებლობისა და იდენტობის ადამიანს, თუმცა ომის მიგრანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, ყველას დაკმაყოფილება ოპერატიულად ვერ ხერხდება, რის გამოც მათ ნაწილს დროებით, სადგურის საპირფარეშოებთან და კიბეებზე სძინავთ. უკანა გასასვლელში ხარკოვიდან დევნილ აზერბაიჯანელ ოჯახს გამოველაპარაკეთ. შუა ხნის მამაკაცი თავის ისტორიას გვიყვება:

_ ჩვენი სახლი აღარ არსებობს... ერთ ნაბიჯზე გამოვასწარით. მეუღლესთან, შვილთან და რძალთან ერთად წამოვედი. მთავარია, ცოცხლები ვართ. ბინაზე, მანქანებზე სადარდებელი დრო ახლა არ გვაქვს, ორი ჩემოდნით წამოვედით. არ გვეგონა, ასე თუ გაგვწირავდნენ...

ხარკოვიდან დევნილი ეთნიკურად ქართველი გოგონა თავად გამოგვეცნაურა მას შემდეგ, რაც ქართული საუბარი მოისმინა.

_ ბოდიშს გიხდით, თქვენც უკრაინიდან მოდიხართ? _ მკითხა გოგონამ.

_ არა, მაგრამ გისმენთ, რით შემიძლია დახმარება?

_ ხარკოვიდან ვართ, ესენი ჩემი მშობლები არიან, _ იქვე მდგომ 70 წლამდე დედ-მამაზე მიგვითითა, _ არაფერი ვიცით, რა ვქნათ, საით წავიდეთ. მშობლები მოგვიახლოვდნენ და შვილის მიერ დაწყებული ტრაგედიის თხრობა გააგრძელეს:

_ ხარკოვი დღემდე პრორუსულ ქალაქად მიიჩნეოდა. რუსებს ეგონათ, რომ ყვავილებით დავხვდებოდით. როდესაც ხარკოველების განწყობები დაინახეს, მიწასთან გაგვასწორეს. ჩვენი კორპუსი დგას, მაგრამ ირგვლივ აღარაფერი არსებობს... _ თვალზე ცრემლმორეული აგრძელებს დაბომბვის სცენის დეტალურად აღწერას ქალბატონი. მონათხრობი იმდენად მძიმეა, კითხვას ვერ ვსვამ. მორიგი ისტორიის მოსმენის შემდეგ ოჯახს მშვიდობა ვუსურვეთ და უკრაინა-პოლონეთის საზღვრისკენ გავემგზავრეთ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პოლონელი ტაქსისტების პერსონალური საქველმოქმედო ინიციატივები _ უკრაინის საზღვრამდე მიმავალ მეომრებს, ვოლონტიორებს თუ უბრალოდ მოქალაქეებს, საწვავის თანხის სანაცვლოდ ემსახურებიან. 350 კილომეტრის გავლას, სულ რაღაც, 100 ზლოტად გვთავაზობენ, (დაახლოებით, 80 ლარი). საზღვართან ახლოს, საველე პირობებში, საკვების უზარმაზარი მარაგები და სატვირთო ავტომობილები შევნიშნეთ. ტაქსიდან ჩამოსულებს კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლა ავტობუსით გვიწევს (კერძო ავტომობილებისა და ტაქსების უშუალოდ საზღვართან მიახლოება აკრძალულია). იქვე, თეთრ კარავში, განთავსებულია მედიაცენტრი, სადაც ჩვენი კოლეგა პირდაპირ ეთერში, საეთერო სტუდიის ფორმატში, მაუწყებლობს. მალევე, სავარაუდოდ, პოლონური სპეცსამსახურების თანამშრომლები მოდიან და სპეციალური ავტობუსით უშუალოდ სასაზღვრო-გამშვები პუნტისკენ გვაცილებენ. ავტობუსში ჩვენთან ერთად უკრაინის მოქალაქეები მგზავრობენ: მძღოლისა და მისი თანმხლები პირის გარდა, სალონში რვა ადამიანი ვართ. საუბარი უკრაინულ და პოლონურ ენებზე მიმდინარეობს.

ყველანი დაძაბულები ვსხედვართ. მალევე ხალხმრავალ ადგილს ვუახლოვდებით. საზღვარი, რომელიც რეალური გარემოდან ფანტასმაგორიულ-ისტორიული ფილმის გადასაღებ სივრცეს უფრო ჰგავს, ფრონტის ერთ-ერთი ხაზია. ათასობით ადამიანი (ბავშვები, ქალები, ორსულები) მომლოდინე ავტობუსების რიგში დგას. შუაღამის წყვდიადს მობილური ტელეფონების ფარნები და კასრებში დანთებული კოცონები ანათებს. მედიის წარმომადგენლები უშუალოდ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთანაც მუშაობენ. იქვე შევნიშნეთ „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც დევნილთა ნაკადში რესპონდენტს ეძებს. ფოსფორისფერჟილეტიანმა ახალგაზრდებმა გზის სავალი ნაწილიდან ხალხის ფრთხილად გაწევა დაიწყეს. ავტობუსი, რომელსაც ათასობით წყვილი თვალი იმედის თვალით შესქცერის, როგორც იქნა, შემოვიდა. პოლონური დროშის ფერებში (თეთრ-წითელი) გადაწყვეტილმა სატრანსპორტო საშუალებამ დევნილები დანიშნულების პირველ პუნქტამდე უნდა მიიყვანოს, საიდანაც, რეგისტრაციის შემდეგ, უკვე მიკროავტობუსებით განხორციელდება მათი დედაქალაქამდე ტრანსპორტირება. ავტობუსი გაჩერდა თუ არა, დევნილები უკანა (შესასვლელი) კარს მიაწყდნენ, თუმცა რიგს არავინ ახტება. პირველები შედიან ისინი, რომლებიც კოლონის თავში დგანან. ავტობუსში ასვლისას ერთმანეთს ფრთხილად აძლევენ შენიშვნებს, _ აკურატულად გაიარეთ, გთხოვთ, _ თქვენი ბარგი ხელს მიშლის გადაადგილებაში... _ ბავშვები დგანან, გაითვალისწინეთ და ფრთხილად გადაგვაბიჯეთ... კართან ახლოს მდგომ შუა ხნის ქალბატონს დიდი მოცულობის ხელბარგი აქვს, რომლის აწევაც აშკარად უჭირს, _ მიეხმარე ქალბატონს! _ დაუძახა ზურგს უკან მდგომმა მესაღვრემ კოლეგას. მანაც იმწამსვე აიტაცა გვერდზე მდგომი ქალბატონის ხელბარგი და ტრანსპორტის ასასვლელში დადგა. ავტობუსის მარცხენა მხარეს რეპორტიორები მოაწყდნენ, ზოგიერთი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს, ზოგიც ფოტოს იღებს. მგზავრთაგან არავინ აპროტესტებს, რომ უღებენ, _ სამშვიდობო გზაზე გასულებს აშკარად სხვა საფიქრალი აქვთ. მოხალისეებისთვის გამოყოფილი ავტომობილით დევნილებს უკან მივყვებით. საზღვრიდან ათი წუთის სავალზე, ცენტრალური გზიდან დაახლოებით ას მეტრში, უზარმაზარ, ქარხნის ტიპის შენობაში, რეგისტრაციისთვის აუცილებელი პროცედურებისთვის სპეციალური, ახალი პუნქტია გახსნილი (საზღვარზე არსებული შენობა ამდენად გამტარუნარიანი არ არის). ვარშავაში დადის ხმები, რომ მხოლოდ ერთ დღეში ნახევარი მილიონი უკრაინის მოქალაქე შემოვიდა.

_ ჯერჯერობით კონტროლზე გვყავს სიტუაცია. ვცდილობთ, ყველას მაქსიმალურად დავეხმაროთ და პატარა ბავშვებიანი ოჯახები პირველ რიგში დავაბინავოთ, _ ის იყო, სარეგისტრაციო ზონის წინ მდგარი ვოლონტიორი კომენტარზე დავითანხმეთ, რომ 20 წლამდე ბიჭი მოგვიალხოვდა:

_ გამარჯობა, დამეხმარეთ, მოხუცი ბებია მყავს, გადაადგილება უჭირს, სად წაგვიყვანთ? რა იქნება, გვითხარით, გეხვეწებით, ძალიან ნერვიულობს. რესპონდენტმა ბოდიში მომიხადა და ახალგაზრდა კაცს გაჰყვა. ვოლონტიორთა შორის ყველაზე აქტიური შუა ხნის ქალბატონია, რომელიც რეგისტრაციაგავლილ ომის მიგრანტებს მიკროავტობუსის ტიპის მანქანებში ანაწილებს და ვარშავაში ან პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში აგზავნის. მას ყველა ყველაფერს ეკითხება. იმდენად დაკავებული ჩანს, გვერიდება, ერთწუთიან კომენტარზე რომ მოვაცდინოთ. საზღვრიდან ვარშავამდე 400 კილომეტრია. ამჯერად მინივენის ტიპის მანქანით დევნილებთან ერთად გვიწევს მგზავრობა. გზაში სიჩუმეა. მგზავრები მინიმალური წინადადებებით შემოიფარგლებიან. ვარშავაში გამთენიისას ჩავდივართ. დილის ექვს საათზეც ქალაქის ტროტუარებზე ქვეითად მოსიარულეების აქტიური მოძრაობა შეინიშნება. ღამის მორიგე ვოლონტიორებთან დილის ცვლა მიდის.

დამშვიდობებისას დევნილებმა სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს მასპინძლების მიმართ:

_ ძალიან მადლობლები ვართ ამ ხალხის, პოლონეთს რომ საზღვარი დაეკეტა, შორი გზის გავლა მოგვიწევდა, ვინ იცის, როგორ ჩამოვიდოდით. ვარშავის რკინიგზის სადგურიდან დაწყებული, სადაც მატარებლები, პოლონურთან ერთად, უკრაინული დროშებით მიდი-მოდიან, დედაქალაქის ცენტრში მდგარი უზარმაზარი ნაგეგობის (კულტურისა და მეცნიერების სასახლე) შესასვლელში, მშობლიური სიმბოლიკის მხარდამხარ, ლურჯ-ყვითელი დროშებიცაა წარმოდგენილი. დღევანდელი ვარშავა, მთლიანად პოლონეთი, უკრაინის ფრონტის ზურგია, რომელიც კრემლის სამხედრო აგრესიას გამოქცეულ ადამიანებს სიცოცხლის უფლების შენარჩუნებაში ეხმარება.

P. შ. ალბათ შეამჩნევდით, ამ ინტერვიუს ფარგლებში, არც ერთი რესპონდენტის სახელი და გვარი არ გვიხსენებია. ომის სისასტიკეს გამოქცეულ ადამიანებს არ სურთ მათი ვინაობის გამხელა. მათ არ იციან, რა იქნება ხვალ, მაგრამ ზუსტად იციან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მართვის ფორმა და სტილი, იმ პუტინისა, რომლის მიერ წამოწყებულ სამხედრო აგრესიას ცივილიზებული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა მკაფიოდ გმობს.

გაზიარება