- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-03-24 10:31:54
შორენა მარსაგიშვილი
გასულ კვირას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ივანიშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, უკრაინელების თავგანწირვა რომ არა, საქართველოს ხელისუფლებას უკვე გამოცხადებული ექნებოდა კაპიტულაცია.
რა გეგმა ჩაუშალა უკრაინამ ივანიშვილსა და პუტინს? რატომ ხვდებოდა ვანო ჩხარტიშვილი სერგეი ნარიშკინს? რა ელოდება საქართველოს მომავალში? _ ამის შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ბატონო გიორგი, თქვენი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გააკეთა სკანდალური განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე. მოლაპარაკებების გამართვა ერთია და აღიარება _ მეორე. გაბედავს ივანიშვილის ხელისუფლება, ცნოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა?
_ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართველი ხალხი. თუ სათანადო სიმტკიცე არ გამოვიჩინეთ, რა თქმა უნდა, აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უამრავი უბედურება მოიტანა, მაგრამ ამ ომმა ერთი კარგი საქმე გაუკეთა ქართველებს: საქათველოს მოსახლეობამ ღიად დაინახა, რომ ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ პუტინის ნების აღმსრულებლები არიან.
_ ივანიშვილი რუსეთთან რომ იყო დაკავშირებული, ამაში საქართველოზე ამ ომამდე ბევრად ადრე საუბრობდნენ. ან რა საჭირო იყო საუბარი, მილიარდები ამ კაცმა რუსეთში იშოვა.
_ ამის მიუხედავად, ბევრს ჰქონდა იმის ილუზია, რომ ივანიშვილი პროდასავლური ორიენტაციის იყო. ახლა ეს ილუზია ყველას გაუქრა. დღეს პუტინს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს: ესენი არიან ლუკაშენკო და ივანიშვილი. თქვენ ისიც კარგად მოგეხსენებათ, თუ რა პირობები წაუყენა პუტინმა უკრაინას. ეს გახლდათ ნეიტრალიტეტი, დონბასისა და ლუგანსკის აღიარება. ზუსტად იგივე პირობებზე მიდიოდა საუბარი ივანიშვილთან.
_ ე. ი., შემთხვევით არ გამოვარდნილან რუსეთუმეები უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ნეიტრალიტეტის მოთხოვნით.
_ ნეიტრალიტეტის მოთხოვნას ვინ ჩივის?! საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი ითხოვდა და ახლაც ითხოვს ნეიტრალიტეტს. ამათმა საქრთველოში რუსული ჯარების განთავსება მოითხოვეს. ელოდნენ, რომ პუტინი უკრაინაში ომს რამდენიმე დღეში ტრიუმფით დაამთავრებდა. ბლიც-კრიგს ელოდა მოსკოვიც. ბლიც-კრიგის შემდეგ კრემლი კიევს თავის პირობებს შეასრულებინებდა და იგივე პირობებს წამოუყენებდა საქართველოს. „ქოცები“ გვეტყოდნენ, უნდა შევასრულოთ ეს პირობები, აბა, ომს ხომ არ დავიწყებთ და ქვეყანას ხომ არ დავანგრევთო? აი, ეს მზაკვრული გეგმა მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ.
_ ეს გეგმა ჩაიშალა, უკრაინაში პუტინის ბლიც-კრიგი არ შედგა და, დიდი ალბათობით, ეს ომიც მისი მარცხით დასრულდება.
_ ეს გეგმა ჯერ კიდევ ძალაშია, „ქოცებსა“ და პუტინს შორის ისევ მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ უკრაინაში განცდილი კრახის შემდეგ გეგმის სისრულეში მოყვანა გადაიწია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ომის პირველივე დღეებში აცხადებდნენ, რომ უკრაინამ ეს ომი წააგო. ეს რიგით „ქოცებს“ არ უთქვამთ, ამას ქვეყნის პირველი პირები ამბობდნენ. ისინი მზად იყვნენ კაპიტულაციაზე ხელის მოსაწერად. სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერაც ჰქონდათ. მთავარი იყო, უკრაინა დამარცხებულიყო, უკრაინამ გაუძლო.
_ საინფორმაციო მხარდაჭერაში „ალტ-ინფოს“ გულისხმობთ?
_ მარტო „ალტ-ინფოს“ არა. უამრავი ახალი პრორუსული არხი გაიხსნა.
_ ერთი გიორგი კანდელაკის არხია. მან პირდაპირ და ღიად აუკრძალა ჟურნალისტებს რუსეთის კრიტიკა.
_ ეს ცნობილი ამბავია. სამწუხაროდ, კიდევ არის საქართველოში პრორუსული ტელევიზიები და ინტერნეტგამოცემები. მათ ევალებოდათ საინფორმაციო მხარდაჭერა. ისინი ნიადაგს ამზადებდნენ. აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ისინი კოორდინაციაში არიან ივანიშვილთან. მათ ერთად შეიმუშავეს საქართველოს დაშლის მზაკვრული გეგმა.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, აქ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი, ის პოლიტიკიდან წასულიაო. ბიძინა ივანიშვილი შუაში კი არა, თავშია. მას ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად. არც მას და არც მის ოჯახს არ დაუგმია რუსული აგრესია. უკრაინის დახმარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
_ ფინანსურ დახმარებას გულისხმობთ?
_ დიახ. მისმა შვილმა, ბერა ივანიშვილმა, ამაზონის ტყეების დასახმარებლად გადარიცხა თანხები და იყო ამაზე ერთი ამბავი. უკრაინასთან დაკავშირებით კი სრულ მდუმარებაში არიან. მათი ოჯახიდან ერთ განცხადებას არ გამოუჟონია, ერთი სიტყვითაც არ გამოუხატავთ თანაგრძნობა.
_ როგორ არ გამოჟონა, ბერა ივანიშვილმა დაწერა ტვიტერზე, უკრაინას მხარდაჭერას ვუცხადებო.
_ ბერამ ეგ დაწერა, მაგრამ დაგმო რუსული აგრესია? არ დაუგმია. დუმილი თანხმობას ნიშნავს. ივანიშვილები ამ დუმილით ამართლებენ და მხარს უჭერენ იმ არაადამიანურ აგრესიას, რასაც მოსკოვი უკრაინაში ავლენს. მთელი მსოფლიო გადარეულია იმით, რაც უკრაინაში ხდება და ოლიგარქის ოჯახი ჩუმად არის. ამ აგრესიასა და სიმხეცეს თუ არ ამართლებენ, გამოვიდნენ და დაგმონ, მაშინ დავიჯერებ, რომ უკრაინას უჭერენ მხარს. სხვა შემთხვევაში არაფრით დავიჯერებ.
ის გეგმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოფიქრებული, ისევ ძალაშია და ჩვენნ მზად უნდა ვიყოთ იმ საძაგლობისთვის, რაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა შემოგვთავაზონ. იმის მტკიცება, ალბათ, არ დამჭირდება, რომ პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს.
_ ამას არანაირი მტკიცება არ სჭირდება. პუტინი ღიად და დაუფარავად საუბრობს თავის იმპერიულ ზრახვებზე.
_ ჩვენ კარგად ვიცით მისი განცხადება საქართველოზე და მის ისტორიაზე. მან სანკტ-პეტერბურგში გამოსვლისას განაცხადა, რომ არანაირი ქართული სახელმწიფო არ არსებობდა. თურმე, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიები ყოფილა მარტო და დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებულა.
_ გუბერნიები თავისკენ მოიკითხოს _ დიდი ხანია, კიევის სამთავრო აღარ არის.
_ ეგ არ ახსოვთ. ჩვენ გვთვლის თავის გუბერნიად და რუსეთის იმპერიის აღდგენას შეუდგა. რუსული იმპერიის აღდგენისთვის საჭირო იყო უკრაინის დამორჩილება. უკრაინა უდიდესი ქვეყანაა ევროპაში და მას თუ დაიპყრობდა, დანარჩენ ტერიტორიებსაც მიითვისებდა. საქართველოსა და უკრაინის გარდა ის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას აკონტროლებს. ბალტიის ქვეყნები ევროპის ნაწილია და მათ ასე ადვილად ვერ შეეხება. ივანიშვილი რუსებთან სერიოზულად თანამშრომლობდა და როგორც კი ბლიც-კრიგი დასრულდებოდა, საქართველო გახდებოდა რუსეთის ნაწილი. ვაღიარებდით აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და ვიტყოდით, რომ ვართ ნეიტრალურები. აღიარო ნეიტრალიტეტი, ნიშნავს გახდე რუსეთის ნაწილი. უკრაინაში ისე არ წავიდა საქმეები, როგორც პუტინს სურდა.
_ ე. ი., უკრაინამ გადაგვარჩინა.
_ რა თქმა უნდა, გადაგვარჩინა. მინდა, მათ ამისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო და ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო ამ გმირი ხალხის მიმართ. ახლა უკრაინაში ჩვენი ბედიც წყდება. უკრაინასთან დაკავშირებულია მთლიანად ევროპის უსაფრთხოება. უკრაინელების გამძლეობამ და შეუპოვრობამ საქართველო, ამ ეტაპზე, გადაარჩინა. ჩვენ ახლა უკრაინამ შეგვინარჩუნა დამოუკიდებლობა.
უკრაინას სხვა რამის გამოც უნდა ვუთხრა მადლობა: მათი წყალობით, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი. აქამდეც დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ მოღალატეები იყვნენ, მაგრამ ახლა ეჭვი არავის ეპარება.
ახლა გადავრჩით, მაგრამ არ მოდუნდეთ, როგორც უკვე გითხარით, მათ მზაკვრული გეგმა აქვთ განსახორციელებელი. იყავით ფხიზლად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, დამოუკიდებლობა დავთმოთ. ამას უამრავი ადამიანი შეეწირა. ჩვენი სისხლით მორწყული მიწა დამოუკიდებლობას იმსახურებს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ. ამ ავაზაკებსა და გამყიდველებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას არავითარ შემთხვევაში არ დავანგრევინებთ. საქართველო არ დათმობს თავის უდიდეს მონაპოვარს _ თავისუფლებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ მზაკვრული და საშინელი გეგმის შემუშავებაში ჩხარტიშვილიც იყო ჩართული, რომელიც ნარიშკინის ახლობელია და ხშირად ხვდება ხოლმე მას და ეთათბირება.
_ ჩხარტიშვილიო და დავაკონკრეტოთ, რომელ ჩხარტიშვილზეა საუბარი, ვანოზე თუ ლაშაზე?
_ რა ლაშაზე, ვანო ჩხარტიშვილზე ვსაუბრობ. ის ხშირად ხვდება ხოლმე ნარიშკინს. მათი შეხვედრა საჯაროდაც დაფიქსირდა.
_ ახლა შეხვდა?
_ რამდენიმე წლის წინათ ჩხარტიშვილი და ნარიშკინი ერთმანეთს საჯაროდ შეხვდნენ. ამ გეგმის შემუშავებაში ჩართულია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი. ეს პატრუშევი წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. მათ ახლაც ბევრი საერთო ინტერესი აქვთ.
_ რა საერთო აქვთ ახლა?
_ როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ბიზნესი სინამდვილეში პატრუშევის საკუთრებაა და გაფორმებულია ივანიშვილზე. კიდევ ბევრი რამ აქვთ საერთო. ივანიშვილისა და პატრუშევის მჭიდრო და საეჭვო კავშირებზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ ლეიბორისტები. ამის შესახებ ჩვენ დასავლელ პარტნიორებსაც ვაწვდიდით ინფორმაციებს.
_ დასავლელი პარტნიორები არ იჯერებდნენ, რომ ივანიშვილი რუსეთთან იყო რაღაც კავშირში?
_ სანამ უკრაინაში ეს საშინელი ომი არ ატყდა, ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ივანიშვილი რუსეთიდან იმართებოდა. ახლა ეს ცხადზე უცხადესი გახდა. როგორც ამბობენ, არა არს დამალული, რომელიც არა გაცხადდეს.
_ სალომე ზურაბიშვილის ვითომ განსხვავებულ პოზიციაზე რას ფიქრობთ? ან მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე?
_ ეს არის ჩვეულებრივი ქოცურ-ვირეშმაკული თამაში ივანიშვილისა. ასეთი თამაშები მაგის მოგონილია.
_ რაში სჭირდება ასეთი თამაში ივანიშვილს?
_ ივანიშვილს ბოლომდე არ სურს დასავლეთთან ძაფების დაკარგვა. იცის, რომ ახლა რუსეთის მხარეს დგომა წამგებიანია. შეიძლება, ისეთი დრო დადგეს, რომ დასავლეთის ნავში ჩახტომა დასჭირდეს ამიტომ აამუშავა ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი, გააკეთებინა რამდენიმე განსხვავებული განცხადება, მაგრამ საჭირო რომ გახდა, სალომემ ფირფიტა შეატრიალა. ჩNN-ზე გამოვიდა და მის მიერ ვითომ გაკრიტიკებული „ქართული ოცნება“ შეაქო.
_ ეს ქებაი საკვირველი კრიტიკის მეორე დღეს მოვისმინეთ.
_ კი ბატონო. გამოვიდა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, ქართული სახელმწიფო ყველანაირად მხარში უდგას უკრაინასო. იმასაც ამტკიცებდა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდაო. რომელ სანქციას შეუერთდა, მაგას არ აკონკრეტებს. მოკლედ რომ გითხრათ, ზურაბიშვილს ივანიშვილი დასავლეთის მიმართულებით ათამაშებს. უნდა, რომ დასავლეთმა კიდევ ირწმუნოს მისი პროდასავლურობის.
ივანიშვილი პარალელურად რუსულ ფრონტზეც თამაშობს და აქ საქმეში მთავრობა ჰყავს ჩართული. ეს ჩვეულებრივი ხრიკია და ამას ჩვენი საზოგადოება არ უნდა წამოეგოს. სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის.
ჩემდა სამწუხაროდ, ვიხილე, თუ რა ხბოს აღტყინებით შეხვდა ჩვენი საზოგადოება სალომეს განცხადებებს. ვიღაცებმა ლამის ეროვნულ მოღვაწედაც კი გამოაცხადეს. როგორ შეიძლება, ასე უცბად დაივიწყო ყველა ის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც ამ ქალს აქვს გაკეთებული? სალომე ზურაბიშვილი ისეთივე მარიონეტია, როგორიც მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და სხვა დანარჩნი „ქოცი“. აღსატყინებელი აქ არაფერია. ახლა უფრო მეტად უნდა ვიფრთხილოთ.
_ ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. თქვენ ახსენეთ მზაკვრული გეგმა, _ აქვს ოპოზიციას იმის უნარი, რომ ამ გეგმის განხორციელებას შეუშალოს ხელი?
_ სად არის ოპოზიცია? პარლამენტში საერთოდ არ გვყავს ოპოზიცია. ვისაც ოპოზიციას ეძახიან, ისინი დეკორაციის ფუნქციას ასრულებენ. ლეღვის ფოთლის ფუნქცია ხომ ყველამ იცის, რაც არის, აი, ეგ ფუნქცია აქვს პარლამენტში იქ შესულ ოპოზიციას. მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა. რას აპირებს ოპოზიცია, არ ვიცი.
_ არ გაქვთ მათთან კონტაქტი?
_ არა. არაფერი ვიცი, რა უნდათ და რას აპირებენ. ჩემი აზრით, ისინი ხელისუფლებას წინააღმდეგობას არ უწევენ.
_ პარლამენტში გამოხატულ პროტესტს არაფრად უთვლით?
_ ხელოვნურ კინკლაობას თუ გულისხმობთ, ეს არაფერს ნიშნავს. ეს ხელოვნური კინკლაობა დღეს ჰაერივით სჭირდება „ქართულ ოცნებას“.
_ რისთვის სჭირდება?
_ იმის ილუზიის შესაქმნელად, რომ თითქოს პარლამენტში დემოკრატიაა და ოპოზიცია თავისუფლად აფიქსირებს განსხვავებულ აზრს. საპარალმენტო ოპოზიცია იმ თამაშის ნაწილია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თამაშობს.
_ უკრაინაში მიმდინარე ომით ოპოზიციამაც კარგად იხეირა. არავინ აღარ ახსენებს მათ და არც ეგენი იწუხებენ თავს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.
_ ვადამდელი არჩევნები საერთოდ ვის ახსოვს? ბოლოს როდის მოისმინეთ, რომ ამ თემაზე ვინმეს ესაუბრა? რამდენიმე თვეა, არ მომისმენია ამ თემაზე არანაირი განცხადებები.
_ ამ თემას რამდენიმე თვეა, აღარ ახსენებენ, უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს თემა მთლიანად მოკლა.
_ სხვას რას ელოდით? აშკარა იყო, რომ ვადამდელი არჩევნების თემა მოკვდებოდა. ამას საპარლამენტო ოპოზიციამ თავად შეუწყო ხელი. როცა გაყალბებული არჩევნები გაამართლა ოპოზიციამ და პარლამენტში დასკუპდა, იქ რომელ ვადამდელ არჩევნებზე უნდა ვისაუბროთ?
ქუჩაში გამოსულ ასი ათასს კაცს უაზროდ და უშინაარსოდ რომ აბოდიალებ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებს ვადამდელის რეფერენდუმად გამოაცხადებ და შემდეგ ამას დაივიწყებ, მოკვდება პროცესი, აბა, რა იქნება? არადა, ოპოზიციას ხელთ ჰქონდა ბერკეტები, რომლითაც შეეძლო ისეთი კრიზისის გამოწვევა, რასაც ვადამდელი არჩევნები მოჰყვებოდა.
ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც მოსწონს ეს ოპოზიცია, მათ მიმართ სიმპათიები რომ არ ჰქონოდა, პარლამენტში არც შეუშვებდა. ვისაც ვერ იტანდა და ეზიზღებოდა, მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებაც კი არ მისცა.
_ შალვა ნათელაშვილს გულისხმობთ?
_ შალვა ნათელაშვილზე ვსაუბრობ. ბიძინამ იცოდა, რომ შალვას გაკონტროლება შეუძლებელი იყო და პარლამენტში ცოცხალი თავით არ შეუშვა. დანარჩენ ოპოზიციას მშვენივრად აკონტროლებს.
_ გაკონტროლება რაში გამოიხატება?
_ ყველა მათი ქმედება და განცხადება ივანიშვილთან არის შეთანხმებული და საერთო თამაშის ნაწილია. ოპოზიცია და პოზიცია რომ ერთნი არიან, ეს კრიტიკულ სიტუაციაში მჟღავნდება ხოლმე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ასულდგმულებენ.
_ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ვისაუბროთ: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ომს უკრაინა მოიგებს? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ომში რუსული იმპერია დამარცხდება.
_ მეც დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს. ეს მარტო უკრაინის გამარჯვება არ იქნება, ეს იქნება ბოროტი იმპერიის კრახი. რუსული იმპერიალიზმი სამარადჟამოდ დასამარდება. ეს მარცხი საფუძველს ჩაუყრის მსოფლიოს ახალი წესრიგის დამყარებას. საჭიროა ახალი უსაფრთხოების კონცეპციის შექმნა. უნდა მოხდეს ახალი გადანაწილებები. გლობალურ პროცესებს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე დამოკიდებულია ჩვენი ბედი. ჩვენ გვიჩნდება ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინა ამ ომს თუ მოიგებს, ჩვენ საბოლოოდ გავთავისუფლდებით რუსული მარწუხებისგან.
მოღალატე ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს გვყავს, იოლი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ _ დოლარია მათი სააზროვნო სისტემა, სხვა არაფერი აინტერესებთ.
ახლა, როგორც არასდროს, ისე უნდა ვიყოთ ფხიზლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინოს. გეგმა უკვე გამზადებული აქვთ. ჩხარტიშვილებისა და ნარიშკინების მეშვეობით გეგმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ჩხარტიშვილი ივანიშვილის დავალებით შეხვდა ნარიშკინს და კაცმა არ იცის, რა ექნებათ მოფიქრებული.