- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-03-11 06:28:04
შორენა მარსაგიშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრ შოთა მალაშხიას რუსეთის ქმედებებზე დოკუმენტური ფილმების სერია აქვს გაკეთებული. ამ ფილმებიდან კარგად ჩანს რუსეთის ნამდვილი სახე. შოთა მალაშხიას თქმით, სანამ რუსეთი თავის ნამოქმედარზე მკაცრად არ აგებს პასუხს, ის დანაშაულების ჩადენას გააგრძელებს.
რა შემთხვევაში შეწყვეტს დანაშაულების ჩადენას რუსეთი? რა პერსპექტივა უჩნდებათ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას? როდის გეგმავდა მოსკოვი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას? რატომ არის საჭირო ყოველდღიური მეხსიერება? _ ამ თემების შესახებ შოთა მალაშხია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ თქვენ რუსეთსა და მის სიმხეცეებზე დოკუმენტური ფილმების სერია გაქვთ გადაღებული, მათ შორის, უკრაინის თემაზეც. ელოდით, რომ რუსეთი გააკეთებდა იმას, რასაც ახლა უკრაინაში სჩადის? ამ ქვეყნის მიმართ ინტერესები რომ ჰქონდა, არასდროს დაუმალავს, მაგრამ მის ტერიტორიაზე თუ შეიჭრებოდა, ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა.
_ ნამდვილად ველოდი, რომ რუსეთი ასეთ რამეს გააკეთებდა. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, უკრაინაზე გაცილებით მცირე ქართველმა ერმა გადავიტანეთ 2008 წლის აგვისტოში. დამიჯერეთ, ამას მხოლოდ სიტყვებისთვის არ ვამბობ. 2008 წელს პარლამენტსა და მიტინგებზე გამოსვლისას ვამბობდი, _ უკრაინელების გენოციდი, კატინის ტყის ამბები, ბალტიისპირეთის სამგზის ოკუპაცია, უნგრეთის ამბები, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა და ა. შ. არის საბჭოთა მენტალიტეტი, რომლის გამგრძელებელი არის პუტინი.
ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის ღირსეული მემკვიდრე გამოდგა. მან აითვისა საბჭოთა დანაშაულებები. მან ასევე კარგად აითვისა ჰიტლერის დანაშაულებები. მაგალითად, პასპორტიზაციის საკითხი: რაც აფხაზეთსა და ცხინვალში გააკეთა, ეს არის ის, რასაც ჰიტლერი ჩეხეთისა და სლოვაკიის გაქრობის წინ აკეთებდა.
2010 წელს შევქმენით დოკუმენტური ფილმი, სადაც ჰიტლერისა და კომუნისტების სისხლიანი საქმეებია თავმოყრილი და განხილული. ერთი განსხვავება ისაა, რომ ფაშიზმი არის გასამართლებული, საბჭოთა რეჟიმი კი დარჩა გასასამართლებელი. სანამ ეს რეჟიმი არ გასამართლდება და სათანადო პასუხს არ აგებს, მანამდე ამ დანაშაულებების ჩადენა ყოველთვის გაგრძელდება.
ახლა დგება დრო, რომ ეს რეჟმი გასამართლდეს. საბჭოთა რეჟიმმა, ანუ რუსეთმა, პასუხი უნდა აგოს ყველა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის გამო. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ახლა ყველასთვის გასაგებია, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში რუსეთი.
რუსეთს პასუხი რომ უნდა ეგო ყველა დანაშაულზე, ამას, ჯერ კიდევ, 2008 წელს ვითხოვდი, მაგრამ მაშინ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. ახლა ყველა მიიჩნევს, რომ რუსეთი უნდა გასამართლდეს. 14 წელი დასჭირდა მსოფლიოს, რომ მიმხვდარიყო, რუსულ აგრესიას ყველამ ერთად უნდა გასცეს პასუხი. ეს დრო, ფაქტობრივად, უკვე დადგა.
_ დადგა, ვითომ? გაბედავს მსოფლიო, სერიოზული პასუხი მოსთხოვოს რუსეთს ყველა იმ საშინელებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი?
_ დადგა ამის დრო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დასავლეთი ყველა თავის ქმედებას აგვიანებს.
_ სანქციების დაწესებას გულისხმობთ?
_ არა მარტო სანქციების დაწესებას, ამის გაკეთებაც საკმაოდ დააგვიანეს. ახლა იგვიანებს უკრაინის თავზე ცის დახურვა. დასავლეთი, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მაინც გააკეთებს, მაგრამ ამ დაგვიანებას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. იხოცებიან ბავშვები, რომელთა სიცოცხლესაც უკან ვერ დააბრუნებ. ზრდასრული ადამიანებისთვის სამშობლოსთვის სიკვდილი პრობლემა არ არის, მაგრამ ბავშვების დახოცვა კატასტროფაა.
დღეს უკრაინაში რუსეთი საზიზღრობებს სჩადის, რომლის შეჩერებაც აუცილებელია! ეს საშინელელება მთელმა მსოფლომ უნდა გააჩეროს, რაადგანნ ასეთი აგრესიის გადაყლლაპვა და მონელება 21-ე საუკუნეში არის წარმოუდგენელი. რამდენ დღესაც ვაგვიანებთ იმისთვის, რომ უკრაინაში საბჭოთა მენტალიტეტი, ანუ რუსული ფაშიზმი დამარცხდეს, ამ დროს ხელს ვუწყობთ უკრაინელი ბავშვების მკვლელობებს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს და აგებს კიდევაც!
_ რატომ ეგონათ რუსებს, რომ უკრაინაში შეჭრა შერჩებოდათ ან იქ ყველაფერი კარგად წაუვიდოდათ? უკრაინა მრავლმილიონიანი ქვეყანაა და იქ, ჩვენგან განსხვავებით, დიდი სიყვარული და სენტიმენტები არ არის რუსების მიმართ. რატომ იყო დარწმუნებული პუტინი, რომ ამაზე მსოფლიო ხმას არ ამოიღებდა?
_ იმიტომ გაბედა უკრაინაში შეჭრა, რომ დარწმუნებული იყო, ეს ყველაფერი გაუვიდოდა, როგორც გაუვიდა 2008 წელს საქართველიოში, 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს. შემდეგ დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკები შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე და ესეც გაუვიდა. მაშინ მსოფლიოს სათანადო რეაქცია არ გამოუვლენია. რუსეთმა ჩათვალა, რომ უკრაინაში შეჭრაც გაუვიდოდა და დაიწყო საომარი მოქმედებები.
ჩვენი ჩვიდმეტივე ფილმის შექმნის მოტივაცია არის ის, რასაც პუტინი ლაპარაკობს. პუტინი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა. ყველა ჩვენი ფილმი ამით იწყება და ამით მთავრდება. ეს ფილმები 2010 წელს გავაკეთეთ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის „ტვ 5“ ამ ფილმებს უკრაინაში აჩვენებდა. სულ ახლახან გავიდა ეს ფილმები _ ორი კვირით ადრე, სანამ რუსები საომარ მოქმედებებს დაიწყებდნენ. თითო ფილმი გადიოდა დღეში ორჯერ. ეს თემა უკრაინის მაყურებლისთვის ძალიან აქტუალუტრი იყო.
ცალკე დოკუმენტური ფილმი გვაქვს მომზადებული უკრაინის ისტორიაზე. ეს ფილმი 20 თებერვალს აჩვენეს უკრაინაში. როგორც მითხრეს, ფილმის გასვლის დროს მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა 2.5-ჯერ. ასეთი მოტივირებული ხალხია უკრაინელები.
რუსეთს თითქმის ყველა ბოროტება გაუვიდა. არაფერზე აგო პასუხი და ამიტომაც ბედავს ამდენს. უკრაინამ რუსებს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მსოფლიოსაც ამოაღებინა ხმა.
_ ელოდით, რომ უკრაინა ასეთი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა?
_ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უკრაინელები რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ. უკრაინელებს კარგი მეხსიერება აქვთ: მათ დღემდე მწარედ ახსოვთ ის, რომ 6 მილიონი ადამიანი შიმშილით მოუკლეს კომუნისტებმა. ეს ადამიანები საშინელი სიკვდილისთვის გაიმეტეს. იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს ძალიან კარგი და ჯანსაღი ერი, რომ საკუთარ შვილებს კლავდნენ და ჭამდნენ. ეს მათ ძალიან კარგად ახსოვთ და ამის პატიებას არ აპირებენ.
ჩვენ რა გვახსოვს? ივანე ჯავახიშვილმა გვითხრა, წიგნებს დაანებეთ თავი, ვიცით, რომ დავმარცხდებით, მაგრამ წადით და იომეთო. ჩვენ გვახსოვს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი მაზნიაშვილი. 40 მილიონ უკრაინელს ახსოვს შიმშილით მოკლული 6 მილიონი ადამიანი.
_ ჩვენ რატომ ვერ დავიმახსოვრეთ აფხაზეთი და ცხინვალი? საშინელი სიმხეცეები ჩაიდინეს იქ რუსებმა. ეს ამბები სულ ახლო წარსულში მოხდა, მაგრამ ბევრმა, რატომღაც, დაივიწყა.
_ გეთანხმებით, რომ დაივიწყა ბევრმა ის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში მოხდა, მაგრამ ერთი რამეც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ, სულ რაღაც, 3 მილიონი და ვებრძოდით 140 მილიონს. უკრაინელები არიან 45 მილიონი. მსოფლიო დონეზე უკრაინის მხარდაჭერა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში იყო.
დეტალურად მახსოვს 2008 წელი და მაშინ მიმდინარე მოვლენები: მახსოვს, რა ხდებოდა აგვისტოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ყველგან ვაგზავნიდით ინფორმაციას, რომ რუსეთი ცუდ რაღაცას ამზადებს და ომი იქნება. ყველა გევუბნებოდა, თქვენ აჭარბებთ. გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს არ აპირებდა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდით მართლები.
დღეს ძალიან ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ მაშინ ჩვენ არ დაგვიჯერეს. ყველაზე საცოდაობა, იცით, რა არის? ის ადამიანი, ვინც რუსულ წინააღმდეგობას სათავეში ედგა, „ქართულ ოცნებას“ ახლა ციხეში ჰყავს გამოკეტილი. სულ არ მაინტერესებს, ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის _ არა, ეს ადამიანი რუსეთს უწევდა წინააღმდეგობას და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დღეს არის გისოსებს მიღმა.
_ ამ ვითარებაში, სააკაშვილი რომ ციხეშია, სიმბოლურია და ბევრ რამეზე მეტყველებს.
_ ამ ხელისუფლების ხელში მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რეალურად ციხეში უნდა იყოს, სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
_ რატომ უნდა იყოს ამ ხელისუფლების ხელში ციხეში?
_ ეს ხელისუფლება არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მიხეილ სააკაშვილი კი რუსეთს ებრძოდა. ვიღაცები ხშირად ამბობენ, რომ ჩემი ხელისუფლების გამო ბოდიშს ვიხდიო. ჩემი აზრით, ქართველებს არავისთან გვაქვს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ ყოველთვის სწორ პოზიციაზე ვიდექით. ეს სწორი პოზიცია ყველაზე ადრე სწორედ ჩვენ დავიკავეთ.
_ რუსული აგრესიაც ჩვენ ვიწვნიეთ ყველაზე ადრე საკუთარ თავზე.
_ ასე იყო. რუსებმა პირველად ჩვენთან ჩაატარეს ეს ექსპერიმენტი და მერე გადაიტანეს სხვაგან.
_ რა უბედურებაც კი არსებობს ყველაფერი, რატომღაც, ჩვენთან მოხდა.
_ ჩვენთან მოხდა კანონიერი ხელისუფლების ძალის გამოყენებით დამხობა; 2012 წელს სხვანაირად გამოცვალეს ხელისუფელბა საქართველოში _ „ნაციონალების“ ნაცვლად პრორუსული პარტია დასვეს ქვეყნის სათავეში. ჩვენს წრეშიც ხშირად მსმენია, რომ „ქართული ოცნება“ არის უნიათო ხელისუფლება. დამიჯერეთ, „ქართული ოცნება“ არ არის უნიათო, ის არის პირდაპირ რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლება.
_ რომელიც რუსეთის საქმეს აკეთებს.
_ აბა, ვის საქმეს გააკეთებს? მათ დასვეს და მათი საქმე უნდა გააკეთოს, სხვანაირად როგორ იქნება? ამ რუსულმა ექსპერიმენტმა საქართველოში გაამართლა და მოსკოვმა გადაწყვიტა, იგივე გაემეორებინა უკრაინაში.
რუსებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, დაემხოთ დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება. ისე, რუსებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა 2008 წელსაც სურდათ. რუსები ღიად ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უნდოდათ, მაგრამ მაშინ შევძელით და შევინარჩუნეთ ხელისუფლება. უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი ახლა ხელისუფლების გამოცვლა იყო. იქ დასასმელი კაციც გამზადებული ჰყავდათ.
_ როგორც ამბობენ, რუსებს უკრაინის პრეზიდენტად იანუკოვიჩის დასმა სურთ.
_ ასე ამბობენ. ეს სურვილი დღემდე აქვთ. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტად იანუკივიჩი ან მისი მსგავსი ვინმე რომ დაესვათ.
_ უკრაინისთვის კარგი ნამდვილად არაფერი მოხდებოდა.
_ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნებოდა 10 წლის მერე უკრაინაში. ჩვენთან პრორუსული ხელისუფლების დასმის შემდეგ ის მდგომარეობაა ათი წლის შემდეგ, რაც ახლა ყოველდღე ხდება პარლამენტის წინ. აი, ეს ვართ ქართველები.
_ როგორ განვითარდება მოვლენები? ფაქტია, რომ რუსეთმა, პირველ ეტაპზე, თავისას ვერ მიაღწია. უკრაინელები საოცარ სიმამაცეს ამჟღავნებენ. კიდევ რამდენ ხანს გაუძლებენ?
_ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები გაუძლებენ. მათ უნდა გაუძლონ. სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ. ეს ომი ყველა ვარიანტში ცივილიზაციის გამარჯვებით დასრულდება. მთელი მსოფლიო ერთ მხარეს ვართ, რუსეთი არის მეორე მხარეს. ხვალ და ზეგ საზოგადოება აიძულებს თავიანთ ხელისუფლებებს, რომ უკრაინის თავზე ცა დაკეტონ.
_ ამდენი ხანი არ დაკეტეს და შეიძლება, არც მომავალში დაკეტონ.
_ ამის გაკეთება აუცილებლად მოუწევთ. სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენი პრობლემა არ არის, თუ რას გაუკეთებენ პუტინს რუსი მილიარდერები, რომლებმაც უზარმაზარი ქონება დაკარგეს ამ ომის გამო.
_ ეგეც საკითხავია, გაუკეთებენ საერთოდ რამეს მილიარდერები პუტინს?
_ არ ვიცი, ეს ჩვენი პრობლემა ნამდვილად არ არის. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ რუსეთში წყობა უნდა შეიცვალოს. წყობა თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა. ჩვენ კიდევ ერთი ფილმი შევქმენით, რომელსაც ჰქვია „პირველები“, სადაც მოთხრობილია, თუ რა დანაშაულები ჩაიდინეს პირველმა პირებმა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პირველი პირი, ის მაინც სჩადის დანაშაულს _ იმ სისტემის ნაწილი თუ ხარ, დანაშაული უნდა ჩაიდინო. სისტემა ასეა მოწყობილი. ამიტომ ეს სისტემა უნდა გამოიცვალოს მთლიანად.
რუსეთში ან სისტემა უნდა გამოიცვალოს თავიდან ბოლომდე, ან რუსეთი მთლიანად დაიშლება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დაშლამდე მივა საქმე.
_ რუსეთის დაშლა არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
_ სისტემა თუ არ გამოიცვალა, საბოლოო ჯამში, საქმე რუსეთის დაშლამდე მივა. უკრაინაში ომი ვისაც არ ესმის, იმას უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არის ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
_ გეთანხმებით, ეს ომი ჩვენი ომიცაა.
_ ამ ომზე ბევრად იქნება დამოკიდებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება.
_ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრს ეს არ ესმის და ამ ომში რუსეთის მხარეს დგას.
_ უნდა ვეცადოთ, რომ ამ ადამიანებს გავაგებინოთ, _ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ომია. ბევრს არ ესმის ან არ იცის ან არ ახსოვს ან არ უნდა იცოდეს, თუ რა საშინელებებს სჩადიოდნენ რუსები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასეთი საშინელებები უკრაინაში ოკუპანტებს ჯერ არ ჩაუდენიათ. 700 ადამიანი მყავს ჩაწერილი, ისინი წარმოუდგენელ საშინელებებს ჰყვებიან. ყველა მათგანს უმძიმესი ისტორია აქვს.
მაგალითისთვის ერთ ამბავს მოვყვები: რუსმა ოკუპანტებმა მამის თვალწინ გააუპატიურეს ბავშვი და მერე მამამ თავი მოიკლა. კიდევ უამრავი უბედურება ხდებოდა. საშინელი ჩანაწერები მაქვს. აქედან გამომდინარე, ეს უნდა დასრულდეს. საბოლოო შედეგიც უნდა დაიდოს.
_ საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს?
_ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გადაიხადოს საფასური. აფხაზეთსა და ცხინვალს დავუბრუნდეთ, ვიღაცას ამ რეგიონებთან არანაირი ემოციური ბმა არ აქვს, არც საქართველო უყვართ სათანადოდ. ამ ადამიანებმა ის მაინც უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ ჩვენი ეკონომიკა იმაზე ბევრად სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
უფრო გასაგებად ავხსნი, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება რას ნიშნავს: საქართველოს ეკონომიკა რომ გაიზარდოს სწრაფი ტემპით, ჩვენ ლიტვას დავეწევით 15 წელიწადში, ესეც იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი ლიტვა გაჩერდება. დანიას დავეწევით 30 წელიწადში. ისიც იმ შემთხვევაში, თუ დანია გაჩერდება. მაგრამ ჩვენ თუ დაკარგულ ტერიტორიებს _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს _ დავიბრუნებთ, ასეთ შემთხვევაში ძალიან სწრაფი ტემპით მივიღებთ წარმატებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას.
დარმწუნებული ვარ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები რუსეთს საბოლოოდ დამარხავს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა დაიბრუნებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მარშალის გეგმა ექნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ სწრაფად განვვითარდებით.
_ ეს ადვილი საქმე არ იქნება.
_ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები, ეკონომიკა გამოსწორდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს.
_ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დავალებების შემსრულებელი არ იქნება.
_ „ქართულ ოცნებას“ თუ გულისხმობთ, ისინი ხელისუფლების სათავეში აღარ იქნებიან.
_ რატომ გგონიათ, რომ აღარ იქნებიან?
_ რუსეთი ომში როგორც კი დამარცხდება, ამათი მოშორებაც არ იქნება პრობლემა. ჩვენ მაინც უნდა გვქონდეს ყოველდღიური მეხსიერება.
_ რას გულისხმობთ?
_ 4 მარტს პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა. ხალხი მას ხბოს აღტაცებით შეხვდა. ეს ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი ამბავი იყო. არ ვამბობ, რომ არ უნდა მიიღო ზურაბიშვილი. უნდა მიიღო, რამდენიც გადმოვა აქეთ და ნორმალურ პოზიციაზე დადგება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხბოს აღტაცება, არ უნდა იყოს აღფრთოვანება, _ ვაიმე, რას ლაპარაკობს, თურმე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინზე. ეს როგორ შეიძლება იმ დროს, როცა ის, ვინც ამ ყველაფერს ებრძოდა, ციხეში გყავს?
_ და რომლის შეწყალებაზეც ზურაბიშვილი ამბობს, რომ „არა და არასოდეს“.
_ მაგას ვამბობ სწორედ. სალომე ზურაბიშვილმა პუტინის ქმედებები რომ დაგმო, ამას ტაში ნამდვილად არ სჭირდება. ის საკუთარი ტყავის გადასარჩენად არის ამ პოზიციაზე და არა იმიტომ, რომ მართლა ასე ფიქრობს. სიტუაცია რომ შეიცვალოს, ისევ იტყვის, როგორ დავბომბეთ წითელუბანი და როგორ დავესხით თავს მძინარე ცხინვალს.