- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-03-11 05:53:00
ნენე ინჯგია
სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის მანძილზე რუსეთი მუდმივად ახორციელებს სამხედრო იერიშს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე.
BBC უკრაინის ომის განვითარების სამ შესაძლო სცენარს ასახელებს: 1. პუტინის სწრაფი გამარჯვება _ ზელენსკის გაქცევა ან მკვლელობა; 2. დროში გაწელილი ომი (მეორე ავღანეთი); 3. კონფლიქტის საერთო ევროპულ ომში გადაზრდა; 4. მშვიდობიანი მოლაპარაკებები; 5. პუტინის დამხობა.
რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები? რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება? არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ეს ომი ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება პოლიტოლოგს, ექსპერტს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძეს:
_ ბატონო ნიკა, დავიწყოთ რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებით, _ რა არის რუსეთის მიზანი, რის მიღწევას ცდილობს პუტინი?
_ ჩემი აზრით, რუსეთის ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში გახლავთ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება და ამით შემდგომში საბჭოთა კავშირის აღდგენა, რადგან, ფაქტობრივად, უკრაინა რჩებოდა იმ სახელმწიფოდ, რომელიც ატარებდა პროდასავლურ პოლიტიკას. რუსეთისთვის ზელენსკის ხელისუფლება მიუღებელი იყო და ამიტომაც უკრაინის დამორჩილებით შემდგომში პუტინი მოუწოდებდა სხვა რესპუბლიკებს, რომ დამორჩილებოდნენ რუსეთს, მათ შორის, ცენტრალურ აზიას, ბელარუსსა და საქართველოსაც, რომელიც ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას და, ალბათ, ეს იყო რუსეთის მცდელობა. თან პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ადვილად დაიკავებდა, _ ფაქტობრივად, 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, უკრაინის მხრიდან იმ დროს წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ასევე რუსეთმა მოახერხა დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილზე კონტროლის დამყარება. მით უმეტეს, პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერი არიან და უკრაინელების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მიესალმებოდნენ და ეს არასწორი გათვლა იყო.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ თავდაპირველად აშშ და დასავლეთი საკმაოდ მოზომილი იყვნენ განცხადებებსა და კონკრეტულ ნაბიჯებში, თუმცა საბოლოოდ სანქციები დაუწესეს. რამდენად ეფექტიანია სანქციები ამ მოცემულობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად საშუალო და გრძლევადიან პერსპექტივაში მუშაობს?
_ თავის დროზე, რუსეთს გაუვიდა ჩეჩნეთის ორი ომი, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი დაიღუპა და, ფაქტობრივად, რუსეთმა ჩეჩენი ხალხის გენოციდი მოაწყო. შემდგომში რუსეთს გაუვიდა 2008 წლის ომი და 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გარკვეული სანქციები კი შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ, ბუნებრივია, ამ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას არანაირად არ ავნო. 2015 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.3%-ით შემცირდა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ მიუყენებია რუსეთის ეკონომიკისთვის. ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ, 1996 წელს, რუსეთი მიიღეს ევროპის საბჭოში, ორ წელიწადში საერთოდ დიდი შვიდეული დიდ რვიანად გადაკეთდა, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს კი, 2004 წელს, რუსეთს მისცეს ნება, ჩაეტარებინა ზამთრის ოლიმპიადა სოჭში. 2008 წლის ომის შემდეგ, ერთი წლის თავზე, რუსეთს ამერიკამ შესთავაზა გადატვირთვის პოლიტიკა _ ეს იყო ობამას ადმინისტრაციის დროს. ასევე საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით დიდი ხანი მსჯელობდა დასავლეთი, ვინ დაიწყო ომი, თითქოს საქართველოსაც ნაწილობრივ ადანაშაულებდნენ. 2014 წლის ყირიმის ომის შემდგომ ასევე ის სანქციები არ იყო ისეთი მძლავრი, ამიტომაც რუსეთს ეგონა, რომ დასავლეთი ან ევროკავშირი, რომელიც დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე (ყოველწლიურად რუსეთი ახორციელებს 165-170 მილიარდამდე კუბმეტრ ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპულ ბაზარზე), რომ დასავლეთი კვლავ გაუწევდა ანგარიშს რუსეთის ფედერაციას და არ შეუშლიდა ხელს უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მაგრამ რუსეთმა აქაც ვერ გათვალა ვერც სამხედრო, ვერც ეკონომიკური და ვერც საინფორმაციო თვალსაზრისით. ამიტომაც, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთმა აამოქმედა უპრეცედენტო სანქციები. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსული რუბლის კურსი ეცემა და რუსეთიდან კაპიტალი მასობრივად გადის, ასევე რუსეთის 7 ბანკი გათიშეს SWIFT-იდან (საერთაშორისო გადახდის სისტემა), თუმცა რუსეთს მაინც გარკვეული ძლიერი მხარე რჩება, დასავლეთმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს _ ეს არის ნავთობი და გაზი. მით უმეტეს, როდესაც დღეს 1 ბარელ ნავთობზე ფასმა გადააჭარბა 100 დოლარს. ბუნებრივია, რუსეთს ყველანაირად უნდა შეეზღუდოს ნავთობის ექსპორტი და ამ მიმართულებით დასავლეთი და არა მხოლოდ დასავლეთი მუშაობს, ბევრი კომპანია უარს აცხადებს რუსული ნავთობის მიღებაზე, თუმცა რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ ნაწილში ჯერ არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: მაგალითად, იმისკენ, რომ რუსული ბუნებრივი აირი ჩანაცვლდეს ყატარის ბუნებრივი აირით ან ამერიკამ მიაწოდოს ევროპას ბუნებრივი აირი, ვგულისხმობ გათხევადებულ, ფიქალურ გაზს, რომელიც ევროპაში უნდა იყოს ტრანსპორტირებული. ამიტომაც მთავარია, რომ ბუნებრივ აირს რაც შეეხება, ამ მიმართულებით რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულება უნდა შემცირდეს. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა რუსული ბანკი არ გათიშეს SWIFT-ის სისტემიდან. მაგალითად, არ გათიშეს „გაზპრომ ბანკი“, რადგან ევროკავშირმა რუსეთს ბუნებრივი აირიდან მიღებული თანხები შემდგომში ჩაურიცხოს. ჯერჯერობით, ევროკავშირიც იძულებულია, ყველა ბანკი აქედან გამომდინარე სვიფტის სისტემიდან არ გათიშოს... მაგრამ ამ ენერგეტიკული მიმართულებითაც რუსეთი უნდა დააჩოქო, რომ ის საბოლოოდ დასუსტდეს. ეს რაც შეეხება ეკონომიკას.
_ BBC უკრაინის ომის განვითარების ხუთ შესაძლო სცენარს განიხილავს, მათ შორის არის კონფლიქტის საერთო ევროპულ ომში გადაზრდა. დღევანდელი მდგომარეობით, რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
_ რა თქმა უნდა, ეს სცენარი არ არის გამორიცხული. რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ: პირველ რიგში ის, რომ, კი ბატონო, შესაძლებელია, დასავლეთმა მაინც მიიღოს გადაწყვეტილება და ჩაკეტოს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის და ამ შემთხვევაში არ არის გამორცხული, თუ ვთქვათ ნატო-ს თვითმფრინავები გამოჩნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, შეტაკება მოხდეს ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის, გაიმართოს საჰაერო ბრძოლა. დღეს ნათლად ჩანს, რომ უკრაინის სუსტი წერტილი არის საჰაერო სივრცე, რადგან რუსეთს ერთადერთი კოზირი რაც დარჩა, ეს არის საჰაერო სივრცის კონტროლი. ამიტომაც ბომბავს რუსეთი უკრაინის ქალაქებს. აგრესიის პირველ-მეორე დღეს, 24-25 თებერვალს, რუსეთმა პირველი დარტყმა მიიტანა უკრიანის სამხედრო აეროდრომებზე, დაბომბა ასაფრენი ბილიკები, რომ ვერ აფრენილიყვნენ უკრაინული თვითმფრინავები. გარდა ამისა, რამდენი უკრაინული თვითმფრინავი წყობიდან გამოიყვანა. სხვათა შორის, საქართველოშიც იგივე გათვლა ჰქონდა რუსეთს: დაიბომბა ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, მათ შორის, ფოთში, მარნეულში, იმიტომ, რომ ქართული თვითმფრინავები ვერ აფრენილიყვნენ და ნატო-ს წევრი ქვეყნების თვითმფრინავები ვერ დაშვებულიყვნენ და ვერ გამოეყენებინათ ასაფრენი ბილიკები. რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა ცაში მოიპოვა უპირატესობა და ქართული ჯარი იძულებული იყო, უკან დაეხია. უკრაინის შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა, ამიტომაც უკრაინა მისი საჰაერო სივრცის დახურვას ითხოვს. ამისთვის საჭიროა, რომ რეალურად ნატოს წევრი ქვეყნების თვითმფრინავები უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდონ. ან თუ განხორციელდა რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედება და თავდასხმა ნატოს თვითმფრინავზე, ეს უკვე განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ნატოზე, რადგან ნატოს წესდების მეხუთე და მეექსვე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია, რომ თავდასხმა ნატოს წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ნატოზე და შემდგომში არის ნატოს პასუხისმგებლობის ზონა, რაც მეექვსე მუხლშია განსაზღვრული, სადაც საუბარია ევროატლანტიკურ სივრცეში კონკრეტულ ტერიტორიაზე. ასევე საუბარია ნატოს სამხედრო ობიექტებზე, იგივე ნატოს სამხედრო გემზე თავდასხმა, მათ შორის თვითმფრინავებზე თავდასხმა განიხილება, როგორც მთლიანად ნატოზე თავდასხმა. ამიტომაც შესაძლებელია, ეს ყველაფერი გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში, მით უმეტეს, ორჯერ იყო შემთხვევა, როცა ნატომ ჩაკეტა საჰაერო სივრცე. პირველი იყო 1993-95 წლებში, როდესაც ნატომ სამხედრო ოპერაცია განახორციელა ბოსნიის თავზე და ჩამოაგდო რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი. მაშინ ნატო პირველად ჩაერთო ომში; მეორე იყო ერაყის შემთხვევაში. აქ ნატო უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ ძირითადად აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები გაეროს ეგიდით მონაწილეობდნენ. ერაყს ეკრძალებოდა 53-ე პარალელამდე საკუთარ სახელმწიფოში თვითმფრინავების გამოყენება, ამ დროს იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მაგრამ რუსეთთან დაპირისპირება, ბუნებრივია, სულ სხვა არის. თან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის შეიარაღებაში აღირიცხება 4000-მდე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები, ამიტომაც ნატო თავს იკავებს, ჩაკეტოს რუსეთის საჰაერო სივრცე: თუ ნატო შევიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსეთს შეეტაკა, უკვე შესაძლებელია, ამ გზით საომარი მოქმედებები ახალ ფაზაში გადავიდეს, რომელსაც შეიძლება მართლა ვუწოდოთ მესამე მსოფლიო ომი; მესამე მსოფლიო ომს რაც შეეხება, საფრთხე იქნება, თუ რუსეთმა მართლა გამოიყენა ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის გამოყენება რთული პროცესია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ პუტინი ვა-ბანკზე წავიდეს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ ბირთვული ომი თუ მოხდება, დავიღუპებითო, მაგრამ რად გვინდა მსოფლიო რუსეთის გარეშეო. ასევე მას ნათქვამი აქვს, რომ თუ ბირთვული ომი მოხდა, ჩაძაღლდება ყველა და ჩვენ სამოთხეში აღმოვჩნდებითო. მან კი იხუმრა, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გამორიცხა ჯერ კიდევ მაშინ, დღეს კი ეს არ არის გამორიცხული, მით უმეტეს ბირთვული ძალები რუსეთმა მზადყოფნაში მოიყვანა. შესაძლოა, ამას შანტაჟი ვუწოდოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება პუტინი ყველაფერზე წავიდეს. არსებობს სხვადასხვა ტიპის ბირთვული იარაღი, მათ შორის არის სტრატეგიული რაკეტები, მცირე, საშუალო და დიდი სიშორის, რომელიც შეიძლება რუსეთმა უკრაინას დაუშინოს. ან არის ბირთვული რაკეტა, რომელიც იქნება თვითმფრინავზე ინსტალირებული, ამიტომაც, ბუნებრივია, ეს ორი სცენარი უნდა განვიხილოთ. ამ შემთხვევაში მეორე სცენარი უარესია, _ შესაძლებელია, რომ ბირთვულ დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე. ვინაიდან და რადგანაც რუსეთი ფლობს ბირთვული შეიარაღების მნიშვნელოვან ნაწილს, საერთო ჯამში კი რუსეთი ფლობს 600-ზე მეტ ბირთვულ ერთეულს, მათ შორის, სტრატეგიულ და ტაქტიკურ რაკეტებს, თუმცა ასევე დაახლოებით 6000-მდე ბირთვულ ერთეულს ფლობს ამერიკის შეერთებული შტატები და დაახლოებით 300-მდე ერთეულს ფლობს საფრანგეთი, დაახლოებით, 200-მდე ერთეულს კი დიდი ბრიტანეთი ფლობს, ე. ი., საერთო ჯამში, რუსეთსა და ამერიკაზე მოდის მთელი მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების, დაახლოებით, 90% და ვითარება უაღრესად საშიშია.
_ 28 თებერვალს მოსკოვის ქუჩებში მოძრაობდა „იარსის“ სარაკეტო სისტემების კოლონა, რომელიც შექმნილია ბირთვული ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად, _ რა იყო, თქვენი შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პუტინის მთავარი გზავნილი?
_ პუტინის გზავნილი არის: თუ უკან არ დაიხევთ, შესაძლებელია დავიწყო ბირთვული ომი. მაკრონთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს და თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს. მისი ტაქტიკაა ის, რომ, გარკვეულწილად, მაქსიმალურად აიძულოს დასავლეთი, შეაჩეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და დასავლეთმა, თავის მხრივ, აიძულოს უკრაინა, დათმობაზე წავიდეს, _ წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი თვითონ არ გაჩერდება, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გარკვეული ტაქტიკური ჩანაფიქრი, რომ, ვთქვათ, კუდი მოიქნიოს _ იქნებ, ამით დააშანტაჟოს დასავლეთი და უკრაინაც, რომ ის არ გაჩერდება და ამის გამო დასავლეთმა და უკრაინამ განაცხადოს, _ ოღონდ რუსეთი გაჩერდეს და გარკვეულ დათმობაზე წამოვალო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ რუსეთი აღნიშნულს აცხადებს იმ დროს, როცა დღეს სამხედრო ექსპერტების ნაწილის თქმით, რუსეთს, ფაქტობრივად, ამოეწურა სამხედრო მარაგი უკრაინაში, თუმცა მას აქვს დამატებითი სამხედრო რესურსის მობილიზების საშუალება. საერთო ჯამში, რუსეთმა დაკარგა თითქმის 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ეს მხოლოდ მოკლულების სახით და ამ შემთხვევაში არ არის საუბარი დაჭრილებზე, მწყობრიდან გამოსულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე. რუსეთმა დაკარგა 30-ზე მეტი ერთეული თვითმფრინავი, თითქმის 40 საბრძოლო ვეტრმფრენი, ასევე რუსეთმა დაკარგა 300-მდე ერთეული ტანკი, 800-ზე მეტი ჯავშანმანქანა და სამხედრო საბრძოლო მანქანა, ანუ, ბუნებრივია, რომ რუსეთი განიცდის დანაკარგებს, თუმცა მაინც თითქოს პუტინს სურს იმის ჩვენება, რომ უკან დახევას არ აპირებს და ცდილობს, ამ გზით რაღაც დათმობები დასტყუოს დასავლეთს, _ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა იქნება, იძულებული გახდება, რომ დათმობაზე წავიდეს ან, ყოველ შემთხვევაში, მას შიდა გარემო აუჯანყდება, თუნდაც პოლიტიკურ ელიტაში, სახელმწიფო დუმაშიც იყო ცალკეული მოწოდებები; რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის მოსახლეობის გამოსვლებზე... თუმცა მგონია, რომ რაც უფრო ურთულდება საქმე პუტინს, მით უფრო აპირებს კუდის მოქნევას.
_ რაც შეეხება მოლაპარაკების ნაწილს, ამ ეტაპზე ორი რაუნდი გაიმართა და კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, სავარაუდოდ, ეს მოლაპარაკებები მალე ვერ დასრულდება... თუმცა რა პერსპექტივა აქვს ამ გზას, _ არის რეალურად იმის რესურსი, რომ მაგიდასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდეს პრობლემები?
_ ეს შესაძლებელია: თუ რუსეთი რეალურად დაინახავს, რომ აგებს, ამ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს დათმობაზე, ჯერ ბოლომდე მისი რესურსი არ არის ამოწურული, ანუ დამატებითი რესურსის მობილიზება შეუძლია. ვახსენე, რომ 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა მხოლოდ მოკლულის სახით, მაგრამ 200-ათასიანი არმია შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე, _ რუსეთს ჯერ აქვს რესურსი, რაც უფრო გამოეფიტება ეს რესურსი, მოლაპარაკებებზე იძულებული იქნება, რომ უფრო დამთმობი იყოს. რუსეთი ნიადაგს სინჯავს, _ იქნებ, მოლაპარაკებაზე უკრაინამ განაცხადოს, რომ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და შევთანხმდეთ ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის ოლქების სტატუსზე. მაგრამ ჯერჯერობით, როდესაც რუსეთს კიდევ აქვს რესურსი, რომ დაბომბოს უკრაინული ქალაქები, დათმობაზე არ წავა, მაგრამ მოლაპარაკებების გზით მაინც სინჯავს უკრაინის პოზიციას. უკრაინა კი მტკიცედ დგას და აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. ამიტომაც, პირველ რიგში, მოლაპარაკებების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება შემდგომში სამხედრო მოქმედებები: თუ რუსეთი დაინახავს, რომ რეალურად აგებს, მაშინ არის შესაძლებელი, რომ დათმობაზე წავიდეს. ეს დათმობა უნდა გამოვლინდეს მოლაპარაკების დროს ან რაღაც კონკრეტული განცხადება უნდა გაკეთდეს. მით უმეტეს, ალბათ, რუსეთში არის შიდა ფარული დაპირისპირება _ ვიღაცები პუტინის გეგმას მხარს უჭერენ, ვიღაცები არ უჭერენ, შეიძლება ბევრი არ უჭერს მხარს, მაგრამ პუტინს ვერაფერს უბედავენ.
_ ამ მოვლენებში საქართველოს კონტექსტი რომ განვიხილოთ: საბოლოოდ უკრაინის კვალდაკვალ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. რა პერსპექტივა აქვს ამას და, ზოგადად, რამდენად ადეკვატურია „ქართული ოცნება“ უკრაინის მოვლენებთან მიმართებით?
_ პირველ რიგში, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მეტიც: აბსოლუტურად არ არის საკმარისი, _ ვიცით, რომ 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, თუმცა იმის მერე არანაირი რეფორმები ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრულველყოფის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ არ განუხორციელებია. ერთი არის განცხადება, რომ ქვეყნის სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მეორეა, ნამდვილად მიდის თუ არა ქვეყანა აღნიშნული გზით? ჩვენ დავინახეთ, რომ 2014 წლიდან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ჩვენი ქვეყანა არ მიდის დემოკრატიული გზით და რადგან არ მიდის, თუნდაც, იგივე უკრაინასთან მიმართებით კარგად გამოვლინდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც ღარიბაშვილი აცხადებს: ომი მიდის უკრაინაში და მე ჩემი საქმე მაქვსო. ფაქტობრივად, ეს არის ომი უკრაინაში და თითქოს ეს საქართველოს არ ეხება. ასევე ირაკლი კობახიძის განცხადება იყო სრულიად სამარცხვინო, რომელიც ეხებოდა „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასა და ზელენსკის გარემოცვას, რომ თურმე ისინი კრიმინალები არიან. არახამია წარმოადგენს უკრაინის დელეგაციას და ჩვენი თანამემამულეა, ქართული წარმოშობის ადამიანი წარმოადგენს უკრაინის დელეგაციას მოლაპარაკებებზე, ამ დროს როცა იგი ფრონტის წინა ხაზზე დგას და კრიმინალს უწოდებ, ეს სამარცხვინო განცხადებაა. გარდა ამისა, კობახიძის მოღალატეობრივი განცხადება ეთნიკურ დისკრიმინაციაზე: თურმე საქართველოში ანტირუსული განცხადებები ისმის, _ ეს საერთოდ კომენტარის გარეშეა. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ კობახიძესა და ღარიბაშვილში არ არის. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, მიდის თუ არა იგი ევროპული გზით, სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამართლებს რუსეთის ქმედებას, _ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, უკრაინაში ნატოს თავისი ბაზები რომ დაეყენებინა, აბა, რა ექნაო? ერთ-ერთმა მითხრა კიდეც, _ ეს იგივე იქნებოდა, გურიასა და სამეგრელოში რაკეტები რომ დაეყენებინა უცხოურ სახელმწიფოსო. ეს არ არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები ასე ფიქრობენ, სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას, რომ ბევრი ასე ფიქრობს და ამის შედეგია ის, რომ დღეს „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, _ მას ხომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ირჩევს. ამიტომაც დღესაც ეს ხალხი იხტიბარს არ იტეხს. თვითონ ღარიბაშვილი მარტო კი არ არის ისეთი, ვინც აცხადებს, რომ საქართველომ თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომიო, ბევრი მოქალაქე, სამწუხაროდ, ასე ფიქრობს. დღეს აშკარად ჩანს, თუ რას წარმოადგენს რუსეთი, რომელიც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს საომარ მოქმედებებს. ღარიბაშვილის ლოგიკის მიხედვით, თუ 2008 წელს საქართველომ თავიდან ვერ აიცილა ომი რუსეთთან, დღევანდელი ომი უკრაინის ბრალი ყოფილა?! _ არ ვიცი, სად არის ღარიბაშვილის ლოგიკა, ყოველ შემთხვევაში, უკვე ნათლად დავინახეთ, რომ 2008 წელს საქართველო ომს ვერანაირად აიცილებდა. უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა საბაბი ვერ იპოვა, მაგრამ მაინც შეიყვანა ჯარი და თქვა, რომ გენოციდი ხორციელდებოდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიო. 2008 წელს ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი რომ არ გაეხსნა, რუსეთი იტყოდა, იბომბებოდა რუსული სოფლებიო. აფხაზეთში ისე შევიდა, საერთოდ ქართულ მხარეს არც გაუსროლია, მაგრამ ხომ შევიდა? აცხადებდა, რომ აფხაზ ხალხს გენოციდი ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, დღესაც კი ბევრს რომ არ შეუცვლია აზრი და მაინც ჯიუტად ამტკიცებს, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყოო, ისმის კითხვა, საერთო ჯამში, რამდენად მივდივართ ევროპისკენ, იმ ფონზე, როცა საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე? ისიც ვიცი, რომ განცხადება გაკეთდა საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ზეწოლის ქვეშ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მომხრეებს, ეს ხალხი იტყვის, რომ მთავარია, მიშა არ იყოს და რუსეთსაც კი წაუღია საქართველოო, _ დაახლოებით ასეთ დონეზე აზროვნებს ეს ხალხი. ხალხის განწყობაზე გული შემტკივა. უცნობმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, თუ საქართველოში ომი დაიწყო, ჯერ შიდა მტრებს, „ნაიცონალურ მოძრაობას“ მოვუვლით და რუსებს მერე მივხედავთო. ამ ადამიანებს 2009 წელს სტადიონზე 60 ათასი კაცი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელმაც თავის ძმასთან ერთად თბილისში 2008 წელს უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა. აქედან გამომდინარე, თუ პრობლემა არსებობს საქართველოს დასავლეთის მიმართულებით ინტეგრაციის გზაზე, პირველ რიგში, შემაფერხებელია არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ის, რომ ამ ხელისუფლებას ჰყავს მომხრეები, ამიტომაც საზოგადოების ამ ნაწილის ბრალია სტაგნაცია. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზე: აქ არ არის საუბარი პუტინის რუსეთსა და იმაზე, რომ მხოლოდ პუტინი არის დამნაშავე, რადგან პუტინი აირჩია მოსახლეობამ და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის პუტინი გახდა მისაღები. როდესაც 2000 წელს პუტინმა ჩეჩნეთში მოაწყო გენოციდი, ის პრეზიდენტად აირჩიეს, შემდეგ 2004 წელს ისევ აირჩიეს პრეზიდენტად, უფრო მეტი პროცენტი მიიღო, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისაღები იყო პუტინი, რომელიც გენოციდს უწყობდა საკუთარ მოქალაქეებს. გარდა ამისა, ეს ხალხი მესამე ვადით ითხოვდა პუტინის პრეზიდენტად არჩევას, რადგან ფიქრობდა, რომ თუნდაც ჩეჩნეთში რა სისხლისღვრაც მოაწყო, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატი იყო. ერთი პერიოდი პუტინი პრემიერი იყო, შემდეგ კი მოსახლეობამ ის ისევ აირჩია. ისიც მინდა გითხრათ, რომ ყირიმში აგრესიის შემდეგ პუტინის რეიტინგმა გადააჭარბა 80%-ს. იმასაც გეტყვით, რომ უკრაინაში ომის წინ პუტინისადმი ნდობა ამაღლდა 60-დან 71%-მდე. ამიტომაც ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ამ იმპერიალისტური პოლიტიკის წარმოების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განვიხილავ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას, ისევე როგორც საქართველოში. ვიმეორებ: ჩემი აზრით, ძალიან სამწუხაროა, რომ გარკვეული ნაწილი ისევ რუსეთს ამართლებს და მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი. რაც არ უნდა იყოს, ბრმად, სხვადასხვა მიზეზით, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, _ ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს და უკრაინის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებასაც კი თანხმდებიან. უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ფაქტია, რომ არც არახამია და არც სხვები, რომლებიც ზელენსკის გარშემო დგანან, არანაირი კრიმინალები არ არიან, პირიქით _ ეს ადამიანები პატრიოტები არიან, მაგრამ ხალხი ბრმად გაიძახის თავისას. აქედან გამომდინარე, კითხვას ვსვამ, _ კი შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში და ეს მისასალმებელია, მაგრამ მზად ვართ თუ არა ევროპისკენ ინტეგრაციისთვის? ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის, ამ აქციებს ზოგი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულად მოიხსენიებს. მაგალითად, ქეთი დოლიძე გამოვიდა, რომელიც ინტელიგენციის წარმომადგენელი გვყავს და თავის დროზე აცხადებდა, რომ 5 მილიონს მიიღებს ყველა სოფელიო, საზოგადოება უსმენს ასეთების სისულელეებს. ამ პირობებში ისმის კითხვა, _ ვართ თუ არა ღირსი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები? ღმერთმა ქნას, რომ ვიყოთ ღირსი, მაგრამ ძალიან შორი გზა არის გასავლელი და ჯერ თვითონ საქართველოში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური აზროვნება, რომ წინაპირობა შეიქმნას, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.