- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-03-10 10:18:07
გიგა გელხვიიძე
ქართულ რეალობაში ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზრდა აქვს (თითქმის 11%-მდე), ყოველდღიურად შეიმჩნევა ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საგნებზე, საწვავზე, წამლებსა და მთელ რიგ პროდუქციაზე.
დაძაბული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კი, აგერ უკვე მე-12 დღეა, მოძმე ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებები ხორციელდება. იმის გამო, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დგას, დასავლეთი რუსეთთნ მიმართებით ხისტ საომარ ნაბიჯებს არ დგამს და რუსული აგრესიის შეჩერების ერთადერთ გზად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეკონომიკურ სანქციებს მიიჩნევენ, რომელიც საკმაოდ მრავლად დაწესდა. საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან დიდწილად არის მიბმული ეკონომიკურად. ამის გარდა, აღნიშნული სანქციები, გარკვეულწილად, აისახება მთელ მსოფლიოზე და ამას არც სანქციების ინიციატორები უარყოფენ.
როგორია მოლოდინები და პროგნოზები? რა დარტყმებს უნდა ელოდეს ქართული ეკონომიკა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ ლადო პაპავას:
_ ბატონო ლადო, რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს რა გავლენები ექნება საქართველოსა და ქართულ ეკონომიკაზე?
_ თანამედროვე მსოფლიო არის გლობალიზებული და ასეთ დროს, როდესაც რამე ხდება რომელიმე დიდი ზომის ქვეყანაში, ის აუცილებლად აისახება დანარჩენ მსოფლიოზე. გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დასავლეთმა შემოიღო რუსეთის მხარის წინააღმდეგ, რადგანაც ის რუსეთ-უკრაინის ომში ფიზიკურად ვერ ერთვება, რათა თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომი. ამ შემთხვევაში მას ერთადერთი გზა დაჩენია – ეკონომიკური სანქციები, იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის საომარი მოქმედებები.
შემიძლია გითხრათ, რომ სანქციებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი, თუმცა ამით რამის მყისიერი შეჩერება გამორიცხულია.
სერიოზული პრობლემა შეექმნებათ ჩვენს ბიზნესმენებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთთან. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ბიზნესი ჩაკვდება. ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ გაჭირდება საქონლის რუსეთში შეტანა და გაყიდვა, თანაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება იქ ნავაჭრი თანხის, უცხოური ვალუტის საქართველოში გადმოგზავნა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთიდან ვალუტის გადინება აკრძალულია. ასე რომ, ქათველი ბიზნესმენებისთვის რუსეთი წამგებიანი მიმართულება ხდება.
_ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იმყოფება რუსეთში და თავიანთი შემოსავლებიდან განხორციელებული ფულადი გზავნილებით ეხმარება ახლობლებს. რას უნდა ველოდოთ?
_ ამ გზავნილების შეწყვეტას თუ არა, მნიშვნელოვან შემცირებას. ეს მოხდება არა მარტო იმიტომ, რომ კრიზისის გამო მათი შემოსავლები შემცირდება, არამედ რომც ჰქონდეთ გადმოსაგზავნი თანხა, ვერ გადმოაგზავნიან რუსეთიდან, რადგანაც ეს უკვე მოსკოვმა აკრძალა.
აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში მთელი ფულადი გზავნილების 60%-ს შეადგენდა, ხოლო დღევანელი მონაცემებით, მხოლოდ 20%-მდეა. რა თქმა უნდა, ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე 60% და, ამ მხრივ, დღეს ნაკლებად ვართ რუსეთზე დამოკიდებული, მაგრამ მაინც ბევრია. გარდა ამისა, საექსპორტო და საიმპორტო პოტენციელიც შეიზღუდება, რადგანაც ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ესეც, რა თქმა უნდა, შეიზღუდება საომარი მოქმედებებისა თუ ეკონომიკური სანქციების გამო.
დიდი ალბათობით, რუსეთი თუ არ აკრძალავს, მნიშვნელოვნად მაინც შეამცირებს მარცვლეულის ექსპორტს და აუცილებელია, რომ საქართველოში დროულად მოხდეს მისი ჩანაცვლება, რაც რიგი საკითხების სპეციალურ მიდგომებს საჭიროებს.
_ რა ხდება ექსპორტის მხრივ?
_ რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენგან ძირითადად გადის ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყალი. ზემოთ უკვე გითხარით, რომ ექსპორტის განხორცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ეს ნებისმიერ ქართულ საქონელს შეეხება. ჯერ რა ფასად უნდა გაყიდოს ექსპორტიორმა პროდუქცია, როცა კატასტროფულად უფასურდება რუბლი და რომც გაყიდოს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება მისი კონვერტაცია დოლარში ან ევროში და ამ ფულის საქართველოში გადმორიცხვა.
საკმაოდ რთულ პოზიციაში აღმოჩნდა რუსეთი და ჩვენ ვხედავთ, რომ მას ტოვებენ მსხვილი უცხოური კომპანიები.
ცალკე საფრთხე არის კიდევ სხვა რამ და აქ უნდა გავითვალისწინოთ 1998 წლის გამოცდილება: ამ დროს, როდესაც მოხდა დეფოლტი, მაშინ რუსული რუბლი დიდად უფასურდებოდა და მოსკოვმა ასეთი მექანიზმი გამოიყენა: რუსეთის სამხედრო ბაზებზე ჯდებოდა რუსული თვითმფრინავები, ჩამოჰქონდათ დიდი ოდენობით რუსული ვალუტა, რომ გადახურდავებულიყო დოლარზე. აი, ეს საფრთხე ახლაც არის. დღეს უკვე სხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული რუსი ტურისტების ან ე. წ. ტურისტების სახით, რომლებიც ბანკომატებიდან რუბლის კონვერტაციით დოლარის გამოტანას შეეცდებიან, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ლარის კურსის დაცემას. აქ დარეგულირების სერიოზული ზომებია მისღები და ის, რასაც აკეთებს ახლა „საქართველოს ბანკი“, რომ განცხადებაზე აწერინებს ხელს რუს მოქალაქეებს, რომ გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და აღიარებენ საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას, ეს საერთოდ გაუგებარია. საბანკო დაწესებულება არ არის პოლიტიკური ორგანო! ასეთ დროს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს შესაბამისი მექანიზმები. უნდა შეზღუდოს რუბლით სავალუტო ოპერაციები, ხოლო რაღაც მომენტში შეჩერდეს კიდევაც რუბლის კონვერტაცია. ამ მიმართულებით დამაიმედებელია, რომ „ვიზამ“ და „მასტერკარდმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გავიდნენ რუსეთიდან, რითაც „ჩვენს საქმესაც“ შესანიშნავად გააკეთებენ.
სავალუტო კრიზისი რუსეთში, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. ეს მკაფიოდ გამოიხატა იმაში, რომ რუბლის კურსი საგრძნობლად ეცემა, ხოლო ამას აუცილებალდ მოჰყვება საფინანო კრისიზი, რადგან საფონდო ბირჟები გაჩერებულია. საბოლოოდ, ეს გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში, ანუ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი რუსეთში გარდაუვალია.
_ თუ შეგიძლიათ გააკეთოთ გარკვეული სახის პროგნოზი, რა პროდუქცია გაძვირდება და რომელ სექტორს დაარტყამს ყველაზე მეტად ეს პროცესი?
_ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი სწორი, არ უნდა მივცეთ მოსახლეობას მცდარი მოლოდინები. მთავარია, გააქტიურდეს ეროვნული ბანკი, რომ ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მისი სამოქმედო ტაქტიკა. ყველას, ვინც მეკითხება, ვეუბნები, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ამას, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა უნდა აკეთებდეს.
_ „ეკონომიკა დუღს“, _ ეს სიტყვები ძალიან ხშირად ისმის მმართველი პარტიის წარმომადგელებისგან, მაგრამ ამის ფონზე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რყევებია. ამ შემთხვევაში რა ხდება? რისი უნდა გვეშინოდეს ან არ უნდა გვეშინოდეს?
_ ეკონომიკა მართლაც კარგ მდგომარეობაში იყო ამ ომის დაწყებამდე, მაგრამ დღეს ეს, სამწუხაროდ, ვეღარ შენარჩუნდება. როცა ეკონომიკაში 10,5%-იანი ზრდა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდებოდა.
ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რუსული ტანკები და ამის ფონზე ჩემთვის ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიზანი, რომ გამოიყენოს შექმნილი ვითარება და მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, არის წარმოუდგენელი. ნუთუ, ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ ასეთი ნაბიჯით მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს? 2008 წლის დროს იმ ოპოზიციას ეყო ჭკუა და დაუდგა ხელისუფლებას გვერდით, დიდათ თუ არ მოსწონდა, არც მტრობდა მაინც. დღეს მთელი მსოფლიო დაზაფრულია, ბოლოს და ბოლოს, ის ინსტრუმენტი აქვს რუსეთს, რომლითაც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული კატასტროფა, ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული და რაც შეიძლება მშვიდად, რომ არ ვიწვევდეთ შიდაპოლიტიკურ რყევებს.
ის, რაც დღეს ლარს ემართება, ამის გამომწვევი პროცესები ძალიან ბევრია და მათზე ზემოთ უკვე ვისაუბრე. საქართველოს გარშემო საომარ ვითარებასა და ეკონომიკურად დაძაბულ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს, დროებით მაინც შეჩერდეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. ერთია, შეიკრიბოს მრავალრიცხოვანი მიტინგი უკრაინის მხარდასაჭერად და მეორეა, შეიკრიბო შენი მთავრობის დასამხობად, რაც ქვეყანას ძალიან დიდ რისკებს უქმნის.
_ ძალიან ბევრი რუსი ადამიანი შემოვიდა საქართველოში. ისინი აქ ეძებენ ბინებს, სამუშაო ადგილებს და ა. შ. ეს რა ზეგავლენას იქონიებს ქართულ ეკონომიკაზე, თუ მიგაჩნიათ, რომ მათი რეალური ზრახვები სხვა რამ არის?
_ რუსეთთან მიმართებით გვმართებს სიფრთხილე, რადგან შეიძლება ისეთებიც შემოდიოდნენ, რომლებიც პოტენციური ტერორისტები არიან. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ უნდა დავივიწყოთ ჰუმანურობა და რუსოფობიაში გადავეშვათ, მაგრამ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ რუსეთს მომავალში ამ მივცეთ იმ საბაბის გამოყენება, რომ სჭირდება თავისი თანამოქალაქეების დაცვა საქართველოში. ამის მაგალითები, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საკმაოდ ბევრია...
_ შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ კრიზისი ავიცილოთ?
_ პირველი: მთავრობამ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. არ ველოდები, რომ ეს სწრაფად მოხდება, არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ ის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობასთან მიმართებით, ეს კი ნამდვილად რეალისტურად მეჩვენება. ახლა საჭიროა, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ამ მიმართულებით გააძლიეროს აქტიურობა.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მან უნდა გააძლიეროს სავალუტო ბაზრის კონტროლი და გაამკაცროს საბანკო ზედამზედველობა, რათა ბანკები არ გახდნენ პრიმიტიული პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების ინსტიტუტები.
რა თქმა უნდა, მთავრობას ჰმართებს საბიუჯეტო ხარჯების გაწევა ძალიან ფრთხილად. ახლა უმნიშვნელოვანესია ის ჰუმანიტარული დხმარება, რომელიც ეგზავნებათ უკრაინელ მეგობრებს და ის ფინანსური დანახარჯები, რომლებიც ხმარდება იმ უკრაინელ ადამიანებს, რომლებიც არიან საქართველოში და ვერ ბრუნდებიან სამშობლოში საომარი მოქმედებების გამო. ეს კი, პრაქტიკულად, ყოველდღიური ხარჯია ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, მეტი კომუნიკაცია სჭირდება ეროვნულ ბანკს ბიზნესთან და მთლიანად საზოგადოებასთან, რათა სავალუტო ბაზარი დამშვიდდეს. ჩვენ ჯერჯერობით ეკონომიკური კრიზისი არ გვემუქრება, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპები კი შემცირდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გასტანს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
_ უნდა ამოქმედდეს თუ არა კვლავ ე. წ. ქამრის შემოჭერის პოლიტიკა?
_ მე საერთოდ არ მიყვარს ქამრის შემოჭერის პილიტიკაზე საუბარი, რადგანაც ამ დროს ზარალდება ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. სხვა სიტყვებით ვიტყოდი: საჭიროა უფრო მეტად გონივრული ფინანსური პოლიტიკა.