- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-03-03 10:40:02
გიორგი საკარული
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, თბილისში ბოლო დღეების მანძილზე უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. ათასობით ქართველი რუსთაველის გამზირზე გამოდის და მოძმე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
მოქალაქეებმა უკრაინის მხარდაჭერის გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის არაადეკვატური განცხადებაც გააპროტესტეს, რომელმაც თქვა, რომ საქართველო, „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია“ და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო არათუ იგი, „მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“. მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ!
„ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობდეს იმას, რასაც ამბობს, ვერც ვიმეორებ, საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო ფურცელი“, _ ამბობს „ქრონიკა+“-სთან მსახიობი ნანა ბუთხუზი. მისივე თქმით, უკრაინის მაგალითმა ქართველებს კარგად დაგვანახა, რომ ძალა ერთობაშია.
„ძალა არის ერთობაში, რაც ვერაფრით შევიგნეთ ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად გვაჩვენეს სამაგალითო ერთობა და ძალა უკრაინელებმა“, _ ამბობს მსახიობი.
_ ნანა, როგორია თქვენი სამოქალაქო პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ? იმ დროს, როცა რუსეთ-უკრაინას შორის ომია, ჩვენი ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება დღეს და ქართველების თანადგომა უკრაინელების მიმართ?
_ მსოფლიო გაერთიანებულია საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად შეშინებული, უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა სახელმწიფოებრივად, მაგრამ ხალხი გაერთიანდა, რაც მე ყველაზე მეტად მიხარია. დიდი ხანია, უკვე საერთოდ აღარ ვუსმენ ჩვენი ხელისუფლების გამოსვლებს, იმდენად აცდენილია ყველანაირ რეალობას. ძალიან დიდი ხანია, ჩემთვის ეგენი არალეგიტიმურები არიან და ეს მტკიცდება ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, რაც დრო გადის უფროდაუფრო მკვეთრად გამოხატული ხდება და ვინც ბრმა არ არის, წესით, უნდა დაინახოს, რომ ეს არ არის ჩვენი მთავრობა. ხალხი არის საერთოდ სხვაგან, სულ სხვა მისწრაფებებია ქვეყანაში და ადამიანებს სხვა გზა აქვთ არჩეული, ესენი კი მიგვექაჩებიან არ ვიცი, საით. საკუთარი თავის გადარჩენისთვის ზრუნავენ მხოლოდ. მათ პერსონალურად ეშინიათ პუტინის _ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ხალხს არ ეშინია ამის, ხალხი მსოფლიოსთან ერთად დგას და აპროტესტებს.
ქართველები, ჩვენი მეომრები, უკრაინაში იბრძვიან. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იქ არის და ბოლომდე იბრძვის საერთო მტრის წინააღმდეგ. ესენი კი ამბობენ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება და სულ სხვა საქმეები გვაქვსო, ვითომ არაფერი ხდება, ჩვენ ახლა ჩვენს ცხოვრებას უნდა მივხედოთო, _ ეს არის უბედურება, რაც ჩვენ თავს ხდება, ესენი უნდა დამთავრდნენ, ისევე როგორც უნდა დამთავრდეს პუტინი. მონები, ლეკვები, მშიშრები და უკაცრავად, მაგრამ შიშისგან ჩასვრილები ფეკალიებში არიან თვითონ და ააყროლეს ქვეყანა, _ ეს ამ გენიალური, ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი, პერსპექტიული, უნიჭიერესი ქვეყანა, რასაც საქართველო ჰქვია. საქართველო ასეთ ხელისუფლებას არ იმსახურებს.
ეს არის უთავმოყვარეობის მწვერვალი, არ შეიძლება, ჩემი ქვეყანა ასეთი იყოს! წარმოუდგენელია, ამ პოზიციაზე იდგეს საქართველოს ხელისუფლება. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლება, ამათი ყველაფერი დამთავრდა. ახლა ერთი სული მაქვს, რომ ეს ომი მშვიდობიანად და უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ისინი გაიმარჯვებენ, რადგან „ძალა ერთობაშია“. ძალა რომ ერთობაშია, ვერაფრით შეიგნო ჩვენმა ქვეყანამ. ნამდვილად გვაჩვენეს სამაგალითო ერთობა და ძალა უკრაინელებმა. ისინი უკვე გამარჯვებულები არიან ჩემთვის! დიახ, ისინი მზად არიან, რომ თავისუფლებისთვის, სამშობლოსთვის გაწირონ საკუთარი თავი და ბოლომდე იბრძოლონ გადასარჩენად. არა მხოლოდ თავიანთი თავის გადასარჩენად, არამედ ჩვენ გადასარჩენად. ისინი ჩვენ გამოც იბრძვიან და მსოფლიოს გადასარჩენადაც იბრძვიან, ჩემი აღქმით ასეა. რანაირად შეიძლება, ამ მდგომარეობაში ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობდეს იმას, რასაც ამბობს, ვერც ვიმეორებ. ღარიბაშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევა სამარცხვინო ფურცლად.
_ ზელენსკიმაც აღნიშნა, რომ „საოცარ ქართველ ხალხს ესმის, როგორ უნდა დაუდგნენ მეგობრებს გვერდით. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში გარეთ გამოხვედით და გააპროტესტეთ ომი. არის მომენტი, როცა ხალხი არ წარმოადგენს მთავრობას, მაგრამ ბევრად უკეთესი არის, ვიდრე მისი მთავრობა“. გარდა ამისა, 26 თებერვალს ზელენსკიმ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე თბილისში გამართული აქციის ფოტო გამოაქვეყნა.
_ ახლაც ცრემლები მადგება, ისეთი ემოციურია ეს ჩემთვის და ისეთი მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის ეს ერთობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა ერთია და ეს ერთიანობა არსებობს, უბრალოდ ძალით გვხლეჩენ, ხელოვნურად გვაპირისპირებენ ერთმანეთს. სულ ამას ვამბობ, ამაზე მუშაობს უზარმაზარი მანქანა ტროლ-ბოტების. ეს არის წარმოუდგენელი მტრობა საკუთარი ერის წინაშე, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები პუტინ-ივანიშვილის მონა აყროლებული, შიშისგან ჩასვრილი ვირთხები! ამ ყველაფრისგან ჩვენ გავთავისუფლდებით, როგორც კი ეს ომი დამთავრდება მსოფლიოს გამარჯვებით და დამარცხდება ბოროტება, რადგან ეს არის ბოროტებასთან ბრძოლა. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, _ სულ ამას ვამბობ და ბოლომდე ვიტყვი. მადლობა ღმერთს, რომ დაბნელებული არ მაქვს გონება, ვხედავ, არ დავყრუვდი და შეშინებულ, უსუსურ მდგომარეობა არ ჩავვარდნილვარ. რანაირად შეიძლება, ადამიანები მუდმივ შიშში ცხოვრობდნენ, უბედურებაში, უსუსურობაში, ასე ხომ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებენ, ვერ განვითარდებიან. თავისუფლება ხომ ყველაზე დიდი ღირებულებაა ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად ქვეყნისთვის და როგორ შეიძლება, თავისუფლებისთვის ბრძოლას გვერდით არ დაუდგე. ე. ი. მტერი ხარ, თუკი ამ ბრძოლაში გვერდით არ უდგახარ.
_ უკრაინელმა ხალხმა ძალიან კარგად დაგვანახა, რომ მათ ბრძოლა შეუძლიათ, _ როგორც კაცებს, ასევე ქალებს. მოქალაქეებმა იარაღი აიღეს და საკუთარ ტერიტორიას იცავენ, _ ალბათ ეს ერთიანობა ქართველებს გვაკლია. რით აიხსნება ის, რომ ერთსულოვნება არ გვაქვს?
_ ჩვენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვისვრით მხოლოდ, ერთმანეთს ვკლავთ, ვანადგურებთ მორალურად. არ არის აუცილებელი, თოფი აიღო და ტყვია ესროლო ადამიანს, სიტყვით, მორალურად ვკლავთ ადამიანებს. უკვე რამდენი ხანია, ამაზე ვლაპარაკობ. ამოიწურა რესურსი, მორჩა. უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მთელი მსოფლიოსი, ამიტომაც დაუდგა მთელი მსოფლიო გვერდით უკრაინას და დიახ, ამბობენ, რომ საქართველოსაც უნდა დავეხმაროთო, რადგან ისინი ხედავენ, რომ საქართველო დასახმარებელია. მუდმივად ვამბობ, წლების მანძილზე, რომ როდესაც შენი გადაწყვეტილება სუფთაა, მას მხარს უჭერს და აძლიერებს სამყარო. როდესაც შენი გზა არის სიმართლის გზა და შენ ამისთვის მზად ხარ, რომ თავი გაწირო, ეს უნდა გააკეთო ამ სიმართლისთვის, მომავლისთვის, შენი შვილებისთვის, სამშობლოსთვის და თუ პრინციპული ხარ და ქარის დაბერვაზე არ იხრები ყოველ მხარეს, აუცილებლად გაიმარჯვებ ყველა გვერდით დაგიდგება, სხვანაირად წარმოუდგენელია, ჩვენი ქვეყანა მუდმივად შეშინებულ მდგომარეობაში ვერასდროს მოიგებს. ამიტომ უნდა გამოვიღვიძოთ, რადგან მიმდინარეობს სრული ოკუპაცია. ცოტა ხნის წინ ემოციური ეთერი მქონდა, _ მიმდინარეობს სრული ოკუპაცია-მეთქი და ასე აგვიხდეს ყველაფერი საუკეთესო, როგორც ჩემი სიტყვები გამართლდა.
_ საქართველო მზად არის ამ ყველაფრისთვის? ამ ტიპის შემოტევას გავუძლებთ?
_ 9 წლის მანძილზე ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩვენ კი არ გავძლიერებულიყავით, არამედ დავჩაჩანაკებულიყავით. 9 წლის მანძილზე ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ ქვეყანაში რუსის ჩექმა შემოსულიყო და უბრძოლველად ჩავბარებულიყავით, იმიტომ, რომ ვყოფილიყავით გაუბედურებული, გაღარიბებული, ოღონდაც თავში არ ჩამარტა და ყველაფერზე თანახმა ვარო, ამისთვის იყო ეს 9 წელი, მეტი არაფრისთვის. ღმერთო, დაიფარე უკრაინა, სრულიად მსოფლიო და საქართველო! გამოაღვიძე ჩვენი ქვეყანა! სულ მახსენდება ილია ჭავჭავაძის ლექსი: „მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობისა“; ან „როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება“.
როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი გაკეთდა 9 წლის მანძილზე იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა მიგვეღო. ჩვენც ავყევით პროპაგანდას, ერთმანეთის ლანძღვისა და ტყუილების კორიანტელი დავაყენეთ. ვიჯერებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან. უპრინციპო, რაღაცნაირ უტვინო გონებაჩლუნგებად ვიქეცით! არადა, ასეთი არ არის ქართველი ერი, რაც დამტკიცა ბოლო დღეების მანძილზე უკრაინის მხარდამჭერი აქციებით, რუსთაველზე სულ ახალგაზრდები გამოვიდნენ. საოცარი, წარმოუდგენელი მუხტია და გამიჩნდა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ არ გვყავს მთავრობა. ახლა იმაზე ვართ დამოკიდებული, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთან რომ რუსი შემოვიდეს, ბრძოლა და ომი კი არა, პირდაპირ ჩაბარება იქნება. ანუ ჩათვალე, რომ უკვე ოკუპირებული ხარ, ამაზე მეტი ოკუპაცია რაღა გინდა! მთავრობაში გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ პუტინის ინსტრუქციებს ასრულებს, დავამთავრეთ ლაპარაკი.
_ ყოველგვარი ომისა და იარაღის გარეშე რუსეთი უკვე წლებია, მცოცავ ოკუპაციას ახდენს ჩვენს ტერიტორიაზე და ისაკუთრებს მიწებს.
_ მცოცავი ოკუპაცია მხოლოდ დღეს კი არ ხდება, მთელი 9 წელი სწორედ ამ პროცესის განსახორციელებლად იყო საჭირო. 2012 წელს, აბა, რისი არჩევანი გაკეთდა? _ ბიძინა ივანიშვილის არჩევა ნიშნავს პირდაპირ პუტინის არჩევას, ეს ხალხმა ვერ გაიგო. ხალხს ეგონა, გვეშველაო და გავმდიდრდებით, ქვეყანას ეშველება, დიდი მეცენატი მოვიდაო. რა მეცენატი?! ხალხს ამოუღო სული, უსულგულოებად აქცია, ერთმანეთს გადაამტერა! ამაზე დიდი ბოროტება და ზიზღი აღარ არსებობს. ხალხს ერთმანეთისთვის 9 წლის მანძილზე „ნაცი“ და „ქოცი“ აძახებინა, ერთმანეთი შეაძულა, რითაც დაასუსტა, გააღარიბა, ბრძოლისუნარიანობა, სიცოცხლისუნარიანობა დააკარგვინა ქვეყანას. სრული ნიჰილიზმია, რწმენა დაკარგულია. ფასეული თუკი რამე ჰქონდა ჩვენს ერს, ყველა ცნება აბსოლუტურად მოშალა, გაარღვია, ყველაფერში ჩაგვასვრევინა.
_ როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ბედი პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინის გამარჯვებასთან. გარდა ამისა, რა არის აუცილებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთივე ერთსულოვნება იყოს, როგორც უკრაინაშია?
_ რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებასთან და გამოფხიზლებასთან, ხალხის გამოფხიზლებასთან. ჩვენ უკრაინელებმა ძალა ერთობაშიას მაგალითი მოგვცეს. სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები ერთად დგანან, შესაძლოა, კონფლიქტშიც კი არიან ერთმანეთთან, რაღაც კონტექსტში და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ საერთო მტრის წინაშე ყველა ერთია. ეს არის პრინციპი, _ ამაზე კი ჩვენი ქვეყანა დღემდე ვერ შეთანხმდა, რომ საერთო მტრის წინაშე ყველა ერთად უნდა იდგეს. ეს ხელისუფლება მოვიდა ეგიდით, რომ საქართველომ ომი დაიწყოო, წარმოგიდგენიათ! _ ეს იყო მათი გზავნილი, როგორ შეიძლებოდა ამის დაჯერება და ამათთვის ხმის მიცემა?! სულ ამას ვამბობ, მაგრამ დავბრმავდით, რაღაც დაგვემართა, ხარბები აღმოვჩნდით ფულისა და ქონების, ეს არის ვერცხლის მოყვარეობა.
_ გარდა ამისა, მშიერი ადამიანის მართვა ძალიან მარტივია, სწორედ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა, დააჩაჩანაკა, _ ერი მშიერია, ამიტომ იყიდება კარტოფილზე, ხახვზე და ღირებულებებზე, თავისუფლებაზე საფიქრალად ფიზიკურად აღარ რჩება სივრცე, ორიენტირებულები არიან ერთ დღეზე და ფიზიკურად გადარჩენაზე...
_ ჩემი ცხოვრების მანძილზე რა აღარ გამოვიერე, რამდენი ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი და აღარ მთავრდება, სულ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ან მთელ მსოფლიოში, ან ჩემს ქვეყანაში. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით სრულიად იცვლება მსოფლიო ჩემთვის, ეს არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაზე ახდენს გავლენას, არამედ მსოფლიოს ამოტრიალებაა, რადიკალურად შეცვლაა უკეთესობისკენ. ევროპაც გამოფხიზლდება, მხოლოდ შეშფოთებით აღარ შემოიფარგლება. ყველა რაღაცნაირად გამოფხიზლდა, სრულიად მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლილების მომსწრეები ვართ. რა არ მინახავს, მაგრამ ჩემი ქვეყნის მსგავსი უსუსურობა და საშინელება 90-იანებშიც კი არ იყო. ძალიან სამწუხაროა ჩვენი ხელისუფლებისა და იმ პოლიტიკოსების, არაფორმალური მმართველის გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს წარმოუდგენელია და ეს უნდა დამთავრდეს, მორჩეს!!! მე მათ აღარც გამოსვლებს ვუსმენ და აღარც მაინტერებს მათი აზრები, რაც უნდათ, ის უთქვამთ. ხომ ხედავთ, ხალხი აბსოლუტურად ემიჯნება მათ.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვებაზე. როგორ შეიცვლება მოვლენები ჩვენი ქვეყნის მაგალითზე?
_ ახლა პროცესებს ხალხი მართავს.
_ ხელისუფლება დუმს და, ფაქტობრივად, მთავარ გზავნილებს ჩვენი მოქალაქეები ახმოვანებენ, რომ ჩვენ ჩვენი მოძმე უკრაინის გვერდით ვდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ. შიდა პოლიტიკურ მოცემულობაზე როგორ აისახება ეს ყოველივე, თუნდაც ხელისუფლების ცვლილების კონტექსტში? როგორ აისახება ქართველი ხალხის ეს საპროტესტო მუხტი?
_ ეს თავისთავად, ლოგიკურად, ავტომატურად შეიცვლება, რადაგან აღარავინ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და რანაირად შეიძლება დარჩნენ? ეს ომი ხომ დამთავრდება და აუცილებლად უკრაინისა და მსოფლიოს გამარჯვებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება, აბა რისთვის ვდგავართ რუსთაველზე, რისთვის ვგულშემატკივრობთ, რისთვის გვაქვს გამოფენილი დროშები და რისთვის ვმღერით ჰიმნს, იმიტომ, რომ მხარდაჭერა დავანახოთ, რასაც ჩვენი სახელმწიფო ვერ აკეთებს. ვემიჯნებით ყველაფერს, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს და ვდგავართ თავისუფლების, სიკეთის სადარაჯოზე. ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, ავტომატურად ასე მოხდება. სხვანაირად არ არსებობს, ეს გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ბოროტებამ უნდა გაიმარჯვოს და მე ამის არ მჯერა. მსოფლიო გაერთიანდა, დიდი დანაკლისი იქნება, სისხლისღვრაც იქნება, უმძიმესი გზის გავლა ხდება, მსხვერპლია, მაგრამ მსხვერპლი უნდა გაიღო, არ უნდა შეგეშინდეს სიმართლისთვის, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, ერთობისთვის, თანადგომისთვის სამშობლოსთვის და თავისუფლების თავი უნდა გაწირო. დიახ, ეს არის ქრისტეს გზა ჩემთვის.