- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-03-03 09:07:38
შორენა მარსაგიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია აღშფოთებულია იმ პოზიციის გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებით დაიკავა. მისი თქმით, ასეთი პოზიცია ნიშნავს ოკუპანტის მხარეს დგომას. კახა მიქაია დარწმუნებულია, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, „ქართული ოცნების“ ადგილს კი ისტორიის სანაგვეზეც ვეღარ ხედავს.
ეშინია თუ არა რუსეთის „ქართულ ოცნებას“? რატომ გაქრება ეს პარტია ისტორიიდან? რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი? რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კახა მიქაია ესაუბრება.
_ კახა, საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს უკრაინის მხარდაჭრაზე. ეს, თქვენი აზრით, სიფრთხილეა, რომ რუსეთისგან ქვეყანას საფრთხე არ დაემუქროს, თუ მათ, უბრალოდ, ეშინიათ?
_ სიფრთხილესა და შიშს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. არ არის ეს არც შიში და არც სიფრთხილე, ეს არის ღალატი. ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესების ღალატი. არა მგონია, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობირებდეს იმას, რომ დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი.
_ უკრაინაში მარტო უკრაინისა და საქართველოს ბედი არ წყდება, ახლა იქ ევროპის ბედიც წყდება.
_ კი ბატონო. ახლა უკრაინაში ცივილიზებული სამყაროს ბედიც წყდება. ჩვენს მეგობარ უკრაინაში სინათლესა და სიბნელეს შორის მიდის ბრძოლა. სიბნელის, ჩამორჩენილობის, ბოროტებისა და დიქტატურის სიმბოლო არის პუტინი. ამ ბოროტებასა და ბნელში არიან ის სახელმწიფოები და ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები, რომლებიც პუტინს უჭერენ მხარს.
ჩეხეთის მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას უჭერს მხარს და მის პროპაგანდას ეწევაო. მე სრულად ვიზიარებ ჩეხეთის პროკურატურის განწყობას. ყველა ასე უნდა მოიქცეს..
_ მეც ვეთანხმები ჩეხეთის პროკურატურას.
_ მინდა, რომ ჩვენთანაც ასე იყოს, განსაკუთრებით ამ მძიმე ჟამს. ახლა წყდება ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, ახლა არაფრით არ შეიძლება აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის დაშვება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახლა წყდება საკითხი, იქნება თუ არა საქართველო სრულად თავისუფალი, თუ დარჩება რუსულ ორბიტაზე და მოუწევს რუსული ჩექმის წმენდა. ასეთ მნიშვნელოვან დროს ქართული ხელისუფლების სირაქლემის პოზაში ყოფნა არის ქართული ეროვნული ინტერესების ღალატი.
_ თქვენ ჩეხეთის პროკურატურა ახსენეთ და ჩვენი მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა იცით, რა თქვა? _ მთავრობა წესიერად იქცევა და თქვენც წესიერად მოიქეცით, ცხვირში არ მოგხვდეთ რუსული ჩექმაო. ერთია, რა პოზიცია უკავია გენპროკურორის მოადგილეს და მეორეა, როგორი ლექსიკით მეტყველებს ის.
_ აი, ეს არის სწორედ რუსული ნარატივი. ამათი ლექსიკა აღარ მიკვირს, ყურადღებასაც კი არ ვაქცევ. პირდაპირ მინდა განვაცხადო, „ქართული ოცნება“ არის ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების ნაწილი. უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე გამოაჩინა. ამ ომმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. უკრაინის ომმა ლაკმუსის ქაღალდის როლი ითამაშა და გამოავლინა, ვინ ვინ არის.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მეგობარი ქვეყნის მიმართ არა მხოლოდ სამარცხვინო და აღმაშფოთებელია, არამედ ეს არის სამშობლოსა და ქართული ეროვნული ინტერესების ღალატი. დადგება დრო და ამისთვის მათ პასუხი მოეთხოვებათ.
_ ვერ ხვდებიან, რომ ქვეყნის ინტერესებს ღალატობენ?
_ არა მგონია, რომ ესენი ამას ვერ ათვითცნობიერებდნენ. ეს არ არის გაუთვითცნობიერებელი არჩევანი. ის პოზიცია, რომელიც ახლა „ქართულ ოცნებას“ უკავია, არის ღალატი.
_ შეგნებულად ღალატობენ სამშობლოსა და ეროვნულ ინტერესებს?
_ დიახ. ეს მათი გათვითცნობიერებული არჩევანია.
_ რა აიძულებთ, რომ სამშობლოსა და მის ეროვნულ ინტერესებს უღალატონ?
_ პუტინის შიშით და საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ღალატობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მის მომავალს.
_ ამ ღალატით საქართველოს ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებას იცავს.
_ ახლა საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. აქ მთავარია რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შესრულება, რომელიც შემდეგ მათ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენას უზრუნველყოფს.
_ რა გარანტია აქვს „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს, რომ პუტინი ძალაუფლებას შეინარჩუნებს?
_ ამის გარანტია ნამდვილად არ არსებობს. ღმერთმა არ ქნას, რომ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვოს.
_ ინტერვიუს ჩაწერის მომენტში ყველაფერი პუტინისთვის ცუდად მიდის და იმედია, სიტუაცია არ შეიცვლება.
_ იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ცივილიზებული სამყარო სიბნელესა და ბოროტებას ბრძოლას მოუგებს. არაფრით არ შეიძლება, რომ გამარჯვება ბნელსა და ბოროტს დარჩეს.
_ საქართველოს ხელისუფლება ვერ გრძნობს პუტინის მოსალოდნელ კრახს?
_ როგორ ვერ გრძნობს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ჩასვრილია, როდესაც ხელისუფლებას არანაირი ძალა არ გააჩნია, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, როდესაც ხელისუფლებას ჰყავს მბრძანებელი, მას გაუჭირდება ნათელ მხარეს დადგომა. მბრძანებლის წინააღმდეგ ბრძოლაზე არაფერს ვამბობ, ამათგან ეს წარმოუდგენელი ამბავია.
ჩვენ დღეს საქმე გვაქვს მონასთან, ეს არის მონური დამოკიდებულება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის იმპერიისადმი იჩენს მონურ დამოკიდებულებას. ასეთ ხელისუფლებას მოსთხოვო წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს, ეს ილუზიის სფეროა. „ქართული ოცნების“ ამბავი დამთავრებულია. „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაშიც დამარცხდება, თუ უკრაინა ბრძოლას წააგებს.
_ იმედია, უკრაინა ბრძოლას არ წააგებს, ეს ყველა ჩვენგანის ბრძოლაა.
_ ღმერთმა არ ქნას, რომ უკრაინა დამარცხდეს! იმედია, ეს არ მოხდება! მაგრამ ვთქვათ და წააგეს რუსეთთან ბრძოლა. სამაგიეროდ, უკრაინელი ხალხი რუსეთის იმპერიას ომს აუცილებლად მოუგებს. უბრალოდ არ შეიძლება, ცივილიზებული სამყარო ბოროტებასთან და ბნელეთთან დამარცხდეს. ასეთი რამე ისტორიულ კანონზომიერებაში არ ზის.
_ მე თქვენს ადგილზე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი, ცივილიზებულმა სამყარომ უკვე ბევრჯერ დაუთმო რუსეთს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. ასეთი რამე მოხდა როგორც აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ასევე _ 2008 წელს.
_ დასავლეთმა, სამწუხაროდ, არაერთხელ დაუშვა შეცდომა რუსეთთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დასავლეთი ამ შეცდომებს კარგად ათვითცნობიერებს. დასავლეთი იმ შეცდომასაც აანალიზებს, როდესაც 90-იან წლებში ცეკას მდივანს დაუჭირა მხარი. ვგულისხმობ ედუარდ შევარდნაძეს. დასავლეთმა ცეკას მდივანი ანაცვალა ზვიად გამსახურდიას, რომელმაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა მოუტანა. დასავლეთი რას ფიქრობდა არ ვიცი, როდესაც ცვეკას მდივანს უჭერდა მხარს, მაგრამ პირადად მე არ მჯერა ცეკას მდივნებისა და КГБ-ს გენერლების მეტამოფოზის, ევროპამ და ამერიკამ დაიჯერა.
_ მაგათი მეტამოტრფოზა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჟიული შარტავა კომკავშირის ცეკას მდივანი იყო, მამია ალასანია _ КГБ-ს გენერალი, მაგრამ ორივემ საქართველოს შესწირა თავი. მათ მტრის მიერ ალყაშემორტყმული სოხუმი არ დატოვეს და მოკვდნენ საქართველოსთვის.
_ მათი და ედუარდ შევარდნაძის შედარება როგორ შიძლება? შევარდნაძე ხალხს ხვრეტდა. მისი ბრძანებით ხვრეტდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს ხვრეტდნენ, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების დამხობას აპროტესტებდნენ.
ჟიული შარტავა და მამია ალასანია აცხონოს ღმერთმა. ერთიც და მეორეც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ღირსეულად მოკვდე. ამ ადამიანებს ჰქონდათ არჩევანი ღირსებასა და მონობას შორის, მათ აირჩიეს ღირსება და ამისთვის მოკვდნენ. ედუარდ შევარდნაძის ნდობა არაფრით შეიძლებოდა. ამ ადამიანის კისერზეა ის, რაც დღეს საქართველოს სჭირს. მამია ალასანია და ჟიული შარტავაც ედუარდ შევარდნაძეს შეეწირნენ.
_ შევარდნაძეს შეეწირნენ?
_ რა თქმა უნდა! ედუარდ შევარდნაძე თავად გამოიქცა, ისინი კი ალყაშემორტყმულ სოხუმში დატოვა.
_ ისინი თავად დარჩნენ სოხუმში.
_ შევარდნაძესაც შეეძლო დარჩენა, მაგრამ გამოიქცა. ომი რომ დამთავრდა, მერე კიტოვანსა და ვიღაცებს აბრალებდა აფხაზეთში ომის დაწყებას. რა კიტოვანი, ხალხო? აფხაზეთში ომი დაიწყო ედუარდ შვარდნაძემ იმისთვის, რომ ეს კუთხე რუსებისთვის ჩაებარებინა.
2008 წლის შეცდომებს რაც შეეხება, მაშინ საქართველო რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, მოხდებოდა ეს უბედურება? რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა. ამ შეცდომების გათვალისწინებით, დასავლეთი უნდა მოხვდეს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად მიიღოს ნატოში.
გასაგებია მათი მოთხოვნები, რომ თავიანთ რიგებში მხოლოდ მაშინ იღებენ ქვეყნებს, როცა მათ დემოკრატიული რეფორმები გატარებული აქვთ. დემოკრატიული რეფორმები კარგია, დასავლეთის მოთხოვნებიც გასაგებია, მაგრამ მაგათაც ხომ უნდა გაითვალისწინონ რაღაც-რაღაცები.
_ რა უნდა გაითვალისწინონ?
_ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ბევრი წელი რუსეთის უღლის ქვეშ იყვნენ, ძალიან რთულია მოსთხოვო იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელიც დასავლეთშია. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, თავისუფლებაში ცხოვრობდნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების გატარება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი იქნებიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები.
დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ თუ არა ძირეული მხარდაჭერა ამ ქვეყნებისა, რუსეთი და მისი ლიდერი საშინელებებს ჩაიდენს. ვლადიმირ პუტინი რუსეთის იმპერიის აღდგენის მანიითაა შეპყრობილი. ამიტომ ევროპისა და ამერიკის მოვალეობა უნდა იყოს, ამ ერებს დაეხმაროს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რაც შეეხება, მიუხედავად ყველაფრისა, ზელენსკი და უკრაინელები არიან მაგალითი იმისა, საკუთარი ძალებით როგორ უნდა იბრძოლო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რაც არ უნდა ძლიერი იყოს მტერი. ეს ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, უკრაინა მაინც გამარჯვებული იქნება.
როდესაც ასეთი მაგალითი გაქვს წინ და რაღაც სისულელეებს ამბობ, არის ძალიან დიდი სირცხვილი. საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მოუთხოვია ომში ჩართვა. „ქართული ოცნებისთვის“ კიევს არ უთხოვია, ჯარი დამახმარეო. ამ დროს ან არაფერი არ უნდა თქვა, ან სათანადო განცხადება მაინც გააკეთე.
არსებულ მძიმე ვითარებაში რა საჭირო იყო იმის განცხადება, რომ საქართველო მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს?! როცა აპელირებ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, ეს არის ქვეყნის ღალატი. ამ განცხადებით საქარველოს ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს უღალატა.
_ ხელისუფლების განცხადების პარალელურად, თბილისში რამდენიმე დიდი აქცია გაიმართა, სადაც ქართველმა ხალხმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
_ ამ მიტინგს მხოლოდ მივესალმები და ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იდგება ქუჩაში. ეს არ იყო პარტიული მიტინგი. ეს არის ქართველი ერისა და ქართული საზოგადოების სოლიდარობა უკრაინისადმი. იმის განსაზღვრა, ვინ გამოვა მიტინგზე, ეს ახლა არის სიბრიყვე. ახლა მთავარია უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის.
_ ამ აქციებმა გამოაჩინა, რომ ჩვენს საზოგადოებას არ ეზარება პროტესტის გამოხატვა. მთავარია, იყოს მოტივი.
_ ჩემთვის იცით, რა არის მთავარი? ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთისგან რომ განსხვავდება. ეს უკრაინის მხარდამჭერმა აქციებმაც კარგად დაგვანახა. ქართველი ხალხი თავისუფლების მომხრეა და ის რეალურად აღიქვამს შექმნილ სიტუაციას. მე მიხარია, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უბედურება იქნებოდა, ჩვენი საზოგადოებაც ისევე ფიქრობდეს, როგორც „ქართული ოცნება“ აზროვნებს.
ზემოთაც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი ითამაშა. ეს არის ფაქტი და ამას ვერსად გავექცევით. ჩვენი საზოგადოების შეგნება უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლების. ჩვენი ხელისფლება არის ვლადიმირ პუტინის ყურმოჭრილი მონა და ჩასვრილი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, „ქართული ოცნება“ დამთავრებულიაო. რატომ გგონიათ, რომ ეს ხელისუფლება დამთავრებულია? ბევრჯერ ითქვა, დამთავრდნენო, მაგრამ „ქართული ოცნება“ მეათე წელია, ქვეყანას მართავს.
_ ამდენი წელი მართეს ქვეყანა და ახლა მოუწევთ წასვლა. არა მგონია, რომ მყარად ჰქონდეთ ფესვები გადგმული. როგორ შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილის, კობახიძისა და კახა კალაძის შემხედვარეს გაგიჩნდეს აზრი, რომ ესენი მყარად დგანან ფეხზე?
_ აბა, რანაირად ინარჩუნებენ ამდენი ხანი ხელისუფლებას?
_ რაღაცნაირად ინარჩუნებენ და ეს ოპოზიციის დამსახურებაცაა. რაც იყო, იყო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დააჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. უკრაინის გამარჯვება დაასრულებს „ქართულ ოცნებას“.
_ უკრაინას ძალიან გაუჭირდება ამხელა მონსტრთან გამარჯვების მოპოვება.
_ უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს! შეუძლებელია, სიბოროტემ გაიმარჯვოს! ასევე შეუძლებელია, რომ „ქართული ოცნება“ მართავდეს იმ ხალხს, რომელმაც ამდენი რამე გამოიარა. ქართველმა ხალხმა ბევრი უბედურება გადაიტანა, ბევრს გაუძლო და არ შეიძლება, მას ასეთი ჩასვრილი ხელისუფლება მართავდეს. ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
_ როგორ წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ დასასრული? ვადამდელი არჩევნები იქნება? თავად წავლენ თუ რამე სხვას ელოდებით?
_ ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ დამთავრდება „ქართული ოცნება“. აქ მთავარი ისაა, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად დასრულდება. და რომ დასრულდება, ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. ხელისუფლების სათავეში მათი დარჩენა უბრალოდ შეუძლებელია. მათი პოზიცია არანაირად არ შეესაბამება ქართული საზოგადოების განწყობას.
_ რა განწყობებს შორის არის განსხვავებები?
_ „ქართული ოცნება“ განწყობილია იმისთვის, რომ დაემორჩილოს პუტინის ბრძანებებს და იყოს მშიშარა. ქართული საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა და მუხტი მეტყველებს საწინააღმდეგოზე, ამიტომ ისინი ვერ შეეწყობიან ერთმანეთს. მათი თანაცხოვრება გამორიცხულია. კიდევ ერთხელ ვამბობ: მნიშვნელობა არ აქვს ფორმას. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მთავრდება.
აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო როგორც ხელისუფლება ისე კი არ დასრულდება, „ქართული ოცნება“ დასრულდება, როგორც პარტია. დღევანდელი სახელისუფლებო ძალა ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება. მერე იმ ისტორიის სანაგვიდანაც ისე გაქრება, როგორც გაზაფხულზე ქრება ხოლმე თოვლი. მის ხსენებასაც კი ვერავინ გაბედავს.
_ ხსენებას რატომ ვერ გაბედავს?
_ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაზე“ საუბარი იქნება სამარცხვინო. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი იქნება.
_ ამ ვითარებაში სადაა ივანიშვილი?
_ ბიძინა ივანიშვილი არის მზეთუნახავი.
_ მზეთუნახავს თქვენ სხვასაც ეძახდით, მაგრამ ის გამოჩნდა და უკრაინას დაუჭირა მხარი.
_ გახარიას ვეძახდი, მან განცხადება გააკეთა. გამოჩენით არც ის გამოჩენილა. მზეთუნახავი ივანიშვილი, ალბათ, ნებას იბოძებს და რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებს.
_ თქვენი აზრით, რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი?
_ რაღაცას იტყვის. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ბიძინა ივანიშვილზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.
_ რატომ მიგაჩნიათ ზედმეტად მასზე საუბარი?
_ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი უდრის „ქართულ ოცნებას“. როდესაც „ქრთულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ, იქ ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსაც და ცალკე რატომღა ვისაუბრო ამ ადამიანზე? რაც ზემოთ ვილაპარაკე, როგორ გგონიათ, ღარიბაშვილის, კალაძის გასაგონად ვილაპარაკე? ყველაფერი ვთქვი ივანიშვილის გასაგონად. ესენი პოლიტიკური ფიგურებიც არ არიან, მათ მარიონეტებსაც კი ვერ ვუწოდებ. როგორ შეიძლება მოსთხოვო ჩასვრილ, არაადეკვატურ ხელისუფალს კიევში ჩასვლა, როცა უკრაინა იბომბება? საქართველოს ხელისუფლებამ მაგრად ჩაისვარა და ის უნდა წავიდეს! წავა კიდევაც! დიდება და გამარჯვება უკრაინას!!!