QronikaPlus
შოთა თუთბერიძე: „პუტინს მიხეილ სააკაშვილი პირად ტყვეობაში ჰყავს“

შოთა თუთბერიძე: „პუტინს მიხეილ სააკაშვილი პირად ტყვეობაში ჰყავს“

2022-03-03 07:15:04

ნენე ინჯგია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა, დათანხმდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას, მკურნალობის მიზნით კიევში მის გადაყვანასთან დაკავშირებით.

„კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა, რადგან ოპერატიულ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები, ვინც უნდა გაანადგურონ და იქ ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, დათანხმდნენ ჩემს წინადადებას და, თავის მხრივ, მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც მე გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამ. წვრილმანად ჩანს ეს ყველაფერი იმის ფონზე, რაც დღეს ხდება. მე მაქვს თქვენი საღი აზრისა და რაციონალურობის იმედი“, _ თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება შეთავაზებას დათანხმდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქვეყანაში პირველივე გამოძახებისას დაბრუნდება. ამასთან, მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამ, სანამ ის კიევში იქნება, საქართველოში მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები შეჩერდება.

იცოდნენ თუ არა მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ამ მიმართვის შესახებ სასამართლო პროცესამდე? რა სამართლებრივი გზები არსებობს სასჯელის გადასავადებლად? რას პასუხობს სააკაშვილის ადვოკატი პროკურორის განმარტებას, რომელმაც თქვა, რომ სასჯელის გადავადების დროს საქმეზე სამართალწარმოების პროცესი დასრულებული უნდა იყოს, სააკაშვილს კი მიმდინარე საქმეები აქვს?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ მესამე პრეზიდენტის ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ესაუბრა:

_ ბატონო შოთა, პირველ რიგში, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის გათვალისწინებით, რომ ის უკვე მეხუთე დღეა, რაც შიმშილობს?

_ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შემიძლია შევაფასო, როგორც არაექიმმა, არის ის, რომ ნელ-ნელა ვატყობ, უფრო ცუდად და სუსტად არის. მას ამ შიმშილობის შედეგის გამოხატული სიმპტომები აქვს, თუმცა ამ ამბავში ტრაგედია არის ის, რომ ექიმებს არ ეძლევათ საშუალება, ის მოინახულონ, ამიტომ სამედიცინო თვალსაზრისით რა ჩვენებები აქვს რეალურად, მათ შორის, რამდენად სერიოზულია საფრთხე და როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამაზე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. როგორც მე შემიძლია შევაფასო და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათს კიდევ უფრო ცუდად იქნება, ვიდრე იყო პარასკევს, 25 თებერვალს. მოკლედ, ვიზუალურად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესამჩნევია.

_ 21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აკრძალულია მასთან ექიმისა და ექთნის შესვლა, ასევე 18:00 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ იქნება, _ რა შეიცვალა ამ კუთხით?

_ ამის შემდეგ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ექიმებს მიეცათ საშუალება, 18:00 საათის შემდეგ მოინახულონ ხოლმე იქვე დაწესებულებაში, საბოლოოდ ეს ამბავი კიდევ უფრო დასაზუსტებელი გვაქვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო შემთხვევა, რომ 18:00 საათის შემდეგ ექიმს დართეს ნება, დარჩენილიყო იქ, თუმცა ამ ეტაპზე შაბათ-კვირას, 26-27 თებერვალს, ეს მოცემულობა შენარჩუნებულია თუ არა, არ ვიცი. ამას აუცილებლად გადავამოწმებთ ორშაბათს, 28 თებერვალს. იმედი მაქვს, რომ აქვს საშუალება, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მიიღოს სამედიცინო დახმარება.

_ 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა, დათანხმდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას მკურნალობის მიზნით მისი კიევში გადაყვანის შესახებ. ადვოკატებს გქონდათ წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია, თუ თქვენთვის სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი?

_ ბუნებრივია, ამაზე საუბარი იყო და იმ იდეის არსებობის შესახებ ვიცოდით, თუმცა ცხადია, გადაწყვეტილება მიიღო თავად მან.

_ ამ მიმართვის სამართლებრივი მხარე რომ განვიხილოთ, პროცესის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ, განმარტა, რომ სასჯელის გადავადების დროს საქმეზე სამართალწარმოების პროცესი დასრულებული უნდა იყოს, სააკაშვილს კი მიმდინარე საქმეები აქვს. პროკურორის განმარტებით,   „სამართალწარმოება მიმდინარეობს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის  სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტთან დაკავშირებით“, _ ამის გათვალისწინებით, არსებობს თუ არა სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ამ მოცემულობაში სასჯელი გადავადდეს?

_ ვფიქრობ, პროკურორების მთავარი შეცდომა ამ შეფასებისას არის ის, რომ ამ საკითხს უყურებენ ძალიან ვიწრო ჭრილში და განიხილავენ ვიწრო ჰორიზონტით. საქმე არის პოლიტიკური და ეს პროცესი არ არის სამართლებრივი, სასამართლო პროცესი არის პოლიტიკური პროცესი, ამიტომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი შედეგის დასადგომად მთავარია პოლიტიკური ნება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე, როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, და ამას უკრაინელი თანამდებობის პირები ძალიან ღიად აცხადებენ, ყველა უკრაინის მოქალაქე, ყველა ადამიანი, მათ შორის, უკრაინის არამოქალაქე, რომელსაც უკრაინისთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საიდუმლო არავისთვის იქნება და არც გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომელიც რეალურად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც არის და ერთ-ერთი ფრონტი გახლავთ, მათ შორის, ჩვენი თავისუფლების. ამიტომ ამ შედეგის მისაღებად ერთადერთი რამ არის საჭირო: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რაც მათ უნდა გამოავლინონ, თუ კეთილგონიერება ეყოფათ. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, მე ჯერჯერობით ამაზე დეტალური საუბარი არ მინდა, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სამართლებრივ მექანიზმს ამისთვის აუცილებლად გამოვნახავთ.

_ გასაგებია, რომ სამართლებრივ გზებზე დეტალური საუბარი არ გსურთ, მაგრამ თუ შეიძლება განგვიმარტეთ ზოგადად მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ სასჯელის გადავადების კუთხით პროცესების განვითარება, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება?

_ ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის, ადრეც. პირველ რიგში, ყველაზე მარტივი გზა ამისთვის გახლავთ ამ პოლიტიკური ნების ფორმალურად გაფორმება პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტით, _ ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს პროკურატურამ, რომელსაც ნებისმიერ სხდომაზე შეუძლია ამ საქმის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა. კიდევ არის რამდენიმე სხვა მექანიზმი, რომელზეც, როგორც გითხარით, ამ ეტაპზე საუბარი არ მინდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გახლავთ წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ სამართლებრივი მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა პოლიტიკური ნება არ არსებობს და სამართლებრივი მოქმედება არის საჭირო. ამ შემთხვევაში გვაქვს სიტუაცია, როცა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში, რითაც ვლადიმირ პუტინი ემუქრება ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტს. პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ მინდა გავასამართლო ზელენსკი, მათ შორის, უკრაინელების ხელითო. ამ პროცესის შემდეგ ეტაპს ვხედავთ საქართველოში, რაც ხდება. პუტინი ამ გეგმის სისრულეში მოყვანას საქართველოში ცდილობს და მიხეილ სააკაშვილი პირად ტყვეობაში ჰყავს.  ამიტომ ვფიქრობ, რომ სამართლებრივ წვრილმანზე საუბარი არა მხოლოდ არასაჭიროა, არამედ ამ საქმის იმ ჩარჩოებში მოქცევაა, რასაც პუტინის რუსეთი და საქართველოს მთავრობა ცდილობს, რადგან ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი.

_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ეს წმინდა პოლიტიკური პროცესია და ამიტომ პოლიტიკური ნებაა ჯერ საჭირო და შემდეგ უკვე სამართლებრივი გზები არსებობს მოვლენების შესაბამისად განსავითარებლად, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი დამნაშავეა. ამ პირობებში რა გზით არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი პოლიტიკური ნება საბოლოოდ გამოავლინოს?

_ უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზედაც ან დადგება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ან ამ პროცესს ქართველი ხალხი შეაფასებს პოლიტიკური თვალსაზრისით. ამასთან, მინდა გავიხსენო, როცა ერთ-ერთმა მინისტრმა (თეა წულუკიანმა) პირდაპირ ეთერში ჩაიდინა, პრაქტიკულად, ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, როცა მიკროფონი პირდაპირ წაართვა ჟურნალისტს. ეს ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან მოინათლა, როგორც პოლიტიკური აქტი, ეს არ იყო პოლიტიკური აქტი, ეს მონათლეს პოლიტიკურ აქტად სწორედ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის დაყენება თეა წულუკიანის მიმართ არ ყოფილიყო აუცილებელი, რადგან პოლიტიკურ აქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. ეს იყო იმის დემონსტრაცია, რომ პოლიტიკური აქტისთვის საქართველოს ხელისუფლების პოზიციით პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ თუ პირდაპირ ეთერში ჩადენილი ძარცვა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა/ხელშეშლა, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა და ვიდეო კადრებზეა ასახული, ეს თუ დანაშაული არ არის, მაშინ როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება დანაშაული იყოს? ეს საქმეც (მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა), როგორც ყველა სხვა საქმე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იქნება ეს პიჯაკების საქმე თუ ჰილარი კლინტონისა და იუშენკოს მასპინძლობისთვის ბრალის წაყენება, თუ სხვა ნებისმიერი საქმე, ყველა არის უნიჭოდ მოფიქრებული მექანიზმი, ძალიან ვიწროდ და ცუდად, ნაჩქარევად შეკერილი საქმეები, რათა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა განხორციელებულიყო. ამიტომ დემონსტრაცია და ინდიკატორები იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად იდევნება, ბუნებრივია, ძალიან ბევრია. ვფიქრობ დადასტურებაც არ სჭირდება, „Aმნესტყ Iნტერნატიონალ“-მაც კი თქვა თავის დროზე, რომელმაც განაცხადა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ შურისძიებასთან და არაფერ სხვასთან. ამიტომ ცხადია ის პოზიცია, რომ ეს არ არის პოლიტიკური საქმეები და სამართლებრივ გარემოებებთან გვაქვს საქმე _ არის უბრალოდ დაუსაბუთებელი. არ ვიცი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ აჯენდაზე (დღის წესრიგი, _ რედ.) რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არ ვიცი, რა მდგომარეობა აქვთ მათ ამ თვალსაზრისით, რა პოზიციაზე არიან ჩამოყალიბებულები, თუმცა იმედი მაქვს პირველ რიგში იმის, რომ კეთილგონიერება ეყოფათ რაღაც ხარისხით მაინც და მეორეც _ იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო წნეხი გავლენას მოახდენს მათი პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაზე.

_ ბატონო შოთა, რომ დავაზუსტოთ, გაქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს?

_ ამ ყველაფრის ილუზია, ბუნებრივია, არ გვაქვს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეალურად სამართალი აღსრულდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყვეობიდან განთავისუფლდეს.

გაზიარება