QronikaPlus
ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს გაებუტა

ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს გაებუტა

2022-02-04 06:02:07

შორენა მარსაგიშვილი

გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა ის ამბავი, რომელზედაც „ქრონიკა+“ რამდენიმე თვეა, რაც წერს და რასაც „ქართულ ოცნებაში“ მონაჭორს უწოდებენ. მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას წელიწად-ნახევარი ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.

ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ მათ შორის ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიძაბა და ივანიშვილს ზურაბიშვილთან უფრო დიდი ხანია, რაც არანაირი კავშირი არ ჰქონია.

გასული წლის დამლევს სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო შერიგების ინიციატივით გამოვიდა და თავის სასახლეში შეხვედრების გამართვა დაიწყო. ის შეხვდა პოლიტიკოსებს, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს. მაშინ „ქრონიკა+“-მა სახელისუფლო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ზურაბიშვილმა ეს პროცესი ყურადღების მიქცევის მიზნით დაიწყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამით სალომე ზურაბიშვილი რაღაც დოზით მთავარი მეოცნების დაშანტაჟებასაც კი ცდილობდა.

ეს პროცესი რომ ყურადღების მიქცევის მიზნით იყო დაწყებული, სალომე ზურაბიშვილმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, ამ პროცესის დაწყებისთანავე შეეხმიანა ივანიშვილს და მისგან ასეთი პასუხი მიიღო, რომ პოლიტიკაში არ ერევა.

„მე თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა თითქმის წელიწად-ნახევარი და იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი, მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი და შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, – მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ვარ სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „რწმენა თუ არწმენა, ვერაფერს გეტყვით. ჩემი გამოცდილება არის ეს, რომ მე არ მქონია არანაირი ურთიერთობა. ჩემი არჩევის დღეს რაც მითხრა, რომ მისგან არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა, მითითება და ინსტრუქცია, ეს შესრულებულია“.

სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არანაირ ინსტრუქციას არ იღებს, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ივანიშვილი პირადად მას არ ეკონტაქტება, შუამავლების მეშვეობით კი არაერთხელ მიუცია შენიშვნები.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამო დაიძაბა. შესაძლოა, მარგველაშვილი მხოლოდ საბაბი იყო იმისა, რომ ივანიშვილი ზურაბიშვილს შემოსწყრომოდა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ზურაბიშვილი ოლიგარქისგან გარანტიებს ითხოვდა.

ამ გარანტიებზე ცოტა ქვევით მოგითხრობთ, მანამდე კი მარგველაშვილის ფაქტორზე მოგახსენებთ. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო და ამით დაარღვია ის ტრადიცია, როცა დამარცხებული პრეზიდენტები გამარჯვებულს არც გამარჯვებას ულოცავდნენ და არც ინაუგურაციას ესწრებოდნენ.

ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავადაც ევროპელი პოლიტიკოსივით ემოქმედა და მეოთხე პრეზიდენტს კვირაში ერთხელ მაინც მასპინძლობდა ორბელიანის სასახლეში. გიორგი მარგველაშვილზე ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია. სალომე ზურაბიშვილისა არ იყოს, ივანიშვილი მეოთხე პრეზიდენტსაც არჩევიდან რამდენიმე თვეში შემოსწყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ივანიშვილის ახირებით წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“. მანამდე მას განათლების მინისტრის პოსტი ეკავა და ყველაზე დაბალი რეიტინგით სარგებლობდა მთავრობაში. ივანიშვილის არჩევანი ყველას გაუკვირდა, მაგრამ  შეპასუხებას როგორ გაუბედავდნენ „უზენაესს“?

მთავარი მეოცნების არჩევანი არც საზოგადოებას მოეწონა. „ოცნების“ ყველაზე მამალი მხარდამჭერებიც კი აპროტესტებდნენ მარგველაშვილის კანდიდატურის წარდგენას. იყო საშიშროება, რომ მათ შეიძლება, ნინო ბურჯანაძისთვის მიეცათ ხმა, რომელიც 2013 წელს ასევე კენჭს იყრიდა პრეზიდენტად. „ნაციონალების“ რჩეულ დავით ბაქრაძეს არანაირი შანსი არ ჰქონდა.

არჩევნებზე რამე მოულოდნელობა რომ არ მომხდარიყო, ივანიშვილმა საზოგადოება დააშანტაჟა. მან თქვა, რომ თუ მარგველაშვილი პირველივე ტურში არ გახდებოდა პრეზიდენტი და 63%-ს მაინც არ აიღებდა, ის გაბრაზდებოდა და პოლიტიკიდან წავიდოდა.

მაშინ საზოგადოებას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ბიძინა მესია იყო და ამ ქვეყანას ყველა პრობლემას მოუგვარებდა. პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში კი ხელისუფლებას ისევ „ნაციონალები“ დაეპატრონებოდნენ. ამიტომაც ადგა ხალხი და თავისი ნების წინააღმდეგ ივანიშვილის ფავორიტი შემოხაზა.

გაგიკვირდებათ და ცესკომაც ის პროცენტი დაუწერა მარგველაშვილს, რაც ივანიშვილმა ისურვა. მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ივანიშვილი პოლიტიკიდან მაინც წავიდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი შანტაჟით არჩეული მარგველაშვილის გმობა დაიწყო. რატომ დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს, ეს დეტალები დაზუსტებით არავინ იცის. ამაზე არც ერთი მხარე საუბრობს და არც _ მეორე.

გაცილებით უფრო ნათელია ზურაბიშვილთან დაპირისპირების ამბავი. პირველად, როგორც უკვე გითხარით, მარგველაშვილის გამო მიიღო ივანიშვილისგან მეხუთე პრეზიდენტმა საყვედური. მთავარმა მეოცნებემ ზურაბიშვილს უხეშად უსაყვედურა, _ რას მასპინძლობ ამ მარგველაშვილს და რას წრუპავთ ერთად კონიაკსო?!

სინამდვილეში კი სულ სხვა რამის გამო იყო მთავრი მეოცნებე ზურაბიშვილზე გაბრაზებული. როგორც კი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან გარანტიები მოითხოვა. პრეზიდენტი ახლავე ცდილობს, დაგეგმოს მომავალი და დაიბევოს თანამდებობა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ დაიკავებს.

როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, რაღაც გარანტიები სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან მართლაც მიიღო.  ეს გარანტიები მას მაშინ მისცეს, როცა „ოცნების“ სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზეს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ის ყოველთვიურად, ხელფასის გარდა, მიიღებდა საკმაოდ სოლიდურ თანხას, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ კი საქართველოს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნავდნენ. ეს თანამდებობა თავად მოითხოვა. მას დაჰპირდნენ, რომ რამდენიმე ქვეყანაში ელჩებსაც დაანიშნინებდნენ. ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილიც გადააგდო. პრეზიდენტმა თავისი კადრები ელჩებად ვერ დანიშნა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას არც იმდენს უხდიან, რამდენსაც დაჰპირდნენ.

მეხუთე პრეზიდენტი შეეცადა, ყველაფერი მოქალაქე ივანიშვილისგან გაერკვია, მაგრამ ეს უკანასკნელი მის სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. მხოლოდ შუამავლების მეშვეობით ეკონტაქტება და ისიც ძალიან იშვიათად. ძირითადად მაშინ ეხმიანება, როცა შენიშვნის მიცემა უნდა.

როგორც ოლიგარქის გარემოცვაში ამბობენ, ივანიშვილიც კი გაოგნებულია იმ მადით, რაც ზურაბიშვილმა გამოავლინა. ამბობს, რომ შეიხებსაც კი შეშურდებათ მისი მოთხოვნებიო. ამიტომაც გადაწყვიტა, პრეზიდენტის კაპრიზები არ დააკმაყოფილოს. ზურაბიშვილი თავის წილს ითხოვს და ამისთვის საკუთარ თანამდებობას იყენებს.

გასულ წელს ბევრმა ტაში დაუკრა ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებებს, როცა ის ერთი შეხედვით „ოცნებას“ დაუპირისპირდა. ამით ივანიშვილს მიანიშნა, რომ  თუ დასჭირდება, მის წინააღმდეგაც წავა.

იგივე მიზნით დაიწყო შერიგების პროცესი, რამაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააბრაზა. ივანიშვილი კიდევ უფრო გაბრზდა, როცა ზურაბიშვილმა ბაიდენის ვირტუალურ დემოკრატიულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის გამო მას ყვითელი ბარათი აჩვენეს. პრეზიდენტს შერიგების პროცესის შეწყვეტაც მოსთხოვეს. წლის ბოლოს მან თქვა, რომ ამისთვის ბერკეტები არ გააჩნია. სავარაუდოდ, ივანიშვილმა მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა. 

ზურაბიშვილმა აშკარაა, რომ გარანტიები ვერ მიიღო და შერიგების პროცესი განაახლა. ამის გარდა, მან ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა არ აქვს. ალბათ, ფრანგი პენსიონერი ოლიგარქს რაღაც სიურპრიზს უმზადებს.

გაზიარება