QronikaPlus
პეტრე მამრაძე: „სააკაშვილი პარტიამაც მიატოვა, ის აღარავის სჭირდება“

პეტრე მამრაძე: „სააკაშვილი პარტიამაც მიატოვა, ის აღარავის სჭირდება“

2022-02-04 05:59:02

შორენა მარსაგიშვილი

ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა გიგა ბოკერია. პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ბოკერია რაღაცისთვის ემზადება და ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს საქართველოში ისაა ერთადერთი პროდასავლური ძალა. ბოკერიას გააქტიურების ფონზე აქტუალობას კარგავს მიხეილ სააკაშვილი. პეტრე მამრაძის აზრით, ციხეში მყოფი მიშა აღარავის სჭირდება ის თანაპარტიელებმაც მიატოვეს.

რა ჩაიფიქრა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა? რაზე ვერ თანხმდებოდნენ ბოკერია და მერაბიშვილი? მიატოვა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი? რა არის მესამე პრეზიდენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა? _ ამ თემების გარშემო „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პეტრე მამრაძე:

_ ბატონო პეტრე, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა გიგა ბოკერია. თქვენი აზრით, მას „ევროპული საქართველოს“ გამოცოცხლება სურს, თუ სხვა მიზანი ამოძრავებს?

_ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდების დონეზე ვილაპარაკოთ. ჩემი ვარაუდით, გიგა ბოკერია ცდილობს, როგორმე მოსწყდეს მიხეილ სააკაშვილის თემას. მას საკმარისი ინტელექტი აქვს საიმისოდ, რომ მიხვდეს, თუ როგორი წამგებიანია სააკაშვილის თემა.

_ სააკაშვილს ბოკერია 2016 წელს მოსწყდა.

_ მაშინ ბოკერიამ „ევროპული საქართველო“ შექმნა და იმ „ნაციონალებიდან“, რომლებიც მიშამ თავისი პირადი რეიტინგით გაიყვანა პარლამენტში, 21 კაცი წაიყვანა. ამის მიუხედავად, ბოკერია მაინც ასოცირდება სააკაშვილთან, რაც მის ინტერესებში სულაც არ შედის. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საზოგადოებაში მესამე პრეზიდენტი გამარგინალდა. მის მარგინალიზაციას ხელს უწყობენ ის ტელევიზიებიც კი, რომლებიც მიშას ემსახურებიან. ისინი სააკაშვილზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ არაადეკვატურად შარდავს და ამას ფაღარათიც დაემატა, რასაც სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, ამაზე ხალხი ხალისობს.

კარგად ვუსმინე გიგა ბოკერიას ბოლო გამოსვლებს. ის ამბობს, რომ საქართველომ უფრო მძაფრად უნდა დაიცვას უკრაინა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ბოკერიას რომ ვუსმენ, ძალაუნებურად მახსენდება ერთი ძველი გამონათქვამი: „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია“. მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეების ბოლო თავშესაფარი ყოველთვის პატრიოტიზმი იყო. ერთი რუსი პოლიტიკოსი წერდა, _ პატრიოტიზმზე ალაპარაკდა მთავრობა? ე. ი. გაუფლანგავთ ბიუჯეტი.

მე გაგახსენებთ გიგა ბოკერიას როლს 2008 წლის სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურაში, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდა. ამის შედეგებს დღემდე იმკის ჩვენი ქვეყანა. მცოცავი ოკუპაცია და გამყოფი ხაზების გავლება ამის შედეგია. 2008 წელს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა პუტინის დაკვეთით განახორციელა მისმა მორჩილმა სააკაშვილმა. ამაში ჩართული იყო მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანიაც. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს შეტანილი გიგა ბოკერიას. მე გაგახსენებთ ფრაგმენტს ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელიც მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე გამოაქვეყნა.

წერილში ივანიშვილი 2007 წელს „ნაციონალებთან“ გამართულ შეხვედრას იხსენებს. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ მიშა, ბოკერია და ვანო მერაბიშვილი. იმ დღეს ცხინვალში ჯარების შეყვანაზე იყო საუბარი და როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მან ბოკერიას 40 წუთში დაუმტკიცა, რომ მისი გეგმა იყო ავანტიურა, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდებოდა. ივანიშვილი წერს, რომ ამით მერაბიშვილი აღტაცებული დარჩა.

_ მერაბიშვილი საომარი მოქმედებების დაწყების წინააღმდეგი იყო?

_ მერაბიშვილი რომ საომარი მოქმედებების დაწყების მოწინააღმდეგე იყო, ამას პირადად მეც გიდასტურებთ.

_ ამაზე მერაბიშვილმა ხმამაღლა რატომ არასდროს გააკეთა განცხადება?

_ მას არ ჰყოფნიდა იმის პრინციპულობა და ვაჟკაცობა, პირდაპირ ეთქვა მიშასთვის, რომ ეს ავანტურა საქართველოს კატასტროფულ შედეგს მოუტანდა. ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა, მაგრამ დროს წელავდა საწყალი. იმისთვის, რომ ომი აეცილებინა თავიდან, ცხინვალის დროებითი მთავრობის შექმნა მოიფიქრა. დიმიტრი სანაკოევის პროექტი მისი მოგონილია. ის რბილი ძალის გამოყენებას უჭერდა მხარს. ასე ვანო მერაბიშვილი იმიტომ კი არ იქცეოდა, რომ საქართველო ეცოდებოდა, ის საკუთარ თავს უფრთხილდებოდა.

ისევ ივანიშვილის წერილს დავუბრუნდები. ის წერს, _ როცა ბოკერიას დავუმტკიცე, რომ მისი გეგმა წამგებიანი და კატასტროფის მომტანი იყო, მიშამ მითხრა, ბიძინა, თავად რუსებმა რომ შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ როგორ მოვიქცეთო? ეს არის კითხვა, რომელიც სინამდვილეში ყველაფერს ხსნის. ამაზე ივანიშვილმა უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება მანამდე, სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ იტყვის, რომ მიესალმება ცხინვალში საქართველოს მიერ კონსტიტიციური წესრიგის აღდგენას და კონფლიქტის ზონიდან გაჰყავს სამშვიდობოები“.

ივანიშვილთან გამართული შეხვედრიდან სადღაც ნახევარ წელიწადში, 2007 წლის დეკემბერში, მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, _ კრემლს ჩემთან წამოსცდა, რომ ცხინვალი არ აინტერესებთო. მერე ისიც თქვა, რომ ცხინვალის დაბრუნება ჩვენთვის არა რამდენიმე თვის, არამედ რამდენიმე კვირის ამბავიაო. მიშას აზრით, ცხინვალის დაბრუნება საქართველოსთვის ისეთივე მარტივი იქნებოდა, როგორც ჩვილი ბავშვის კბილის ამოღება.

2008 წლის ზაფხულში მთელ საქართველოს მოედო ეს ამბავი და თქვენს მკითხველსაც ემახსოვრება. იმ პერიოდში ასეთი ხმები ვრცელდებოდა, _ კულახმეტოვმა დიდი ფული აიღო და ცხინვალში უპრობლემოდ გვიშვებსო. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობდნენ.

_ დავაზუსტოთ, ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოების სარდალ მარატ კულახმეტოვზეა საუბარი?

_ მაგაზე მოგახსენებთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, კულახმეტოვი გვიშვებსო. აგვისტოს ომის მერე, 2008 წლის 15 აგვისტოს, ბათუ ქუთელიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, _ ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ რუსებთან, რომ ჯარები შეგვყავდა და ამაზე აგვინთეს მწვანე შუქი. კიდევაც გაგვატარეს, შეგვიშვეს, მაგრამ მერე, რატომღაც, სხვანაირად მოიქცნენო.  გაგახსენებთ 2008 წლის 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებსაც: ხელისუფლების წევრები ამბობდნენ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვეხმარება კულახმეტოვიო.

_ თავიდან თითქოს გვეხმარებოდა კულახმეტოვი. 7 აგვისტოს ედუარდ კოკოითიმ გააკეთა განცხადება, რომ რუსებმა ოსები მიატოვეს და ისინი ქართველებს უჭერენ მხარს.

_ თავიდან ასე ჩანდა. კულახმეტოვმა მართლა დიდი ფული აიღო, ოღონდ ამაზე თავის ხელმძღვანელობას აცნობა. მან ზევით დარეკა და იკითხა, ქართველები ფულს მთავაზობენ, რომ გავატაროო. იქიდან იყო მკვეთრი პასუხი: ფული აიღე და გაატარე! გავიდა ცოტა ხანი და კულახმეტოვი სხვაგან გადაიყვანეს. რამდენიმე წელიწადში ცხინვალში რუსეთის ელჩად დააბრუნეს.

დავანებოთ ამ ყველაფერს თავი და გიგა ბოკერიას დავუბრუნდეთ, მასზე დასმული კითხვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ. ის იყო სამხედრო ავანტიურის იდეოლოგი. ის უმტკიცებდა მიხეილ სააკაშვილს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს კაცი ახლა გმობს იმას, რაც უკრაინის საზღვრებთან ხდება. გიგა ბოკერია საქართველოსგან უფრო მწვავე რეაგირებას ითხოვს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის აზრით, რუსეთი აგრესორად უნდა გამოცხადდეს.

_ არ არის რუსეთი აგრესორი?

_ არის, მაგრამ ამაზე დიპლომატიურად შეიძლება საუბარი. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით უამრავი მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა. მათ არ უხსენებიათ რუსეთი, ახსენებდნენ მესამე ქვეყანას. რა, ისინი პრორუსულები იყვნენ? ცხადია, არა. ეს კარგად იცის ბოკერიამ. მან ისიც მშვენივრად იცის, რომ უკვე მომზადებულია დადგენილება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე. ამაზე მხოლოდ პუტინის ხელმოწერაა საჭირო. ეს ხელმოწერა კი ნებისმიერ წამს შეიძლება გაჩნდეს.

ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ძალიან ოსტატურად აქვთ საკითხი მომზადებული რუსებს: იმას კი არ ამბობენ, რომ ეს რეგიონი რუსეთში უნდა შევიდესო, წერია, ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს და ორად გაყოფილი ოსეთი  გაერთიანდესო.

_ რომელი ორი ოსეთის გაერთიანებაზე ლაპარაკობენ? სამხრეთ ოსეთის ავტონომიაც სტალინმა შექმნა და ჩრდილოეთ ოსეთიც.

_ როდის იყო და რუსების დაწერილი ისტორიის მიხედვით ოდესღაც იყო. ცნობილი ანეკდოტია, რუსეთი სპილოების სამშობლოა. დამისახელეთ წერტილი დედამიწაზე, რომელიც რუსების აზრით, ძველი რუსეთი არ არის.

ბოკერიაზე გადავალ ისევ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერს  სურს ჩამოშორდეს სააკაშვილს და ამის გარდა ამტკიცებს, რომ საქართველოში მარტო ისაა პროდასავლური ძალა. სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ის უცხოელ დიპლომატებთან კარგად ახერხებს ურთიერთობას და არც იმის დამტკიცევბა უჭირს, რომ პროდასავლური ძალაა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მას ევროპასა და ამერიკაში კავშირები აქვს, ეს კავშირები ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამყარდა.

_ სააკაშვილთან გამიჯვნა რომ უნდა და პროდასავლურობის იმიჯს ირგებს გავიგე, მაგრამ ნიკა მელიას რატომ ესხმის თავს? მასთან რა აქვს გასაყოფი?

_ მათი დაპირისპირების ზუსტი დეტალები არ ვიცი, სავარაუდოდ, იმიტომ ერჩის ნიკა მელიას, რომ მას თავისი დამოუკიდებელი ავტორიტეტი და რეიტინგი აქვს.

_ ბოეკრიასგან განსხვავებით ნიკა მელია საზოგადოებას უყვარს.

_ ყველას არც ნიკა მელია უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ მან გლდანში გაიმარჯვა. ბოკერიასთან შედარებით ბევრად პოპულარულია, მაგრამ ქარიზმის მხრივ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილის ფასიც არ აქვს. ეს იმ პერიოდის მიშაზე ვსაუბრობ, როცა ის კარგ ფორმაში იყო.

_ როცა კარგ ფორმაში იყოო, ამბობთ და ახლა ქარიზმის მხრივ ცუდ ფორმაშია?

_ ძალიან ცუდ ფორმაშია. ეს ის მიშა აღარ არის, როგორი მიშაც მე მახსოვს.

_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ მიშას მარგინალიზაცია ხდებაო. რაც დრო გადის, სულ უფრო იშვიათად საუბრობენ მესამე პრეზიდენტზე. თანაპარტიელებიც კი იშვიათად ლაპარაკობენ მიშაზე. თქვენი აზრით, რა ხდება?

_ მიშას ბევრმა შეაქცია ზურგი და ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი შემოსვლის კადრები გავრცელდა. საუბარი მაქვს არაჟნებთან ერთად როგორ შემოვიდა საქართველოში. მანამდე იყო მისი დაკავების კადრები. ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მისმა არაადეკვატურმა სიარულმა, როდესაც რუსთავის ციხეში მიჰყავდათ. ძალიან მძიმე საყურებელი იყო მისი მომხრეებისთვის სააკაშვილის დადგმული შიმშილობა.

_ რატომ გგონიათ, რომ დადგმული იყო ეს შიმშილობა?

_ ჩვენ მიშა გვაჩვენეს შიმშილობის 39-ე დღეს. ამდენი ხანი იშიმშილა და ღიპიც კი ვერ დააგდო? ეს ცოტა წარმოუდგენელია. მე ბევრი მეკითხებოდა, როგორ შეიძლება, ადამიანმა ამდენი ხანი იშიმშილოს და წონაში არ დაიკლოსო? ადამიანი ამდენი დღე რომ იშიმშილებს, ის ძალიან მძიმე დღეში იქნება, თუ ცოცხალი გადარჩა, საკაცეზე უნდა იწვეს.

როდესაც ადამიანი ამდენი ხანი შიმშილობს, მას ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნება. შესაძლოა, მხედველობა დაკარგოს ან თირკმელი გაუჩერდეს. მე გაგახსენებთ ირლანდიელების ცნობილ შიმშილობას. მათი ნაწილი დაიღუპა, დანარჩენმა შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ ყველა დაავადდა. ზოგიერთი ცალი თირკმლით დარჩა და მთელი ცხოვრება მკურნალობდა, ზოგიერთი დაბრმავდა.

რაღა ირლანდიელებთან მივდივარ ელენე ხოშტარიას გაგახსენებთ. მან გაცილებით ნაკლები იშიმშილა, მაგრამ ხომ ნახეთ, ძლივს გამოიყვანეს, ძალიან ცუდად იყო.  ელენე ხოშტარია მარგინალი პოლიტიკოსია, სულ მახსოვს, ნაგვის მანქანას როგორ მიჰყავდა, ეს კიდევ იდგა და იცინოდა. ამის მიუხედავად, მან მართლა იშიმშილა. შიმშილობის მეექვსე დღეს მას გული წაუვიდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, შიმშილობის მეექვსე დღეს კეტოზი იწყება.

_ რა არის კეტოზი?

_ ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. როდესაც ორგანიზმი აღარ ელოდება გარედან საჭმელს, იწყებს თავისი ცხიმოვანი საფარის ჭამას. ამ კრიზისის შემდეგ ცოტა ხანს ისევ მხნედ იქნება და გული აღარ წაუვა მოშიმშილეს, მაგრამ მერე იწყება ყველაზე მძიმე _ მესამე ფაზა. შიმშილობის დაწყებიდან 30 დღემდე ორგანიზმი ცხიმოვანი საფრით იკვებება და მერე არის საშინელება, დაიწყებს კუნთოვანი ქსოვილების ჭამას. ღვიძლი, თირკმლები გამოდის წყობიდან.

_ სააკაშვილიც ძალიან მძიმედ არის და ამას ექიმებიც ადასტურებენ.

_ ექიმები ამბობენ, რომ ცუდად არის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რა დღეში იყო შიმშილობის დროს. აქეთ-იქით დაქროდა, აპარატურას ამტვრევდა, იმხელა ქონები ედო. იმიტომ აყვირდნენ „ნაციონალები“, _ რატომ გაასაჯაროვეთ მიშას კადრებიო? ის ნაშიმშილარს არ ჰგავდა.

მიშას რეიტინგის დავარდნის კულმინაცია ციხეში მისი სიტყვით გამოსვლა იყო. მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ასეთი ნარატივი, რომ მიშა ჩამოვიდა საქართველოში, დაიჭირეს, ციხეში მიაყენეს საშინელი ტრავმა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდეს. ერთ დღეს გამოვიდა ადვოკატი ბექა ბასილაია და გვითხრა, მიხეილ სააკაშვილთან შევიდა ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილიო. ეს ძალიან საყურადღებო ფრაზაა.

_ რით არის საყურადღებო?

_ იმით, რომ ავლიპ ზურაბაშვილი ახსენა. ეს შემთხვევით არ გაუკეთებია, მიზანმიმართულად ახსენა ავლიპი, რადგან ავლიპი ბრენდია. ბექა ბასილაიას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მიშასთან დავით ზურაბაშვილი შევიდა, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია, მშვენიერი ფსიქიატრია, მაგრამ ადვოკატმა შეგნებულად გაუსხვა ხაზი ავლიპ ზურაბაშვილს. რამდენადაც ვიცი, დავით ზურაბაშვილი მიშასთან არ შესულა. მთავარი ისაა, რომ საზოგადოებას უთხრეს, მიშასთან ავლიპის შვილიშვილი შევიდაო. ამით ხალხს მიანიშნეს, _ აი, სადამდე მიიყვანეს წამებით მიშა, რომ ფსიქიატრი დასჭირდაო.

_ ვის რა ნარატივი აქვს, არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად არ არის. ადამიანი სახეზეც ცუდად გამოიყურება და ამას რომ მიხვდე, ამისთვის სულაც არაა საჭირო, იყო ექიმი.

_ ამაზე ვინ დაობს? მიშასთვის ძალიან მძიმეა ციხეში ყოფნა. მას ეს ხდის ცუდად და არა ის, რომ არასათანადო მკურნალობა უტარდება. მას ერთი რამე უშველის _ მიშა ციხიდან უნდა გამოვიდეს და სოციუმში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

_ ამის უფლებას არ აძლევენ და როგორც მმართველი პარტია გვეუბნება, კიდევ რამდენიმე წელი იქნება მიშა გისოსებს მიღმა.

_ არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რაღაც პერიოდი მას ციხეში მოუწევს ყოფნა. კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს და ვიცი, მისთვის ეს რა ჯოჯოხეთიც იქნება. ჩემი ახლობლები, რომლებმაც იციან, რომ მიშას კარგად ვიცნობ, ხშირად მეკითხებიან, ასეთ დღეში რომ არის, არ გეცოდებაო?

_ გულწრფელად გვითხარით, არ გეცოდებათ ციხეში გამოკეტილი სააკაშვილი? თქვენ ხომ მას დიდი ხანია, რაც იცნობთ.

_ როგორ არ მეცოდება. ძალიან მეცოდება მიშა, მაგრამ საქართველო უფრო მეცოდება. მიშას ციხიდან გამოსვლა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის და დიდი არეულობები იქნება. ციხეში გამოკეტილი მიშაც ცოდოა, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო ცოდო იქნება.

_ სამომავლოდ რა იქნება, _ მიატოვებენ მიშას თანამებრძოლები?

_ მგონი, უკვე მიტოვებული ჰყავთ, ციხეში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი აღარავის სჭირდება.

_ რატომ აღარ სჭირდებათ? არა მგონია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმეს მიშაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს.

_ რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა, _ გამოშვებული ორთქლი. მიშა დღეს ამ ორთქლის მდგომარეობაშია და ამიტომაც ტოვებენ მას ნელ-ნელა გარემოცვის წევრები. მიშა ახლა არავის აღარ გამოადგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სააკაშვილი დასავლეთს აღარ აინტერესებს.

_ რატომ ფიქრობთ, რომ არ აინტერესებს? ახლა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული და სხვა საკითხებმა, მათ შორის, სააკაშვილის პატიმრობამაც მეორე ასდგილზე გადაინაცვლა.

_ მიშას მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ მინელდა, სანამ უკრაინაში ასე გამწვავდებოდა სიტუაცია. არავის მოუთხოვია, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილიო. დასავლეთი დუმილით შეხვდა მის დაკავებას. ისინი მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რომ მიშას უფლებები დაცული ყოფილიყო.

დიპლომატიურ კორპუსში ანეკდოტი დადის: საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ვაჭრობა მიდის, კიევი 5 მილიონ დოლარს იხდის, ოღონდ თქვენთან დარჩეს სააკაშვილიო. ქართული მხარე მეტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშას უკრაინაში დეპორტაციას განვახორციელებთო.

_ ე. ი. მიშა ყველამ გაწირა და ის ციხეში ყოფნას უნდა შეეგუოს?

_ მიშა ყველამ მიატოვა და ის უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ რაღაც პერიოდს ციხეში გაატარებს. ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო სერიოზულად  მოჰკიდოს ხელი მიშას საქმეების გამოძიებას. „ნაციონალებიც“ უკვე ხვდებიან, რომ მიშა ციხიდან კარგა ხანს ვეღარ გამოვა და ნელ-ნელა მიდიან მისგან..

_ მისგან თუ წავლენ, რას მიიღებენ?

_ ალბათ იმას, რაც ბოკერიამ მიიღო. „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა. თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო ცუდად გამოვიდნენ. მიშას გარეშე არაფერი იქნებიან, მაგრამ აღარც მასთან ერთად სურთ ყოფნა.

გაზიარება