QronikaPlus
მალხაზ მაჩალიკაშვილი: „პანკისში დატრიალებული ყველა უბედურების უკან თამაზ თამაზაშვილი დგას“

მალხაზ მაჩალიკაშვილი: „პანკისში დატრიალებული ყველა უბედურების უკან თამაზ თამაზაშვილი დგას“

2022-02-03 05:48:30

შორენა მარსაგიშვილი

ჩვენს საზოგადოებას ძალიან მწარედ ახსოვს გასული საუკუნის დამლევს პანკისის ხეობაში დატრიალებული ამბები. მაშინ იქ ბევრი ცუდი რამე მოხდა. თითქმის არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენი დანაშაულია ჩადენილი ამ მხარეში, რომელიც 1995 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილი იყო საქართველოში. ჩეჩნეთში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა პანკისში ბევრი რამე შეცვალა.

რუსულ ბომბებს გამოქცეულმა ჩეჩნებმა საქართველოს შეაფარეს თავი. სამოქალაქო პირებთან ერთად აქ მებრძოლებიც შემოვიდნენ. ისინი პანკისში განცალკევებით ცხოვრობდნენ და არავის არაფერს უშავებდნენ, მათი მიზანი საქართველოში გამოზამთრება იყო. რუსული მედია და კრემლი საქართველოს ტერორისტების თავშესაფარს უწოდებდა. დროთა განმავლობაში აქაურობა პატარა კოლუმბიად იქცა. დადასტურებული ფაქტია, რომ პატარა ხეობაში ნარკოტიკების დამამზადებელი 7 საამქრო მუშაობდა. ისინი 2002 წლის ზაფხულში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, გაანადგურეს ქართველმა ძალოვნებმა.

ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლის შემდეგ პანკისის ხეობა ჩაკეტილი რეგიონი გახდა და ამით კარგად ისარგებლეს კრიმინალებმა. მათ პანკისში დაიდეს ბინა, ადგილობრივ კრიმინალებთან გამონახეს საერთო ენა და დაიწყო უბედურებების მთელი სერია.. ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადამიანები პანკისში გადაჰყავდათ.  დღემდე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი მოკლეს და აწამეს მაშინ ხეობაში.

პანკისის შავბნელ ამბებს მეტ-ნაკლები სინათლე მოჰფინა კოტე ციხისთავმა. ის შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის წევრი იყო. ჭიჭიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ პირველ ტერორისტად გახლდათ აღიარებული. ციხისთავის თქმით, ჭიჭიაშვილმა მოკლა ჟურნალისტი გიორგი სანაია და ნაირა მარგოშვილი. ციხისთავის მტკიცებით, მარგოშვილი ჭიჭიაშვილმა თამაზ თამაზაშვილის მითითებით მოკლა. იმ დროს თამაზაშვილს კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ვახო სანაიას გადაცემაში ციხისთავმა გოგინაშვილების ტრაგედიაზეც ისაუბრა. როგორც ციხისთავი აცხადებს, მარიამ გოგინაშვილი პანკისში ჰყავდათ გატაცებული და ის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებისას ატეხილ სროლას შეეწირა. მისი ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი.

ციხისთავის ნაამბობმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. პანკისელები მშვიდად შეხვდნენ ამ მონათხრობს. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, პანკისი უამრავ საიდუმლოს ინახავს და შორს არაა ის დრო, როცა ბევრი რამე გამოვა სააშკარაოზე.

რას უკავშირდება ციხისთავის აღსარება? ვინ გააფრთხილა ირაკლი ღარიბაშვილი? რა აკავშირებს მაჩალიკაშვილებს ჭიჭიაშვილის მიერ მოკლულ ნაირა მარგოშვილთან? რა აქვთ მოსაყოლი პანკისელებს? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ ბატონო მალხაზ, ვახო სანაიას გადაცემაში კოტე ციხისთავმა პანკისურ ამბებზე საოცრებები მოყვა. პანკისში იმ წლებში ბევრი ცუდი რომ ხდებოდა, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ მთლად ასეთიც არ გვეგონა. თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ეს ყველაფერი მოისმინეთ?

_ პირველ რიგში, ვახო სანაიაზე ვინერვიულე. ის უძღვებოდა იმ გადაცემას, სადაც მისი ძმის მკვლელობაზე იყო საუბარი. ეს მისთვის უმძიმესი მოსასმენი იქნებოდა. რაც შეეხება ჩემს რეაქციას კოტე ციხისთავის ნაამბობზე, ბევრი რამე ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ასე თუ ისე, მეც მქონდა მაგ ადამიანებთან კავშირი და რაღაცები მეც ვიცოდი.

_ რა კავშირი გქონდათ ამ ადამიანებთან?

_ ჩემი ნათესავები არ ყოფილან, უბრალოდ ვიცნობდი მაგ ადამიანებს. პანკისი პატარა კუთხეა, სადაც ყველა ყველას იცნობს. პირადად თუ არ იცნობ, მასზე გაგებული მაინც გექნება რამე. ვიცნობდი იმ ხალხს და ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მზადდებოდა. პანკისში ყველანი რაღაც ძალიან ცუდის მოლოდინში ვიყავით.

_ იმაზე ცუდის, რაც ისედაც ხდებოდა ხეობაში?

_ მაგაზე ბევრად ცუდს ველოდით.

_ ციხისთავი ამბობს, რომ რაც მაშინ პანკისში ხდებოდა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ იქ რუსული ჯარი შემოსულიყოო. თქვენ რას ფიქრობთ ამ ვერსიაზე, _ მართლა ამისთვის კეთდებოდა ყველაფერი, თუ კრიმინალების თარეშთან გვქონდა საქმე?

_ ყველას თავისი აზრი აქვს და შეუძლია ისე ილაპარაკოს, როგორც ფიქრობს. პანკისის მიმართ რუსეთს, ბუნებრივია, ჰქონდა ინტერესები, ეს ინტერესები დღესაც არსებობს. მაშინ მარტო რუსეთის ამბავი არ იყო პანკისში, კრიმინალებიც თარეშობდნენ. იმ პერიოდში მთელ ქვეყანაში განუკითხაობა იყო. თქვენ ვერ დამისახელებთ საქართველოს ვერცერთ კუთხეს, სადაც მაშინ საშინელებები არ ხდებოდა. პანკისში განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო.

მინდა, თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ პანკისში არც ახლაა მთლად კარგი მდგომარეობა. დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში რუსეთის მართული ხალხია და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პანკისში რუსული ჯარი შემოვიდეს. იმ წლებშიც რუსეთის მართულები ისხდნენ საქართველოს ხელისუფლებაში და რუსეთის დავალებით ძაბავდნენ სიტუაციას პანკისში.

ყველანაირი ნიადაგი მზად იყო იმისთვის, რომ იქ რუსეთს თავისი სამხედრო ნაწილები გადმოესროლა. საბედნიეროდ, მაშინ თავიდან ავიცილეთ რუსების შემოჭრა. რუსები არც ახლა იტყვიან უარს პანკისში შემოსვლაზე, მაგრამ იმ წლებში უფრო მეტად უნდოდათ პანკისის გაკონტროლება. ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე აქვთ კონტროლი დამყარებული და ჩათვალეთ, რომ მათი ხელით პანკისსაც აკონტროლებენ და დანარჩენ საქართველოსაც. 

_ იმ წლებში რატომ უნდოდათ რუსებს ასე ძალიან პანკისში შემოსვლა?

_ იმიტომ, რომ მაშინ ზამთარში ჩეჩენი მებრძოლები პანკისში გადმოდიოდნენ, აქ იზამთრებდნენ, იშუშებდნენ ჭრილობებს და მერე უკან ბრუნდებოდნენ. მათთან ბრძოლა რუს სამხედროებს ძალიან უჭირდათ. პანკისს თუ გააკონტროლებდნენ, ჩეჩენი მებრძოლები იქ სულის მოსათქმელად ვეღარ გადავიდოდნენ. ზამთარში დამალვა ძნელია და იოლად გაანადგურებდნენ მათ. რუსული არმია რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ჩეჩნებს.

ახლა ყველასთვის ცნობილი ამბავია ეს და ამიტომ ღიად ვილაპარაკებ: პანკისში გამოიზამთრა საველე მეთაურმა რუსლან გილაევმა და მისმა დაჯგუფებამ. უფრო ადრე პანკისში იმყოფებოდა ასევე საველე მეთაური შამილ ბასაევი თავის დაჯგუფებასთან ერთად.  კოტე ციხისთავი ამბობს, რომ თითქოს ჩეჩენი მებრძოლები რუსებთან შეთანხმებით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მოსაზრებას ვერაფრით გავიზიარებ. მე სულ სხცა ინფორმაციას ვფლობ საქართველოში მათი შემოსვლის შესახებ.

_ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ ჩეჩენ მებრძოლებს რუსები საქართველოში როგორ გამოუშვებდნენ, როცა დასახოცად დასდევდნენ. ეს გამორიცხულია.

_ ამ მებრძოლებში რუსების აგენტების ყოფნას გამორიცხავთ? რუსებს მათი დახმარებით შეეძლოთ პანკისში არეულობის გამოწვევა.

_ ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩეჩენი მებრძოლები პანკისში არაფერს აშავებდნენ. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და არავის ეკონტაქტებოდნენ. რუსებს პანკისში არეულობის მოსაწყობად საქართველოში ისედაც ბევრი ხალხი ჰყავდათ. ასე რომ, ვერ დავეთანხმები ციხისთავს, თითქოს ჩეჩენი მებრძოლები პანკისის ხეობაში რუსებმა შემოუშვეს.

რუსები ჩეჩენ მებრძოლებს დასახოცად დასდევდნენ, განსაკუთრებით რუსლან გილაევისა და მისი ჯგუფის განადგურება უნდოდათ. გილაევი რუსეთის დავალებით არ მოქმედებდა, ის ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა კიდევაც.

ციხისთავის მიერ დასახელებული პირები ყველაფერს აკეთებდნენ, პანკისში არეულობა და დაძაბულობა რომ ყოფილიყო. სიტუაციას ბოლომდე არ ამწვავებდნენ, ხეობა ნაპერწკალივით ჰქონდათ, რომლის აფეთქება ნებისმიერ წამს შეიძლებოდა. თამაზ თამაზაშვილს ბევრი სიბინძურე აქვს ჩადენილი. კოტე ციხისთავი როგორც ჰყვება, ნაირა მარგოშვილიც მისი მითითებიც მოიშორა შოთა ჭიჭიაშვილმა.

_ თქვენ გქონდათ რამე ამის შესახებ გაგონილი? სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ქალის მკვლელობა ბევრად მძიმე ცოდვაა და ორი კაცის მოკვლას უტოლდებაო. ჭიჭიაშვილმა ხომ იცოდა ეს? ამას მაინც რატომ არ მოერიდა და რატომ მოკლა ნაირა მარგოშვილი?

_ მოგეხსენებათ, რომ ვაინახებს სისხლის აღების თავისი წესები გვაქვს. ქალის მკვლელობა ითვლება ორი კაცის მკვლელობად. ჭიჭიაშვილმა შესაძლოა, ამ წესის შესახებ არაფერი იცოდა. ის არ იყო პანკისელი, ის იქ ისევე იყო შემოსული, როგორც სხვა კრიმინალები. ის პანკისში დაბუდებული კრიმინალების მეთაური გახლდათ.

ნაირა მარგოშვილის მკველობას რაც შეეხება, ამაზე პანკისში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ბევრი რამე ჩვენც გვქონდა გაგებული. მისი მკვლელობის თავი და თავი იყო თამაზ თამაზაშვილი. ნაირას ამბავზე ბევრი ვიცი, ის ჩემი მეუღლის ალალი ბიძის ცოლია. ნაირას ქმარი და ჩემი მეუღლის, მედიკოს მამა, ძმები იყვნენ.

ამ მკვლელობაზე ბევრი რამე იციან პანკისში, მაგრამ ამ თემაზე არ საუბრობდნენ. ასე მგონია, რომ ელოდებოდნენ, როდის დაიწყებდა ვინმე ამ საკითხზე საუბარს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლა ბევრი ილაპარაკებს ამაზე, ბევრ სკანდალურ ამბავს აეხდება ფარდა. ძალიან ბევრი რამეა დამალული. კონკრეტულმა პიროვნებამ დაასახელა კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დანაშაული დაუკვეთეს და ჩაიდინეს. ახლა ჯერი საგამოძიებო უწყებებზეა.

_ საგამოძიებო უწყებები მოსთხოვენ ვინმეს პასუხს?

_ ამაზე მე რა უნდა გიპასუხოთ, ამაზე მათ უნდა დაუსვათ კითხვები. ჩემი აზრი ასეთია: კოტე ციხისთავის ნაამბობით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. ეს იმდენად გახმაურებული საქმეა, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არაფრით გამოვა. ის ადამიანი, ვინც ნაირა მარგოშვილის მკვლელობის დამკვეთია, გახლავთ საქართველოს პრემიერი.

_ პრემიერი თუ პრემიერის სიმამრი?

_ დღეს საქართველოს პრემიერი რეალურად არის თამაზ თამაზაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი ამ პოსტზე ივანიშვილს თამაზაშვილმა დაანიშნინა. თამაზაშვილია პრემიერის მთავარი მრჩეველი. მის გარეშე ირაკლი ღარიბაშვილი ერთ ნაბიჯსაც კი არ დგამს.

შევარდნაძის დროს თამაზაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო და ყველა ის სიბინძურე, რაც მაშინ ტრიალებდა, მის სახელს უკავშირდება. პანკისში რომ ნარკოტიკები მზადდებოდა და იყიდებოდა, ამის უკანაც თამაზაშვილი იდგა. ჰკითხეთ ნებისმიერ ქისტს, ყველა ამას გიპასუხებთ, რაც მე გითხარით. პანკისის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი რეგიონი იყო, მაგრამ თამაზაშვილმა და მისმა გარეწარმა თანამოაზრეებმა იქაურობა კოშმარად გადააქციეს, სადაც ყოველდღე ბევრი უბედურება ხდებოდა.

_ თამაზ თამაზაშვილზე მაშინაც ბევრს საუბროდნენ, მაგრამ არავის უხსენებია კობა ოთანაძე. ციხისთავი ამტკიცებს, რომ ისიც ბევრ ცუდ ამბებს ატრიალებდა პანკისის ხეობაში.

_ გაკვრით მაგაზეც რაღაც-რაღაცები მსმენია. პანკისში ეს ამბები რომ დაიწყო, ახალი ჩამოსული ვიყავი ჩეჩნეთიდან.  სულ იმას ველოდებოდით, რომ ერთ დღეს რაღაც ისეთს ჩაიდენდნენ, რომ რუსები შემოვიდოდნენ ხეობაში. პანკისში და დანარჩენ საქართველოშიც კარგად იცოდნენ, რომ გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებებისა და ათასი სხვა უბედურების უკან თამაზაშვილი იდგა.

_ გიორგი სანაიას მკვლელობის ამბავზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, ისიც პანკისს შეეწირა? მისი მკვლელობის დღიდან მოყოლებული საუბრობენ რაღაც კასეტაზე, რომელიც მან ნახა. რა იყო ამ კასეტაზე ისეთი, რისი ნახვაც გიორგი სანაიას სიცოცხლის ფასად დაუჯდა?

_ მაშინ პანკისთან დაკავშირებით ბევრი კასეტა არსებობდა. ის კასეტა, რომელზეც არის საუბარი, ბევრს არ აქვს ნანახი. როგორც ამბობენ, იმ კასეტაზე სასწაული რამეებია აღბეჭდილი, ალბათ, ძალიან სერიოზული თემაა, რადგანაც ამის გულისთვის მოკლეს გიორგი სანაია. ეს მკვლელობა დღემდე არ არის გამოძიებული. ციხისთავი რომ არ ალაპარაკებულიყო, ამას არავინ გაიხსენებდა. სიმართლის დადგენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ვერავინ გაიგებს, ვინ და რატომ მოკლა გიორგი სანაია.

_ კოტე ციხისთავი ამბობს, რომ გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა თავისი ხელით. ეს თქვენთვის საკმარისი არ არის?

_ რატომღაც, არ მჯერა, რომ გიორგი სანაია პირადად შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ვიღაც სხვა შეასრულებდა ამ მკვლელობას. ჭიჭიაშვილი იყო პანკისში შემოსული კრიმინალების თავი და თავი.

ის, რაც კოტე ციხისთავმა მოყვა ვახო სანაიასთან, ეს პანკისელებმა ისედაც იცოდნენ. როგორც უკვე გითხარით, ხალხი ელოდებოდა, რომ ამ თემაზე ვინმე დაიწყებდა საუბარს, რომ მერე თავადაც აჰყოლოდნენ. ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სკანდალურ დეტალს მოვისმენთ პანკისელებისგან. ამაზე საუბარი ადვილი არ იქნება, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას და ითქმება კიდევაც. როგორც ციხისთავს მოუნდა სიმართლის თქმა, ისევე მოუნდებათ სხვებსაც, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ამ ამბების მოყოლა არ იქნებოდა ადვილი ციხისთავისთვის. არაა იოლი ასეთ რამეებზე საუბარი. განსაკუთრებულად შემტკივა გული ვახო სანაიაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ისმენდა, თუ ვინ, როგორ და რატომ მოკლა მისი ძმა. გადაცემას რომ ვუყურებდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, როგორ უძლებს ამ ყველაფერს ვახო სანაია-მეთქი?!.

მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგი სანაიასა და სხვათა მკვლელობების გამოძიების იმედი არ მაქვს. რამდენიმე წლის შემდეგ ეს შესაძლებელია, მაგრამ ახლა გამორიცხეთ, რომ ამ საქმეებზე სიმართლე გაირკვეს. ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ამ უბედურებებს ატრიალებდნენ, დღეს საქართველოს სათავეში არიან. როგორ გგონიათ, ისინი დაუშვებენ იმას, რომ მათი დანაშაულები გამომზეურდეს? ყველაფერს იღონებენ, რომ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს. ჯერჯერობიით მიზანს აღწევენ, ხვალ კი ყველაფერი შეიცვლება და ბევრ რამეს აეხდება ფარდა. ვინ იცის, რამდენი საიდუმლო იმალება.

ყოველთვის მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი იმაზე, რაც მაშინ პანკისის ხეობაში ტრიალებდა. კოტე ციხისთავს რომ მოვუსმინე, მივხვდი, რომ რაღაცები არ მცოდნია და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე არ ვიცით არც მე და არც პანკისელებმა.

_ რა იყო თქვენთვის მოულოდნელი ამბავი?

_ მე არ ვიცოდი, თუ მაშინ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსების მკვლელობებიც იგეგმებოდა. როგორც კოტე ციხისთავმა მოყვა, მაშინ შევარდნაძე, სააკაშვილი და ჟვანია უნდა მოეკლათ.

_ თქვენ გჯერათ, რომ მათი მკვლელობები იგეგმებოდა?

_ წლების წინათ შეიძლება არ დამეჯერებინა, მაგრამ ახლა მჯერა. ახლა არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ციხიდან გამოსული ჭიჭიაშვილი თამაზ თამაზაშვილმა მიავლინა უკრაინაში. ციხიდანაც თამაზაშვილმა გამოაშვებინა ჭიჭიაშვილი.

_ უკრაინაში რისთვის გაუშვეს? უკრაინაში იმყოფებოდა სააკაშვილიც და მისთვის უნდა მოეწყო რამე?

_ მე ტყუილის თქმა არ მიყვარს, სააკაშვილის მოსაკლავად არ გაუშვიათ უკრაინაში ჭიჭიაშვილი. ის ციხიდან გამოიყვანეს და საქართველოდან გაუშვეს. მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად უკრაინა მიიჩნიეს და იმიტომ მიავლინეს იქ.

თავიდან რომ გავიგე, ჭიჭიაშვილი უკრაინაში წავიდაო, შევწუხდი, მიშას არაფერი დაუშავოს-მეთქი. უკრაინაში მცხოვრებ ჩეჩნებს ვთხოვე, ჭიჭიაშვილისთვის თვალი ედევნებინათ. ისინი თვალს ადევნებდნენ და მათგან ვიცი, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ არაფერს გეგმავდა.

_ ციხისთავის ნაამბობი შესაძლოა, სრული სიმართლეა, მაგრამ არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ ალაპარაკდა ადამიანი ამ თემებზე?

_ როგორ არ მიჩნდება! ბევრი წელი ინახავდა ეს კაცი ამ საიდუმლოს. საინტერესოა, ან მაშინ რატომ დუმდა, ან ახლა რატომ ალაპარაკდა? იმედია, გავიგებთ მისი ალაპარაკების მიზეზს. მის ნაამბობში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ არ მეპარება, რომ ამ კაცმა ილაპარაკა ის, რაც იყო.

_ რა ვიცით, რომ ეს მართლაც ასე იყო?

_ ბევრი რამე ვიცი პანკისში მიმდინარე ამბებზე და ციხისთავის ნაამბობს ემთხვევა. გოგინაშვილის ბავშვი რომ შეიარაღებული პირების შტაკებას შეეწირა, ეს ყველამ იცის. მისმა პატრონმა დღემდე არ იცის, სადაა დამარხული ბავშვი. იმაზე დიდი უბედურება რა გინდათ, რომ ერთადერთი შვილი მოუკლეს და მისი საფლავიც კი არ იციან, სად არის. პიტერ შოუც იმ შეტაკების დროს გამოიქცა. ის იმით გადარჩა, რომ ჩვენების საგუშაგომდე მოაღწია. ასე მგონია, რომ ციხისთავი არაფერს იგონებს და ყველაფერს ყვება, რაც იცის. ბევრი რამე რომ იცის, ამაში, მგონი, არავის გეპარებათ ეჭვი.

_ ბევრი რამე რომ იცის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეჭვებს მისი ალაპარაკება აჩენს. საინტერესოა, რამ აალაპარაკა? ცოდვებმა შეაწუხა?

_ არაა გამორიცხული, რომ ცოდვებმა შეაწუხა. ადამიანი ასაკში რომ შედის, ახალგაზრდობაში ჩადენილი საქმეები აწუხებს. დანაშაულის მომენტში ბევრს არ ფიქრობენ, მაგრამ გადის დრო და ცოდვა ადამიანს ძალიან აწუხებს. იმდენად აწუხებს, რომ ის ამაზე ხმამაღლა იწყებს საუბარს. კოშმარები იწყება, დაღვრილი სისხლი მაინც თავისას შვრება. მე უფრო მგონია, რომ მაგ კაცს შურისძიების წყურვილი კლავს. მას სურს, რომ თამაზაშვილზე იძიოს შური.

_ ამის მოყოლით როგორ უნდა იძიოს თამაზაშვილზე შური?

_ ახლა თამაზაშვილს ვერაფერს დააკლებს. მის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრება, მაგრამ მოვა დრო და ყველაფრისთვის მოსთხოვენ პასუხს. ამაში ეჭვი არ მეპარება. დღეს სიმართლის დადგენას ნუ ელოდებით, თამაზაშვილი ახლა პრემიერია. ისე, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ აალაპარაკა ციხისთავი და ამით ირაკლი ღარიბაშვილი გააფრთხილეს.

გაზიარება