- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-01-31 03:34:14
გიორგი საკარული
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ის ბოლშევიკური და ფაშისტური შემართებით შეუდგა კულტურისა და ხელოვნების მუშაკების აწიოკებას. მადლიერმა საზოგადოებამ მას კაბიანი ნიკოლაი ეჟოვი შეარქვა, ადამიანი, რომელიც საბჭოთა რეპრესიების დროს ხელმძღვანელობდა მასობრივ დაპატიმრებებსა და დახვრეტებს.
თეა წულუკიანის ქმედებები გასცდა კულტურასა და ყოველგვარ ადამიანურ საქციელს. მინისტრის ხისტ გეგმებზე, რომელიც უკვე შეფასდა ანგარიშსწორებად, ჩნდება უამრავი კითხვა, _ იწყებს თუ არა წმენდას წულუკიანი სამინისტროში განსხვავებული შეხედულებების გამო?!
„წულუკიანის კულტურის პოლიტიკა, სამწუხაროდ, არის უკიდურესად დესტრუქციული, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს კულტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობაზე. ის ენა, რომლითაც ის გვესაუბრება, ძალიან ცუდ წარსულს გვახსენებს, რომელზედაც ჩვენს ქვეყანას უკვე უარი აქვს ნათქვამი და არავინ აღარ დაუშვებს ამ წარსულის დაბრუნებას“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ.
მინისტრისთვის, როგორც ჩანს, მიუღებელია ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით ლაშა ბაქრაძის კრიტიკული განცხადებები. მისი განთავისუფლების საბაბად კი წულუკიანი ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის წიგნს გამოიყენებს, სადაც ანა კალანდაძის ლექსი ავტორის გარეშეა მითითებული.
ამის შესახებ კულტურის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყებაში ამბობენ, რომ წიგნის რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას და ამის გამო „ავადაც გახდა“.
ამასთან, უწყება ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საკითხის „სერიოზულად განხილვას“ გეგმავს.
„2021 წლის 31 დეკემბრიდან სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც.
ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი – დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე.
რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა.
სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.
რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია?
სამინისტროსთვის,ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.
საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამისს ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“, _ ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
კულტურის მინისტრი ამით არ კმაყოფილდება და მისი მორიგი მსხვერპლი ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი, ირმა მანაგაძე გახდა.
„რაც მისწავლია და მიშრომია, ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა! კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელთანაც 5-წუთიანი ზოგადი გასაუბრება მქონდა, დაადგინა, რომ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობას არ ვიმსახურებ! იმდენი უფროსი, დირექტორი, მინისტრი და მინისტრების მინისტრი გამომიცვლია, იმდენ პეტიციაზე მომიწერია ხელი, რომ ვერც მოვთვლი. არასდროს ჩემს პირად დამოკიდებულებასა და ზოგად შეხედულებებს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პატიოსნად მეშრომა. არასდროს არც ერთი დირექტორის „გუნდში“ არ ვყოფილვარ. მომხსნეს. ძალიან ცუდი და ძნელი ყოფილა. წარმატებები მუზეუმში დარჩენილ ჩემს მეგობრებს“, _ ამბობს ირმა მანაგაძე.
ერთადერთი, ვისაც წულუკიანის რეპრესიები არ შეეხო, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუაა. ადამიანი, რომელსაც ე. წ. კონკურსი არ ეხება და უვადოდ ინიშნება თეატრის ხელმძღვანელად. თუ რატომ, ალბათ, პასუხი ყველასთვის ნათელია.
„ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს და ჩვენ მას, პირველ რიგში, მსახიობებმა, ჟურნალისტებმა და მინისტრებმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს“, _ განაცხადა წულუკიანმა.
სტურუასგან განსხვავებით, რატომღაც, ბედმა არ გაუღიმა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან წულაძეს (ჭოლა), რომლის დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიცია გახდა.
„მას ვადა გაუვიდა“, _ თქვა თეა წულუკიანმა.
„ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ და ზოგიერთი მათგანი ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს განაცხადს და მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, განიხილება“, _ განაცხადა წულუკიანმა.
ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ კულტურისა და სპორტის მინისტრს რეპრესიების დაწყებაში უკვე სპორტსმენებიც ადანაშაულებენ.
მიზეზი რაგბის კავშირში დაწყებული საკადრო წმენდა და შემცირებაა, რომელიც იმ თანამშრომლებს შეეხოთ, რაგბის კავშირში ჩატარებულ არჩევნებს რომ აპროტესტებდა.
სრულიად გაუქმდა რაგბის კავშირისთვის საამაყო ერთ-ერთი მაღალი მიღწევების დეპარტამენტი. თუმცა გაუქმების მიზეზებზე თანამშრომლებს ახსნა-განმარტება არ მიუღიათ. შედეგად, განთავისუფლდა არაერთი მწვრთნელი და ვეტერანი მორაგბე, რომელთაც ქართული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
განთავისუფლებულ თანამშრომლებს უთხრეს, რომ დიდი შემცირება კულტურის მინისტრმა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ ფედერაციას კუთვნილ დაფინანსებას არ ჩაურიცხავდა. საკადრო წმენდა შეეხოთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს უჭერდნენ მხარს.
კერძოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, სიმონ მაისურაძე. მაისურაძე რაგბის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არა ივანიშვილის მეგობარ ტყემალაძეს, არამედ მის კონკურენტ აბუსერიძეს მიემხრო. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, წულუკიანი მხოლოდ მაისურაძეზე არ შეჩერდება და ის აქტიურად იქნება ჩართული ფედერაციის შიდა სამზარეულოში. ამასთან, მის პირად კონტროლზე იქნება აყვანილი ყველა ის პირი, რომელიც ფედერაციაში გაფაჩუნდება.
პარტია „ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე, წულუკიანს ადარებს კომისარს და მიაჩნია, რომ მინისტრი საბჭოურ მეთოდებს იყენებს განსხვავებული აზრის მქონე ხალხის დასასჯელად:
„იმ ადამიანებს, რომლებიც რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, სტუდენტობის დროიდან ვიცნობ, ეს ხალხი რუდუნებით ინარჩუნებდა ძალიან რთულ პირობებში ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობას და დღეს აღმოჩნდა, რომ კომისრის ფუნქციით მოვლენილი წულუკიანი მომართულია, ეს ხალხი ჩამოაცილოს ამ საქმეს. მან მსგავსი ქმედებები სცადა ლიტერატურის მიმართულებითაც. ეს სხვა არაფერია, თუ არა ნაცადი საბჭოური მეთოდი. წულუკიანი კომისრის ფუნქციით აღიჭურვა“.
ნინო გოგუაძე, „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ ბიძინა ივანიშვილს არასდროს აკლდა მისი ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი ადამიანები, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია თეა წულუკიანი. ძალაუფლებით აღჭურვილი თეა წულუკიანი სიამოვნებით უპირისპირდება დამოუკიდებელ, პროფესიონალ, კვალიფიციურ ადამიანებს. მათ, უბრალოდ, პოლიტიკური და საკუთარი თავისადმი ლოიალობის ნიშნით ცხრილავს და აგდებს კულტურის სამინისტროდან. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე გააკონტროლონ ქართული კულტურა, რაც შეუძლებელია. თუ მეცნიერებასა და კულტურას თავისუფალი ადამიანებისგან დაცლი, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება სრულიად დაუძლურდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველსა და კულტურის მინისტრს მიმართავს საგანგებო სიტუაციებში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია „ლურჯი ფარი“.
მიმართვა, რომელიც ღია წერილის სახით გავრცელდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ეხება და მასში, გარდა თანამშრომლების განთავისუფლებისა, საუბარია იმ საფრთხეზეც, რომელიც კოლექციას შეიძლება დაემუქროს:
1. მუზეუმის შენობის კონსერვაციის გეგმა _ იგი უნდა მოიცავდეს მულტიდისციპლინურ კვლევებს, მათ შორის, სახელოვნებათმცოდნეო, შენობის სტრუქტურული მდგრადობის, ფიზიკური მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებასა და ანალიზს და კონსტრუქციული გამაგრების, რესტავრაციისა და ადაპტაციის დეტალურ მეთოდოლოგიას;
2. მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი კოლექციების გადაადგილების გეგმა – საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების მიხედვით, კოლექციების გადაადგილების გეგმა კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ სად განთავსდება კოლექციები დროებით და როგორია კოლექციების გადატანის ვადები (როგორც ეს იყო მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ კოლექციების გადაადგილების გეგმაში),
არამედ:
– თუ რა პერიოდის განმავლობაში დარჩება კოლექციები დროებით საცავში (სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორც საცავის შერჩევა, ისე გარემო პირობების მოწყობა და კოლექციების შენახვის მეთოდი);
– კონკრეტული კოლექციისთვის ტრანსპორტირებისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალსა და ტრანსპორტირების მეთოდებს (საფრთხე, რომელიც მყისიერია ქაღალდის საფუძვლის კოლექციისათვის, შეიძლება არც ისე აქტუალური იყოს ქვის რელიეფების კოლექციისათვის);
– დროებითი საცავის მოწყობის პოლიტიკას (რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კოლექციების ტიპს, ექსპონატების დაცულობის მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებული რისკების ანალიზს)
• შენობა/სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს და არ უნდა შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს კოლექციებისათვის;
• დროებითი საცავის ავეჯი და გარემო პირობები (ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, განათება) უნდა შეესაბამებოდეს სამუზეუმო სტანდარტებსა ან/და კოლექციებისთვის ჩვეულ გარემოს;
• კოლექციების დასაცავად დროებით საცავში მიღებული უნდა იქნას უსაფრთხოების ზომები (ხანძრისა და შეჭრის საწინააღმდეგო სისტემები, უწყვეტი ვიდეო მეთვალყურეობა თუ სხვა);
• ყველა შესაძლო რისკის ანალიზს, რაც შეიძლება დაემუქროს კოლექციებს, პროცესის ყველა ეტაპზე, პოტენციური რისკების შეფასების, შემცირებისა და პრევენციის გზებს; ასევე იმ საფრთხეებს, რომლებიც დადგება, თუკი კოლექციები დარჩება დროებით საცავში იმაზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმის მიხედვით განისაზღვრა;
• კოლექციების ახალ საცავში გადატანის მარშრუტს, ტრანსპორტირების გზებსა და პროცესში მონაწილე პირების როლებს;
• გეგმაში უნდა მიეთითოს, თუ ვინ და რა მეთოდით ჩაატარებს კოლექციების გადატანის პროცესის დოკუმენტაციას“, – წერია განცხადებაში.
„ლურჯ ფარს“ მიაჩნია, რომ გეგმებზე სამუშაოდ მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აქტიურად ჩართვა:
„ამის საპირისპიროდ ვიგებთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს სამინისტრო ათავისუფლებს სამსახურიდან, რაც მიუღებელია და საფრთხეს უქმნის როგორც ეროვნულ კოლექციებს, ისე პროფესიონალი კადრების შრომითი უფლებების დაცვას.
სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ფასდაუდებელი გამოცდილების მქონე კოლექციების კურატორების დაკავებული პოზიციებიდან განთავისუფლების პროცესი ავტომატურად კარგავს წარმატებულად
განხორციელების შანსს. რადგან სწორედ მათ აქვთ ის არადოკუმენტირებული ინსტიტუციური ცოდნა და ინტუიცია ნიუანსების მიმართ, რომელთა გათვალისწინება უზრუნველყოფს კოლექციების გრძელვადიან, ადეკვატურ დაცვას. აგრეთვე, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების რეგულარული ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“.
ცნობისთვის: კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, „ქართული ოცნების“ შეცდომად მიიჩნევს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოჰაბიტაციის გამოცხადებას. შურისძიების წყურვილით შეპყრობილი მინისტრი კვლავ აგრძელებს რეპრესიებს. ეს არის ახალი მინისტრის ქმედებების მოკლე ჩამონათვალი.
„ქრონიკა+“ მომდევნო ნომრებში დეტალურად და ფაქტებით მოგიყვებათ იმ მსხვერპლთა შესახებ, რომლებიც წულუკიანის პოლიტიკასა და პირად შურისძიებას შეეწირნენ.