QronikaPlus
რუსული სკანდალი

რუსული სკანდალი

2022-01-31 03:21:41

ელისო კილაძე

რუსული გავლენებისთვის ბრძოლა საქართველოში ახალი არ არის: ჯერ იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება, მერე დაიწყო კულტურული ოკუპაცია.

საქართველოში გამოჩნდნენ ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები, მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო პორტალები, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე მუშაობენ.

იმის გამო, რომ 37-მანეთიან რუსეთზე მოტრფიალე თაობა პოლიტიკურ ამინდს საქართველოში ვერ ქმნის, რუსულ ნარატივში ახალი პატრიოტული მესიჯბოქსი გაჩნდა _ ლიბერალების წინააღმდეგ ბრძოლა ოჯახის სიწმინდის დასაცავად, მოხუცების პატივისცემა, ქართული მიწის დაცვა (გარეჯი საქართველოა), და ა. შ. ამ მესიჯბოქსის ავტორები ქართულ ჯარს საერთოდ არ ახსენებენ, რადგან სამხედრო რეფორმა ჩვენს ქვეყანაში დასავლეთსა და ამერიკულ ინვესტიციებს უკავშირდება.

ღიად პრორუსული პარტიები რუსეთთან ნორმალიზაციის გზებს სხვადასხვაგვარად ხედავენ _ „პატრიოტთა ალიანსი“ ნეიტრალიტეტის იდეასა და რუსეთთან თანაბარ პოზიციაზე დიალოგს ანიჭებს უპირატესობას. ამ მიზნით, საპარლამენტო ფრაქციის ფორმატში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ კიდეც მოსკოვში, სახელმწიფო დუმაში დეპუტატებთან შეხვედრაზე. არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობაში პატრონყმურ დამოკიდებულებას არჩევენ და ოკუპანტ ქვეყანას საქართველოში რუსული ბაზების განლაგების პირობას აძლევენ.

ასეთია სულ ახლახან შექმნილი პოლიტიკური პლატფორმა „ალტ ინფო“.

შპს „ალტ ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან გოჩა მარტინენკო და ციალა მორგოშია. ამ პლატფორმასთან მიბმულია „ალტერნატივა საქართველოსთვის“, რომელსაც წარმოადგენენ: კოტე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზალიშვილი და გიორგი ქარდავა, ეს უკანასკნელი რუსეთის მოქალაქეცაა.

სწორედ ამ ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა,  პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვალია.

„რას ვაპირებთ ჩვენ? ჩვენ რასაც ვაპირებთ, ღიად ვამბობთ. არაფერი იქნება დაფარული, ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას, _ ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი, კრემლში წყდება საქართველოს ბედი. ჩვენი ეკონომიკური ამოსუნთქვა და წინსვლა პირდაპირ მიბმულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები აღრ იყვნენ მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების მომსახურე პერსონალი. ჩვენი პრობლემების უდიდესი ნაწილი _ უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოგრაფია და ეკონომიკა _ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვართ დე ფაქტო ვასალების მდგომარეობაში.

რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული, მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირული ურთიერთობა“, _ განაცხადა ზურაბ მახარაძემ პარტიის ყრილობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაახარვეზა და საკაბელო ქსელშიც „ალტ ინფოს“ ჩართვაზე რიგმა პროვაიდერებმა უარი განაცხადეს, მათი პრობლემები მალევე მოგვარდა, პოლიტიკურ კულუარებში იმთავითვე გავრცელდა ხმები, რომ „ალტ ინფოსა“ და მორგოშიას ჯგუფს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და გავრილოვის მასპინძელი, ირაკლი კობახიძე მფარველობდა. სწორედ მისი კოორდინაციით შეიქმნა „ალტ ინფოს“ პლატფორმა, რომელიც მან „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ობიექტივის“ საპირწონედ გამოიყენა. მათ ანგარიშზეა 5 ივლისის ძალადობრივი დარბევა და შტურმი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელიც სწორედ „ალტ ინფომ“ წაახალისა, _ პარტიის ლიდერები ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია _ ამ ძალადობრივი შტურმისა და პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით გამოკითხეს და გაათავისუფლეს. კობახიძე ფიქრობს, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსს“ ჩაანაცვლებს, მაგრამ ვერ ითვალისწინებს იმას, რომ „ალტ ინფო“ მიუხედავად ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებისა, „ობიექტივს“ ვერ გაუტოლდება, თუნდაც იმის გამო, რომ მის ანგარიშზე არის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის ცხრა წელი და ციხის კადრების სისტემური დანაშაულის სკანდალური ნაწილის გადაღება-გასაჯაროება.

ჯერჯერობით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და „ალტ ინფომ“ რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზება ვერ შეძლო, მაგრამ  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში მრგვალი მაგიდა გამართეს და აქამდე არსებულ ყველა პრორუსულ პროექტს გადაუჯოკრეს ოკუპანტი ქვეყნისთვის მონური მორჩილების დასადასტურებლად.

ქართული მხრიდან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ:

ზურაბ მახარაძე _ „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც მრგვალი მაგიდის სპიკერმა პარტიის რეგისტრაცია და დასავლური ლიბერალური ძალების წინააღმდეგობის დაძლევა განსაკუთრებული სიამაყით მიულოცა;

გიორგი ქარდავა _ ამავე მოძრაობის გენერალური მდივანი;

შოთა მარტინენკო _ „ალტ ინფოს“ დამფუძნებელი;

თემურ ფიფია _ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი;

ირაკლი გოგავა _ ანალიტიკოსი;

სოსო მანჯავიძე _ პოლიტოლოგი;

არჩილ ბუბუტეიშვილი _ ა/ო სოლიდარობა მსოფლიოსთვის;

ტარიელ გაგნიძე _ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქტორი;

გიორგი მდივანი _ პოლიტიკური ბლოგერი;

ნიკოლოზ მჟავანაძე _ უფლებადამცველი.

განსაკუთრებით საინტერესო ამ ფორმატში იყო ახალი სახეების გამოჩენა.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრები ვიქტორ ცაავა და ირაკლი უბილავა, ამავე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატალი არღვლიანი.

რუსულ მხარეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ყაზბეგ ტაისაევი წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ზურაბ მახარაძემ, გიორგი ქარდავამ, შოთა მარტინენკომ, არჩილ ბუბუტეიშვილმა, თემურ ფიფიამ. თუმცა მოსაზრებები აქ ნამდვილად ხმამაღლა ნათქვამია, _ ყველა მათგანი პროდასავლურ ვექტორზე უარის თქმაზე, კავკასიაში რუსეთის უპირობო კონტროლზე, 3+3 ფორმატზე, რუსეთის იმპერიის ისტორიულ როლსა და ამერიკულ საფრთხეებზე ლაპარაკობდა. ზურაბ მახარაძემ ილაპარაკა რუსეთზე, როგორც მიზიდულობის ახალ ცენტრზე, გიორგი ქარდავამ კი იმპერატიული მოთხოვნა დააყენა, _ საქართველოს ვინც აკონტროლებს, ის აკონტროლებს კავკასიის რეგიონს ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსული იმპერია ისტორიულად საქართველოდან იწყებოდა ლოიალურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედადო.

ერთსაათიან ჩანაწერში ისეთ გულისამრევ ფრაზებს მოისმენთ, ქართულ პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ აღარც მოგინდებათ. მაგრამ აქ საყურადღებო იყო კიდევ ერთი დეტალი, _ „ალტ ინფოსა“ და კომპარტიის ლიდერის გამოსვლების პარალელურად, დანარჩენი მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები სტატისტებისა და „მასოვკის“ როლში იყვნენ, არანაირ დისკუსიასა და საკითხის განხილვაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. პლატფორმის გარე პოლიტიკური ძალებიდან სიტყვით გამოსვლის საშუალება „ევროპული სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრ ვიქტორ ცაავას მისცეს. ცაავა, ეტყობა, ერთადერთია „ევროპულ სოციალისტებში“, რომელსაც რუსულად დაწერილი ტექსტის გამართულად წაკითხვა შეუძლია და ასეც მოიქცა, _ ხოტბა-დიდებისა და ვასალობის შეთავაზების პარალელურად, ერთადერთი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილი ახსენა და არც „ქართული ოცნების“ კრიტიკა დავიწყებია. არავის აქვს ილუზია, რომ „ევროპული სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრი მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას გაბედავდა პარტიის ლიდერებისა და მათი კურატორის, ირაკლი კობახიძის გარეშე. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პარლამენტში შესული „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი წევრი სწორედ ირაკლი კობახიძემ გადმოიბირა, მათ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვეს. ამის გამო პარტიას, რომლის სახელითა და რესურსით პარლამენტში შევიდნენ, დაფინანსება და კომისიის წევრები წაართვეს, სანაცვლოდ კი საკუთარი პრივილეგიები მოიპოვეს. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ვიქტორ ცაავამ საკუთარ გამოსვლაში „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ პარტიას 2024 წლის არჩევნებზე გამარჯვების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია, ამიტომ ჩამოიყვანეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და ამიტომაც აპირებენ, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბარონო.

მმართველი პარტია შიდა და გარე აუდიტორიას იმაში არწმუნებდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით შესული ოთხი ბიზნესმენის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძის, ავთანდილ ენუქიძისა და დავით ზილფიმიანის მიერ დაფუძნებული პარტია „ევროპული სოციალისტები“ პროდასავლური ღირებულებების მატარებელია და საერთო არაფერი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულ ფრთასთან. დავით ზილფიმიანი ამბობდა, რომ პარტიის სახელთან დაკავშირებით მათმა ოთხეულმა ბევრი იფიქრა და პროდასავლური ორიენტაციის ხაზგასასმელად პრტიას სახელად შეურჩიეს „ევროპული სოციალისტები“. „15 წელია, მე ვითომ აშშ-ის რეზიდენტი ვარ, ნასასთან ჩემი ურთიერთობებიც ცნობილია“, _ აცხადებდა ზილფიმიანი. თავის მხრივ კი კობახიძე ხაზს უსვამდა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა  პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, რომელშიც არ იქნება არც ერთი ღიად პრორუსული პარტია“.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, _ ეტყოდა კობახიძეს ყველაზე გამოუცდელი პოლიტიკოსიც კი, მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის გამოსვლას მოისმენდა, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს შორს მიმავალი გეგმები აქვს: თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, 2024 წლისთვის „ქართული ოცნება“ იმდენად იქნება რეიტინგდაკარგული, რომ მას ამომრჩეველი საერთოდ არ ეყოლება. „ალტ ინფოს“, „კონსერვატიული მოძრაობისა“ და „ევროპული სოციალისტების“ სახით იგი ახალ დასაყრდენს ქმნის და სწორედ მათთან ერთად აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. ამ ეტაპზე ჩვენი წყარო არ აკონკრეტებს, ცნობილია თუ არა ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გეგმის დეტალები ბიძინა ივანიშვილისთვის.

გაზიარება