- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-01-28 05:15:21
თამარ ოქრუაშვილი
მომხდარის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები ტრაგედიაზე არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა:
ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ბრიფინგზე ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და ტრაგედია დევნილების პრობლემასთან არ დააკავშირონ:
„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება რამე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. გარდაცვალების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან“.
პრემიერი ღარიბაშვილი საერთოდ დადუმდა და სამძიმრის განცხადებაც არ გაუკეთებია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, დავით ფაცაცია, რომელიც ტრაგედიამდე დევნილებთან მივიდა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა, მოგვინებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
„ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი. ასევე უარყოფითად მოქმედებს ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია ამ მიმართულებით. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო, გავაკეთე. გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან. სამძიმარზე არ ვყოფილვარ, რადგან იქ არის ძალიან დიდი პროვოკაციის ჯგუფი, რომელიც შეეცდება, რამე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დევნილების ინტერესებს იყენებენ და ენმ-ში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, გვამებზე გაირაონ“.
დავით ფაცაცია, რომელიც ირაკლი კობახიძის სიძეა როგორც დევნილების, ისე ოპოზიციის მხრიდან „არარაობად“ შეფასდა.
უფლებადამცველი გიორგი ცობეხია, რომელიც ასევე აფხაზეთიდან დევნილია, დავით ფაცაციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ფაცაცია არცერთი დევნილის ოჯახს არასოდეს დახმარებია. ცობეხია „ქრონიკა+“-სთან აღნიშნავს, რომ ფაცაციას ერთადერთი პოლიტიკური დივიდენდი კობახიძის სიძეობაა:
„ფაცაციას გაკეთებული საქმე არავის გაუგია. გვაჩვენოს ერთი დევნილი ოჯახი, რომელიც დაასაქმა და რომელსაც დაეხმარა. „ქართლში“ რაც მოხდა, ეს არის მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ფაცაციას არ აქვს ნამუსი და ამაზრზენი კომენტარი გააკეთა. მას, ეტყობა, შუბლის ძარღვი გაუწყდა, _ სამძიმარზე იმიტომ არ მივედი, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციას მომიწყობდაო. „ნაციონალები“ კი არ მოუწყობდნენ პროვოკაციას, ოჯახის წევრების აღშფოთებას წააწყდებოდა და კიდევ კარგი, არ მივიდა. ეს იყო სირცხვილი, რაც მეტყველებს მის რეალურ პოლიტიკურ დონეზე“.
დევნილთა სააგენტო 2019 წელს შეიქმნა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა:
„2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
სააგენტოს შექმნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც საომარი მოქმედებებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო იძულებულნი გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.
სააგენტო, განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს და არაერთ მიზნობრივ პროექტს განახორციელებს.
2020 წლიდან სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხოლო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემო შეუქმნას“, _ წერდა ტიკარაძის უწყება.
_ სინამდვილეში, რა საქმიანობა გაწია დევნილთა სამინისიტრომ ამ მცირე პერიოდის მანძილზე?
გიორგი ცობეხია:
_ მას შემდეგ, რაც დევნილთა სამინისტრომ დევნილთა სააგენტო შექმნა და სიპის დონეზე გაიტანა ის საკითხები, რომელიც ეხება დევნილთა უზრუნველყოფას, ბესარიონ სიმონიშვილი იყო მთელი ეს დრო ამ სააგენტოს ხელმძღვანელი. იგი ახლა გადააყენეს. ეს ადამიანი პირდაპირ კავშირში იყო იმ კორუფციასთან, რაც დევნილთა სააგენტოში ხდებოდა.
ტენდერებში ჩართული ხალხი ნათესავები და კლანები არიან. არის ასეთი შპს „დეივიდი“, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, დევნილებისთვის ბინები აეშენებინა. აქედან ორი საცხოვრებელი კორპუსი დასრულდა და ისიც არასრულად, იქ გაზიც კი არ აქვთ შეყვანილი და ასე გადასცეს დევნილ ოჯახებს. ამავე დროს, ელემენტარულად, გარე ფასადი შეიძლება ჩამოიშალოს კიდეც, გვერდით არის ორი კორპუსი, რომელიც დაუსრულებელია. საინტერესოა ის, რომ ტენდერი გამოცხადდა 260 ოჯახისთვის, მხოლოდ 130-ზე შესრულდა. იმის მაგივრად, რომ სააგენტოს დაესრულებინა, პირიქით, მენაშენეებთან ერთად, მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ დღეს იქნება, ხვალ იქნება, სამინისტროს კომპეტენცია არ არისო და კომპანიისკენ იშვერდნენ ხელს, ატყუებენ ხალხს.
ხელშეკრულებას რომ გადახედოთ, როდის გაუვიდა ვადა, როდის უნდა შესრულებულიყო, ვინ გააფორმა, რელევანტული რამდენად იყო ბიზნესისთვის, ბევრ დარღვევას აღმოაჩენთ, დევნილთა სამინისიტრომ კი არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ის 130 ოჯახი, რომელზედაც განაწილებულია ბინები და სახლში ვერ შედის, დევნილთა სამინისტრომ ქირითაც კი არ უზრუნველყო. საბოლოო ჯამში, ეს არის კორუფციული სქემის ნაწილი. საგულისხმოა ისიც, რომ მათ ზოგ შემთხვევაში მშენებლობის გამოცდილებაც არ აქვთ. გორში, მაგალითად, პირველი იყო მათი ეს საქმე, რომელიც გამჭვირვალედ არ კეთდებოდა და სიმონიშვილი-ტიკარაძის დუეტი კარგად სარგებლობდა ამით. ვნახოთ, რა გაგრძელება იქნება და რამე შეიცვლება თუ არა ახალ ტენდერებში. ამ კომპანია „დეივიდს“ ტყუილებით გააქვს თავი დევნილებთან მიმართებით. მოსახლეობა საცხოვრებლად ვარგის ბინებში უნდა შეუშვა და აბაზანაში წებო-ცემენტიც არ იყო დასხმული, წყალი პირდაპირ ჩავიდოდა მეზობელთან. ეს კომპანია ძმებისაა და სიმონიშვილთან დაახლოებული პირები არიან.
თვითონ ჯემალ გამახარიას აქვს დიდი პოლიტიკური ცოდვები. ის რა თანამდებობასაც იკავებს, ესეც არასწორია. მთელ ამ სამსახურს განაგებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პირდაპირ გეტყვით, რომ „სუსის“ უშუალო ხელმძღვანელობით ხდება კადრების გადარჩევა და შერჩევა, ასევე ირაკლი კობახიძის სიძეც მათი დანიშნულია. ესენი არიან ფუტლიარები, რომელთაც არანაირი წონა არ გააჩნიათ. ისინი როგორც კომპანიას, ისე უყურებენ ქვეყანას.
შეგახსენებთ: 16 იანვარს თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შვიდსართულიანი შენობის სახურავიდან 52 წლის კაცი გადმოხტა. ზურაბ ჭიჭოშვილი ადგილზე დაიღუპა. იგი აფხაზეთიდან დევნილი იყო.
ამ ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები. დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან ყოფილი სანატორიუმის შენობა ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისი, რასაც, მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს.
დევნილები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცმა იმიტომ მოიკლა თავი, რომ დევნილთა პრობლემის მიმართ ხელისუფლების ყურადღება მიექცია.
მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს – სწორედ იმ დროს აქციის მონაწილეები იქვე ეზოში იყვნენ შეკრებილები. აფხაზეთის უზენაესი საბჭო კი ტრაფარეტული სამძიმრის განცხადებით შემოიფარგლა.