- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2022-01-28 05:07:44
შორენა მარსაგიშვილი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში განახლება-გადახალისების პროცესი დაიწყო. მთავარ ოპოზიციურ ძალაში მიაჩნიათ, რომ ეს განახლება აუცილებლად მოიტანს შედეგს. განახლების პარალელურად, „ნაციონალებმა“ საპროტესტო ფრონტი გაშალეს. მათ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან შემოუთვალა, რომ უფრო მეტი უნდა იმუშაონ სოციალურ პრობლემებზე. „ნაციონალების“ გააქტიურება ძალიან აწუხებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლება დასუსტდა და მალე შეიძლება გაქრეს კიდევაც.
რატომ დაიწყო მთავარ ოპოზიციურ პარტიაში გადაადგილებები? არის თუ არა დასუსტებული ყოფილი ხელისუფლება? შეძლებენ თუ არა ისინი ხალხის გამოყვანას ქუჩაში? აქვს თუ არა ბრძოლასა და პროტესტს აზრი? რა უნდა გააკეთოს ირაკლი კობახიძემ? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო ბიძინა, რატომ დაიწყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ განახლების პროცესი? რამე პრობლემები გაქვთ? ამ პრობლემებთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. საუბრობენ, რომ გავლენების გადანაწილება მიდის და ა. შ.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, რაც ოპოზიციაშია. როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე, მასზე მოდის ყველაზე დიდი წნეხი. ჩვენი აზრით, აუცილებელია განახლება. ეს განახლება გვჭირდება იმისთვის, რომ ახალი ხედვებით და ახალი სისხლით ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს მომავალი რომ საფრთხეშია, ამას, ალბათ, ყველა გრძნობს. ძალიან მალე დაინახავს ხალხი ჩენი პარტიის განახლების შედეგს. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ახალი ენერგიით შევუდგებით ქვეყნის განთავისუფლებასა და ფეხზე დაყენებას.
_ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ თქვენი პარტია ძალიან არის დასუსტებული და არ გამორიცხავს, რომ საერთოდ გაქრეთ კიდევაც. ამაზე რა პასუხი გაქვთ?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტებული სულაც არაა. გაქრობას რაც შეეხება, ეს საფრთხე ჩვენ ნამდვილად არ გვემუქრება. გასაქრობები რომ ვყოფილიყავით, აქამდე გავქრებოდით. უკვე მეათე წელია, რაც ოპოზიციაში ვართ, მაგრამ არ გავმქრალვართ. საქართველოში პირველად მოხდა, რომ ოპოზიციაში გადასული პარტია არ გაქრა და პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს. ჩვენ მხოლოდ კი არ ვაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ.
_ კობახიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა დაგასუსტებთ და გაგაქრობთ პოლიტიკური არენიდან.
_ ძალიან ცუდია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა უფრო ბევრ მოტივაციას გვიჩენს იმისთვის, რათა მეტად ვიბრძოლოთ. ჩვენ საქართველოსთან ერთად მესამე პრეზიდენტიც უნდა გავათავისუფლოთ, რომელიც ამ ხელისუფლებისა და პირადად პუტინის ტყვეა. ირაკლი კობახიძეს კი ვურჩევ, „ნაციონალების“ გაქრობაზე ბევრს ნუ ილაპარაკებს, ასეთი საუბრები ცუდად მთავრდება ხოლმე.
_ ვისთვის მთავრდება ცუდად?
_ ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს.
_ ცუდად დამთავრებაში რას გულისხმობთ?
_ ვინც „ნაციონალებზე“ თქვა, მთავრდებიანო, თავად დამთავრდნენ პოლიტიკურად. მაგალითისთვის გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილიც კმარა. ეს კარგად უნდა ესმოდეს კობახიძეს და სანამ სხვის დასრულებაზე ილაპარაკებს, შემთხვევით თავად არ დასრულდეს.
ირაკლი კობახიძის გულის გასახეთქად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, სადაც ახლა უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს. ამ პარტიას აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და ამას გააკეთებს კიდევაც. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას. „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, რომ სხვა პარტიებთან ერთად შექმნას კოალიციური მთავრობა. დღეს საქართველოს მხოლოდ კოალიციური მთავრობა გამოიყვანს იმ კრიზისიდან, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.
როდესაც ამ თუ იმ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და ამბიცია აქვს, მაშინ ის სტრუქტურულად უნდა იყოს გამართული. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ არ ჩავარდეს იმ დღეში, რა დღეშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო. ჩვენ მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არ გვინდა, იმაზეც ვფიქრობთ, რომ როცა ხელისუფლებაში მოვალთ, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ქვეყნის განვითარება და ფეხზე დაყენება. პარტია სტრუქტურულად გამართული თუ არ გვექნა, ვერც ქვეყანას დავეხმარებით.
ჩემი აზრით, მოსახლეობამაც და პარტიის წევრებმაც უნდა იცოდნენ, ვინ არის ამა თუ იმ მიმართულების ლიდერი. დამალული არ უნდა იყოს, თუ ვინ ჩაიბარებს ამა თუ იმ მიმართულებას. მე ყველანაირად მივესალმები ღიაობას, საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნებიან ლიდერები და ვინ რა დარგს გაუძღვება ახალ მთავრობაში. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიქმნება.
_ ღიაობა გასაგებია, რომ კარგია, მაგრამ კონკრეტული ფიგურები რა კონკრეტულ პოსტს დაიკავებენ, ამის გამოაშკარავება რა აუცილებელია?
_ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ საზოგადოებას გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება განვითარებასა და ჭაობში დარჩენას შორის.
_ ამბობთ, რომ პარტია ძლიერია. თუ ძლიერია, ეს სერიოზული ცვლილებები რა საჭიროა?
_ განახლება და რეფორმები ძლიერ პარტიასაც სჭირდება და სუსტსაც. სიახლეები და ახალი სისხლი საჭიროა. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასუსტებული არ არის, ამაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით. ბოლო ორ არჩევნებში „ნაციონალებმა“ უფრო მეტი ხმა აიღეს, ვიდრე წლების წინათ. ეს იმ ფონზე, როდესაც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. სუსტები რომ ვყოფილიყავით, შედეგებს არ გავაუმჯობესებდით. კობახიძის გასაგონად ვამბობ, რომ წინა არჩევნებთან შდარებით სულ ეუკეთესსა და უკეთესს შედეგებს ვაჩვენებთ.
ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობაც ყოველწლიურად მატულობს. ამას ერთი ახსნა აქვს _ ჩვენმა საზოგადოებამ დაიჯერა, რომ შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავალი „ნაციონალების“ თაოსნობით შექმნილ კოალიციურ მთავრობაშია. სწორედ ამას ემსახურება ის პროცესები, რაც ახლა ჩვენს პარტიაში მიმდინარეობს. ახალ ადამიანებსა და ახალ იდეებს წინ წამოწევის საშუალებას ვაძლევთ და მერე ამ ყველაფერს ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერების ზურგსუკან არაფერს აკეთებს.
_ კოალიცია ახსენეთ და ბევრი მიიჩნევს, რომ „ნაციონალები“, თუ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მიეცემათ, კოალიციას არ შექმნიან.
_ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებლად შევქმნით კოალიციას. გამოსავალი კოალიციურ მთავრობაშია.
_ გახარიასთან მართლა შექმენით კოალიცია? მას შემდეგ, რაც წალენჯიხაში გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, ყველა თქვენს შესაძლო ალიანსზე საუბრობს.
_ მხოლოდ მისასალმებელია, რომ წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ოპოზიციონერები გახდნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. „ქართული ოცნება“ არაფრის აზრზე არაა და ისიც კი არ იცის, თუ რა არის კოალიცია ან რა შემთხვევაში ფორმდება ის. კოალიცია იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი არ ესიმპათიურებოდეთ, მაგრამ ითანამშრომლონ, რადგან საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა. ამ შემთხვევაშც ასე მოხდა.
_ თქვენ რომ კოალიცია შეგექმნათ, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა?
_ წალენჯიხასა და ჩხოროწყუში დიახაც შედგა კოალიცია და ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში უზარმაზარი გაყალბების, შანტაჟისა თუ მუქარის მიუხედავად, მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ოპოზიციის სასარგებლოდ. ჩხოროწყუს საკრებულოში, ისევე როგორც წალენჯიხაში, ოპოზიცია უმრავლესობაშია. ამას ძალიან მტკივნეულად განიცდის მმართველი პარტია.
საზოგადოებამ ხელისუფლების ოპონენტებს უთხრა, რომ მათ სჭირდებოდათ ოპოზიციური მმართველობა. ეს მმართველობა აუცილებლად უნდა შემდგარიყო. ამასაც თუ ვერ მივაღწიეთ, რისთვის არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები? მომავალში უკვე მთელ საქართველოში კოალიციური იქნება მთავრობა. გამოსავალი კოალიციურ მმართველობაშია. მანამდე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
„ქართული ოცნებისთვის“ და მისი მხარდამჭერებისთვის გავიმეორებ, რომ კოალიცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასში შემავალ პარტიებს ერთმანეთი უყვარდეთ. ერთმანეთი რომ არ უყვართ და ისეთი პარტიები არიან კოალიციაში, ეს უფრო კარგია ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
_ რით არის ეს უფრო კარგი ან ქვეყნისთვის ან საზოგადოებისთვის?
_ კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთის ჯინაზე უფრო მეტს გააკეთბენ ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ. ისინი შეეცდებიან, რაც შეიძლება უკეთ წარმოაჩინონ თავი. თავის უკეთ წარმოჩენა კი საქმის კეთებით არის შესაძლებელი. ამიტომ არის კარგი, თუ კოალიციაში ის პარტიები იქნებიან, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. ეს იმიტომაც არის კარგი, რომ პარტიები ხალხის ზურგს უკან რაღაც თემებს ვერ დაალაგებენ.
ჩვენ კონკრეტულ საკითხზე შევთანხმდით გიორგი გახარიას პარტიასთან და რა მერე ამით _ არც არაფერი. ხალხის დაკვეთა შევასრულეთ და მორჩა. არც ჩვენ შეგვიყვარდება გიორგი გახარია და მისი პარტია, ასევე არც იმათ შეუყვარდებათ „ნაციონალური მოძრაობა“.
_ პოლიტიკაში დაპირისპირებული პარტიების შეყვარებებიც მოსულა.
_ ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ ვითანამშრომლეთ იმიტომ, რომ ეს იყო ხალხის დაკვეთა. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა გამხდარიყვნენ ოპოზიციონერები.
_ კარგად ვიცი პირადად თქვენი დამოკიდებულება გახარიას მიმართ. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. გულწრფელად გვითხარით, მართლა მიესალმებით პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციის გაფორმებას, თუნდაც ერთ კონკრეტულ საკითხზე?
_ მე მართლაც არაერთხელ მისაუბრია, თუ რა დამოკიდებულება მაქვს გიორგი გახარიას მიმართ, მაგრამ აქ მთავარი ჩემი გრძნობები არ არის. აქ მნიშვნელოვანია, თუ რა დაგვიკვეთა საზოგადოებამ. საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ გვეთანამშრომლა.
ადამიანურად ჩემთვის ძალიან ძნელია იმის აღქმა, რომ ჩემი პარტია იმ პარტიასთან თანამშრომლობს, რომლის ლიდერის წინააღმდეგ გამართული არცერთი აქცია არ გამომიტოვებია. ალბათ, გახსოვთ, რომ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლასაც ვაპროტესტებდი, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებამ ხმა მისცა განახლებას და ჩვენც ვალდებულები ვიყავით, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში კოალიციური მმართველობა შეგვექმნა. არ არის გამორიცხული, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ვითანამშრომლოთ. კიდევ რამდენიმე საკრებულოა თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი. პოლიტიკოსებმა უნდა ვისწავლოთ საზოგადოების აზრის პატივისცემა და პირადი გრძნობები თუ შეხედულებები გვერდით გადავდოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა უფსკრულის პირას დგას. _ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, რომ სოციალურ თემაზე გააქტიურდებოდა. გასულ კვირას სოციალურ თემებზე რამდენიმე აქცია გამართეთ. ერთ-ერთი აქციის დროს დაგაკავეს კიდევაც.
_ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია პროტესტის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დამაკავეს. ვერც მე და ვერც ჩვენი პარტიის სხვა წევრებს დაკავებებით ვერ შეგვაშინებენ და შეგვაჩერებენ. უსამართლობის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ სამართალი არ აღდგება.
_ უსამართლობა რომ დაამარცხო და შედეგს მიაღწიო, ბევრი ხალხი უნდა გამოიყვანო ქუჩაში. სოციალურ თემებზე შეძლებთ ხალხის გამოყვანას? პოლიტიკური თემებით ხალხის გამოყვანა ვერ შეძელით.
_ ტარიფებისა და ფასების ზრდა ყველას ეხება. ამ პრობლემას პარტიული კუთვნილება არ გააჩნია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს გაუძვირდა ტარიფი, ისევე გაუძვირდა „ქართული ოცნებისა“ და სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველს. ტარიფები და ფასები იმ ადამიანებისთვისაც გაიზარდა, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და არჩევნებზე საერთოდ არ დადიან. ეს პრობლემა ყველას გვეხება და ყველას გვაწუხებს.
სავარაუდოდ, ამ თემაზე შევძლებთ გაერთიანებას. შედეგის მიღწევა თუ გვინდა, ამა თუ იმ საკითხის გარშემო გაერთიანება უნდა ვისწავლოთ. ამის კარგი მაგალითია საფრანგეთი, სადაც უმნიშვნელოდ გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი, მაგრამ ამას ისეთი პროტესტი მოჰყვა, რომ ხელისუფლებამ ტარიფი იმაზე ნაკლები გახადა, ვიდრე იქამდე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროტესტის მონაწილეთა შორის ხელისუფლების მხარდამჭერებიც მრავლად იქნებოდნენ.
_ ჩვენთან ხელისუფლების მომხრეები არაფერს აპროტესტებენ, მათ შორის, არც ტარიფების ზრდას.
_ ძალიან ცუდია, თუ არ აპროტესტებენ. ცხოვრება მათაც ისევე უძვირდებათ, როგორც _ ჩვენ.
_ მათ ასეთი პრინციპი აქვთ: ოღონდ „ნაცები“ არ დაბრუნდნენ და ჯანდაბას სხვა ყველაფერიო.
_ ეს არასწორი მიდგომაა. რა შუაშია ამ ამბავთან „ნაცების“ დაბრუნება? ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ცხოვრება გაძვირდა. ეს ხალხი ხმას თუ არ ამოიღებს, ხვალ კიდევ უფრო გაუძვირდება ცხოვრება. ხელისუფლებას საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ ამ გაძვირებით მისი მხარდამჭერებიც ზარალდებიან. „ქართული ოცნება“ ტარიფების გაზრდით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული ამოაცალოს ხალხს ჯიბიდან და ამ ფულით ბიუჯეტი შეავსოს.
_ ბიუჯეტის შევსება უჭირთ?
_ ძალიან უჭირთ. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის შევსება უჭირთ, თავისი ჩინოსნებისთვის ხელფასების დარიგებაც ხომ უნდათ? დავით ნარმანიას 155.000 ლარი აქვს წელიწადში ხელფასი. ტარიფები თუ არ გაიზარდა, ის ამხელა ხელფასს ვერ აიღებს. აქედან გამომდინარე, ნარმანია ყველაფერს იკადრებს, რომ ტარიფები გაიზარდოს. ნარმანიას ნაირი ჩინოვნიკები მრავლად გვყავს. და ასეთები გვაზიან დღეს თავზე ბიძინა ივანიშვილის წყალობით.
იმ დროს, როცა მთელ საქართველოს გაუძვირდა ტარიფები, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. იქ მაინერები მუშაობენ და ბიტკოინებს აწარმოებენ. ყველამ ვიცით, რომ მაინინგი უბრალო ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ადამიანებმა ხატზეც დაიფიცეს, რომ მაინინგზე უარს იტყოდნენ, მაგრამ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, რადგან მაინერები ხელისუფლების ხელშია. მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს მთელი საქართველო ვიხდით.
ამის კარგი მაგალითია გლდანში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს მაინერები. თავისუფალი ეკონომიკური ზონაა გორშიც, სადაც 2 თეთრი ღირს ელექტროენერგია. სამაგიეროდ, ჩვენ გვახრჩობენ ტარიფებით. ნარმანიასგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი ფუფუნებაში არ ცხოვრობს. მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მათი გართულებული ცხოვრება და გასაჭირი დღევანდელი ხელისუფლების ბრალია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდება და ერთად შევძლებთ ამ უსამართლობის დასრულებას. ერთად დგომისა და ერთად ბრძოლის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. ვიმეორებ, ეს ცხოვრება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც ისევე გაძვირდა, როგორც სხვებისთვის, ამიტომ საპროტესტო ტალღას ისინიც უნდა შემოუერთდნენ.
_ მინდა, რომ ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი განცხადება შეაფასოთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ მიხეილ სააკაშვილმა მონასტერში მოიხადოს სასჯელი. ამბობს, მიშას იმდენი ცოდვა აქვს, მონასტერში ძალიან გაუჭირდებაო. ამაზე რას იტყვით?
_ კობახიძეს არ გაუგია გამოთქმა, პირველი ქვა იმან მესროლოს, რომელიც უცოდველიაო? ძალიან სასაცილოა და ამ დროს აღმაშფოთებელიც, რომ ირაკლი კობახიძე სხვის ცოდვებზე დაიწყებს ლაპარაკს. ირაკლი კობახიძის ცოდვებს რა ჩამოთვლის და რა გამოლევს?!
_ ასეთი ცოდვიანია?
_ მაგაზე ბოროტი და ბოღმიანი ადამიანი არ არსებობს. კობახიძეს შეუძლია, მშვიდად იყოს, _ სააკაშვილი არ აპირებს მონასტერში წასვლას. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის უნდა იყოს თავისუდალი და არა სადმე იხდიდეს სასჯელს. ისეთ სასაცილო რამეებზე ასამართლებენ ამ ადამიანს, რომ სირცხვილია. „ქართულ ოცნებას“ ხომ არაფრის რცხვენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებსაც რცხვენიათ იმ ბრალდებების გამო, რაც მიშა სააკაშვილს აქვს წარდგენილი.
პრეზიდენტებს, როგორც წესი, იშვიათად ასამართლებენ. „ქართულ ოცნებას“ შემთხვევით არ დაუჭერია მიხეილ სააკაშვილი. ისინი მტრობენ ქვეყანას და მიზანმიმართულად ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის გარდა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ნიჰილიზმის დათესვასაც ცდილობს. გამეფებულია სიღარიბე და უმუშევრობა. ასეთ დროს უფრო იოლია ხალხის მართვა. დარწმუნებული ვარ, ხალხი უარს იტყვის ასეთ ყოფაზე და გამოფხიზლდება. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ უსამართლობასთან და ტარიფების მატებასთან. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლაც მოიტანს შედეგს.