QronikaPlus
„ხანდაზმული დანაშაული“ _ პოლიტიკური დევნის პოლიტიკური ვერდიქტი!

„ხანდაზმული დანაშაული“ _ პოლიტიკური დევნის პოლიტიკური ვერდიქტი!

2022-01-24 03:59:28

ნენე ინჯგია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი, დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, მაგრამ სასჯელის მოხდისგან ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა.

გამოცხადებული განაჩენი

12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელს არ მოიხდიან, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.

სწორედ სამართლებრივი დევნის ხანაზმულობის გამო, მოსამართლემ 7-წლიანი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

რას აცხადებენ პარტია „ლელოში“ სასამართლო განაჩენის შესახებ?

„ქრონიკა+“-თან საუბრისას „ლელოს“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ ეს საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო და ემსახურებოდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას. გარდა ამისა, ისინი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და უსამართლო სამართალდამცველი სისტემის დემონტაჟისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

„წუხელ გვიანობამდე განვიხილავდით ვერსიებს. ცხადი იყო, რომ არ გაამართლებდნენ, მიუხედავად იმისა, ამდენი წლის განმავლობაში ვერც ერთი სამხილი ვერ შეაკოწიწეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. საგამოძიებო სამუშაოები, პრაქტიკულად, არ ჩატარებულა. ჩვენ განვიხილავდით ორ ვერსიას: ან დაჭერის თავზეხელაღებულ გადაწყვეტილებას, რაც უმძიმეს რეალობას აყენებდა ქვეყანაში პოლიტპატიმრებისა და მედიაზე ზეწოლის გაძლიერების კუთხით; მეორე ვერსია კი იყო, თუ როგორ შეეძლოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიძინა ივანიშვილს გამომძვრალიყვნენ თავიანთი გაბლანდული საქმიდან. სწორედ ეს ვერსია გახლდათ ის, რაც დღეს გამოაცხადეს. ეს არის აბსოლუტურად საქმეს აცილებული გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით ძიებაც კი არ ჩატარებულა, უბრალოდ, დღეს ასე დასჭირდათ და ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის გასაჩივრებასაც ჩვენ ვაპირებთ.

გარდა ამისა, ვაპირებთ, ამ უსამართლო სამართალდამცველი სისტემის პირობებში აქტიური ბრძოლა გავაგრძელოთ სისტემის დემონტაჟისთვის, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას ვერ შევინარჩუნებთ. ქვეყანა დაკარგავს დასავლურ ორიენტაციას და ამ ორიენტაციის არარსებობის პირობებში გავხდებით რუსეთის გუბერნია. ამისთვის არ გვიბრძოლია არც ჩვენს თაობას, არც წინას და არც ჩვენს შემდგომ თაობებს. გარდა ამისა, არც დღევანდელი ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ საქართველოსთვის ვინმემ ასეთი ბედი განსაზღვროს“, _ განაცხადა „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას თქმით კი ეს საქმე არის კლასიკური მაგალითი სამართლის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებისა:

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის სამართლებრივი თაღლითობა, რაც გააკეთეს. ეს არის კლასიკური მაგალითი სამართლის საკუთარი პოლიტიკური ინტერებისთვის გამოყენებისა, როდესაც საქმე დაიწყეს ფულის გათეთრების მუხლით, ბრიფინგები ატარეს, რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულიყო და ინვესტორები განედევნათ საქართველოდან. შემდგომ კი ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. დროებით, მაგრამ მაინც მიზანს მიაღწიეს, რომ ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ობიექტი შეჩერებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით, ბოლომდე ვერ გარისკეს და იპოვეს ის შუალედური გადაწყვეტილება, რომ სახე შეენარჩუნებინათ. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და საბოლოოდ, ამ საქმეზე დადგება სამართლიანი გადაწყვეტილება, თუნდაც ევროპის სასამართლო დაგვჭირდეს, მაგრამ მგონია, რომ მალე მოხდება ქვეყანაში ცვლილებები, სასამართლო რეფორმა განხორციელდება და არა მხოლოდ ამ საქმეზე იზეიმებს სამართალი“, _ აცხადებს სამუშია.

შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში

ოპოზიციონერ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას „სამართლებრივი თაღლითობა“ ჰქვია, გარდა ამისა, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ამ საქმის წამოწყების მთავარი ამოცანა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება იყო.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა მთავარი რამ, რომ „ქართული ოცნება“, ივანიშვილი და მისი კუთვნილი პროკურატურა, სასამართლო ჩვეულებრივ სამართლებრივ თაღლითობას ეწევიან. სამი წლის განმავლობაში ყველამ, მათ შორის, რიგითმა პროკურორმაც იცოდა, რომ ამ საქმეში არანაირი ფულის გათეთრება არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, შავი პიარისთვის, დამცირებისთვის, შეურაცხყოფისთვის, შეშინებისთვის ჩვენ ვუყურებდით შაპიტოს ცირკს, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ არის თავისუფალი სასამართლოს ზეიმი, ეს არის არც მწვადისა და არც შამფურის დაწვა. პოლიტიკურად ამ ადამიანების დაჭერა წარმოუდგენელი იყო იმიტომ, რომ ეს გამოიწვევდა ძალიან მძაფრ საერთაშორისო რეაქციას და კრიზისის კიდევ უფრო რადიკალიზაციას. მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტიკური განაჩენი იმიტომ, რომ გამართლების ნაცვლად, მათ მუხლი შეუცვალეს და კოლექტიურ ოხანაშვილს მისცეს საშუალება, რომ ილაპარაკონ: ხომ ვამბობდით, ეს ხალხი დამნაშავეები არიანო. რუსებს ჰქონდათ ასეთი მეთოდი: მან მოიპარა თუ მას მოპარეს, არ აქვს მნიშვნელობა _ მაინც ქურდობაშია გარეული, _ ეს ლოგიკა ჰქონდა საბჭოთა გამოძიებას. დაახლოებით ასეთი იყო ეს გამოძიება და  სასამართლო, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით კოლექტიურ ოხანაშვილსა და კოლექტიურ ნინო წილოსანს სალაპარაკო მისცა. ამიტომ ამ ყველაფერს, ერთობლიობაში, სამართლებრივი თაღლითობა ჰქვია“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.

მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერ ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ივანიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის დაკავება ვერ გაბედა, თუმცა მთავარ მიზანს მიაღწია:

„არ მოვერიდები ამ სიტყვას, ივანიშვილს სურდა, პოლიტიკურ პატიმართა სიას მიმატებოდა სამი პოლიტიკური პატიმარი, ამ შემთხვევაში, ორი პოლიტიკოსი და ერთი მედია მფლობელი, _ მან ეს, უბრალოდ, ვერ გაბედა. ჰქონდა მყარი მოლოდინი, რომ ბადრის, მამუკასა და ბატონი ავთოს პატიმრობის შემთხვევაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაქცია იქნებოდა ძალიან მწვავე. დაახლოებით ისეთივე მწვავე, როგორიც იყო შარშან, როდესაც მათ შტურმით აიღეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. ამიტომ ამ გადაწყვეტილებით თავიდან აირიდეს ეს თავის ტკივილი. თუმცა პრობლემა არსად წასულა, მთავარი პრობლემა ძალაშია, სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ნაკარნახევი იყო. თქვენს მკითხველს ან საერთოდ ვინმეს თუ ჰგონია, რომ ივანიშვილის პროკურატურამ სამი წლის განმავლობაში საქმე იმიტომ აწარმოა, რომ ხანდაზმულობის გამო პატიმრობაში არ გაეშვა ბადრი და მამუკა, _ რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ცდება. პროკურატურამ არ იცოდა, რომ ეს საქმე ხანდაზმული იყო?! _ რა თქმა უნდა, იცოდა, უბრალოდ, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარ მიზანს ბიძინა ივანიშვილმა მაინც მიაღწია. ზიანი მიადგა არა პარტია „ლელოს“, არა პირადად მამუკასა და ბადრის, არამედ შეწყდა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ვგულისხმობ ანაკლიის პორტის მშენებლობას. სამწუხაროდ, ბევრს დაავიწყდა, რომ ეს საქმე სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა, აქედან დაიწყო ამ ადამიანების დევნა“, _ აცხადებს ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია „ქრონიკა+“-სთან.

მმართველი გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის გზას დაადგა, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ განუცხადა:

„მე არც ადვოკატი ვარ და არც პროკურორი, რომ ან დავეთანხმო სასამართლოს განაჩენს, ან _ არა. სასამართლო გადაწყვეტილებას გადასცემს ბრალდებისა და დაცვის მხარეს. ისინი თუ უკმაყოფილოები იქნებიან, გაასაჩივრებენ. ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ სასამართლო დაადგა დამოუკიდებლობის გზას, რაც მე ძალიან მახარებს“, _ აცხადებს კახაძე.

როგორ დაიწყო ე. წ. ფულის გათეთრების საქმე?

თBჩ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო 10 წლის წინათ (2008 წლის აპრილ-მაისში) მომხდარ ფაქტებზე, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინა _ სასამართლომ 26 ივლისს ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე კი, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი დაფუძნების იდეის შესახებ, რის შემდეგაც „ლელო“ 2019 წლის დეკემბერში პარტიად ჩამოყალიბდა. 

ხაზარაძე-ჯაფარიძეს გამოძიება სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრება) ედავებოდა. აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მცირე ხნის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა ბრალი.

ბრალდების თანხმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ: „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M-მა“, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი, ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, „თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით“ თBჩ-დან აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხა წერეთელმა იმავე დღეს უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე _ პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გადარიცხვები და „ფიქტიური სესხი“ საქმის ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით გამოიყენეს. ბრალდებულები სესხის გაცემისა და ფულის ავთო წერეთლისგან სესხების ფაქტებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ 17 მილიონი დოლარის სესხება ავთო წერეთლისგან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არა ფულის გასათეთრებლად, არამედ „თიბისი ბანკის“ კაპიტალის გასაზრდელად დასჭირდათ. მათი თქმით, ყველა ტრანზაქცია, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით განხორციელდა, გამჭვირვალეა და ვერც „ფულის გათეთრება“ დაერქმევა „თეთრი ფულის“ დოკუმენტურად დადასტურებულ ბრუნვას.

აღნიშნულ საქმეზე ცნობილია სახალხო დამცველის პოზიცია: ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.

გაზიარება