QronikaPlus
ნონა მამულაშვილი: „მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დიქტატურის დამხობა“

ნონა მამულაშვილი: „მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია დიქტატურის დამხობა“

2022-01-24 03:48:58

თამარ ოქრუაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა, გასული წლის 3 ნოემბერს დეპუტატის მანდატი დატოვა. იმ ეტაპზე მამულაშვილი ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის შემდგომ, დეპუტატის მანდატს თმობდა.

„ პარლამენტში დარჩენას არ ვაპირებ, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დავუჭირო მხარი, როგორც ეს ქვეყანასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას სჭირდება, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის დესტრუქციული ძალა, რომელიც ხელს შეუშლის ამ პროცესის განვითარებას და „ქართულ ოცნებას“ საშუალებას მისცემს, რომ თითი ჩვენკენ გამოიშვიროს. ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვტოვებთ მანდატებს“, _ აცხადებდა მამულაშვილი. დეპუტატი დღესაც იგივე პოზიციაზეა, თუმცა მიიჩნევს, რომ რადგან პარტიაში აზრი ორად გაიყო, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლა და ამისთვის ოპოზიციამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

გასული კვირა იმითაც იყო საინტერესო, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. აღნიშნულ პოზიციას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

„ქრონიკა+“ ნონა მამულაშვილს ესაუბრება:

_ ქალბატონო ნონა, კვლავ წამყვან პოლიტიკურ თემად რჩება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები და მასთან მიმართებით ადგილობრივი და დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციები. როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის სტატუსს ამ პროცესებში?

_ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ აღიარა მიხეილ სააკაშვილის სტატუსი, როგორც პოლიტპატიმრის. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია დემოკრატიაზე, ასევე ჰყავს პოლიტპატიმარი, მიდრეკილია ავტორიტარული გადაწყვეტილებებისკენ.

სააკაშვილი იმ ადამიანის პატიმარია, ვინც ასრულებს რუსულ დავალებებს. ქვეყანაში არის საკმაოდ მწვავე პოლიტიკური პროცესები, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველო ოკუპირებულია და ბრძოლა გვიწევს არაპროპორციულ ძალასთან, ჰიბრიდული დემოკრატიისთვის ეს პროცესები საკმაოდ მნიშვნელოვანი და მწვავეა.

_ ოპოზიცია ხშირად დაქსაქსულია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ქუჩის აქციები და საკანონმდებლო ორგანოში ქმედითი მუშაობა ტანდემში მოგცემთ გამარჯვებისთვის საბოლოო შედეგს?

_ სწორედაც ასე ვფიქრობ, რომ ბრძოლის ახალი არეალი ქუჩის პარალელურად პარლამენტიდანაც უნდა განახლდეს.

მქონდა განცდა, რომ ზოგადად ოპოზიციას მთლიანად უნდა დაეტოვებინა პროტესტის ნიშნად პარლამენტი და რადგან აზრები გაიყო, პარტიის პოზიციას დავეთანხმე და გავაგრძელეთ ამ სახით მუშაობა, შესაბამისად, ვრჩებით და ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს, რათა ჩვენი ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ შიგნით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებსაც, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავბრუნდეთ პარლამენტში.

_ როგორ შეაფასებთ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ იქნება?

_ ძალიან ხშირად გვსმენია „ქართული ოცნებისგან“, რომ რაღაცას არ გააკეთებენ და ამ დროს აკეთებენ. ღარიბაშვილი, ზოგადად, არაფერს წყვეტს, წყვეტს ერთი კაცი, ბიძინა და თუ მის პირად კომფორტს საშიშროება დაემუქრება, მაშინ მივიღებთ შედეგს. მისთვის კი დისკომფორტი იქნება, ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოხატოს.

_ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო კვირას განვითარებული მოვლენები რამდენად შეუწყობს ხელს პოლიტიკური ბრძოლის პროცესის გადახალისებას?

_ რაღაც პერიოდის შემდეგ სულ მცირე ორგანიზაციაშიც კი საჭიროა ცვლილებები, ახალი სისხლი და ახალი ხედვა აუცილებელია, რათა ალტერნატიული პერსპექტივები დავსახოთ, რასაც წარსული პოლიტიკური ძალა ვერ ახორციელებდა. ახალი ადამიანები, რომლებიც შემოემატნენ გუნდს, უფრო ინოვაციური ხედვით გააკეთებენ საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახეები აქტიურად ჩაერთონ პროცესებში.

_ ძველმა სახეებმა ვერ გაამართლეს?

_ არ მიმაჩნია, რომ ძველმა სახეებმა ვერ გაამართლეს, რადგან იმ პროცესებში, რაც ხდებოდა, ახალი სახეების გამოჩენა არ იყო პრიორიტეტული. თუმცა არ მგონია, რომ ისინი ბეგრაუნდში არ მონაწილეობდნენ. პეტრე ცისკარიშვილი ძველი წევრია, მაგრამ საკმაოდ ახალია ამ პასუხისმგებლობისთვის, ამიტომ მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე ცუდს.

_ მოსახლეობაში ნიჰილიზმია, მას არაფრის იმედი აღარ აქვს. ოპოზიციას რთული მისია აკისრია, რომ ეს ნიჰილიზმი გაფანტოს. შეძლებთ ამას?

_ გარკვეული ნიჰილიზმი მოსახლეობაში ზოგადმა გლობალურმა მდგომარეობამ შექმნა. მნიშვნელოვანია, განახლებულმა, ოპოზიციურმა სპექტრმა ტალღა აწიოს. სხვანაირად გამოსავალს ვერ ვხედავ. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაა ის ძალა, რომელსაც დიქტატურის დამხობა შეუძლია.

დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ანალოგიური პრობლემა, _ ნიჰილიზმი არის შედეგი იმისა, რომ პოლიტიკური კლასი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც აქვს ქვეყანას, ამიტომ კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს მოსახლეობის პრობლემებზე. ის, რაც პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია, შესაძლოა ახლოსაც არ მოდიოდეს მოსახლეობისთვის. უნდა ვიგრძნოთ ხალხის მოთხოვნები, გავცეთ პასუხი და დავუდგეთ მოსახლეობას გვერდით, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ მხოლოდ ერთმანეთის ჭამით არ ვართ დაკავებულები.

_ მას მერე, რაც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა თავის საქმეზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა გააჟღერა, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ამოცანის წინაშე დადგა: გადაჭრას პარტიის შიგნით საკითხი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ და მოძებნოს 19 თანამოაზრე საპარლამენტო ოპოზიციაში. ამ კონტექსტში რას ფიქრობთ?

_ ეს ორივე აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე საპარლამენტო კომისიის დონეზე განვიხილოთ. პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმედებს იმ გათვლებით ამყარებს, რომ მისმა მიგნებებმა შესაძლოა, გამოძახილი ჰპოვოს საერთაშორისო ასპარეზზე და, მათ შორის, სტრასბურგში.

გაზიარება