- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2022-01-21 08:54:41
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის ყოფილი წევრი, მეგი გოცირიძე, ვერ ეგუება იმ ამბავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია და ჩახალიან-შკრილნიკოვები პოლიტპატიმრის სტატუსით თავისუფლად დასეირნობენ. მისი თქმით, სამარცხვინოდ იქცევა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს ამბობს.
რატომ არასდროს ახსენდება სალომე ზურაბიშვილს გიორგი ანწუხელიძის ოჯახი? ვის დასჯას ითხოვდა სინამდვილეში ირინა ენუქიძე? რატომ არ ასახელებს ივანიშვილი გირგვლიანის მკვლელებს? სად არის სისხლიანი საფერფლე და რატომ არ ამოეღება ხმა ეკა ბესელიას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მეგი გოცირიძე ესაუბრება:
_ მეგი, რამდენიმე თვის წინ, ალბათ, ვერც წარმოიდგენდით, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით მოგიწევდათ ქუჩაში გამოსვლა.
_ ძალიან არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ რადგან მიშამ საქართველოში დაბრუნება და სამშობლოს გადასარჩენად ციხეში ჩაჯდომა გადაწყვიტა, ჩვენ ვალდებულები ვართ, მისი თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. მიშა ჩვენი თავისუფლებისთვის ზის ციხეში.
ჩემს გაოგნებას იწვევს ფრანგი პენსიონერი, პრეზიდენტს რომ ეძახიან და სინამდვილეში რეზიდენტია. ხედავს, რომ მიშას ციხეში წამებით კლავენ და გაიძახის, არასოდეს შევიწყალებო. რა დაუშავა მიშამ ამ მოღალატეს? ქალმა, რომელმაც გამოუშვა გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი, პოლიციელის მკვლელი, ნარკობარიგები, იმ ადამიანს იმეტებს წამებისთვის, რომელმაც საქართველო წუმპიდან ამოიყვანა და სახელმწიფოდ აქცია?
_ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილმა ჩამოიყვანა იგი საფრანგეთიდან და საგარეო საქმეთა მინისტრად დასვა.
_ მიშამ აღირსა მთავრობაში ადგილი და ეს ადამიანი ამბობს, მიშას არა და არასოდეს შევიწყალებო. ამ ქალმა არც დეკანოზი მამალაძე შეიწყალა და მასთან დაკავშირებით ასეთი რამე განაცხადა: „საქმეს დეტალურად გავეცანი, ადვოკატებსაც მოვუსმინე და შესაბამისს უწყებებსაც ვესაუბრეო“. ეს რომ თქვა, მომინდა პასუხი გამეცა: _ სწორედ ეგ შესაბამისი უწყებებია, ქალბატონო რეზიდენტო, ივანიშვილისა და პუტინის კანტორები. ამ კანტორებიდან იმართება ეს მარიონეტი ქალი. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება, ასე ეწვალებინა უდანაშაულო დეკანოზი?
_ რატომ ხართ დარწმუნებული რომ დეკანოზი უდანაშაულოა? იქნებ, აქვთ რაღაცა, რაც მის დანაშაულს ამტკიცებს და ამის შესახებ არაფერს ამბობენ?
_ ასეთი რამე რომ ჰქონდეთ, ცხრაჯერ ააფრიალებდნენ. ბუნებაში ვერ იპოვეს ადამიანი, რომლისგანაც ციანიდი შეიძინა დეკანოზმა. არ არსებობს ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების ვიდეო. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ის ჩატარდა აეროპორტში. რით ვერ დაარწმუნეს ზურაბიშვილი ადვოკატებმა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა? მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს ყველაფერი საპატრიარქოში ქურდად მჯდომ შორენას მიერ არის შეთითხნილი. კვირიკაშვილით დაწყებული და გახრწნილი წულუკიანით დამთავრებული ერთ ხმაში იმეორებდნენ შორენას შეთითხნილ ბრალდებას.
_ თუმცა ჩვენება მალევე შეცვალეს. თავიდან ამბობდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდაო და მერე შორენამდე ჩამოლაბორანტდნენ.
_ თავიდან ეგრე იყო, მერე დაატრიალეს ფირფიტა სხვანაირად. ფრანგი პენსიონერი იწყალებს მკვლელებს და უდანაშაულო დეკანოზს ციხეში ტოვებს, რაზე უნდა ვილაპარაკო?!
_ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შავი სია უნდა შეიქმნას. ამას დიდი ამბები მოჰყვა „ოცნებაში“, _ ფაშისტურ-ბოლშვიკურიაო. თქვენ რას ფიქრობთ შავ სიაზე?
_ ესენი ვისზე ამბობენ, ფაშისტურ-ბოლშვიკურიო? ეს მართლა ფაშისტები და ბოლშევიკები! მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 50.000 ჩვენი მომხრე ათრიეს პროკურატურაში დაკითხვებზე. ფინანსური პოლიციაც არ აგვცდა. მათთან ერთად მეც მატარეს. გვატარებდნენ დაკითხვებზე და გვთხოვდნენ, რომ ან მიშასთვის დაგვედო ხელი, ან გიგი _ უგულავასთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა გამოიარა ციხე. ესენი რაზე ლაპარაკობენ საერთოდ? გამოვიდეს ვინმე და დაასახელოს, რომელი ლიდერი დააპატიმრა მიშას ხელისუფლებამ. ასეთი რამე არ მომხდარა.
_ „ნაციონალების“ მიმართ ჩემი კრიტიკული განწყობის მიუხედავად, ვაღიარებ, რომ მიშას დროს არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუკავებიათ.
_ არადა, დასაჭერები იყვნენ, მარტო იმის გამო, რასაც კადრულობდნენ. ხომ გახსოვთ, რა ბრალდებებით გამოდიოდნენ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ზურაბ ჟვანიას თემაზე რაც იკადრეს. რამდენ რამეს აბრალებდნენ მიშასა და „ნაციონალებს“, ხომ გახსოვთ? მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და ვნახეთ, რომ არცერთი საქმე არ გადაკვალიფიცირდა.
ლიდერები ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ დღეს მთელ მსოფლიოს აქვს ლიდერების პრობლემა. მიშას დონისა და კალიბრის თუნდაც 5 ლიდერი რომ ჰყავდეს მსოფლიოს, ანრი ოხანაშვილსა და კობახიძეს თითებს ვინ აქნევინებდა? მიშას დაპატიმრებას საერთოდ ვინ გაბედავდა? გაბედავდნენ კი არა, ფიქრშიც ვერ გაივლებდნენ ამას.
ახლა რა ხდება, ადამიანი ცუდად არის და მასთან ექიმებს არ უშვებენ. ასეთი რამე გაგიგიათ, ხალხო? რომელ ფაშისტებზე მელაპარაკებიან, ეს მართლა ფაშისტები. კაცს კატე არ გადაუღეს და სხვას ეძახიან, ბოლშვიკი ხარო. ვერ მომინელებია ზურაბიშვილის სიტყვები: არა და არასოდეს შევიწყალებო... და მიზეზად ასახელებს გირგვლიანის საქმეს. გირგვლიანის საქმეზე 200 პოლიციელი დაიკითხა. ის პირები კი არ შეიწყალეს, არამედ ისინი იყვნენ ამნისტირებულები. ამ ამნისტიის პროექტს, სხვა დეპუტატებთან ერთად, მეც მივეცი ხმა.
_ ახლა თქვენც არ დაგდონ ბრალი.
_ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. გირგვლიანზე ერთი რაღაც უნდა ვთქვა.
_ კი ბატონო, თქვით.
_ „ქოცები“ ხომ არიან ქუჩის ხალხი, სწორედ მათ არ უნდა გაუკვირდეთ, რაც გირგვლიანთან დაკავშირებით მოხდა.
_ რას გულისხმობთ, ვერ გავიგე?
_ „ქოცებს“ ქუჩის გარჩვები მოსწონთ. სანდრო გირგვლიანი სწორედ ქუჩის გარჩევამ შეიწირა. მე ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი ხელისუფლების დროს აიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე საქმის გასარჩევად სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს თქვა „ქოცების“ გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა. ვინმეს გირგვლიანის მოკვლა რომ სდომოდა, მოკლავდნენ და ეს ხელისუფლებაც მარტივად გამოიძიებდა ამ საქმეს.
_ ფაქტია, რომ გირგვლიანი მკვდარია.
_ მერე, სადაა მისი მკვლელი? რატომ არ ვიცით მკვლელის სახელი და გვარი? ამის გაგება ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. რა უნდა გამოეძიებინათ, როცა თავად კბილაშვილმა თქვა, რომ მკვლელი არ არსებობს. თქვა, სავარაუდოდ, გაქცევის დროს გადაიჩეხა და, სავარაუდოდ, ყინვისგან გარდაიცვალაო. ვაკონკრეტებ, რომ ეს წერია კბილაშვილის დასკვნაში.
გირგვლიანის საქმე არ გადაკვალიფიცირებულა. არაფერი არის დამატებით გამოძიებული. შესაბამისად, მკვლელობა არსად ჩანს, რაც ასევე კბილაშვილმა თქვა და არა მე. როდესაც გირგვლიანი ჩხუბის ადგილიდან გაიქცა, ალანია ავიდა და მოიკითხა, სად არისო. უთხრეს, გაგვექცაო. წამოსვლისას ალანიამ გირგვლიანის თანხმლებ პირ ბუხაიძეს შესთავაზა თბილისში წაყვანა, რაზედაც უარი მიიღო. რატომ არ მოიკითხა გირგვლიანი მისმა მეგობარმა? ეს ხომ საინტერესო ფაქტია? მრავალი კითხვაა ამ საქმეში, მაგრამ გამოიძია ვინმემ? _ არა! რატომ? _ სიმართლის დადგენა არ უნდათ.
რისთვის სჭირდებათ სიმართლე, მაშინ ხომ მიშას ვეღარ დაადებენ ხელს. ზურაბ ზვიადაურმა მიბჯენით ესროლა და ისე მოკლა ადამიანი, მაგრამ ის გამოუშვეს, მიშას ციხეში ტოვებენ, რომელიც არაფერ შუაშია გირგვლიანის საქმესთან. გაუგებარია ჩემთვის რისთვის დააჯილდოვა რეზიდენტმა ირინა ენუქიძე ღირსების ორდენით? ეს სამარცხვინო ხელისუფლება, ეს! თუ ვინმეს ეკუთვნის ღირსების ორდენი, ეს ანწუხელიძის დედა იყო, რომელიც გულით გარდაიცვალა. როგორ უნდა ეტარებინა ამხელა დარდი. ღირსების ორდენს ვინ ჩივის, ანწუხელიძის ოჯახს დახმარება შეუწყვიტეს.
_ როდის შეუწყვიტეს დახმარება?
_ რამდენიმე წლის წინათ. გიორგის გამზრდელ მამიდას შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. ეს მართლა ფაშისტები! ანწუხელიძის ოჯახი არავის გახსენებია. რომა შამათავას დედა რატომ არ დააჯილდოვეს, გამაგებინეთ? რატომ არავინ კითხულობს შინდისის გმირების ოჯახებს? გირგვლიანის საქმის მთავარი მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე მეათე წელია, „ქოცების“ სახეა. ირინა ენუქიძეს იმის ძახილში ამოხდა სული, დაისაჯოს მურუსიძეო. ახლა არის მურუსიძე კარგი? სამარცხვინოებო!
_ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რაც ჩვენს ხელისუფლებას ემსახურება, მურუსიძე ცუდ საქმეებს აღარ აკეთებსო.
_ კობახიძეს ლაპარაკის უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ასევე ვერ მომინელებია, მარგველაშვილმა მზვერავი კობა თოდუა რომ ჩატოვა პუტინისა და ივანიშვილის ტყვეობაში. სინდისი როგორ არ აწუხებს? არც გმირის გამზრდელი დედა მოუკითხავს და არც მის შვილებს მოფერებია.
ისევ სანდრო გირგვლიანს დავუბრუნდეთ და თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო რუს ოლიგარქს _ ბიძინა ივანიშვილო, მითხარი, ვინ მოკლა სანდრო გირგვლიანი? მითხარი, სად არის სისხლიანი საფერფლე, რომელიც მიშამ „ჩაარტყა“ ზურაბ ჟვანიას და „მოკლა“? სადაა ის ტყვიები, რომლითაც „საკონტროლო გასროლა“ განხორციელდა ვაზაგაშვილზე? ვერ გამოიძიეთ ვერცერთი საქმე, რომელიც ხელზე გქონდათ დახვეული.
„ქოცებო“, ვის ეძახით მკვლელებს? თქვენ ის ხალხი არ ხართ, ვინც 9 თვის ჩვილი, ბარბარე რაფალიანცი, მოკლა?! მანამდე საკუთარი ხელით გაიკეთეთ ცოცხები, რომ ეს ყველაფერი გადაგეფარათ. რობაქიძის საქმეზე კიდევ არაერთ სიმართლეს აეხადა ფარდა. კი ბატონო, მოკლა პოლიციელმა რობაქიძე, მაგრამ ის პოლიციელი დაიჭიეს. იმ კაცმა მოიხადა ამის გამო სასჯელი. ამას იარაღი გაუვარდა, ზვიადაურმა მიბჯენით მოკლა კაცი და რამდენიმე თვე აკმარეთ ციხე, ახლა თავისუფლად დასეირნობს ქუჩაში. სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ პოლიციელების მკვლელები გამოუშვა ციხიდან.
„ქოცების“ პარლამენტმა, რომელსაც მე „ქოცდუმას“ ვეძახი, უსუფაშვილის მეთაურობით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მინიმუმ, გადაამეტა უფლებამოსილებას. კონკრეტულმა პარლამენტარებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის, თინა ხიდაშელმა, რომელიც ახლა ბევრს ლაპარაკობს და ჭკუას გვარიგებს. დანარჩენი „რესპებიც“ ბევრს ლაპარაკობენ და მათაც ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამიტომ, ჩუმად იყვნენ.
პოლიტპატიმრები რაღაც ისე ჟღერს, თორემ იცით, ვინ გამოუშვეს? _ ჩატაევები, შკრილნიკოვები და ჩახალიანები. ჯაშუშები, ნარკორეალიზატორები და პედოფილები გამოუშვეს, ამ მოღალატეებმა. შავ სიაზე ხომ მკითხეთ ზემოთ? ჰოდა, მაგ შავ სიაში უნდა შეიყვანონ ტერორისტებისა და ჯაშუშების განმათავისუფლებლები. მე ნამდვილად არ ვისურვებდი არც ეკა ბესელიას, არც მანანა კობახიძისა და არც სხვა იმ პირების ადგილზე ყოფნას, რომლებმაც ამ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი. ყველაზე ნაკლებად არ ვისურვებდი ამათი მთავარი პროკურორებისა და მათი მოადგილეების ადგილზე ყოფნას. მათი მხრიდან, მინიმუმ, ჩადენილია გულგრილობა.
ჟვანიაზეც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. სადაა გოგლა ჟვანია, ყოველი არჩევნების წინ რომ გვიანონსებდა, უახლოეს მომავალში დასრულდება გამოძიება და სააკაშვილი პასუხს აგებსო? სადაა გამოძიების შედეგი? რატომ არ გვაჩვენებენ? ზურას ორიენტაციის გარდა რა გამოიძიეს ამ გარეწრებმა? სად გამოიკვეთა მიშას ბრალი? დაცვის წევრებს საყვედური გამოუცხადეს იმის გამო, რომ ობიექტის დაცვა ვერ შეძლეს. 9 თვე უკანონოდ ჰყავდათ პატიმრობაში ონკოპაციენტი, ექსპერტი ჩაჩუა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ლამის ხელში ჩააკვდათ. მაგარი კაცი გამოდგა ეს ექსპერტი. ვერ დააწერინეს, რომ ვითომ გაყალბებული იყო ის დასკვნა, რაც თავიდან დაიდო ზურაბ ჟვანიაზე. იმ ადამიანმა კი ჩაიდინა ღირსეული საქციელი, მაგრამ ამ ამბავს შეეწირა. ექსპერტ ჩაჩუას სიკვდილიც ამათ კისერზეა! ესენი არიან უნამუსოები. მგონი, შარშან პირველად ჩატარდა არჩევნები, რომლის წინა პერიოდში აღარ გახსენებიათ ზურაბ ჟვანია და აღარ გადაუბრუნებიათ საფლავში.
_ 2021 წლის არჩევნებზე რატომ აღარ წამოსწიეს ეს თემა? აქტუალობა დაკარგა, თუ რა ხდება?
_ ამოწურეს ეს თემა, ვერაფერს ამტკიცებენ. ახლა მე არ ვაპირებ გაჩერებას და ვითხოვ, დაიდოს სისხლიანი საფერფლე, რომლითაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია მოკლა.
ისევ ე. წ. პოლიტპატიმრების ამბავს უნდა დავუბრუნდე. წარმოდგენაც კი მზარავს, რა ხალხი გამოუშვეს გარეთ. ეკა ბესელია დღეს როგორ ბედავს ხმის ამოღებას? ან ნანა კაკაბაძე რა ნამუსით გამოდის ეკრანების წინ? ეგენი რომ არა, თემირლან მაჩალიკაშვილი ცოცხალი იქნებოდა.
_ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან მათ რა კავშირი აქვთ?
_ პირდაპირი კავშირი აქვთ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩვენმა ხელისუფლებამ დააკავა ახმედ ჩატაევი.
_ ლაფანყურის ოპერაციაც კარგად გამოიყენა „ოცნებამ“ სათავისოდ, ამ საქმის გამოძიებას პირადად დაჰპირდა ივანიშვილი პანკისელებს, მაგრამ საქმე არავის გამოუძიებია.
_ ახლა წარმოიდგინეთ, ამ საქმეში ჩვენ რომ დამნაშავეები ვყოფილიყავით, ამ ფაქტებს არ ააფრიალებდნენ? არც კი დაუწყიათ საქმის გამოძიება. პირიქით, უფრო მიაჩუმათეს. რაც შეხება ჩატაევს, ჩვენ ის დავაკავეთ, „ქოცებმა“ კი გაათავისუფლეს. ბესელიამ და კაკაბაძემ ამაში დიდი წვლილი შეიტანეს. ამათ რომ არ ეაქტიურათ, ათეულობით ადამიანი იქნებოდა ცოცხალი.
_ ვინ ათეულობით ადამიანი?
_ ციხიდან გამოსული ჩატაევი სირიაში წავიდა და ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა. ის ხელმძღვანელობდა ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერორისტულ აქტს, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა. მათი სიკვდილიც „ქოცების“ კისერზეა. ამ ჩატაევმა მერე ისევ საქართველოს შეაფარა თავი. ეგეც გასარკვევია, ვინ და რატომ შემოიყვანა იგი საქართველოში? ამაშიც „ქოცების“ ხელი ურევია. ეს ამბავი რომ გასკდა, სპეცოპერაცია ჩაატარეს და ორი დღე ბერი გაბრიელის ქუჩის მცხოვრებლები სტრესში ამყოფეს. ცოტა ხანში პანკისში დადგეს უნიჭო სპექტაკლი, თავად სპეცოპერაცია რომ დაარქვეს. ამ ოპერაციის დროს ლოგინში ჩაკლეს უდანაშაულო თემირლანი. ეს ყველაფერი როგორ უნდა გავატაროთ?! ამის გამო ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ! მკვლელები და პედოფილები გარეთ გამოუშვეს და მიშას ციხეში წამებით კლავენ. იგივე ითქმის დეკანოზ გიორგი მამალაძეზე.
_ პოლიტიკაზეც ვილაპარაკოთ: თქვენი აზრით, არის ქვეყანაში ისეთი საპროტესტო განწყობა, რომელიც შეიძლება ვადამდელი არჩევნებით დასრულდეს?
_ საპროტესტო განწყობა ქვეყანაში ნამდვილად არის, ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ვადამდელის მისაღწევად მარტო გაბრაზება საკმარისი არ არის. არც ერთჯერადი აქციებია საკმარისი. ქუჩაში ერთჯერადი გამოსვლით და პროტესტით ოლიგარქს ვერ დაამარცხებ. აქ სხვა რამეა საჭირო.
_ რა არის საჭირო?
_ მე რომ შემეძლოს, სულ სხვანაირად დავიწყებდი მოქმედებას. ერთჯერადად 50.000 კაცის გამოყვანა და მერე სახლებში წასვლა არაფერს მოიტანს. 50.000 კაცი ბევრია, მაგრამ ამით ივანიშვილს არანაირი პრობლემა არ ექმნება. ჩვენ მილიონამდე ადამიანი გვიჭერს მხარს და რა პრობლემაა, რომ ქუჩაში 200.000 კაცი გამოვიდეს?
ივანიშვილი ვახსენე და ისევ მისი ფრაზები გამახსენდა, ძალიან გავბრაზდი. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ქალაქ-ქალაქ დადიოდა და აცხადებდა, მიშას არაფერი გაუკეთებია, პირიქით, დაანგრია სიღნაღი, ბათუმი, თბილისიო. სიღნაღი და ბათუმი დაანგრიაო, გესმით, რას ამბობდა, ხალხო? ბიძინას ლოგიკით, მიშამ დანგრეული ქალაქები დატოვა, მაგრამ საკითხავია, თავად რას დატოვებს როცა წავა?
_ ჯერ არსად აპირებს წასვლას.
_ ადრე თუ გვიან, მოუწევს წასვლა და მიპასუხოს, რა დატოვა? ის რაღაც სისულელეებს იტყვის და ჯობია, ისევ მე ვუპასუხო ამ კითხვას. ბიძინა ივანიშვილო, შენ ამ ქვეყანაში ტოვებ შეკვეთილ მკვლელობებსა და ჩახოცილი ბიჭების უსულო სხეულებს! ბიძინა ივანიშვილო, შენ გვიტოვებ ციხეებიდან გამოყრილ რუს ჯაშუშებს, მკვლელებს, ნარკორეალიზატორებსა და პედოფილებს! რუსო ოლიგარქო, შენ გვიტოვებ გაკუპონებულ ლარს, რომელიც გაკუპონებამდე გააფერადე!
ბიძინა ივანიშვილო, შენ გვიტოვებ აფეთქებულ საყდრისს, გაყალბებულ არჩევნებს, მიტაცებულ სახელმწიფო ქონებას, ძვლებამდე გამოხრულ ბიუჯეტს! გვიტოვებ გადამწვარ და გაჩანაგებულ ბუნებას! ტოვებ გაღატაკებულ ხალხს, დაუძლურებულ ჯარს, უსამართლო სასამართლოს, ღირსებააყრილ პოლიციასა და კორუფციაში ჩამხრჩვალ ხელისუფლებას!
რუსო ოლიგარქო, შენ დაგვიტოვე შიმშილით გარდაცვლილი ბავშვები და ქვევრში ჩამხრჩვალი 9 თვის ბარბარე რაფალიანცი! პრეზიდენტად რუსეთის რეზიდენტი დაგვიტოვე!
ძალიან ებღაუჭება ივანიშვილი ხელისუფლებას, მაგრამ მაინც მოუწევს მასთან დამშვიდობება. მიშა იმიტომ ჩამოვიდა და იმიტომ ჩაჯდა ციხეში, რომ საქართველო გაათავისუფლოს. მიშა აუცილებლად გაათავისუფლებს საქართველოს და მერე ისევ დააყენებს ფეხზე, ისევ აქცევს სახელმწიფოდ.