QronikaPlus
მამუკა არეშიძე: „რუსეთს ანექსიის პროცესი ჯერ არ შეუჩერებია, თუმცა შეიარაღებულ აგრესიას, ამ ეტაპზე, გამოვრიცხავ“

მამუკა არეშიძე: „რუსეთს ანექსიის პროცესი ჯერ არ შეუჩერებია, თუმცა შეიარაღებულ აგრესიას, ამ ეტაპზე, გამოვრიცხავ“

2022-01-21 06:17:04

თამარ ოქრუაშვილი

მოსკოვი ნატოსგან არგაფართოების პირობას ელოდება, თუმცა ბრიუსელში 12 იანვარს გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა ამაზე უარი განაცხადეს.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა დასავლეთის სახელმწიფოებსა და მოსკოვს შორის კრემლის მიერ შემოთავაზებულ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.

შეხვედრაზე კრემლის წარმომადგენელმა, ალექსანდრ გრუშკომ, რუსეთის ჩვეული რიტორიკა გააგრძელა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს. ის „რჩევას“ აძლევს ნატოს და რეკომენდაციის სახით მიმართავს მას, რომ ნატომ უნდა დაასრულოს ღია კარის პოლიტიკა და რუსეთს შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები მისცეს.

„ისინი ხშირად ამბობენ, რომ საქმე ეხება არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ არჩევანის თავისუფლება არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში ისე, როგორც ეს ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ესმით“, – განაცხადა გრუშკომ და მოკავშირე სახელმწიფოები იმ პოზიციის გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების ზომების თავად განსაზღვრის უფლება აქვს.

მისივე თქმით, ამ თავისუფლებამ სხვა ქვეყნის, კონკრეტულად კი რუსეთის, უსაფრთხოების ინტერესები არ უნდა შელახოს. გრუშკომ ნატო უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის „შერჩევითად“, მხოლოდ მის წევრებთან მიმართებით და სხვა ქვეყნების ინტერესების უგულებელყოფით, გამოყენებაში დაადანაშაულა.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების რაციონალური ინტერესები საჭიროებს მკაფიო გაგებას იმისა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება საფრთხის შემცველია, რაც შემდგომ გაფართოებაზე მიღებული გადაწყვეტილების სარგებელს გადაწონის“.

ამ კუთხით, იგი მიესალმა რუსეთის, როგორც იმ ქვეყნის როლს, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობას უზრუნველყოფს. გრუშკოს თქმით, ნატოს მოკავშირეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ეს გარემოება, თუ მოსკოვთან თანამშრომლობა სურთ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ „ნატოს ისტორია, მიუხედავად მისი თავდაცვითი ხასიათისა, არის ომებისა და ინტერვენციების ისტორია“.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოებმა ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს და მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან და ამ სამი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივი სცეს.

საბჭოს შეხვედრამდე, 10 იანვარს, ამერიკელმა და რუსმა დიპლომატებმა ჟენევაში ორმხრივი დისკუსიები გამართეს. 13 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა. ვენაში გამართულ ეუთო-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდზე რუსეთმა და დასავლეთის ქვეყნებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მიერ მოთხოვნილი ე. წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ტელეკომპანია ღთVI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთი სავარაუდო ზომა შესაძლოა გახდეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება კუბასა და ვენესუელაში.

მსოფლიოსა და ამიერკავკასიაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ახალი გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე, გრძელდება ტერიტორიების „უსისხლო“ ანექსია და უკვე ოკუპირებულ ე. წ. საზღვრებში ახალი მიწები ექცევა.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე, ამ ეტაპზე, გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესია დაიწყოს, თუმცა ფაქტზე, რომ ანექსია 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა, არავინ დაობს.

მამუკა არეშიძე „ქრონიკა+“-სთან ახალ საფრთხეებზე საუბრობს:

_ ბატონო მამუკა, ნატო-რუსეთის საბჭოს ფონზე, როგორ შეაფასებთ დღევანდელ ვითარებას შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

_ რუსეთის მხრიდან ანექსიის პროცესი ჯერ არ შეჩერებულა, ეს გრძელდება. ის, რომ რუსეთი აპირებს სამხედრო ძალებით რაღაც კონკრეტული ტერიტორიის მითვისებას, ასეთი ინფორმაცია არ გამაჩნია.

პრინციპში, რუსეთისთვის ამ ტერიტორიების მითვისება დაკავშირებულია შიდა გარემოებებთან.

სტრატეგიულად არსებული სივრცეების დაკავების ინტერესია ტრასასთან მიახლოება და ცენტრალური ტრასის კონტროლი ორჭოსანთან, ასევე ბაქო-ჯეიხანის სივრცის დაკავება. ესაა დემონსტრირება იმისა, რომ იგი აკონტროლებს ვითარებას. რუსეთი მუდმივად ახდენს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა იგი ჰყავდეს მუდმივად სტრესში.

შეგახსენებთ: საგულისხმოა, რომ საუბარია იმ ტერიტორიის მითვისებაზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ არ მოექცა ე. წ. ოკუპირებულ საზღვრებში. არსებული ცნობით, სწორედ კასპის რაიონში, ორჭოსანთან, რუსი სამხედროებისთვის საცხოვრებლები ეწყობა და ისინი მასობრივ ჩამოსახლებას იწყებენ. მოვლენების განვითრება პირდაპირ კავშირშია იმ მოლაპარაკებებთან, რაც იანვრის განმავლობაში გრძელდება.

_ უკრაინასთან მიმართებით რუსეთი განახორციელებს სამხედრო მოქმედებებს?

_ ჩვენ შეგვიძლია პროგნოზები გავაკეთოთ იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდება მოლაპარაკებებზე და ის, რაც მოხდება, თუმცა რუსეთის მხრიდან, გარკვეულწილად, ამას მაინც აქვს ძალის დემონსტრირებისა და მუქარის ფორმა. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები განახორციელოს. მიმდინარეობს ჭიდაობა და მუდმივი საუბარი. რუსეთი შეეცდება, რომ მაქსიმალურად დაათმობინოს დასავლეთს პოზიციები, თუნდაც შავი ზღვის სივრცეში.

მგონია, რომ ნატო მიაღწევს თავისას. უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში დასავლეთს აქვს არჩეული დროის გაწელვის პოლიტიკა, რათა რუსეთი ჩაითრიოს მოლაპარაკების სხვადასხვა სეგმენტში, მაგრამ დამთმობი რომ არცერთი მხარე არ არის, ფაქტია. რუსეთი საქართველოსთან მიმართებით არ შეჩერდება, ესეც კარგად ჩანს. დასავლეთის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთთან  შესულიყვნენ დიალოგის რეჟიმში, არასწორია. მათ ჰქონდათ სხვა ზემოქმედების საშუალება და უნდა გამოეყენებინათ.

_ იმოქმედებს თუ არა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის გეგმებზე ყაზახეთში განვითარებული მოვლენები?

_ რუსეთს აზიასთან მდგომარეობის გამწვავება შეაჩერებს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო დანაყოფები ამბოხებული ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისინი 6 იანვარს ყაზახეთში შევიდნენ. რუსეთი ირწმუნება, რომ ყაზახეთის უსაფრთხოებას გარე ძალები უტევენ და ე. წ. სამშვიდობოების შეყვანაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო, ОДКБ ყაზახეთში ამ ორგანიზაციის სხვა წევრების _ რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებით შევიდა; თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობისთვის ეს ყაზახეთში რუსეთის შესვლას ნიშნავს და არც იმას გამორიცხავენ, რომ მზარდი პროტესტით შეშინებულ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს, დასახმარებლად მოწვევის იდეაც სწორედ მოსკოვიდან უკარნახეს.

მოკლედ, რუსეთს რაც შეაჩერებს, ესაა სიტუაციის გამწვავება აზიაში. მან გაანაწყენა თავისი სამხედრო ძალების შეყვანით ჩინეთი. გეოპოლიტიკური აქცენტების გადატანა ცენტრალურ აზიაზე ეს იქნება ბერკეტი რუსეთისთვის. ჩვენ ყველა სცენარი გვაქვს გასათვლელი და ეს უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა.

P. შ. ჯერჯერობით, კვლავ ბუნდოვანი რჩება, სად გაივლის ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების წითელი ხაზები. მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც მიმდინარე კვირისთვის მესამე იყო და მიზნად ისახავდა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვას, უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს 57 წევრი ქვეყანა გააფრთხილა, რომ ევროპა ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე ახლოსაა ომთან. მას ამ კონტექსტში რუსეთი არ უხსენებია, თუმცა ახსენა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სადაც ტერიტორიულ კონფლიქტებში რუსეთის ხელი ურევია.

გაზიარება