- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-01-20 07:10:15
ელისო კილაძე
2021 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში სუსში დაიბარეს ნიკა გვარამიაც.
„მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ.
გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, _ განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე.
ეს პირველი და, ჯერჯერობით, ბოლო ინფორმაციაა, რაც ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეს უკავშირდება. რაკი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო, ეს ცხადია იმას ნიშნავს, რომ მკვლელობის ობიექტის გარდა არსებობდნენ მკვლელობის შემსრულებლებიც და დამკვეთიც.
ბრიფინგიდან სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობაზე არაფერი ვიცით, არავის უთქვამს, დააკავეს თუ არა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორი და შემსრულებლები. სახელისუფლებო მედია იმასაც ამბობდა, რომ რეალურად მკვლელობის მომზადების საქმე გვარამიას პიარკამპანია იყო და მას რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო.
ის, რაც დამალა სუსმა, გაარკვია „ქრონიკა+“-მა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის შეკვეთილი მკვლელობა ნამდვილად არსებობდა, დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობაც ცნობილია.
ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია, კონკრეტული სახელებითა და გვარებით, ჩემთვის უცნობმა პირმა მომაწოდა, რომელიც 14 იანვარს გვიან ღამით დამიკავშირდა.
პირი, რომელიც ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით მეკონტაქტებოდა, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან წლები გაატარა ამ უწყებაში და, შესაბამისად, არც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია მას ვლადიკავკაზში მცხოვრებმა პირმა მიაწოდა, კონკრეტული დამკვეთისა და შემსრულებლების გვარებთან და პასპორტების ასლებთან ერთად.
სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ინფორმაციის გადამოწმებისა და მის უტყუარობაში დარწმუნების შემდეგ, ნიკა გვარამიას შუამავალი პირის მეშვეობით დაუკავშირდა და აღნიშნული ფაქტები მიაწოდა, გვარამიამ კი, თავის მხრივ, უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და გამოძიებაც ამის შემდეგ დაიწყო.
კვალი აქაც რუსულია: დამკვეთი, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების მსგავსად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი რამზან კადიროვი, საბაბი 2019 წლის 7 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის დედის გინებაა, გეგმა _ კიდევ უფრო შორსმიმავალი: ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა.
გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის შემთხვევაში სუსის კონტრტერორისტულმა სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და ქილერი თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე დააკავა, _ რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეგ ბოკოვის სახელით არაერთგზის გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი. იგი გიორგი გაბუნიას სისტემატურად უთვალთვალებდა. სისხლის სამართლის საქმეში ბოკოვის მობილური ტელეფონიდან ამოღებული შესაბამისი მასალები დევს. 2020 წლის ნოემბერში გაბუნია დაზარალებულად ცნეს და მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო განხილვაც დაიწყო. ვასამბეგ ბოკოვი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.თუმცა მისი ადვოკატები ამ საქმის შესახებ სკანდალს უკვე აანონსებენ.
გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის კვალი, საქართველოს გარდა, სტამბოლშიც გამოჩნდა _
თურქეთში სტამბოლის პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა, რომელთაგან ერთს გიორგი გაბუნიას მკვლელობასთან ჰქონდა კავშირი.
რადიო „თავისუფლების“ ცნობით, დაჯგუფების სამიზნე ბლოგერი ჰასან ხალიტოვი იყო. ტერორისტები ვარაუდობდნენ, რომ გაბუნიას მკვლელობა სწორედ მან ჩაშალა და პოლიციასთან დაასმინა ქილერი. ბლოგერის ლიკვიდაციაში 300 000 დოლარი იყო გადახდილი.
ჰასან ხალიპოვის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული პირი, რომელსაც გიორგი გაბუნიას მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა, ბესლან იზნაურია. თურქეთში დაკავებული პირები დავალებას იღებდნენ კადიროვის მარჯვენა ხელისგან, რუსეთის დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვისგან.
სწორედ გიორგი გაბუნიას ჩაშლილი მკვლელობის მერე გახდა სამიზნე ნიკა გვარამია.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ პუტინის მარჯვენა ხელმა, რამზან კადიროვმა, გვარამიას ლიკვიდაციის ბრძანებაც მის მარჯვენა ხელს, ადამ დელიმხანოვს დაავალა, ხოლო მკვლელობის შემსრულებელი სამი პირი: არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მისიით გამოაგზავნა.
მას შემდეგ, რაც ჩვენმა წყარომ მკვლელობის მომზადებაზე მესამე პირის მეშვეობით ინფორმაცია ნიკა გვარამიას, გვარამიამ კი სუსს მიაწოდა, გამოძიება ოფიციალურად კი დაიწყო, მაგრამ მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა: სუსიდან, ცხადია, ინფორმაციამ შეგნებულად გაჟონა და ინფორმატორის ვინაობაც რუსულმა ФСБ-მ მალევე დაადგინა _ ვლადიკავკაზში მცხოვრები გოჩა კულუმბეგოვი, რომელმაც ჩვენს წყაროს გვარამიას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა (ქილერების ვინაობა და მათი საპასპორტო მონაცემები გადასცა), გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, ხოლო სამივე შემსრულებელი, დაკავების ნაცვლად, სუსმა ყაზბეგის გავლით საზღვარზე გადაიყვანა და ქვეყნიდან გაუშვა.
ამ ფაქტის მერე სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელზე, რომლის ვინაობაც უსაფრთხოების სამსახურმა რუსებს მიაწოდა, ნამდვილი დევნა გამოცხადდა. იგი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, მისი სიცოცხლე არც უცხოეთში უნდა იყოს დაცული.
ფაქტები, რომელზედაც მოგიყევით, ცხადყოფს, რომ სუსში დაწყებული გამოძიება ფორმალურადაც აღარ გაგრძელდება . ის არც დამკვეთს გამოავლენს და არც შემსრულებელს დააკავებს.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მკვლელების დაკავების ოპერაცია კონტრტერორისტული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე /საშა/ მაისურაძემ ჩაშალა, რომელიც საქართველოში რუსული სპეცსამსახურის რეზიდენტია და რომელიც ამ თანამდებობაზე სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დანიშნა. გვარამიას ქილერების ქვეყნიდან გაშვებაც სუსის მოქმედ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან იყო შეთანხმებული.
მაისურაძეს სპეციალური მოკავშირეც ჰყავდა, რომელიც რუსული მხრიდან ქილერების გაყვანის ოპერაციას აკონტროლებდა და მისი სახელი და გვარი ასლან ჩელდიევია.
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შეეცდება, მომდევნო დღეებში კიდევ მეტი დეტალი გაარკვიოს. ჯერჯერობით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიდან გამომდინარე, ჩვენი წყარო ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოჩენის გადაწყვეტილებაც მიიღოს.