- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2021-12-27 06:42:37
შორენა მარსაგიშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, შიმშილობის აქციების დიდი მომხრე არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩხეიძის თქმით, რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან განთავისუფლდეს. მას დიდი იმედი არ აქვს, რომ ხელისუფლებაზე პროტესტის უკიდურესი ფორმა რამე გავლენას მოახდენს.
რატომ არ უყვარს შიმშილობის აქციები? ვინ და როდის გააუბრალოვა პროტესტის ეს ფორმა? რატომ არ ექნება „ქართულ ოცნებას“ რეაქცია მასობრივ შიმშილობაზე? რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან და ხალხისგან? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თამარ ჩხეიძე ესაუბრება:
_ ქალბატონო თამარ, 1989 წლის აპრილის აქციების შემდეგ საქართველოში მასობრივი შიმშილობის აქცია აღარ ყოფილა. ახლა 200-მდე ადამიანი შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. „ქართული ოცნება“, ჯერჯერობით, ქილიკობს ამ აქციაზე. თქვენ რას ელოდებით აქციისგან?
_ „ქართული ოცნების“ წევრები რას ფიქრობენ, ამას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. მათ განცხადებებს დიდად არც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუცილებლად უნდა მიიღოს რაღაც ქმედითი ზომები. რამდენად გაამართლებს შიმშილობა, არ ვიცი. მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მიშა სააკაშვილის განთავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებელია _ შიმშილობის აქციას მხარს ვუჭერ!
_ თქვენ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური სახე იყავით და მიგიღიათ ასეთ მასობრივ შიმშილობაში მონაწილეობა?
_ რაღაც მომენტები იყო, მაგრამ სერიოზული და ხანგრძლივი შიმშილობა არ მქონია. იმ პერიოდში მე მხარს არ ვუჭერდი პროტესტის ამ ფორმას.
_ შიმშილობის მოწინააღმდეგე იყავით?
_ მოწინააღმდეგე არ ვყოფილვარ, უბრალოდ, იმ პერიოდში პროტესტის სხვა ფორმებს ვანიჭებდი უპირატესობას. შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, ძალიან გავრცელდა და ამით შიმშილობამ ქმედითუნარიანობა დაკარგა. შიმშილობა მაშინ ძალიან გაუბრალოვდა. ასე რომ, პროტესტის ამ ფორმის დიდი ენთუზიასტი მაშინ არ ვიყავი, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. დღევანდელი შიმშილობა სულაც არ არის პროტესტის გაუბრალოებული ფორმა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ხდებოდა. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას.
დღეს საქართველოში არის დრამატული სიტუაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს ფორმებს, თუ რით შეიძლება დაუპირისპირდეს არსებულ ვითარებას. მათ აირჩიეს შიმშილობა.
_ ხელისუფლება აშკარად ცდილობს პროტესტის ამ ფორმის გაუბრალოებას. თქვენი აზრით, შეძლებს?
_ არა მგონია, ხელისუფლებამ ეს საკითხი გააუბრალოოს. არც მაშინ გაუუბრალოებია შიმშილობა ხელისუფლებას. უბრალოდ, ყველა საკითხზე შიმშილობას იწყებდნენ ადამიანები და ამან გააუბრალოვა პროტესტის უკიდურესი ფორმა. დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეა შიმშილობა, რომ ამას სერიოზული პროტესტი სჭირდებოდა.
_ შიმშილობის დაწყებას პარლამენტისა და საკრებულოების ბოიკოტი არ სჯობდა? ეს უფრო მეტ შედეგს არ მოიტანდა?
_ შესაძლოა. ნამდვილად ბევრად ეფექტიანი იქნებოდა პარლამენტის ბოიკოტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მთელი ოპოზიცია დატოვებდა პარლამენტს. მთელ ოპოზიციაში ალეკო ელისაშვილსა და მის „მოქალაქეებს“ არ ვგულისხმობ. მათ ოპოზიციად არ მივიჩნევ. შეიძლება, რომ შიმშილობის პარალელურადაც დატოვონ პარლამენტი. სამწუხაროდ, ბოიკოტზე არ გახლავთ საყოველთაო შეთანხმება.
_ ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ შიმშილობის მიმართ. ვიღაცები ამბობენ, რომ ნიკა მელიამ შიმშილობის დაწყებით თავი გადაირჩინაო.
_ ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი. სკეპტიციზმს რაც შეეხება, ასეთი განწყობა ნამდვილად არის.
_ არსებობს სკეპტიციზმის საფუძველი?
_ სამწუხაროდ, არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება შიმშილობას არ თანაუგრძნობს, მაგრამ ამის გამოხატვა არ ხდება. 14 ოქტომბერს უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა მიხეილ სააკაშვილის დაკავება. სხვა ნებისმიერი ხელისუფალი ამდენი ადამიანის გამოსვლის შემდეგ რაღაც ნაბიჯებს გადადგამდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. დღევანდელი ხელისუფლება არანაირ პროსტესტზე არ რეაგირებს, ამას ხალხი ხვდება და ამიტომაც უყურებს სკეპტიკურად შიმშილობის აქციას. ფიქრობს, იქნება თუ არა პროტესტის უკიდურესი ფორმა ქმედითუნარიანი? სხვათა შორის, „ოცნება“ უფრო ხისტია, ვიდრე კომუნისტები იყვნენ. კომუნისტები იძულებულები გახლდნენ, ანგარიში გაეწიათ დასავლეთისთვის. შიმშილობაზე დიდი რეაქცია იყო. შიმშილობა მის პრესტიჟზე აისახებოდა.
ჩვენი ხელისუფლება ოფიციალურად არ წარმოადგენს რუსეთს, მაგრამ მის საქმეს აკეთებს. მოსკოვს „ქართული ოცნების“ ხელით შეუძლია დააზიანოს საქართველოს პრესტიჟი. ეს რუსეთისთვის სასარგებლოა. ოპოზიციის მოთხოვნა თუ არ შესრულდა, საქართველოს სახელი გაუტყდება დასავლეთის თვალში. ეს რუსეთის ინტერესებშია. „ქართული ოცნების“ უკან დგას კრემლი, რომელიც ცდილობს, რომ პოლიტპატიმრების არსებობით საქართველო დააშოროს დასავლეთს. დღეს საქართველოში გადაწყვეტილებებს ღებულობს რუსეთი. რუსეთს უნდა, რომ დასავლეთს ზურგი ვაქციოთ. ძალიან საინტერსოა, რა რეაქცია ექნება ამ შიმშილობაზე დასავლეთს.
_ შიმშილობის პარალელურად შერიგების პროცესის მაგვარი ვითარდება. ეს ბევრს სასაცილოდ მიაჩნია. თქვენ რას ფიქრობთ შერიგებაზე?
_ სიტყვა შერიგება არც მე მომწონს. ეს არ არის ბავშვების ჩხუბი, რომ მხარეები გაბუტულები იყვნენ და მერე შერიგდნენ. შერიგება არა, მაგრამ თანხმობა აუცილებელია. უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. აქ ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არაა საჭირო რადგან ეს წესები არის ელემენტარული პრინციპები. ამ პრინციპებს დემოკრატიასთან ოდნავ მიახლოებული ქვეყნებიც იცავენ.
_ რა წესებსა და პრინციპებზეა საუბარი?
_ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკურ დევნას წერტილი დაესვას. უნდა შევთანხმდეთ, რომ არჩევნები უნდა იყოს არჩევნები და ის უნდა ასახავდეს მოსახლეობის განწყობას და არა ხელისუფლების სურვილს, რომ მუდმივად დარჩეს სათავეში. სამართლებრივ სისტემაში უნდა გატარდეს მნიშვნელოვანი რეფორმები, რათა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს სისტემა.
აი, ეს არის გასაკეთებელი, აი, ამაზე უნდა მოხდეს გაერთიანება. თამაშის ამ წესებზე შეთანხმება მისაღწევია. იდეის ავტორები, ალბათ, ამას გულისხმობენ, როცა შერიგებაზე საუბრობენ, თორემ სიტყვა შერიგება შინაარსს მოკლებულია და ცოტა სასაცილოდაც ჟღერს. აქ შერიგებაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ პრინციპების დაცვაზე უნდა შევთანხმდეთ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა შეთანხმდეს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს მხოლოდ ამ პრინციპებზე დაყრდნობით.
_ იქნება შეთანხმება ამ პრინციპებზე?
_ ამ პრინციპებისთვის ანგარიშის გაწევა რომ არ სურს ხელისუფლებას, ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. თუ იქნება დაწოლა ამ პრინციპების განსახორციელებლად, მაშინ მოუწევთ შეთანხმებაზე წასვლა. დაწოლაში ვგულისხმობ როგორც საზოგადოების აქტიურობას, ასევე დასავლეთისგან უფრო მეტ სიმწვავეს. ორივე თუ იაქტიურებს, მაშინ წავა ხელისუფლება დათმობაზე. დაწოლის ხარისხზეა დამოკიდებული, რამდენად მალე წავა „ქართუილი ოცნება“ დათმობაზე.
_ ჩვენი საზოგადოება ძალიან უცნაურად რეაგირებს ყველაფერზე და ამაზე თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ, მათ შორის, ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუებშიც. ელოდებით საზოგადოებისგან ზეწოლას ხელისუფლებაზე?
_ ჩვენი საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, მიჭირს ამაზე საუბარი _ შეიძლება, დღეს სრულიად არააქტიური იყოს, მაგრამ ხვალ ნაკლებად მოსალოდნელ დროს გააქტიურდეს.
_ შიმშილობისგან რას ელოდებით, _ დაიხსნიან სააკაშვილს?
_ ასი პროცენტით რამის თქმა ძალიან ძნელია. დროც არახელსაყრელია.
_ რას გულისხმობთ?
_ ახალი წლის ფაქტორიც მოქმედებს საერთო პასიურობაზე. არაა ხალხი აქტიური. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ შიმშილობა შედეგს ვერ მოიტანს. როგორც ვიცი, 200-მდე ადამიანი შიმშილობს. ეს უკვე სერიოზული რიცხვია. ახლა ყველაფერი დასავლეთისა და ხალხის რეაქციებზეა დამოკიდებული.