QronikaPlus
მამუკა გამყრელიძე: „თუ მართლა შიმშილობენ, გამობრძანდნენ პარლამენტიდან!“

მამუკა გამყრელიძე: „თუ მართლა შიმშილობენ, გამობრძანდნენ პარლამენტიდან!“

2021-12-27 06:27:05

ნენე ინჯგია

„შენ თუ მართლა მიდიხარ შიმშილობაზე და მჯიღებს იცემ გულში, მაშინ გამობრძანდი პარლამენტიდან, აიყოლიე სხვა ოპოზიციური პარტიები და ყველამ ერთად დატოვეთ პარლამენტი. „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკუთარ თავთან მარტო დატოვეთ“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ.

რამდენად რეალისტურია ეროვნული შერიგების საკითხი? რატომ არ რეაგირებს სათანადოდ დასავლეთი და უკრაინა მესამე პრეზიდენტის შესახებ? მოიხსნა თუ არა საბოლოოდ დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების თემა?

„ქრონიკა+“ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრება: 

_ ბატონო მამუკა, დღევანდელი მოცემულობით, რა პერსპექტივა აქვს ეროვნული შერიგების საკითხს?

_ როდესაც რაღაც მოვლენას განვიხილავთ, კარგად უნდა გვესმოდეს მისი შინაარსი და მიზანი. ამ შერიგებაში, მოარული სიტყვისა არ იყოს, ვერც შინაარსს ვხედავ და ვერც _ მიზანს, ყოველ შემთხვევაში, შესაფერის მიზანს მაინც. ვინ ვის და რა თემაზე ურიგდება, გაუგებარია. რაც შეეხება მიზანს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიზანი ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ საკუთარი პოლიტიკური ლიდერი გამოიხსნას ციხიდან, მეორე მხარეს კი რა მიზანი უნდა ჰქონდეს? _ მოიშოროს მობეზრებული პრობლემა თავიდან თუ სხვა რამ, _ ეს არ ვიცი. პრეზიდენტის ეს ინიციატივა უფრო პიარკამპანია მგონია, რომელიც ცდილობს, დასავლეთს აჩვენოს, როგორი კეთილშობილი, დასავლურად მოაზროვნე, ტოლერანტული პრეზიდენტია და როგორ ფლობს სიტუაციას. სინამდვილეში, ვერაფერსაც ფლობს, აბსოლუტურად არანაირი გადაწყვეტილების მიღება მას არ შეუძლია. ქვეყანაში ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება, ამიტომ მისი და მისი წინამორბედის ფუჭი ძალისხმევა სრულიად არაფრისმომცემია. თუ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მოინდომებენ ამ პრობლემის გადაწყვეტას, რასაც სააკაშვილის განთავისუფლება ჰქვია, პრეზიდენტი ამას ვერანაირად შეძლებს, რადგან მას ეშინია ნაბიჯის გადადგმის. ამიტომ, ცხადია, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს და ახლა ცდილობს, რაღაცნაირად, გადაანაწილოს პასუხისმგებლობა ორივე დაპირისპირებულ მხარეზე და ამით პიარქულები მოიპოვოს.

_ თქვენით თქმით, პრეზიდენტი დასავლეთს აჩვენებს, რომ ფლობს სიტუაციას, თუმცა პრეზიდენტის ნაბიჯების მიღმა „ქართული ოცნების“ ინტერესები არ იკვეთება?

_ ჩვენ მხოლოდ დღევანდელი მოქმედებებით არ უნდა შევაფასოთ პრეზიდენტის ეს პოზიცია. მან უკვე თვეზე მეტია, რაც დაიწყო ასეთი აქტივობა. მას ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა საფრანგეთში კონფერენციაზე, სადაც საკმაოდ სერიოზული პირები იყვნენ მოწვეულები, სერიოზული კითხვები დაუსვეს და პასუხებიც გასცა. ამის შემდეგ იყო ბაიდენის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სადაც ქალბატონი პრეზიდენტი გამოჩნდა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულობის სახე _ „დემოკრატიის შუქურა“. რაღაცნაირად ხდება პრეზიდენტის ფიგურის წამოწევა _ ვინ აკეთებს ამას, დასავლეთი თუ „ქართული ოცნება“, უცნობია, ჩემი აზრით, უფრო მმართველი გუნდი. ერთია პოლიტიკა შიგა მოხმარებისთვის, ხოლო მეორე _ დასავლეთისთვის. დასავლელ პარტნიორებს რაღაც ნაწილში სჭირდებათ ის ხელმოსაჭიდი, რაზედაც ისინი გაამახვილებენ ყურადღებას და იტყვიან, რომ ყველაფერი ცუდად არ არის ამ ქვეყანაში: მაგალითად, პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი, ასე მოწადინებულია, რომ რადიკალიზაცია შეამციროს. დასავლეთიდან მთავარი მესიჯია, რომ პოლარიზაცია უნდა შეწყდეს. სწორედ ამის აფიშირებას აკეთებს პრეზიდენტი, რომ პოლარიზება შეწყდეს და ნაბიჯებს დგამს, რომ ორ რადიკალურ პოლუსზე მდგარი პოლიტიკური ძალა დააახლოვოს. სინამდვილეში, ვინ დაუგდებს მას უყურს? ეს პროცესი მხოლოდ საგარეო მოხმარებისთვის არის, საშინაო მოხმარებისთვის _ უფრო კომიკურია. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს რაღაც მომენტში გამოიყენოს და თუ მართლა მოსაბეზრებელი გახდა მათთვის სააკაშვილის ციხეში ჯდომა, ზურაბიშვილს მისი შეწყალება დააძალოს. ყოველ შემთხვევაში, სალომე გაამწესონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ხელი შეიწმინდონ მასზე, საზოგადოების რისხვაც სწორედ სალომეზე მიმართონ. ეს არ არის გამორიცხული, პოლიტიკური თამაშები ჭადრაკივით არის, ამიტომ სხვადასხვა სვლა უნდა გავთვალოთ.

_ რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის განთავისუფლება?

_ მე ჯერ დასავლეთიდან ვერ ვხედავ განსაკუთრებულ აქტივობას და ინტენსიურ მესიჯებს. ისინი, უბრალოდ, ცდილობენ დისტანცირდნენ ამ პრობლემისგან და ყურადღება არ გაამახვილონ. ასე მარტივად არ არის დასავლეთის საქმე, რადგან მათ უკრაინის მიმართულებით აქვთ საფიქრალი. გარდა ამისა, ერთხელ უკვე შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მწარედ იწვნიეს, რომ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის რადიკალური ფრთის ნდობა არ შეიძლება, ამ ორი დაპირისპირებული ძალიდან არც ერთია სანდო, ორივე გადამგდებია. ამიტომ დასავლეთი შეეცდება ამ სიტუაციიდან დისტანცირებას. უკრაინის მხრიდანაც ვერ ვხედავ განსაკუთრებულ აქტიურობას, ნელთბილი დამოკიდებულებაა. ზელენსკიმაც თქვა, რომ რაღაცას ვფიქრობთო, მაგრამ კონკრეტულად რას აკეთებენ, ეს არ ჩანს, არც რადა აქტიურობს. რეალურად ვხედავთ, რომ სააკაშვილი დარჩა საკუთარი ამომრჩევლის იმედად. პარტია კი ცოტა უცნაურ ნაბიჯებს დგამს. ჩემთვის გაუგებარია მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყებაც, ვერც საზოგადოებაში ვხედავ განსაკუთრებულ აღშფოთებას, ეს 21 დეკემბრის აქციაზეც გამოჩნდა. ეს არ იყო მასშტაბური აქცია. ყველაფერი გაძვირდა, ელექტროენერგია, გაზი, პური, _ ხალხი ამაზეც კი არ რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება დაიღალა. ჩემი მეგობრის მოსაზრებას ვიზიარებ, რომელმაც თქვა, რომ სწორი იქნებოდა პოლიტიკური ტაიმაუტის აღება, რის საშუალებასაც იძლევა ის, რომ ვადამდელ არჩევნებზე აღარავინ საუბრობს, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია.

_ ზელენსკი ახსენეთ, რომელმაც განაცხადა, „სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ, ისიც იღებს ჩემგან ინფორმაციას“, _ უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ამ სახის განცხადებებით შემოიფარგლება, კონკრეტულ ნაბიჯებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, _ რით აიხსნება ეს?

_ უკრაინისთვის სააკაშვილი არასდროს იქნება უკრაინელი, ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი იქნება. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი იყო სააკაშვილი. ზელენსკი შინაგანად, ალბათ, ფიქრობს, რომ ეს საქართველოს პრობლემა უფროა, ვიდრე _ უკრაინის, ამიტომ არ უნდა ზედმეტი პრობლემების საკუთარ თავზე აიღება. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინამ გამოითხოვოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილს რომელიმე საქმეზე როცა მიესჯება სასჯელი, ვინაიდან ის უკრაინის მოქალაქეა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის მოხდა შესაძლებელია უკრაინაში მოუწიოს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამავე შეთანხმებით ეს ვადა ბოლომდე უნდა მოიხადოს, ანუ მისი გამოშვება ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვს, მას უკრაინის ციხეში ჯდომა მოუწევს და თუ შეიწყალებს ეს, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პრობლემა იქნება. ცხადია, ზელენსკის მსგავსი პრობლემა არ უნდა. გარდა ამისა, ზელენსკი ხედავს, რომ დასავლეთი განსაკუთრებულად არ რეაგირებს და ცხადია, იგი ამ პრობლემისგან დისტანცირებას ცდილობს. სააკაშვილი შესაძლოა, პრობლემა გახდეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ამიტომ ზელენსკის ამ პრობლემის აცილება სურს და მე მესმის მისი.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ვადამდელზე აღარავინ საუბრობს. ეს თემა საბოლოოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან?

_ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ხელისუფლების ხელშია, ოპოზიცია ვერაფერს გადაწყვეტს. ხელისუფლებას კი არ აქვს ისეთი გაუსაძლისი პირობები, რომ ამ ნაბიჯზე წავიდეს. ოპოზიციამ ვერ გადადგა ის ნაბიჯი, რომ პოლიტიკური ბოიკოტი გამოეცხადებინა და ყველას დაეტოვებინა პარლამენტი. ნახევარზომები არასდროს ვარგა. როდესაც დასავლეთი და შარლ მიშელი იყო ჩართული პროცესებში და პარლამენტში შესვლაზე იყო საუბარი, მაშინ უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი, ყველა უნდა შესულიყო პარლამენტში, რის შემდეგაც დასავლეთსა და ოპოზიციას ეიძულებინა ხელისუფლება, შეესრულებინა ის პირობები, რაც ჩადებული იყო ამ ხელშეკრულებაში. სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ დაარღვია ეს პირობა, არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და არ შევიდა პარლამენტში. ამით კი ხელისუფლებას საშუალება მისცა, რომ მასაც დაერღვია ეს პირობა _ გამოსულიყო შეთანხმებიდან, საბოლოოდ კი მივიღეთ შედეგი, როცა შეთანხმება აღარ არსებობს. ოპოზიციამ პოსტ ფაქტუმ მოაწერა ხელი, როცა დარღვეული იყო ყველაფერი. რა აზრი აქვს ამას?!

_ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების პარლამენტში ყოფნა და მასობრივი შიმშილობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია?

_ როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი შედგა და მართლა კომპრომისებზე წასვლა იყო საჭირო, მაშინ გამოიჩინეს უკომპრომისობა და „პრინციპულობა“. თუ შენ მართლა მიდიხარ შიმშილობაზე და მჯიღებს იცემ გულში, მაშინ გამობრძანდი პარლამენტიდან. აიყოლიე სხვა ოპოზიციური პარტიები და ყველამ ერთად დატოვეთ პარლამენტი. „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკუთარ თავთან მარტო დატოვეთ. ამ შემთხვევაში აზრი ექნება გარკვეულ ქმედებებს, მაგრამ ნახევარზომებით, პირიქით, საქმე ფუჭდება, შენ ამ დროს ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევ, რომ ეს პროცესი მშვიდად მიიყვანოს 2024 წლამდე. ამიტომ ხელისუფლებას ახლა არანაირი აუცილებლობა არ უდგას იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. 

_ რითაც დავიწყეთ საუბარი, იმ თემას დავუბრუნდეთ: რა შემთხვევაში იქნება ეროვნული შერიგების საკითხი რეალური?

_ სიტყვა შერიგება აბსოლუტურად არარელევანტურია და შინაარსს მოკლებულია. ამ კონტექსტში შესაძლებელია გამოვიყენოთ ერთადერთი სიტყვა _ ეს არის შეთანხმება. რადიკალური პოლიტიკური ძალების (როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“) გარდა არსებობენ ცენტრში მყოფი პოლიტიკური პარტიები და ასევე მოსახლეობის 30%, შესაძლოა, მეტიც და მათ სურთ შეთანხება ერთადერთ რამეზე _ ეს არის სამართალდამცველი სისტემისა და სასამართლოს დეპოლიტიზება, მისი განთავისუფლება ხელისუფლების წნეხისგან. თუ პოლიტიკურ დევნას ვუწოდებთ იმას, რომ ვიღაც პოლიტიკოსი იქნება თუ სახელმწიფო პირი დანაშაულს ჩაიდენს და ის კანონით არ უნდა იდევნებოდეს, არ უნდა დაისაჯოს?! _ უნდა დაისაჯოს, მაგრამ თავისუფალი სასამართლოს მიერ. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ თავისუფალი, დეპოლიტიზებული სამართალდამცველი სისტემა და სასამართლო გვქონდეს, ყველა პრობლემა მოიხსნება. პრობლემები სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ სააკაშვილის დროს შეიქმნა საშინელი, პოლიტიზებული სამართალდამცველი სისტემა, რომელიც ადეიშვილზე იყო დაქვემდებარებული და შემდეგ ის გადმოეცა „ქართულ ოცნებას“, რომელიც ძალიან წარმატებულად იყენებს ამ სასამართლოსა და სამართალდამცველ სისტემას. თუ ეს შეთანხმება არ მოხდა, შემდეგი ხელისუფლება, ვინც მოვა, ისც გამოიყენებს ამ კლანურ სისტემას, მივიღებთ აბსოლუტურად იდენტურ სიტუაციას _ რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ის ზეწოლას მაინც გააგრძელებს სამართალდამცველ სისტემაზე, პრობლემები იგივე დარჩება. ამიტომ ამ შეთანხმების შინაარსი უნდა იყოს სამართალდამცველი სისტემისა და სასამართლოს დეპოლიტიზება, მეტი არაფერია საჭირო. 

გაზიარება