- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2021-05-22 07:20:53
ლეიბორისტული პარტია 2020 წლის არჩევნების შედეგებს კვლავ არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება. პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია ამომრჩეველსაც ღალატობს და _ საკუთარ პრინციპებსაც. ლეიბორისტის აზრით, პარლამენტი დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოა და იქ შესვლა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანებას ნიშნავს. საკანონმდებლო ორგანოში შესულებსა და შესვლის მსურველებს ლეიბორისტები კინტაურის ცეკვისკენ მოუწოდებენ. ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ რაღაც არ შეიცვალა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში 2030 წლამდე დარჩება.
რატომ უნდა შევიდეს ოპოზიცია კინტაურით ცესკოს შენობაში? ვის და რატომ მოუწევს ბოდიშების მოხდა? დარჩება თუ არა „ქართული ოცნება“ 2030 წლამდე ხელისუფლების სათავეში? ექნება თუ არა ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:
_ ოპოზიციის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ლეიბორისტები პირველ ჩვენებას აწვებით და პარლამენტში არ შედიხართ. ბოლომდე ბოიკოტის ერთგულები დარჩებით?
_ რა თქმა უნდა! არასდროს წაგვიღია უკან სიტყვა. არც ახლა წავიღებთ. ჩვენ გარდა პარლამენტში კიდევ რამდენიმე პიროვნება არ შედის. მაგალითად, ელენე ხოშტარია, თაკო ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე…
_ ელოდით ოპოზიციისგან ამას? ოპოზიციური შეხვედრები თქვენი პარტიის ოფისში მიმდინარეობდა და არშესვლასთან დაკავშირებით ბევრი მგზნებარე განცხადება გექნებათ მოსმენილი.
_ უშუალოდ მოლაპარაკებებს არ ვესწრებოდი, თუმცა ოფისში ვტრიალებდი და მესმოდა, რა განცხადებები კეთდებოდა შეხვედრებზე. უკვე შესულები და შესასვლელად გამზადებულები ოქტომბრიდან მოყოლებული გაიძახოდნენ, _ პარლამენტში ჩვენი ფეხი არ იქნება, ვინაიდან არჩევნები არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, ეს იყო სპეცოპერაცია ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგო. ამბობდნენ, ეს იყო ხმების ქურდობა და გაყალბების ყველა მექანიზმის გამოყენება.
გასული საუკუნის 90-იანების მერე ასეთი საშინელი არჩევნები მართლა არავის ახსოვს. ამაზე ოპოზიციონერები არა მარტო დახურულ შეხედრებზე საუბრობდნენ, არამედ სატელევიზიო ინტერვიუბშიც აცხადებდნენ. მიტინგებზეც იგივე პოზიციას აფიქსირებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი გადაწყვიტეს, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც, სინამდვილეში, „ქოცების“ პოლიტსაბჭოა და არა საკანონმდებლო ორგანო.
„ქოცების“ პოლიტსაბჭოში ჯერ ელისაშვილი შეიპარა, მერე „პატრიოტთა ალიანსის“ ხალხი შეჰყვა. ამათ „გირჩებმაც“ მიბაძეს. მერე იყო შარლ მიშელის დოკუმენტი და შესასვლელად საბაბი გამონახეს.
_ როგორც ამბობენ, შესვლა მაშინ გადაწყდა, როცა შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებები დატოვაო. ასე იყო?
_ უკვე იმ პერიოდში აპირებდა ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერას, სადაც ვადამდელი არჩევნების ხსენება არ იყო. მხოლოდ ოპოზიციისთვის პარლამენტის 5 კომიტეტის თამჯდომარის დათმობაზე იყო საუბარი.
_ ახლა, მგონი, ამ კომიტეტებსაც აღარ აძლევენ.
_ მე როგორც ვიცი, აღარ აძლევენ, გადააგდეს.
_ ამათ ხალხი გადააგდეს და გადამგდების გადამგდები უნდა ცხონდეს.
_ ძალიანაც კარგი იქნება, თუ გადააგდებენ. არგუმენტები, რომელსაც შესულებისგან ვისმენთ, სასაცილოა. ამტკიცებენ, რომ არ შევსულიყავით მხარდაჭერას დავკარგავდითო. არაფერსაც არ დავკარგავდით. მას შემდეგ, რაც შალვამ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა, ოპოზიციამ დროებით თავი შეიკავა დოკუმენტზე ხელმოწერისგან. ერთი თვით გადაიდო შეჯლიგინების პროცესი, რაც ბოლოს მაინც მოხდა.
მე ვარ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელიც წარმოადგენს ლეიბორისტულ პარტიას. ჩვენი პარტია იქით არ იხრება, საიდანაც ქარი დაუბერავს. შესაბამისად, თავისუფლად შემიძლია პარლამენტში შესულების შეფასება. პარლამენტში შესვლა არის ღალატი არა ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიის მიმართ, არამედ საკუთარი პრინციპების მიმართ. რაც მთავარია, ეს არის ხალხისა და ქვეყნის ღალატი. ამაზე საზოგადოებას სათანადო რეაქცია უნდა ჰქონდეს. ოპოზიციაში მყოფები ასე ატყუებენ ხალხს და ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამენ, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ. არც ერთ დაპირებას არ შეასრულებენ.
_ იქნებ, არც არავისთვის უღალატიათ და როგორც ამბობენ, ბოიკოტმა მართლაც დაკარგა აზრი? იქნებ, არის შანსი, რომ შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს გამოვკრათ ხელი?
_ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები უნდა აიღოს. რაც შეეხება იმას, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა, თავად ამ სიტყვამ დაკარგა აზრი და ეს პარლამენტში შეჯლიგინებულების დამსახურებაა.
_ როგორც ჯანსუღ ჩარკვიანმა იხუმრა, ბოიკოტი კატების ჩხუბი მგონიაო _ „Бой кот“.
_ ასე გამოდის. პოლიტიკური ბოიკოტისგან მართლაც „Бой кот“ („ბოი კოტ“) დარჩა მხოლოდ. კარგი, ვთქვათ, პარლამენტის ბოიკოტმა აზრი დაკარგა, მაგრამ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვამ რომ მოუწიათ, ამაზე რას იტყვიან? მესმის, რომ უხეშად ვამბობ სათქმელს, მაგრამ ეს ცნობილი ქართული გამონათქვამია. ამაზე გვიპასუხონ „ლელომ“ და „აღმაშენებელმა“. თან ნახეთ, როგორი სახელები დაარქვეს. ვერ შეეშვა ეს ხალხი პარტიებისთვის ბრჭყვიალა სახელების დარქმევას.
რამდენჯერ დადგნენ კამერების წინ და ამტკიცებდნენ, პარლამენტში ჩვენი ფეხი არ იქნება, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებაო. სიტყვა ხელმოწერითაც დაამოწმეს. ახლა ეს პრინციპი გატეხეს და არც რცხვენიათ. სიტყვას ფასი აღარ აქვს, გაგიგიათ ასეთი რამე? არ შეიძლება, პარლამენტს არალეგიტიმური ეძახო, არჩევნები ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციად მონათლო და ამ ყველაფრის შემდეგ შეჯლიგინდე საკანონმდებლო ორგანოში.
_ თქვენი აზრით, რატომ შეჯლიგინდნენ? გარიგებასთან გვაქვს საქმე?
_ გარიგებები ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის. ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ დავიჯერებ, რომ პარლამენტში შესულებს ეს გამოუცდელობით მოუვიდათ. ასეთი რამე რომ ვიფიქრო, ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყო. შეიძლება, ვცდები კიდევაც და მართლა გამოუცდელობით მოუვიდათ.
_ გამოუცდელი რომელია: ვაშაძე, ელისაშვილი თუ ხაზარაძე?
_ არც ერთი არაა გამოუცდელი. ხაზარაძე ბიზნესმენია. ვაშაძე ბიზნესმენის სიძეა, რომელიც ივანიშვილის კარზე დაახლოებულია და ისე გათავხედდა, რომ პატრიარქის გადაყენებაც კი სურდა. „გირჩებზე“ საერთოდ არაფერს ვამბობ. ეტყობა, მარიხუანა მოწიეს და მთელი პარლამენტი დააბოლეს. იქ შეჯლიგინებულებისგან ისეთ განცხადებებს ვისმენ, აშკარად ჩანს დაბოლების კვალი. დღეს საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი, ეს არის ქოცების პოლიტსაბჭო. იქ შეჯლიგინება „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას ნიშნავს.
_ წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. ჯერ თარიღიც არაა დასახელებული და ოპოზიციამ უკვე დახოცა ერთმანეთი მერობის კანდიდატებზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატებით უნდა წარდგეს. თქვენ რას იტყვით?
_ გაქოცებულმა ოპოზიციამ თავი შეირცხვინა. მათთან ერთად საერთო კანდიდატურის დაყენება წარმოუდგენელია. ამ ხალხთან დაჯდომასა და დალაპარაკებაზე მაშინ შეიძლება ფიქრი, თუ ჩადენილ დანაშაულს მოინანიებენ და ბოიკოტის რეჟიმს დაუბრუნდებიან.
_ დაუბრუნდებიან ბოიკოტის რეჟიმს?
_ მეეჭვება. ისე შეფრინდნენ პარლამენტში, მაგათ იქიდან ვერავინ გამოიყვანს.
_ ისე, ცოტა კომიკურია, მთელი ეს პერიოდი თქვენს ოფისში იკრიბებოდნენ ოპოზიციონერები. ბოლოს თავად პარლამენტში შევარდნენ და ლეიბორისტები ისევ გარეთ დარჩით.
_ ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენც შეგვეძლო პარლამენტში შესვლა, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი და სამართლიანიი გადაწყვეტილება. ლეიბორისტები ყოველთვის იყვნენ სიტყვის პატრონები. ჩვენ არასდროს გადაგვიგდია ამომრჩეველი და არც პრინციპები შეგვიცვლია. ჩვენ ერთხელ ვთქვით, რომ არჩევნებზე არავისთან ერთად ალიანსში არ შევალთ და ამ პრინციპს დღემდე ვუერთგულებთ. მომავალშიც ასე იქნება. სიტყვას თუ იძლევი, ის უნდა შეასრულო კიდევაც.
ოპოზიციას ბოლომდე რომ შეენარჩუნებინა პრინციპულობა. ივანიშვილის მახინჯ ხელისუფლებას ძალიან მალე გავისტუმრებდით სახლში. ახლა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.
_ ძალიან ძნელი თუ შეუძლებელი?
_ შეუძლებელი არაფერია, მათ შორის, „ოცნების“ შეცვლაც შესაძლებელია. ოღონდ ბოიკოტის შეწყვეტამ და სიტყვის გატეხამ ეს ცვლილება შორეულ პერსპექტივაში გადაიტანა. იმის მტკიცება, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია ჯამურად 57%-ს აიღებს, არის სრული ბოდვა.
_ რატომ არის სრული ბოდვა? იქნებ, მართლა შეძლოს ოპოზიციამ 57%-ზე მეტის აღება? ჩვენ ხომ არ ვიცით, რა პროცესები განვითარდება?
_ გამორიცხულია. „ქართული ოცნება“ იგივე ბერკეტებს აამოქმედებს და იგივე მექანიზმებს გამოიყენებს. არჩევნები ისევე გაყალბდება, როგორც შარშან გაყალბდა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი თამარ ჟვანიას შეცვლასაც კი არ დათანხმდება.
_ შეცვლას ვინ ჩივის, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთხოვს, თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადეთო.
_ ეს მართალია. ამაში „ქოცებს“ მეც ვეთანხმები.
_ რატომ ეთანხმებით? რატომ უნდა მოუხადოს ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს ბოდიში?
_ ოპოზიცია ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამის გამო პარლამენტში არ შევალთო. არჩევნების გაყალბების გამო თამარ ჟვანიას სთხოვდნენ პასუხს და მის დასჯას ითხოვდნენ. ახლა შედიან პარლამენტში და ე. ი. გაყალბება არ ყოფილა. გაყალბება თუ არ ყოფილა, მაშინ ჟვანიას მოუბოდიშონ. არჩევნების დღიდან სულ მის ლანძღვაში არიან. ზოგიერთი მის დაჭერასაც გვიანონსებდა. ასე რომ, მათ უნდა მოიბოდიშონ. თან უბრალოდ კი არ მოიბოდიშონ, არამედ ემთხვიონ ჟვანიას კაბას და ამ ფორმიოთ გამოხატონ სინანული.
_ სადაც პარლამენტში შევიდნენ, არც ამის გაკეთება გაუჭირდებათ.
_ არ ვიცი, გაუჭირდებათ თუ არა, მაგრამ მათგან ამის გაკეთება ქართველმა ხალხმა უნდა მოითხოვოს. ბოდიში ხალხსა და საკუთარ ამომრჩეველსაც უნდა მოუხადონ. ადრე თუ გვიან, ამომრჩეველი ამ ღალატის გამო მოსთხოვს პასუხს.
_ მობოდიშება საინტერესო სანახავი იქნება.
_ ძალიან საინტერესო გამოვა. მებოდიშეებს თავში ელისაშვილი უნდა ჩაუდგეს, მერე მას მიჰყვეს მეორე კინტო, მასთან ერთად რომ შევიდა პარლამენტში.
_ ლევან იოსელიანზე საუბრობთ?
_ დიახ. მაგ იოსელიანის ძმამ დარიალის ხეობაში ჰესი ააშენა და თერგი გააქრო. თერგის გამქრობის ძმა ამდენს არ უნდა ლაპარაკობდეს. შალვა ნათელაშვილმა მას ეს პირდაპირ ეთერში წამოაძახა და იმან ვერ უარყო.
_ მაგის ძმამ თერგის გაქრობა თუ მოახერხა, იქნებ, იოსელიანმა „ოცნება“ გააქროს.
_ „ქოცებს“ ესენი ვერ გააქრობენ, თავად კი ძალიან მალე გაქრებიან პოლიტიკიდან. მანამდე უნდა ჩამწკრივდნენ და თამარ ჟვანიას ეახლონ. ცესკოში კინტაურის ცეკვით შევიდნენ, ჟვანიას კაბაზე ემთხვიონ და ასე მოიხდონ ბოდიში. ცრემლების დაღვრაც შეუძლიათ. ასე უფრო კარგად გამოხატავენ სინანულს.
_ ახლა იმათზეც ვისაუბროთ, ვინც პარლამენტის მიღმა დარჩით. ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს რამე შანსები თვითმმართველობის არჩევნებზე?
_ ეს პარტიები ერთმანეთთან უნდა იყვნენ სრულ კოორდინაციაში. ხალხს მუდმივად უნდა შევახსენოთ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ „გაქოცდა“. ამომრჩეველიც სათანადო არჩევანს გააკეთებს.
_ ამაში დარწმუნებული ხართ?
_ ხალხი მოღალატეებს აუცილებლად გასცემს პასუხს და არჩევანს ნამდვილი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთებს.
_ ახალგამოჩეკილმა ოპოზიციონერებმა რომ გაგიწიოთ კონკურენცია, ვასაძესა და გახარიას ვგულისხმობ, ამაზე არ გიფიქრიათ?
_ გამორიცხულია. მაგათ რა კონკურენცია უნდა გაგვიწიონ? გახარია და ვასაძე, ისევ და ისევ, „ოცნების“ კონკურენტები იქნებიან. თან ეგენი ბნელი პრორუსული ძალები არიან. ამათთან შედის საპატრიარქოს სინოდიც. სინოდს, თავის მხრივ, ის ქალი, შორენა განაგებს. ამ ბნელების ნაწილს ФСБ კურირებს, ნაწილს კიდევ ГРУ აფარებს ხელს. მფარველების ზურგით ათას სისულელეს ლაპარაკობენ. აკეთებენ საშინელ განცხადებებს და ამის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს. ხვალ კიდევ უფრო მეტს გაბედავენ.
ბაია პატარაიასიც გაკვირვებია, ყველაფერზე რომ რეაგირებს, წვერში რატომ არ წვდა კომბლიან რაინდს?! ლევან ვასაძე საჯაროდ გადმოდგა და აცხადებს, საქართველო კაპასი ქალების ქვეყანა არასდროს იქნებაო. ამ რუსეთუმემ ქართველ ქალებს მიაყენა შეურაცხყოფა და ვითომ არაფერი.
_ კომბლიანმა რაინდმა, ეტყობა, არ იცის, საქართველომ აქამდე რომ მოაღწია, ეს „კაპასი ქალების“ დამსახურებაცაა.
_ საიდან უნდა გაეგო, ვასაძე ხომ КГБ-ს დაწერილი ტექსტებს იზეპირებს მხოლოდ?! КГБ-ში ათვისებული უნარ-ჩვევებით მოქმედებს. მაგნაირებმა იშოვეს რუსეთში გასული საუკუნის 90-იანებში მილიონები. იშოვეს კი არა, რუსულმა სპეცსამსახურებმა აშოვნინეს. მაშინ მოსკოვში მილიონებს ვინ გაშოვნინებდა, თუ КГБ-ს კაცი არ იყავი. მათი ნებართვის გარეშე „ბუტკასაც“ კი ვერ ჩადგამდი. ამათ მილიონები და მილიარდები დააგროვეს და ახლა სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიან. ეგენი ჩვენი კონკურენტები ვერასდროს გახდებიან.
_ ანუ ოპოზიციას გახარია-ვასაძის არ გეშინიათ.
_ რატომ უნდა გვეშინოდეს? ეშინოდეს „ოცნებას“. მაგათ რუსეთუმეები თუ დაუჭერენ მხარს. ჩვენი ელექტორატი მაგათთან არ წავა. თუ ვინმე ვასაძის პრორუსულობას ვერ ამჩნევს, ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის ღირსი არ ვყოფილვართ. სულ ტყუილად დაღვრილა ქართველბის სისხლი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 1989 წლის 9 აპრილსაც ტყუილად ჩაუხოცავთ ჩვენი ახალგაზრდები. ტერიტორიული მთლიანობის დაცვასაც ამაოდ შეეწირა ამდენი ხალხი.
_ 9 აპრილი ვახსენეთ და მაგ დღეს, ძირითადად, ქალები დაიხოცნენ. ვასაძისთვის, ნეტავ, ისინიც „კაპასი ქალები“ არიან?
_ შეიძლება, იმათაც „კაპას ქალებად“ მიიჩნევს. მას ხომ მხოლოდ ისინი მოსწონს, ვინც რუსეთს ადიდებს. როგორ შეიძლება რუსების დანდობა?! პატარა გოგონები ჩახოცეს ორლესული ნიჩბებით. რა ჩაიდინეს აფხაზეთსა და ცხინვალში, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველა უბედურება რუსეთისგან გვჭირს. ამათი დამცველი ვასაძე გამოდის და მორალს კითხულობს. ის მზადაა, კრემლისა და საყვარელი რუსეთის ნებისმიერი დავალება შეასრულოს. ვასაძე არის ღიად პრორუსული პერსონა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ის რუსეთის პროექტია? გაშიფრული რუსეთუმეს გამოყვანა რაში სჭირდება მოსკოვს?
_ კრემლმა აქ სიტუაცია კარგად შეისწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყვანა ასპარეზზე თავისი მარიონეტი. ვასაძე რაღაცნაირად ტრადიციების დაცვასთან ასოცირდება, ოღონდ არ ვიცი, რატომ ითვლება ტრადიციების დამცველად. ვიღაცებს მართლა სჯერა, რომ ეს კაცი ქართულ ტრადიციებს დაიცავს და „კაპას ქალებს“ გააჩუმებს. თურმე, ვასაძე თუ მოვა ხელისუფლებაში, საქართველო ხელახლა გაქრისტიანდება. გაქრისტიანებას კომბლებით აპირებენ. ისიც კი არ იციან, რომ ქრისტიანობა მიმტევებლობაა და არა კომბლების თავში რტყმა.
_ ქრისტიანობაზე თავს რომ დებენ, ისიც უნდა იცოდნენ, რომ ქრისტიანობა აქ წმინდა ნინომ შემოიტანა. იქნებ, ისიც „კაპას ქალად“ გამოაცხადონ.
_ ქრისტიანობას ფარად იფარებენ, სინამდვილეში წარმოდგენაც არ აქვთ, რას ნიშნავს რწმენა. ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულს გულისხმობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვასაძის მოძრაობის სახელი. ეს უკვე ძალიან კომიკურია. ასეთი მყვირალა ფრაზები და სახელები 20 წლის წინათ კიდევ მუშაობდა. დღეს ამან შეიძლება, მხოლოდ პენსიონერ ბებოზე იმუშაოს.
_ პენსიონერი ბებოები ხშირად ჩვენზე კარგად ერკვევიან პოლიტიკაში და მათზე უფრო ვერ იმუშავებს.
_ ზოგი ბებო ისეთი მაგარია, მართლა ვერ მოახდენს მათზე გავლენას. ვასაძე ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, ვერც _ გახარია. ოპოზიციას სხვა თავის ტკივილი გვაქვს _ არჩევნების გაყალბების საფრთხე არსებობს. არჩევნები საქართველოში ცუდი კანონმდებლობის გამო არ გაყალბებულა. არსებული კანონი ცუდია, მაგრამ ეს ცუდიც კი თავზე გადაგვახიეს და ძალადობა-დაშინებით დაიწერეს სასურველი შედეგი. ძალადობა რომ არ ყოფილიყო, არსებული კანონმდებლობით „ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერ აიღებდა.
_ არჩევნების გაყალბების საფრთხე არსებობსო. ამ არჩევნების შედეგებს, ალბათ, ხალხი აღარ გააპროტესტებს.
_ რა აზრი აქვს? ახლა გვერდით დაგვიდგა ხალხი და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შეჯლიგინდა. ხალხი იმათ დაძახილზე თუ გამოვა გარეთ, ვინც თავისი სიტყვის ერთგული დარჩა. ხალხის გარეშე ოპოზიცია ვერაფერს გავხდებით. მე, ძირითადად, ახალგაზრდობის იმედი მაქვს. კარგი ახალგაზრდობა მოდის. ათწლეული მაინც დაგვჭირდება, რომ ესენი შევცვალოთ.
_ გინდათ თქვათ, რომ 2030 წელამდე დარჩება „ოცნება“, როგორც ივანიშვილი დაგვპირდა?
_ სიტუაცია თუ არ შეიცვალა, დარჩებიან. ხალხი სრულ ნიჰილიზმში ჩავარდა. ამ მხრივ ისედაც მძიმე მდგომარეობა იყო და პარლამენტში ოპოზიციის შევარდნამ კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი შეიცვლება და ეს მალე მოხდება.
შორენა მარსაგიშვილი