QronikaPlus
გია ხუხაშვილი: „შიდა პოლიტიკურ მოედანზე ნიკა მელია მთავარი მოთამაშეა“

გია ხუხაშვილი: „შიდა პოლიტიკურ მოედანზე ნიკა მელია მთავარი მოთამაშეა“

2021-05-22 07:08:00

10 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.
მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით კი იგი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

შეიცვალა თუ არა პოლიტიკური მოცემულობა ნიკა მელიას განთავისუფლების შემდეგ? როგორია სააკაშვილის ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გაზრდის თვალსაზრისით? რამდენად რეალისტურია სააკაშვილის მორიგი დაპირება ჩამოსვლის შესახებ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, რა კუთხით შეიცვალა პოლიტიკური რეალობა მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხიდან განთავისუფლდა?
_ ვფიქრობ, გარკვეული თეორიული შანსი გაჩნდა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეთ… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრება, რაც ილუზიაა და ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისი ვერ დაიხურება მანამ, სანამ მიზეზი არ გადაილახება. კრიზისის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა. ხელისუფლების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ მაშინ გადაილახება, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს. მანამდე მუდმივად ვიქნებით პერმანენტული კრიზისის მდგომარეობაში, თუმცა ჩიხიდან გამოსვლისა და წინ წაწევის თეორიული შანსი გაჩნდა. მოვამზადოთ კანონმდებლობა ამ ტიპის არჩევნების ჩასატარებლად და არჩევნები ჩავატაროთ რაც შეიძლება მალე. ვგულისხმობ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რისი ჩატარების მექანიზმიც შეთანხმებაში დევს. არ ვეთანხმები იმ განწყობებს, რომ ოპოზიცია დამარცხდა და ხელისუფლებამ თავისი გაიტანა. ძალიან უცნაურად მიმაჩნია ეს ყველაფერი, რადგან ხელისუფლების კატეგორიული პოზიცია იყო, რომ რიგგარეშე არჩევნები არანაირ ვითარებაში არ დაინიშნებოდა. მათ მოუწიათ ამ სერიოზულ დათმობაზე წასვლა. რიგგარეშე არჩევნებზე გარკვეული დათქმა გაჩნდა და რამდენადაც ვიცი, შიგნით _ იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, სერიოზული უკმაყოფილებაა ამ რიგგარეშე არჩევნების ჩანაწერის შესახებ. სხვათა შორის, როგორც მოვლენების ლოგიკა მეტყველებს, თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარეობაც სწორედ ამას შეეწირა. ასე რომ, ოპოზიციის მიმართ დამარცხებულისა და ბუზღუნის მანტიის მორგება არ მიმაჩნია სწორად, ახლა არ არის იმის დრო, რომ საქმეები ვარჩიოთ. ჩვენ გვაქვს ამოცანა _ რიგგარეშე არჩევნები _ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მის ჩატარებას მივაღწიოთ. დრო ცოტაა დარჩენილი. რიგგარეშე არჩევნების ინიცირება უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებზე. ყველა პოლიტიკური ერთეული, მიუხედავად იმისა, ვის რა შეეშალა, ვინ როგორ მოიქცა, ამ გარჩევებიდან უნდა გამოვიდეს და უნდა შედგეს ისევ ერთგვარი თანხმობის მაგიდა, რათა ეს ზეამოცანა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესისთვის არამედ სახელმწიფოსთვისაც რეალიზდეს. ამ პრაგმატული ამოცანიდან გამომდინარე, მოვლენების განვითარებასაც შესაბამისად ვუყურებ. თუ ახლა ურთიერთპრეტენზიებზე ვისაუბრებთ, ასეთი პრეტენზიები მილიონი გაჩნდება. რა თქმა უნდა, ბევრმა დაუშვა შეცდომა, მათ შორის, დანაშაულებრივიც. მელიას მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არაკოლეგიალური დამოკიდებულება იყო შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან. ისიც კი არ იკადრეს, სანამ ხელს მოაწერდნენ, მასთან (მელიასთან) გაევლოთ კონსულტაცია, _ ადამიანთან, რომელმაც, ფაქტობრივად, დიდწილად საკუთარ მხრებზე მოიტანა ეს შეთანხმება. ამან, რა თქმა უნდა, დაძაბა მდგომარეობა, მაგრამ ახლა ამ გარჩევების დრო ნამდვილად არ არის, რადგან მთავარი სამიზნე გახლავთ ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება და არ აპირებს მის დათმობას. ნებისმიერი კინკლაობა ოპოზიციაში ისევ და ისევ ამ ძალაუფლების უზურპაციას უწყობს ხელს, ანუ ხელისუფლების ინტერესებზე მუშაობს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ არაკოლეგიალობა გამოავლინა მელიასთან მიმართებით. გარდა ამისა, მათი მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა იყო თუ არა ტაქტიკური შეცდომა? და თუკი ხელს არ მოაწერდნენ, ახლა ბევრად უკეთესი მოცემულობა იქნებოდა თუ არა ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის?
_ არ მგონია, ამას ასე არ ვუყურებ. ის, რომ პარლამენტში შესვლის ტაქტიკა არასწორი იყო, ამაში გეთანხმებით, ეს უნდა ყოფილიყო კოორდინებული, საერთო ოპოზიციური დისკუსიის შედეგად უნდა შესულიყვნენ და არა ისე, რომ ნაწილი შევიდა და ნაწილი გარეთ დარჩა. ეს კოლეგიალობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა გამოეჩინათ. გარდა ამისა, ვისმენდით დაპირისპირებაზე აგებულ რიტორიკას, რომ თურმე მელია თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატი ვერ იქნება. საერთოდ რა შუაში იყო მერის არჩევნებზე საუბარი და ამაზე პოლემიკა? ისეთი თემები შემოვიდა, რასაც პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი ამ ეტაპზე არ ჰქონდა, მით უმეტეს, მელიას არც განუცხადებია პრეტენზია თბილისის მერობის საერთო კანდიდატობაზე.
_ მიზანმიმართულად გაჩნდა თუ არა ეს თემები?
_ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული თემები, რაზედაც ძალიან იოლად ეგება ოპოზიცია და იწყება ეს დაპირისპირება. ხელისუფლების ამოცანა ახლა არის „გათიშე და იბატონე“. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური პროცესი პრაგმატულ, რაციონალურ, ცივი გონებით გათვლაზე კი არ არის აგებული, უფრო ზეამბიციებსა და ემოციებზეა. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ხელისუფალი და სხვადასხვა სპეცმეთოდით თემებს შემოაგდებს ხოლმე, რაზედაც შემდეგ სერიოზული დისკუსიები იწყება. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა და პრეტენზია შეიძლება იყოს, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, პარლამენტში შესვლა სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამომრჩევლის უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ სად წავა ის ამომრჩეველი? _ გაბრაზდება… თუმცა თუ პარტია ბოლომდე შეინარჩუნებს პრინციპულობას და იმას კი არ დააფიქსირებს, რომ კრიზისი გადაილახა, არამედ იმას, რომ კრიზისმა უბრალოდ ფორმატი შეიცვალა, ქუჩასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ფორმიდან ტრანსფორმირდა საპარლამენტო კრიზისის ფორმატში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი, რომელიც კონკრეტულ პარტიაზე გაბრაზდება, ისევ იმ პარტიას მიუბრუნდება, _ სხვაგან ვერსად წავა, რადგან ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა ამას აჩვენებს. პოლიტიკაში ყველა გადაწყვეტილება კომფორტული ვერ იქნება, ისეთი, რომ ყველას ასიამოვნო, მათ შორის, ამომრჩეველსაც. შენ თუ დარწმუნებული ხარ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და ამომრჩეველსაც დაუმტკიცებ, რომ ამ რთული ნაბიჯის გადადგმისას იყავი გულწრფელი, საბოლოო ჯამში აუცილებლად მიიღებ პოზიტიურ შედეგს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მას სჭირდება შესაბამისი გზის გავლა: გარემო შესაცვლელია, უნდა გაიაროს კონსტიტუციური პროცესი. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს შეუძლებელია. შესაბამისად, თუნდაც იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები სათანადო დონეზე მომზადდეს და ჩატარდეს სამართლიანად, პარლამენტში შესვლა აუცილებელია. გარდა ამისა, პარლამენტში შესვლის თაობაზე დასავლეთის ცალსახა დამოკიდებულება ასეთია, რომ პარლამენტში არშესვლით „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები შეექმნება დასავლეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან დასავლეთი აბსოლუტურად ცალსახად გვაძლევს კატეგორიულ რეკომენდაციას პარლამენტში შესვლასა და კრიზისის საპარლამენტო ფორმატში გადატანის შესახებ. ერთადერთი მინუსი, რაც პარლამენტში შესვლას აქვს, ეს არის ამომრჩევლის განწყობა, რომ არალეგიტიმური არჩევნები არ უნდა ვაღიაროთ და, ფაქტობრივად, რევოლუციური პროცესის შედეგად ხელისუფალი უპირობოდ უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას. ამ გზავნილს, რომელიც შესაძლოა, სწორი იყოს, სამწუხაროდ, არ აქვს სათანადო მხარდაჭერა არც საზოგადოებასა და არც დასავლეთში, მათ შორის, არც საკუთარი ამომრჩევლის საკმაოდ მსხვილ ნაწილში, _ იქაც აზრთა სხვადასხვაობაა. რაც მთავარია, ეს ამოცანა მიუღწეველია. ემოციურად გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღწეველია, შესაბამისად, ამ ტიპის ტაქტიკის არჩევა, საბოლოო ჯამში, დამაზიანებელია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პარტიისთვის. მუდმივი ზემოლოდინებისა და იმ ილუზიის შექმნა, რომ პროცესი დილით დაიწყება და საღამოს უკვე დასრულდება, არ არის შედეგის მომტანი. ამის ისტორიული გამოცდილება უკვე მივიღეთ. პროცესი ბევრად უფრო რთულია, ჩვენ ვთამაშობთ პოლიტიკურ ჭადრაკს. მხოლოდ სიმართლის დროშის აწევა არ არის საკმარისი, რომ შედეგი მიიღო. შედეგს სჭირდება სისტემური მუშაობა, რაც მხოლოდ საპარლამენტო ფორმატითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ამ პროცესში ოპოზიციური ერთიანობა, თუნდაც თემატური, უმნიშვნელოვანესია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც მგონია, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მძიმე, საკამათო, მაგრამ მაინც მისაღები.
_ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, სასწორის ერთ პინაზე არის რისკი იმისა, რომ ამომრჩეველი გაბრაზდება და ამ მოცემულობაში ვისზე შეიძლება გააკეთოს ელექტორატმა არჩევანი?
_ არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ერთეული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაბრაზებული ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“, ვასაძეს, გახარიას, მით უმეტეს, პარლამენტში შესულ ოპოზიციას, ხმას არ მისცემს. და სად უნდა წავიდნენ? _ მათ სხვა გზა არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრინციპული იქნება, ეს ამომრჩეველი ისევ მასთან დაბრუნდება, მას სხვაგან წასასვლელი არ გააჩნია.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ გაბრაზებული ამომრჩეველი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიგებში აღმოჩნდება?
_ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აჩვენებს მას პრინციპულობასა და პროცესში საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ამომრჩეველი სახლში დაჯდეს, მაგრამ პარტიამ უნდა აჩვენოს, რომ მან მიიღო მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მიიღო იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი დადგეს.
_ ამ პროცესებში როგორ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რომელმაც კიდევ ერთხელ დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა, ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
_ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცენტრალური ფიგურაა და პარტიის ამომრჩეველი სწორედ მასზეა ორიენტირებული. შესაბამისად, პარტიული კონსოლიდაციისთვის, მისი, როგორც ლიდერის ფუნქცია, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ის საჯაროდ ასრულებს სპიკერის ფუნქციას, ამით აფრთხობს ე. წ. სამობილიზაციო ელექტორატს. ამ უკანასკნელმა არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელ პოლუსთან წავიდეს, რაც სამობილიზაციო ელექტორატს აფრთხობს. ეს მატრიცა ხელისუფლებას ძალიან კარგად აქვს შექმნილი „მგელი მოდის“ პრინციპიდან გამომდინარე. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური სეგმენტი საკმაოდ მსხვილია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. შესაბამისად, მიშა სააკაშვილის აქტიურობა, ერთი მხრივ, პოზიტივის მომტანია პარტიის სიძლიერის მიმართულებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ნეგატივის მომტანია, _ აფრთხობს სამობილიზაციო ელექტორატს, რომელიც წყვეტს არჩევნების ბედს. შესაბამისად, ძალიან მსხვილი პოლიტიკური წარმონაქმნი მუდმივად დამარცხებულია ხელისუფლებაში მოსვლის თვალსაზრისით. „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს მეორე, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის როლს, მაგრამ ხელისულებაში ვერ მოდის. ამდენად, პოლიტიკური ტაქტიკის შესაბამისად, აქაც გარკვეული კორექტივებია შესატანი. მე ამას ვეძახი „ჭრელი პეპლის“ ტაქტიკას, ანუ სააკაშვილმა უნდა მოახერხოს, რომ არც მოფრინდეს და არც გაფრინდეს. მან მაქსიმალურად უნდა იმოქმედოს შიდა პარტიული კონსოლიდაციის მიმართულებით, მაგრამ არ უნდა ეცადოს, რომ თავისი რიტორიკით გავიდეს სამობილიზაციო ელექტორატზე, ანუ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ მას ოდესმე მიიღებს სამობილიზაციო ელექტორატი. ამ სამობილიზაციო ელექტორატს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არ არის მზად იმისთვის, რომ მიიღოს სააკაშვილი, მაგრამ მან შეიძლება მიიღოს ნიკა მელია. შესაბამისად, შიგნით უნდა დალაგდნენ. სააკაშვილს შეუძლია საკუთარ ელექტორატს უთხრას, რომ ჩამოვა, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს სხვა ტონალობაში და პარტიულ სივრცეში და არა საჯაროდ. სააკაშვილი რომ ჩამოვა, ეს ვიღაცას მოსწონს, მაგრამ უფრო მეტს არ მოსწონს. ეს უნდა გაითვალისწინონ. სჯობს, ამ სამობილიზაციო ელექტორატს ნიკა მელია ელაპარაკებოდეს და არა _ მიხეილ სააკაშვილი, რადგან ამით ისევ და ისევ ხელისუფალი სარგებლობს.
_ სააკაშვილი ამ მოცემულობაში შესაძლოა, პოლიტიკურად ეჭვიანობდეს ნიკა მელიას მიმართ? გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციებიც. აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია, რომ ის პოლიტიკურ ემოციებსა და ამბიციებზე მაღლა შეძლებს საერთო ამოცანის დაყენებას?
_ მესმის, რომ სააკაშვილს შესაძლოა, ეჭვიანობის ფაქტორიც ჰქონდეს და რაღაც ტიპის წინააღმდეგობები, მაგრამ ისინი ხომ „განწირულები“ არიან თანამშრომლობისთვის. მელიაც და სააკაშვილიც ორივე საჭიროა იმისთვის, რომ მიიღონ პოლიტიკური შედეგი. მიუხედავად იმისა, მათ რა ემოციები და ამბიციები და რა ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, პოლიტიკური შედეგის გამო უნდა მოახერხონ თანამშრომლობა იმ ფორმით, რაც შედეგს მოიტანს. თორემ ეჭვიანობა და კონკურენცია ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი პარტიის ლიდერებს შორის. კონკურენციამ არ უნდა მიიღოს ისეთი ფორმა, რითაც მთლიანი პროცესი დაზიანდება. ამისთვის ფორმის მოძებნა შესაძლებელია. როგორ დალაგდებიან სხვა საკითხია, მაგრამ საზოგადოებასთან მათ კომუნიკაციაში არ უნდა იგრძნობოდეს ეს ემოციური თუ ამბიციური პლასტი.
_ ამ ეტაპზე იგრძნობა ეს მოცემულობა?
_ ვფიქრობ, გარკვეულწილად, იგრძნობა. როდესაც საუბარია ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატობაზე, ცოტა უცნაურია. ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ისე საუბრობენ, რომ მელიასთვის არც უკითხავთ, უნდა თუ არა მერობის კანდიდატობა თავად. რატომ არის ასეთი აგრესიული რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის მხრიდან? მელია ხომ პარტიის თავმჯდომარეა?! არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მასშტაბის მქონე პარტიის ლიდერს პრეტენზია უნდა ჰქონდეს ქალაქის მერობაზე. თბილისის მერი ლეგიტიმაციისა და ელექტორალური თვალსაზირისით მნიშვნელოვანია, მაგრამ მას აქვს, გარკვეულწილად, სამეურნეო ფუნქციები. მით უმეტეს, როდესაც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მერობის კანდიდატად კი არ უნდა განიხილებოდეს, არამედ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. მეჩვენება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილზე ორიენტირებული ჯგუფები ცდილობენ, მას (მელიას) „ჩაუდონ“ თბილისის მერობა, რადგან ამით მომავალში მიხეილ სააკაშვილის განაცხადს პრემიერ-მინისტრობაზე არ შეექმნას პრობლემები პარტიაში.
_ მელია-სააკაშვილს შორის შესაძლო კონკურენციამ და მათმა პოლიტიკურმა ამბიციებმა მოსალოდნელია თუ არა, რომ პარტიული რღვევები გამოიწვიოს?
_ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ისინი პოლიტიკოსები არიან, არ მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. ასეთ შემთხვევაში ხომ ორივე დაზიანდება და საერთოდ პარტიას მიადგება ზიანი. თუ ამბიციები პოლიტიკურ ამოცანებზე ზემოთ დადგება, ასეთი პარტია ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი, მით უმეტეს, როცა ამ პარტიაში ერთხელ უკვე მოხდა ასეთი რამე. მეორედ ამას ან გადაიტანს, ან _ ვერა. ახლა მთავარია, მიიღონ პოლიტიკური შედეგი. რა თქმა უნდა, შიდა პარტიულ კონკურენციას ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს თვითდაზიანებაში. ამ ყველაფერს დემოკრატიული პროცესის სახე უნდა მიეცეს და არა ეჭვიანობის, ამბიციების. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილი, „ქართულ ოცნებაში“ _ ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი არავინ არსებობს, ეს ხომ რელიგიაა და არა პარტია. პარტიაში შიდა პარტიული კონკურენცია უნდა იყოს. მაგალითად, ანგელა მერკელი 15 წელი იყო გერმანიის ფედერალური მთავრობის მეთაური, ანუ კანცლერი და ახლა მიდის პოლიტიკიდან, რადგან პარტიას სჭირდება ასე, _ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი, მაგრამ შიდა პოლიტიკურ მოედანზე ნიკა მელია მთავარი მოთამაშეა. ასე მოიტანა ისტორიამ, ამით მიხეილ სააკაშვილის როლი კი არ კნინდება, ამით საერთო ამოცანის ირგვლივ ხდება კონსოლიდაცია, სადაც ერთსაც და მეორესაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი. ისინი ერთმანეთთან კვეთაში არიან, მაგრამ ამოცანა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მათი პიროვნული ამბიციები. ამოცანაა ხელისუფლების ცვლილება, რასაც სჭირდება მათი ერთიანი მოქმედებები. ისინი არიან ერთმანეთის კონკურენტები, მერე რა მოხდა? _ იყვნენ! ხშირად ერთმანეთის კონკურენტები ერთი ამოცანის ირგვლივ ერთიანდებიან, თუ ისინი რაციონალურად აზროვნებენ და მათ მოქმედებებში მთავარი არ არის ამბიცია, არამედ მთავარია საღი აზრი და ამოცანის ირგვლივ კონსოლიდაცია, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
_ აღნიშნეთ, რომ სააკაშვილი საკუთარ ელექტორატს უნდა ესაუბროს. თქვენი შეფასებით, ხომ არ დაიღალა მისი ამომრჩეველი მუდმივი მოლოდინითა და შემდეგ იმედგაცრუებით?
_ სააკაშვილს ჰყავს ორთოდოქსი მომხრეები. სააკაშვილმა 100-ჯერ რომ თქვას, ჩამოვალო და არ ჩამოვიდეს, 101-ჯერაც დაუჯერებენ, _ ასეთები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არცთუ ისე ცოტა, _ ჩვენ ამას ვხედავთ. სრულიად, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება შეიცვლება. მანამდე მის ჩამოსვლაზე საუბარი ილუზიაა. ის, რომ სააკაშვილი ჩამოვა, ციხეში წავა და ამით რევოლუცია მოხდება, ეს მირაჟია, არანაირი რევოლუცია არ მოხდება.
_ თქვენი აზრით, ამას აცნობიერებს და ამიტომ არ ჩამოდის?
_ ალბათ იცის. სააკაშვილი დარწმუნებული რომ ყოფილიყო, მისი ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესს შეცვლიდა, აქამდე ჩამოვიდოდა. მას არაერთხელ გადაუდგამს ასეთი ნაბიჯი. იგივე უკრაინაში გვახსოვს, რომ საზღვარი გაარღვია. იმაზე საუბარი, რომ სააკაშვილს პოლიტიკური გამბედაობა არ გააჩნია _ ტყუილია. მას აქვს პოლიტიკური გამბედაობა, თუმცა პრაგმატულად ითვლის, რა შანსები არსებობს. სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, საქართველოში რაღაც ტიპის ხმაური იქნება, მაგრამ რევოლუცია არ მოხდება. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ბრძოლისა და სამობილიზაციო ელექტორატთან საჯარო კომუნიკაციის შიდა სივრცე მან უნდა დაუთმოს მელიას, რათა ხელისუფლების მოკავშირე არ გახდეს თავისდაუნებურად, რადგან ხელისუფლებას ხომ სხვა არაფერი მოუფიქრებია. ამ სამობილიზაციო ელექტორატს ანტიმიშას პროპაგანდისტული შტურმით ისევ თავის ბეღელში ერეკება. ანტიმიშა, რომ არ ფორმირდეს, ამისთვის საჭიროა ის, რომ ამ ხალხში არ გაჩნდეს შიში, „მიშა ხვალ ჩამოვა, თავებს დაგვაცლის და რუსთაველზე პირდაპირ ხმლით დაიწყებს სირბილს“. პარტიული კონსოლიდაციის თვალსაზრისით სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამობილიზაციო ელექტორატის კონსოლიდირების კუთხით საფრთხობელაა. ეს მოცემულობა უნდა მიიღოს და შესაბამისად უნდა მოიქცეს თუ უნდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და საქართველოში ჩამოსვლის, ქართულ პოლიტიკაში საკუთარი ადგილის დაკავების შესაძლებლობა მიეცეს. სხვანაირად ეს ამოცანა ვერ შესრულდება. მხოლოდ ამბიციები და ემოციები თუ იქნება მისთვის დომინანტი, ამით პარტიაც დაზიანდება და პოლიტიკური პროცესიც. სახელმწიფოსაც ამდენი რყევა აღარ შეუძლია. ვაღიაროთ, რომ კრიზისი გადაულახავია, მაგრამ კრიზისი ცივილიზებულ, საპარლამენტო ფორმატში უნდა გადავიყვანოთ და ოდნავ წინ წავიწიოთ, თორემ სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ახლა ოპოზიცია ამომრჩეველს არათუ იზიდავს, არამედ კარგავს. ე. ი. სისტემურად რაღაც უნდა შეცვალონ, სხვანაირად შედეგს ვერ ვიხილავთ.

ნენე ინჯგია

გაზიარება