QronikaPlus
ირაკლი კობახიძემ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა დაშალოს

ირაკლი კობახიძემ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა დაშალოს

2021-04-22 08:39:46

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხშირად დასცინის ოპოზიციას _ აქამდე ქუჩას ვერ ავსებდნენ, ახლა შალიკოს ფანჩატურსაც (ასე მონათლეს „ქოცებმა“ ლეიბორისტების ოფისი) ვეღარ ავსებენო. არადა, ირაკლი კობახიძის წყალობით, მალე „ქართულ ოცნებასაც“ გაუჭირდება ოფისის შევსება და შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობაც თავზე ჩამოემხოს.

საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ უკვე დატოვა გიორგი გახარიას გუნდმა. იგივეს კახა კალაძის გუნდიც თუ გააკეთებს, მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ იმდენად გაითავისა ბიძინასნაცვლობა, რომ უკვე იმასაც წყვეტს, რომელი პარტია ჩაძიროს და გაანადგუროს. ამჯერად სამიზნედ „პატრიოტთა ალიანსი“ ჰყავს არჩეული.

კობახიძის მაგია

მმართველ პარტიაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან გაერთიანებულები. ამ გუნდში მისი შექმნის დღიდან არ ყოფილა ჰარმონია, ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და უარესობისკენ წავიდა. მმართველი პარტიის კულუარებში ამბობენ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიაში საშინელებები დაატრიალა და ყველას გაუფუჭა საქმე, ვინც ივანიშვილის კარზე რაღაც გავლენით სარგებლობდა. ჯერჯერობით ანზორ ჩუბინიძეს, ვახტანგ გომელაურსა და გრიგოლ ლილუაშვილს ვერ დააკლო ვერაფერი. თუმცა არ ნებდება და ამ მიმართულებითაც აწარმოებს სამუშაოებს.
ირაკლი კობახიძემ ამ პარტიაში ინტრიგების ხლართვა, ჯერ კიდევ, 2015 წლიდან დაიწყო. მაშინ ის პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. „ქართულ ოცნებაში“ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან გადაიპარა. ახლა თავგამოდებით ლანძღავს იმ პარტიას, სადაც მშობლებიანად იყო დაბუდებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წელსაც და შარშანდელ არჩევნებზეც კობახიძემ დიდი წვლილი შეიტანა, რომ ბურჯანაძის პარტიას ბარიერი არ გადაელახა.
ბურჯანაძისგან გამოპარულმა თავდაპირველად ლევან იზორიასთან დაიწყო მუშაობა, მერე კახა კალაძე გაიცნო. კალაძის გუნდის წევრი გახდა და მისი დახმარებით საკმაოდ წარმატებული კარიერა გაიკეთა. 2016 წელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინა.
კალაძისა და მისი გუნდის დახმარებით მან ღია ბრძოლა გამოუცხადა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. ეს ბრძოლა კვირიკაშვილის წასვლით დასრულდა. კობახიძემ კალაძის გუნდთან ერთად მანამდეც მოინელა ერთი პრემიერი. თავის დროზე, ირაკლი ღარიბაშვილს მათ გაუფუჭეს საქმე ივანიშვილთან. მათ აჰქონდათ „ოცნების“ კომპრომატები. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ღარიბაშვილს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დააწერინეს განცხადება.
მესამე პრემიერი ირაკლი კობახიძემ თებერვალში მოინელა. გიორგი გახარიას თავიდან კახა კალაძესთან ერთად უთხრიდა ძირს. მერე მათ შორისაც გაფუჭდა ურთიერთობები. „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ ინტრიგების ხლართვა მამუკა მდინარაძესთან ერთად გააგრძელა. როგორც „ოცნებაში“ გვიყვებიან, ირაკლი კობახიძე დედის გავლენის ქვეშ არის და მისი რჩევებით მოქმედებს. დედამისიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრია.
მთელი „ქართული ოცნება“ უკმაყოფილოა კობახიძის მოქმედებებით, მაგრამ ვერაფერს ხდებიან. ის ბიძინა ივანიშვილის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ამიტომ გადაულოცა მას პარტიის თავმჯდომარის პოსტი. „ოცნებაში“ გვითხრეს, რომ ივანიშვილს კობახიძის მიტანილი ამბებისაც სჯერა.
კობახიძის გამო გაუფუჭდა ვასიკო მაღლაფერიძეს ურთიერთობა ივანიშვილთან. ამის გამო მაღლაფერიძემ პარტიული თანამდებობა დატოვა. კობახიძემ გააგდებინა ივანიშვილს ლაშა ნაცვლიშვილი. კობახიძემ გამოიყვანა წყობილებიდან გიორგი გახარია და კობახიძემ დააპირისპირა ივანიშვილი კახა კალაძესთან.
ზემოთ გითხარით, რომ კობახიძემ სამი პრემიერი მოინელა და ახლა, როგორც სჩანს, მეორე წრეზე აპირებს წასვლას. ის კიდევ ერთხელ შეუდგა ირაკლი ღარიბაშვილის გაშავებას. ვალში მას არც პრემიერი რჩება და ყველაფერს აკეთებს, რომ ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინოს. ამ საქმეში პრემიერს ბევრი თანამოაზრე ჰყავს. ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პარტიის თავმჯდომარეობიდან მიაბრძანებდნენ. შესაძლოა, მიაბრძანონ კიდევაც. ივანიშვილმა თანაგუნდელებს შემოუთვალა, ჯერჯერობით, ეგ იყოს პარტიის თავმჯდომარე და მერე ვნახოთო.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის დაწინაურება კახა კალაძის დამსახურებაა, რომელიც ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პერსონა იყო. თუმცა ირაკლი კობახიძის წყალობით დღეს თბილისის მერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სიტუაცია ისეა დაძაბული, რომ კახა კალაძემ შესაძლოა თბილისის მერის პოსტი და „ქართული ოცნებაც“ კი დატოვოს. მან ერთხელ უკვე სცადა წასვლა. მარტში ივანიშვილს შეუთვალა, პარტიიდან წავალო. მისგან წასვლაზე კურთხევა არ მიუღია, უბრალოდ შემოუთვალა, ახლა კობახიძეა პარტიის თავმჯდომარე და იმასთან გაარკვიე ყველაფერიო.
პარტიის თავმჯდომარესთან დედაქალაქის მერს ის უნდა გაერკვია, იქნება თუ არა კვლავ „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი. თბილისის მერის განაწყენების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ამ ეტაპზე მისი კანდიდატურა არ განიხილება. მერობის კანდიდატად დაყენებას ვინ ჩივის, კალაძის მოსატეხად კობახიძე პარტიაში გენერალური მდივნის პოსტის გაუქმებასაც აპირებდა. კალაძეს ეს თანამდებობა უჭირავს პარტიაში.
ამან ისე გააბრაზა დედაქალაქის მერი, რომ ის პარტიიდან წასვლით დაიმუქრა. „ქართული ოცნება“ მაშინ სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და გენერალური მდივნის პოსტი აღარ გააუქმა. თუმცა მას ისევე, როგორც სხვა ბევრ ლიდერს, პარტიაში აღარაფერს ეკითხებიან. ირაკლი კობახიძე ნამდვილი პატარა ბიძინა გახდა.
კობახიძის არ იყოს, კალაძესაც უამრავი ინტრიგა აქვს პარტიაში დატრიალებული. ბევრს არ ეწყინება, თუ ის „ქართული ოცნებიდან“ წავა. თუმცა ახლა ყველა ერიდება სკანდალებს. „ოცნებაში“ საკმაოდ მძიმედ არის საქმე და თბილისის მერისგან ავტოგოლი აღარ სჭირდებათ. კახა კალაძე თუ წავა, ეს „ოცნების“ მომხრეებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს. მეოცნებეები ისედაც განაწყენებული არიან ირაკლი კობახიძისა და მისი გარემოცვის აღზევების გამო.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის მერი და რა განაჩენს გამოუტანს მას „ოცნება“, ამას მალე ვნახავთ. მმართველ პარტიაში მასთან დაკავშირებით ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან, რადგან იციან, რომ მას შეუძლია საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 90 კაცის გაყვანა მოახერხა. გახარიას 6-მა თანაგუნდელმა უმრავლესობა დატოვა. კალაძეც თუ 9 კაცს წაიყვანს, უმრავლესობა აღარ იარსებებს. აღსანიშნავია, რომ კალაძეს პარლამენტში საკმაოდ სერიოზული გუნდი ჰყავს. მის მიმართ ყველა სოლიდარული არ იქნება, მაგრამ ნაწილმაც რომ დაუჭიროს მხარი, პარლამენტში მოვლენები უცნაური სცენარით განვითარდება.
დედაქალაქის მერი რომ რაღაცას აპირებს, ამას ოპოზიციაშიც ელოდებიან. თვალში საცემია, რომ მას ოპონენტები ძველებური შემართებით აღარ აკრიტიკებენ. არც კალაძე აგინებს ოპოზიციას. არადა, აქამდე მათი მისამართით სულ იმას გაჰყვიროდა, გამოექანეთო. ოპოზიციამ ისეთი ხალხი მიიღო თავის რიგებში, იქ არც კალაძის შეფარება გაუჭირდებათ და ამის გამო არც თბილისის მერს შერცხვება.
არც ისაა გამორიცხული, მან პოლიტიკა საერთოდ დატოვოს და მილანში გადავიდეს საცხოვრებლად. გადაწყვეტილებების მიღებამდე ის ივანიშვილთან ცდილობს დალაპარაკებას. ჯერჯერობით ოლიგარქი მას მხოლოდ შუამავლების მეშვეობით ესაუბრება.
კალაძის საქართველოდან შესაძლო წასვლაზე თებერვლიდან ალაპარაკდნენ. მაშინ გახდა ცნობილი, რომ მან უკრაინაში ბიზნესები გაყიდა. საკმაოდ სოლიდური თანხა ჩარიცხა შვეიცარიის ბანკში. ეს ყველაფერი უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლის სამზადისს დაუკავშირეს. თუმცა არც ის გამოირიცხა, რომ თბილისის მერი თავის გუნდთან ერთად დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებდა. ამისთვის მას ნამდვილად აქვს რესურსი, როგორც ფულადი, ასევე ადამიანური. საკუთარი პოლიტიკური გუნდის ფორმირება მან, ჯერ კიდევ, ენერგეტიკის მინისტრობის დროს დაიწყო.

რატომ აჩქარდა გახარია?

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება გადადგომიდან ერთ თვეში გააკეთა. თავიდან უფრო მოზომილად და დინჯად მოქმედებდა. თუმცა ბოლო დროს ძალიან აჩქარდა. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ყოფილი პრემიერი მოქმედებების დაწყებას ივანიშვილთან დალაპარაკების შემდეგ აპირებდა.
მან რამდენჯერმე სცადა „ოცნების“ შემქმნელთან დარეკვა, მაგრამ ივანიშვილმა მის ზარებს არ უპასუხა. შემდეგ შუამავლების მეშვეობით შეუთვალა, რომ შენ წინააღმდეგ წასვლა არც მიფიქრია და ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის ინტრიგებს უკავშირდებაო. პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მას კობახიძემ ნამდვილი ომი გამოუცხადა. გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე გახარიას ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. მათ ჯერ კიდევ პრემიერის პოსტზე მყოფს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. ამაზე გახარიამ უარი თქვა და ორივეს აგინა.
„ქართულ ოცნებაში“ ყველამ იცის, რომ ირაკლი კობახიძეს არანორმალურად უნდა პრემიერის პოსტის დაკავება. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნების ასრულებასთან ახლოს იყო, მაგრამ ივანიშვილმა მასაც მაგარი ტრიუკი ჩაუტარა _ მთავრობის მეთაურად მისი ძველი მოწინააღმდეგე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. კობახიძე ახლა მას უთხრის ძირს და უყურადღებოდ არც გადამდგარ გახარიას ტოვებს. ეს უკანასკნელი თავისი გუნდის დაკომპლექტებით არის დაკავებული.
„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ გახარია თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მას პარტიისთვის სახელიც კი არ შეურჩევია, მაგრამ აქტიურად ხვდება მერობის შესაძლო კანდიდატებს. ყოფილი პრემიერის გუნდში გადასვლას ბევრი მეოცნებე ცდილობს. განსაკუთრებული ბრდღვნა სამეგრელოს რეგიონშია. რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ „ქართულ ოცნებას“.
ყოფილი პრემიერი, ძირითადად, ნათია მეზვრიშვილისა და მაია ცქიტიშვილის რჩევებს ითვალისწინებს. გახარიას უყვარს სხვის დაკრულზე სიარული. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ის კახა საბანაძის კარნახით მოქმედებდა. მის რჩევებს, ალბათ, ახლაც გაითვალისწინებს. საბანაძის გორულმა კლანმა უკვე დაიწყო ექსპრემიერის პარტიაში გადაბარგება. პირველი მერცხალი გიორგი ხოჯევანიშვილია.
ნათია მეზვრიშვილი, მაია ცქიტიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი გახარიას აჩქარებისკენ მოუწოდებენ. მას უმტკიცებენ, რომ სამეგრელოში არნახული მხარდაჭერა ექნება. რა გასაკვირია, რომ ის თავის მშობლიურ კუთხეში უყვართ. თუმცა თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, მასზე მთელ საქართველოში ეცემიან, თურმე. ბოლო გამოკითხვებით, ის პატრიარქის შემდეგ ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. ამ რეიტინგმა მას ფრთა შეასხა და საპარლამენტო გუნდს უთხრა, „ქართული ოცნება“ დატოვეთო. მათაც დატოვეს პარტია და ოპოზიციურ ფლანგზე განლაგდნენ, თუმცა ოპოზიციის არაფერი ეტყობათ. ათეთრებენ 20 ივნისის ღამეს და არც ნიკა მელია მიაჩნიათ პოლიტპატიმრად. ამას იმ ნიკა მელიაზე ამბობენ, ვის გამოც მათმა ლიდერმა პრემიერის პოსტი დატოვა.
წესით და რიგით, მმართველი პარტია ირაკლი ჩიქოვანსაც უნდა დაეტოვებინა. ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელიც 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების გამო გმობდა, გიორგი გახარიას კადრი გახდა. ყოფილი პრემიერი ბევრს ეცადა, ჩიქოვანი საგარეო საქმეთა მინისტრად დაენიშნა, მაგრამ ამაში ივანიშვილმა შეუშალა ხელი. „ოცნების“ შემქმნელს ჩიქოვანი არ ესიმპათიურება. მან ხომ იცის, რის სანაცვლოდ უარყო ჩიქოვანმა ალასანია. ახლა გახარიაც უარყო. თუმცა თუ დაინახა, რომ „ოცნების“ საქმეები ცუდად მიდის, დიდი ალბათობით, ახალი პარტიის კარს მიადგება.
გუნდის დაკომპლექტებასთან ერთად გახარიას ფინანსებიც ჰქონდა მოსაზიდი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მან 2.5 მილიონი იშოვა. ეს მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ იცის. გახარიას დაფინანსებას ჰპირდებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები.
მართალია, გახარია ოპოზიციურ ფლანგზე დამკვიდრებას ჩქარობს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას მაინც ერიდება. „ქართული ოცნების“ შემქნელს არც მისი გუნდის წევრები აკრიტიკებენ. ყოფილ პრემიერს იმედი აქვს, რომ ივანიშვილთან რაღაცების დალაგებას შეძლებს.
ალბათ, იმასაც მალე გავიგებთ, თუ რატომ დატოვა მან სინამდვილეში პრემიერის თანამდებობა. გიორგი გახარია თავიდან მხარს უჭერდა ნიკა მელიას დასაკავებელი ოპერაციის ჩატარებას. არც პარტიის ოფისზე შტურმის იდეა დაუწუნებია. იმ დილით, როცა ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია უნდა დაწყებულიყო, გახარიამ შს მინისტრს უთხრა, რომ ღონისძიება გაეუქმებინა. ამაზე გომელაურმა უარი თქვა. მაშინ გახარია დაიმუქრა, რომ თუ შსს „ნაციონალების“ ოფისზე დაიწყებდა შტურმს, ის პირდაპირ ეთერში ჩაერთვებოდა და პროტესტის ნიშნად გადადგომის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. გომელაურმა ოპერაცია შეაჩერა. გახარია მაინც გადადგა. „ოცნებაში“ დღემდე არ იციან, რამ მიაღებინა მას ასეთი გადაწყვეტილება.
არის ასეთი მოსაზრება, რომ მისთვის ცნობილი გახდა იმ პროვოკაციის შესახებ, რაც ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დროს უნდა მომხდარიყო. 20 ივნისის სისხლში ამოსვრილმა გახარიამ ზედმეტი სისხლის დამატება აღარ ისურვა და პროცესებს გაერიდა.
საინტერესოა, რომ 20 ივნისის წამოძახება დაუწყო მას „ქართულმა ოცნებამ“. ასე თუ გააგრძელეს, ყოფილი პრემიერი ადგება და მოყვება, ვინ გასცა „გავრილოვის ღამეს“ სროლის დაწყების ბრძანება. ეს „ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან. საზოგადოებასაც რაღაც ეჭვები აქვს, მაგრამ სულ სხვა ეფექტი იქნება, როცა ამას გახარიასგან მოვისმენთ.

სამიზნე ინაშვილი და რღვევა ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძეს „ქართულ ოცნებაში“ დატრიალებული ინტრიგები არ აკმაყოფილებს და ახლა ოპოზიციასაც გადასწვდა. ეს ადამიანი, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესხმის თავს, მაგრამ ახლა მისი მთავარი სამიზნე ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსია“. პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს გადაწყვეტილი აქვს, ისინი პოლიტიკურად გაანადგუროს.
რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძემ პარტიის სათავო ოფისის ფოიეში საჯაროდ დაიმუქრა, რომ ინაშვილსა და „პატრიოტთა ალიანსს“ გაანადგურებს. ინაშვილზე ალერგია მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაეწყო. ინაშვილმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.
ამაზე გაბრაზებულმა „ოცნების“ ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ჩააჩოჩონ. მოგეხსენებათ, ეს პარტია პრორუსულია და ეკლესიურობაზე აქვს პრეტენზია. კობახიძემ მოიფიქრა, მისთვის ეს მიმართულება აეხია. გადაწყდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ლევან ვასაძეს შემოიყვანდნენ, რომელიც ასევე პრორუსულია და საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირადაც მიიჩნევა. ჯერჯერობით რაინდი ვასაძე არ ჩანს. რაც შეეხება ინაშვილს, ის კობახიძის მუქარას მხოლოდ დუმილით პასუხობს. ოღონდ ეს დუმილი ავისმომასწავებელია.
საქმეები არც დანარჩენ ოპოზიციაში მიდის კარგად. მართალია, განხეთქილებას არ აღიარებენ, მაგრამ ოპოზიციური ერთობა ორად არის გაყოფილი. ერთ მხარეს არიან „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, მეორე მხარეს კი დანარჩენი დგას. მათ შორის მედიატორის როლს გიგი უგულავა ასრულებს. მან რამდენჯერმე უკვე მოახერხა სიტუაციის განმუხტვა.
დაპირისპირებული მხარეების შერიგება ცუდად არ გამოსდის, მაგრამ თავის პარტიაში ვერ დალაგდა. მან რამდენიმე ლიდერთან ერთად დატოვა „ევროპული საქართველო“. მასთან ერთად პარტიიდან წამოვიდნენ დავით ბაქრაძე, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი. როგორც ამბობენ, უგულავა შესაძლოა, „ნაციონალების“ რიგებში ვიხილოთ.
მისგან განსხვავებით პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნა „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ეს მოსალოდნელიც იყო. არ გაგიკვირდეთ, თუკი მას ბიძინა ივანიშვილის სიახლოვეს აღმოაჩენთ. რამდენიმე თვის წინ მან „ოცნების“ შემქნელს მისწერა, რომ მზად იყო, მასთან ეთანამშრომლა და ამისთვის პარტიასაც დატოვებდა და პოლიტიკასაც. ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, იგივე ესემესი, მთელ „ქართულ ოცნებას“ აქვს წაკითხული.
ბიძინა ივანიშვილმა მას თანამშრომლობა პირველად 2013 წელს შესთავაზა. მაშინ ქართული დელეგაცია სტრასბურგში იმყოფებოდა. ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, დავით ბაქრაძე კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის რანგში გახლდათ წარმოდგენილი. სტრასბურგში მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი შედგა.
ეს ამბავი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ გაასაჯაროვა. ამას დიდი წივილ-კივილი მოჰყვა. მერე ბიძინა ივანიშვილმა მოუთხრო ერს, რომ ის დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ბაქრაძის დარწმუნებას, რათა მას „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა. მაშინ ბაქრაძე, ჯერ კიდევ, „ნაცმოძრაობაში“ იყო. ეს პარტია 2017 წლის დასაწყისში დატოვა და „ნაციონალებიდან“ წამოსულ სხვა ლიდერებთან ერთად „ევროპული საქართველო“ შექმნა. როგორც ამბობენ, მაშინ ამ პარტიის შექმნის მიზანი „ნაცმოძრაობის“ დაშლა იყო, თუმცა არ გამოვიდა. „ევროპული საქართველო“ კი ლიდერებისგან დაიცალა. ამ პარტიას დაემართა ის, რაც, თავის დროზე, მათ „ნაციონალებს გაუჩალიჩეს“.
„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ დავით ბაქრაძის მსგავსად ივანიშვილის ორბიტაზე მოხვედრას ცდილობს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ბოლო ხანებში ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აღარ აკეთებს. მას და გიორგი კვირიკაშვილს მცდელობა ჰქონდათ, „ლელოსთან“ გამოენახათ საერთო ენა. ეტყობა, არ გამოვიდა, რადგან კვირიკაშვილმა გახარიასთან სცადა კომუნიკაციის დამყარება, ხოლო მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მისწერა მესიჯი სადაც საუბრობს, რომ მასთან სურს თანამშრომლობა.
ივანიშვილთან ვერა, მაგრამ მის პარტიასთან თანამშრომლობა მოახერხა „გირჩების“ განაყოფმა. მათ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. თუმცა თქვეს, რომ ჯერ მხოლოდ დერეფანში ვიქნებითო. აღსანიშნავია, რომ სანამ შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვეს გარანტიები. გარანტიები იმისა, რომ „ოცნება“ მათ ელისაშვილივით არ გააბანძებს. თალაკვაძე დაჰპირდა, ჩემი მხრიდან ეს საფრთხე არ გემუქრებათო, საერთო პარტიული ხელშეუხებლობის გარანტიები კი კობახიძისგან უნდა მიიღოთო. დღეს კობახიძე წყვეტს, ვინ უნდა გააბანძოს მმართველმა პარტიამ. ეტყობა, ეს გარანტიები მიიღეს, რადგან პარლამენტში შევიდნენ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება