QronikaPlus
ლევან სამუშია: „პოზნერი _ ეს იყო გავრილოვი-2“

ლევან სამუშია: „პოზნერი _ ეს იყო გავრილოვი-2“

2021-04-09 09:54:10



ჩაშლილი მოლაპარაკებების მეორე ნაწილი, _ 31 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის მედიაციით გამართული მორიგი 7-საათიანი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.
წამყვანი ევროპარლამენტარები კი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ წინადადებას. ევროპარლამენტარების თქმით, ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, _ წერია პირველ აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოსთვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი.

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა? როგორ აპირებენ 15 მაისის აქციაზე მასშტაბური შეკრების ორგანიზებას? როგორია „ლელოს“ ხედვა?
„ქრონიკა+“ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან სამუშიას ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტში არ იყო ნახსენები რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიციამ ვერ შეძელით ევროპული საბჭოს და ზოგადად ევროპის დარწმუნება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა?
_ ნამდვილად არ ვფიქრობ ამას, რომ ოპოზიციამ ეს ვერ შევძელით. თქვენ იცით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმა, სადაც რიგგარეშე არჩევნების შესახებ იყო ჩანაწერი და ამის ირგვლივ უნდა ყოფილიყო მსჯელობა. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სიხისტე ვიხილეთ, რაც აისახა 1-2 აპრილს ჩვენი დასავლელი მეგობრების, ევროპარლამენტარების განცხადებაში. დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტში იყო პუნქტები, რომელზედაც ხელმოწერაზე ოპოზიცია თანახმა იყო. ეს გახლდათ სამი პუნქტი, თუმცა ხელისუფლება ამას არ დათანხმდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება არის წარმოუდგენლად დესტრუქციული. ამ მოლაპარაკებებში სწორედ ოპოზიციაა კონსტრუქციული. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ამ მოლაპარაკებებს შედეგი მოყვება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება.
_ როცა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი, ორივე მხარემ უნდა დათმოს, მათ შორის, თავად დანიელსონისა და ევროპარლამენტარებისგან გვესმოდა მოწოდებები, რომ კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. თუ ოპოზიციას სრულად სურდა, ხელისუფლება ამ 5 მოთხოვნას დათანხმებულიყო, მაშინ მოლაპრაკებების მაგიდასთან ოპოზიციური სპექტრის კომპრომისული ნაბიჯი რა იყო?
_ პლებისციტი ჩატარდეს და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთ ვითარებაში ამის კითხვაც არ არის საჭირო, რადგან პირდაპირ ტარდება ვადამდელი არჩევნები. ქვეყანაში კრიზისია და ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ. ეს არის ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური კრიზისი, რომელსაც თავი ვერ გაართვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ამას ყველანი ვხედავთ. ამას ხელისუფლება ხელოვნურ კრიზისად ნათლავს. ჩვენ ვნახეთ დემოკრატიულ ქვენებში როგორ მუშაობს, ვადამდელი არჩევნების საკითხი, _ ბოლო ორ წელიწადში ოთხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისრაელში. ვერავინ იტყვის იმას, რომ ისრაელი არ არის განვითარებული ქვეყანა ან რომელიმე ქვეყანაზე ნაკლებად განვითარებულია _ სუპერსახელმწიფოა და სამაგალითო ქვეყანაა. ის, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს აფასებს როგორც ზიანის მომტანს, მათი ეს მიდგომა არ არის სამართლებრივი და დემოკრატიული. მმართველ გუნდს აქვს რუსული მიდგომა, რასაც ერთი ერთში ბაძავს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ეს კარგად ჩანს. ზოგადადაც, ეს ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ წარმოუდგენლად დესტრუქციულია ოპოზიცია. 2 აპრილს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესებში ყველაზე დესტრუქციული იყო „ლელო“. რა კომენტარს გააკეთებთ ელისაშვილის ამ განცხადებაზე?
_ ალეკო ელისაშვილი, შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნების“ გარე სპიკერია და უკვე მისი „წევრიც გახდა“.სჯობს, მის განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო. რაც შეეხება „ლელოს“, თუ ვინმე არის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გზით პრობლემის გადაწყვეტის მომხრე და ფლაგმანი, სწორედ „ლელოა“, _ ეს ყველამ კარგად იცის.
_ პირველ აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების საკმაოდ კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარია საქართველოსთან მიმართებით ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ჩვეულებრივ ვერ გაგრძელდება. ამ საკითხის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები იმით იიმედებენ თავს, რომ 7 ევროპარლამენტარი აწერს ხელს და მათი განცხადებით, ეს რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არაა. რაზე მეტყველებს ეს მოცემულობა?
_ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურებაა, ჯერ ერთი, ის, რომ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და იმ სიტუაციამდე მივედით, სადაც ქვეყნის სანქცირებაზეა საუბარი. შექმნილ ვითარებაში დამნაშავეა მმართველი ძალა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ამ დროს კი ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ამ განცხადებას მხოლოდ 7 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოუდგენელი უგუნურებაა. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ ეს განცხადებები, მათი ქმედებები ქვეყანას ყოველდღიურად აზიანებს. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, ეს მათი გამიზნული ქმედებაა. ეს არის რუსული პოლიტიკის გატარება. ეს სურს რუსეთს, პუტინს და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ მაქსიმალურად დაგვაშოროს ევროპისგან, დასავლეთისგან და მაქსიმალურად დაახლოვოს ქვეყანა რუსეთთან და პუტინის რეჟიმთან, მაგრამ ამას საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ! ევროპარლამენტარების ამ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების პასუხი უპასუხისმგებლობა და შეურაცხყოფაა. ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ თუკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება საკმარისი არ არის, ის მე-8 იქნება, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება. „ქართული ოცნების“ განცხადებები და ქმედებები არ შეიძლება უცოდინარობით აიხსნას, ეს არის განზრახი ქმედება, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ზიანი მოაქვს და საფარქვეშ რუსულ საქმეს აკეთებს. „ქართული ოცნება“ სიტყვით ვითომ დასავლურია, მაგრამ საქმით ყველა ვხედავთ, რომ ანტიდასავლურები არიან.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ საქმით პრორუსულია და რუსულ ინტერესებს ემსახურება. გასულ კვირას, 31 მარტს, საქართველოში რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი მის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. გარდა იმისა, რომ მათთან ერთად არღვევდა წესებს, პროტესტი იმანაც გამოიწვია, რომ „აფხაზეთი ვერასდროს გახდება საქართველო“,სიტყვების ავტორი ქვეყანაში შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეული. სამართლებრივად შესაძლებელი იყო თუ არა, პოზნერი არ შემოეშვათ?
_ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უპასუხისმგებლო განცხადება. შსს აქვს უფლება, საზღვარზე არ შემოუშვას პირი, თუ ის ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნეა და წარმოადგენს საშიშროებას. ბევრ ადამიანს არ უშვებენ საზღვარზე, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვთ დარღვეული, მაგალითად, თუნდაც აფრიკის მოქალაქეებს და სხვებს. სამართლებრივად, შსს-ს უფლებაც და ვალდებულებაც ჰქონდა, რომ პოზნერი არ შემოეშვა საქართველოში, ვინაიდან პოზნერს ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები აქვს გაკეთებული. ადამიანი, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ქვეყანაში არასასურველი პირია და არ უნდა შემოეშვათ, _ ეს ცალსახაა. შსს-ს ამ განცხადებით თავის მართლების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ეს გამორიცხულია. ასევე მინდა აღვნიშნო მეორე ფაქტი: ექსკორტირებას რომ უწევდნენ პოლიციელები პოზნერს და მის ამალას, ეს რით აიხსნება?! მთელ ქვეყანაში კომენდანტის საათის დროს კი ღრეობა ჰქონდათ მოწყობილი. „ქართული ოცნება“ აღიქვამდა, რომ მათი უფროსობა ჩამოვიდა და პატივი უნდა ეცათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც გავრილოვის შემთხვევაში, ახლაც აჩვენეს თავიანთი მტკიცე პოზიცია. პოზნერი _ ეს იყო გავრილოვი-2. თავის დროზე, არც გავრილოვის ვიზიტი ყოფილა შემთხვევითი, რადგან ეს იყო კბილის მოსინჯვის პოლიტიკა, რას იზამდნენ საქართველოს მოქალაქეები _ გაატარებდნენ თუ არა ამ ფაქტს. პოზნერი ამ შემთხვევაში მეორე ტესტი იყო. ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. წარმოუდგენელია, მათ არ სცოდნოდათ, რა შესაძლო პროტესტი მოჰყვებოდა პოზნერის ჩამოსვლას და ზოგადად რა პოზიციები ჰქონდა მას საქართველოსთან მიმართებით. ასევე წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ პოზნერის ვინაობა, ვინ არის ის, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული რა პოლიტიკას ატარებს და საქართველოს შესახებ რა მტრული პოლიტიკა უჭირავს. პოზნერის შემოშვება ცალსახად დანაშაული იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული უფლება ჰქონდა, საზღვარზე არ შემოეშვა პოზნერი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და შემოუშვეს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ საქართველოს საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეს არ უშვებდნენ, მას არ ჰქონია ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, მაგრამ მაინც არ შემოუშვეს. ასე მიიჩნიეს საჭიროდ. რამდენად სწორად _ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ საზღვარზე შემოშვების ნაწილში ოკუპაციის შესახებ კანონიც არაფერ შუაშია. ადამიანი, რომელიც შენი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი და პირდაპირ ვთქვათ, მტერია შენი ქვეყნის, უშვებ ქვეყანაში, ღრეობას უწყობ და ექსკორტით აცილებ, _ ამაზე მეტად დამამცირებელი რა შეიძლება იყოს?! _ ეს გახლდათ დანაშაულებრივი ქმედება, სხვა არაფერი.
_ საბოლოო ჯამში, პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, სამოქალაქო პროტესტის შედეგად, დაგეგმილზე ადრე მოუწიათ ჩვენი ქვეყნის დატოვება, თუმცა შემდეგ გაგრძელდა დისკუსია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმები არ იყო სწორი, მაგალითად, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ისეთი ქცევა, როგორიც ქუჩებში ხდებოდა, ქართველებს არ გვეკადრება“, _ თქვენ რას ფიქრობთ პროტესტის გამოხატვის ფორმებზე?
_ თუ ვინმეს რამე არ ეკადრებოდა და უკადრებელი ჩაიდინა, ეს იყო ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც პოზნერის საზღვარზე შემოშვებით დამამცირებელი ქმედებები და კანონდარღვევები ჩაიდინა. ეს ყველაფერი კი ოკუპანტის საამებლად გააკეთა. რაც შეეხება პროტესტის ფორმებს, კვერცხის სროლა არ არის მთავარი, არამედ მნიშვნელოვანია პროტესტის ნება, რომ შენი ქვეყნის ოკუპანტის მთავარი იდეოლოგი შემოვიდა ქვეყანაში და ამან აღგაშფოთა.
ვიმეორებ: ხელისუფლებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და დაგეგმა, როგორც გავრილოვის შემთხვევაში, ასევე პოზნერის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ქვეყნის ოკუპაციასთან და ღირსებასთან დაკავშირებით არის მტკიცე და შეუვალი, ამას რუსული ხელისუფლება საქართველოში წინ ვერ აღუდგება.
_ მოლაპარაკებებს რომ დავუბრუნდეთ, ევროპამ და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა სცადეს, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამ მოცემულობაში რა სამოქმედო არეალი დაგრჩათ ოპოზიციას და პროტესტთან დაკავშირებით რა კონკრეტული გეგმა გაქვთ?
_ მე შემიძლია „ლელოს“ სახელით გითხრათ და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ოპოზიციის მოწოდებაა, პროტესტი ყოველთვის იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ასეც იქნება. რაც შეეხება ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს, მათი აქტიურობა ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ისინი არ არიან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მეგობრები, არამედ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები. უდიდესი ძალისხმევა, მხარდაჭერა და რესურსი აქვთ ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მათი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და პოლიპატიმრები დატოვებენ საპყრობილეს. მოლაპარაკების მაგიდაზე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ბატონი დანიელსონის თანდასწრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიდიოდა ტყვეთა ვაჭრობა. ესენი არიან ტყვეებით მოვაჭრე ადამიანები, რუსული სტილის ხელისუფლება. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს. ამის დასრულებას კი სჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური დევნის დასრულება. „ლელო“ ამ პოზიციაში იყო და იქნება მტკიცე და ერთიანი. „ლელომ“ დაახლოებით ერთი კვირაა დაიწყო თავისი კამპანია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვაკეთებთ გამოკითხვას, ამ პროცესში ყველანი ვმონაწილეობთ, მათ შორის, პარტიის ლიდერები, უშუალოდ მოსახლეობას ვხვდებით და წარმოუდგენლად დიდი აქტიურობაა. ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა იმ ხალხის რაოდენობამ, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ისინი არა მხოლოდ „ლელოს“, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებიც არიან. საქართველოს მოსახლეობის ამ მოთხოვნას „ქართული ოცნება“, უბრალოდ, ვერ გატეხავს.
_ რა გარანტია გაქვთ, რომ ადამიანები, რომლებსაც თქვენ ხვდებით, 15 მაისს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოვლენ?
_ დაველოდოთ. ფაქტია, რომ მოქალაქეებში არის სამართლიანი, კანონიერი, კონსტიტუციური პროტესტი. საზოგადოება თავის პროტესტს ყოველთვის გამოხატავდა და მომავალშიც გამოხატავს. ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ქვეყანაში განვითარდება ის დემოკრატიული პროცესები და ცვლილებები, რაც ქვეყნის წინსვლასა და ევროპულ მომავალს განაპირობებს.

ნენე ინჯგია



გაზიარება