QronikaPlus
ნინო ბურჯანაძე: „ოცნების“ წევრები მოსკოვში მალულად დადიან“

ნინო ბურჯანაძე: „ოცნების“ წევრები მოსკოვში მალულად დადიან“

2021-04-09 06:23:02

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. კობახიძე ოპოზიციას პრორუსულად მოიხსენიებს იმის გამო, რომ ისინი ბურჯანაძესთან ერთად სხედან მოლაპარაკებებზე. „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს არ რცხვენია, რომ მოსკოვში ჩადიოდა მოლაპარაკებებზე. სიამაყით ამბობს, რომ მას მოსკოვში აქვს ნათქვამი, საქართველო ტერიტორიების დაკარგვას არ შეეგუებაო. ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა არც იმას შეეგუება, ერთმა მდიდარმა კაცმა ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს. ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, მის მოსკოვურ ვოიაჟებზე საუბარი შეწყვიტოს. მიაჩნია, რომ მათ ამ თემაზე საუბრის უფლება არ აქვთ, რადგან თავად ჩუმად დაიპარებიან რუსეთში.

ვინ დადის „ოცნებიდან“ მალულად რუსეთში? როდის ჩაშალა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები? რას ფიქრობს გოგი წულაიაზე? რას აკეთებდა ირაკლი კობახიძე მის პარტიაში? რატომ დადიოდა მოსკოვში იგი? რატომ არ აქვს მოლაპარაკებებს ალტერნატივა? რა როლის შესრულება შეუძლია საზოგადოებას? _ ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო ნინო, პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ახალგაზრდების პროტესტს რამდენიმე ჩვენმა პოლიტიკოსმა აღვირახსნილი ქმედება უწოდა. თქვენ რას ფიქრობთ, სწორად მოიქცა ჩვენი საზოგადოება?
_ აქ მთავარი პრობლემა ის მძიმე ვითარებაა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად მძიმე მომავალს ვხედავ. საქართველოში ნორმალური ვითარება რომ ყოფილიყო, ის არ მოხდებოდა, რაც 31 მარტის ღამესა და პირველ აპრილს მოხდა. დარწმუნებული ვარ, პროტესტის ფორმა სხვაგვარი იქნებოდა და ადამიანები უფრო თავშეკავებით გამოხატავდნენ პროტესტს. ახლა საზოგადოებას გაუჩნდა განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ პირებს უწესებს პრივილეგიებს. ეს, ბუნებრივია, აჩენს პროტესტს.
_ თუმცა პოზნერის ჩამოსვლა ჩვენს საზოგადოებას იმის გამო არ გაუპროტესტებია, რომ მას და მის თანმხლებ პირებს ხელისუფლებამ პრივილეგიები მიანიჭა.
_ პროტესტის მიზეზი იყო სხვა რამე. ამ ადამიანის მოსაზრებები ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ ჩამოვიდეს, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს მისი პოზიცია. მთავარია, კანონი არ ჰქონდეს დარღვეული. ამ შემთხვევაში ოკუპაციის შესახებ კანონს ვგულისხმობ. ამასთან, არსებობს ჩამოსვლის ფორმა და დრო.
პოზნერთან კომუნიკაცია რომ მქონოდა და მას ჩემთვის ეკითხა, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ის ახლა საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. რუსეთის მიმართ ჩვენი საზოგადოების გაღიზიანება კულმინაციას აღწევს. ამ გაღიზიანებას კიდევ უფრო ამწვავებს პანდემია, რის გამოც მთელი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. შეზღუდვები დღემდე გრძელდება. 21:00 საათიდან ყველანი სახლებში ვართ გამოკეტილება. ამ დროს ვიღაცებისთვის გადაადგილებაზე პრივილეგიების მიცემა პროტესტს გამოიწვევდა. პოზნერს პრივილეგიები რომ მიანიჭეს, ეს არა მისი, არამედ საქართველოს ხელისუფლების ბრალია. ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეთვალა მსგავსი შედეგი, რაც ვერ შეძლეს. ბიძინა ივანიშვილი ამ ამბით საერთოდ არ დაინტერესებულა.
_ რატომ არ დაინტერესდა?
_ მას ახლა მხოლოდ ერთი რამე აინტერესებს: სურს, საქართველო თავის ბოსტნად გადააქციოს. დარწმუნებული ვარ, ის ინფორმირებული იყო პოზნერის მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ამას ხელი არ შეუშალა. ის აპირებდა, რომ მათი აქ ჩამოსვლა საკუთარი პიარისთვის გამოეყენებინა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა. რეაქციამაც არ დააყოვნა. სასურველია, რომ ასეთი გამოსვლები არ ხდებოდეს. ძალიან კარგი იქნებოდა, დალაგებულ ქვეყანაში გვეცხოვრა, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა ვერ დალაგდება.
_ თქვენ წლების წინათ პოზნერის გადაცემაში მონაწილეობდით. ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ იქნებით მისი გადაცემის სტუმარი?
_ ამის შესაძლებლობა თუ მომეცემა, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მის გადაცემაში.
_ რატომ მიიღებთ მის გადაცემაში მონაწილეობას?
_ იმიტომ, რომ პოზნერი არის ძალიან ძლიერი ჟურნალისტი. მას უყურებს ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც რუსეთში ასევე მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მის გადაცემაში გამოსვლა და იქ საკუთარი აზრის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოა, რომ ბევრმა მაყურებელმა მიყუროს, რადგანაც მე ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვსაუბრობ.
_ ამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, თქვენ ნამდვილად არასდროს გითქვამთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი შეიძლება მოიშოროს საქართველომ.
_ ამას არათუ არასდროს ვიტყვი, გულშიც კი არ გავიფიქრებ. რუსეთი იქნება თუ დასავლეთის ქვეყნები, სადაც ჩავდივარ, ყველგან ვამბობ, რომ ქართველები არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. რუსული ტელევიზიებით გამოსვლისას არაერთხელ მითქვამს, _ ყველაფერს გავაკეთებ, რათა დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
_ დიახ, რუსეთში თქვენ ბევრჯერ თქვით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არ შეეგუებით. ეს განცხადებები მოსმენილი აქვს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ოპოზიციას რუსეთუმეობა დააბრალა იმის გამო, რომ მათთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედხართ. თუ ასეთი უხერხულია თქვენთან ერთად ჯდომა, ის არ ეუხერხულება, დედ-მამასთან ერთად თქვენი პარტიის წევრი რომ იყო?
_ ადამიანს, რომელსაც სინდისის ძარღვი აქვს გაწყვეტილი, უხერხულობის გრძნობა ვერანაირად ექნება. ირაკლი კობახიძის მამა, ბატონი გიორგი, იყო ჩემი პარტიის პოლიტიკური მდივანი. ირაკლის დედა, ქალბატონი თამარი, იყო ჩემი პარტიის პოლიტსაბჭოს მრჩეველი. თავად ირაკლიც ხშირად იყო ჩვენი პარტიის ოფისის სტუმარი. არც ირაკლისა და არც მის მშობლებს არასდროს გაუპროტესტებიათ მოსკოვში ჩემი წასვლა.
მოსკოვში ჩემს ვიზიტებზე როცა საუბრობენ, ერთ რამეს აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი: მე რუსეთის დედაქალაქში ჩუმად არასდროს გავპარულვარ. ამას ყოველთვის ღიად ვაკეთებ. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იქ ჩუმად არ დავიპარები.
_ ვინ დაიარება ჩუმად „ოცნებიდან“ რუსეთში?
_ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ჩვენმა საზოგადოებამ ტელევიზიით იხილა მისი ბილეთი მოსკოვის მიმართულებით. ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია რომ არ მოეპოვებინათ, ჩვენი საზოგადოება მამაცაშვილის მოსკოვურ ვოიაჟებზე ვერაფერს გაიგებდა. მე არასდროს წავსულვარ მოსკოვში ჩუმად.
_ იქ რომ მიდიხართ, ამაზე წინასწარ აცხადებთ ხოლმე პრესკონფერენციაზე. ამის მიუხედავად, მაინც პრორუსულად მიიჩნევით.
_ პრორუსი ვგონივარ „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ მხრიდან ვინმეს პრორუსულობაზე ლაპარაკი, მინიმუმ, უხერხულია. ამ პარტიის წარმომადგენლები ხელფასებს ივანიშვილისგან იღებენ, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა. კობახიძეს საერთოდ ხმა არ ამოეღება და ეს ადამიანი სრულებით არ არის კომენტარის ღირსი.
_ გადავიდეთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე. თქვენ ამ შეხვედრებს არ ესწრებოდით, მაგრამ ამბები გეცოდინებათ. თქვენი აზრით, შეუძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა?
_ მე ამ მოლაპარაკებებზე არ დამიშვეს, რადგან ფორმატი „ქართული ოცნების“ დაბეჯითებითი თხოვნის შედეგად შემუშავდა. მათ მოითხოვეს, რომ იქ მე და კიდევ რამდენიმე ლიდერი არ ვყოფილიყავით. მათიც მესმის, ისინი ფორმალურად ელაპარაკებიან იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ოფიციალური მონაცემებით გადალახეს საარჩევნო ბარიერი. ჩემი ან სხვა ლიდერის დამატება მოლაპარაკებებზე იქნებოდა იმის აღიარება, რომ არჩევნები გაყალბდა. მე გაგებით მოვეკიდე ამ ამბავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უსამართლობაა, რადგან არჩევნების შედეგები დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
რაც შეეხება თავად მოლაპარაკებებს, მოგეხსენებათ, რომ ყველა სიტუაციაში მოლაპარაკებების მომხრე ვარ, რუსეთშიც იმიტომ დავდივარ, რომ მოლაპარაკებების გამართვა საჭიროდ მიმაჩნია. ამ ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია. მტერსაც უნდა ელაპარაკო და მოყვარესაც. განსაკუთრებით მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა პრობლემები არსებობს. იმას უნდა ელაპარაკო, ვისთანაც პრობლემები გაქვს. მოლაპარაკებების მომხრე ვარ, მაგრამ აქაც არის ზღვარი. მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ეს იქნება ჭაობი, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ჩათრევა უნდა.
_ რისთვის?
_ იმისთვის, რომ დრო გაიყვანოს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს. „ქართულ ოცნებას“ თუ რაიმე მნიშვნელოვანი წინადადებები ექნება სამომავლოდ, ოპოზიცია მზადაა, 24 საათში დაჯდეს მაგიდასთან და განიხილოს ნებისმიერი გონივრული წინადადება. ერთი ადგილის ტკეპნა თუ გაგრძელდება, მაშინ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.
_ მოლაპარაკებებს ხელისუფლება, მგონი, აღარც აპირებს. დანიელსონოს ბოლო ვიზიტის შემდეგ თქვეს, რომ დაიხურა კარიო.
_ მოლაპარაკებების კარი „ოცნებამ“, ჯერ კიდევ, მაშინ დახურა, სანამ დანიელსონი მეორედ ჩამოვიდოდა. კაცი ბრიუსელიდან ჯერ გამოფრენილი არ იყო, რომ მმართველი პარტია გაიძახოდა, არ დავილაპარაკებო.
_ სად თქვეს, არ დავილაპარაკებთო?
_ გაიძახოდნენ, ვადამდელი არჩევნებისა და პატიმრების თემა არ განიხილებაო. არადა, ოპოზიციისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი თემები. ჩვენ, პირველ რიგში, ამ თემებზე ვაპირებდით საუბარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების მაგიდა, ჯერ კიდევ, მანამდე ააყირავა, სანამ მოლაპარაკებები დაიწყებოდა.
_ ეს იმის ბრალიც ხომ არაა, ოპოზიცია მწვავე პროტესტს რომ არ გამოხატავს? აქციები ჯერ თებერვალში უნდა გაგემართათ და მარტში გადმოწიეთ. მარტის აქციებიც გააუქმეთ და ახლა 15 მაისისთვის დააანონსეთ აქცია.
_ საპროტესტო აქციები ოპოზიციამ ობიექტური მიზეზების გამო გადადო. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ამის პარალელურად აქციების მომზადებას ხომ არ დავიწყებდით? ეს აღქმული იქნებოდა ან შანტაჟად ან _ ზეწოლად.
_ ვისი დაშანტაჟება დაგბრალდებოდათ?
_ ხელისუფლების. ეს რომ არ დაგვბრალებოდა, ოპოზიციამ აქციები გააჩერა.
_ ოპოზიციას სჯეროდა, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდებოდა?
_ არ ვიზიარებდი ამ ოპტიმიზმს, მაგრამ ოპოზიციაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მოლაპარაკებებს რაღაც შედეგი მოჰყვებოდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ გონივრული გადაწყვეტილება და აქციები გავაჩერეთ. ამას ემატება პანდემია, რომელიც ამ პროცესზე ძალიან ნეგატიურად აისახება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ დავარღვიოთ ის წესები, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს უზრუნველყოფს. ვთქვით, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, აქციები არ იქნება. მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე დღესვე გამოვაცხადეთ აქციიის თარიღი.
_ აქცია 15 მაისისთვის ჩაინიშნა. ცოტა ხომ არ აგვიანებთ?
_ გავითვალისწინეთ, რომ მძიმე მარხვაა და წინ აღგომის დღესასწაულია, ამიტომ შევარჩიეთ 15 მაისი. ეს, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა.
_ მარხვა და აღდგომა რატომ უშლის ხელს აქციებს? 2009 წელს მარხვაში დაიწყო ოპოზიციამ აქციები და აღდგომაზეც არ შეწყვეტილა პროტესტი.
_ ასე იყო, მაგრამ რაღაც ტაიმ-აუტი მაშინაც ავიღეთ. აღდგომის წინა კვირას აქტიურობა შევაჩერეთ. ეს ერთ კვირას გაგრძელდა. ახლა გამახსენდა, რომ მაშინ ბზობის წინა ღამეს მოხდა პირველი შეტაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რაც ძალიან ცუდი იყო. მაშინდელ ხელისუფლებას ისევე არ ესმოდა ხალხისა და ოპოზიციის, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის. მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაბამისადაც დაამთავრა თავისი მმართველობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, იმაზე ცუდად დაასრულოს, ვიდრე მისმა წინამორბედმა.
_ ზევით პატიმრები ახსენეთ. გიორგი რურუასა და ნიკა მელიაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ გოგი წულაიას არ ახსენებენ. თქვენ და კიდევ რამდენიმე ლიდერს ეს საყვედური არ გეკუთვნით, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი არც კი იმჩნევს წულაიას დაპატიმრებას. რატომ დარჩა ეს ადამიანი ყურადღების მიღმა?
_ მისი საქმე ძალიან დელიკატურია. ისეთი ამბავია, სადაც ჭირს მტყუან-მართლის გარჩევა. რასაც გოგი წულაიას აბრალებენ, ეს 1%-თაც რომ სიმართლე იყოს, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთ დანაშაულში ვინმე სამართლიანად რომ იყოს ბრალდებული, საკუთარი პარტიის წევრსაც კი არ დავიცავ. საქმე ის არის, რომ წულაიასთან დაკავშირებით ეჭვები ჩნდება.
ინციდენტის წინა დღეს ბატონმა გოგიმ პერფორმანსი მოაწყო ივანიშვილების ოჯახთან მიმართებით. ეჭვებს აჩენს ის მძიმე ოპერაცია, რომელიც წულაიას ცოტა ხნის წინათ გაუკეთეს. სინამდვილეში, რა მოხდა, ამაზე მიჭირს საუბარი, მაგრამ ეჭვები მაქვს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან.
ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ არ ენდობი ხელისუფლებასა და გამოძიებას. ასეთ დროს გიჩნდება ეჭვი, რომ ადამიანი ისჯება არა დანაშაულისთვის, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისთვის.
_ პატიმრების თემაზე ხელისუფლება ძალიან არის გაჯიუტებული. ამას რით ხსნით? ნიკა მელიაზე ამბობენ, გადაიხადოს გირაო და გამოვაო. მისგან განსხვავებით, რურუას შეწყალება ხომ შესაძლებელია?
_ ნიკა მელია გირაოს ვერ გადაიხდის. ვერ გადაიხდის იმის გამო, რომ გირაოს დოკუმენტი უკვე გაუქმებულია. ის შეცვალა პატიმრობის დოკუმენტმა. ამიტომ როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, გადაიხადოს ნიკა მელიამ გირაო და გამოვაო, ეს, უბრალოდ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ეს გირაო მელიას უკვე გადახდილი აქვს, მეორედ დააკისრეს იმავე გირაოს გადახდა, რაც უსამართლობაა. ნიკას პოზიცია არის ძალიან პრინციპული. ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე რომ ფიქრობდეს, გონივრულ ნაბიჯებს გადადგამდა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო. ჩვენი ხელისუფლებისგან გონიერების იმედი არ უნდა გვქონდეს. ისინი პატიმრების განთავისუფლებაზე ღიად აცხადებენ უარს, არადა, ეს ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
_ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას უკავშირდება პრემიერობიდან გიორგი გახარიას გადადგომა. ამ ადამიანმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ჯერ არ ვიცით, ოპოზიციაში წავა, თუ ივანიშვილის პროექტი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ მისი გადაწყვეტილების შესახებ?
_ ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები და პატივს ვცემ. ამასთან, მიმაჩნია, რომ ცოტა მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა. ის იყო პრემიერი და მას მარტივად შეეძლო იმ მინისტრების განთავისუფლება, რომლებიც მას არ ემორჩილებოდნენ.
რაც შეეხება, რა მიმართულებას აირჩევს ის, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან ადამიანს განცხადებაც კი არ გაუკეთებია ჯერ, მხოლოდ ის თქვა, რომ პოლიტიკაში რჩება. ამ ეტაპზე მისი არც შექება და არც გაკრიტიკება სწორი არ იქნება. ის თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს, კარგია, ხოლო თუ ივანიშვილს გამოაყენებინებს თავს, ძალიან სამწუხარო იქნება.
_ აქციის გამართვას აპირებს გია გაჩეჩილაძე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა. თქვენ რას ფიქრობთ?
_ კარგს არაფერს ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც თავიანთი ქმედებით ზურგს უმაგრებს ადამიანს, საქართველო საკუთარ ბოსტნად რომ გაადააქცია. ივანიშვილს ვინც ამაში ხელს უწყობს, იმას ჩემი პატივისცემა ვერ ექნება. ვცდილობ, ამ ადამიანებსაც გავუგო. სრულიად ნორმალურია, რომ ვიღაცას არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“; ვიღაცას შეიძლება ნინო ბურჯანაძე არ მოსწონს, მაგრამ სხვის ჯიბრზე იმის მოწონება, რაც მოსაწონი არაა, არ შეიძლება. არც იმაზე უნდა დახუჭო თვალი, რაზედაც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
_ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც საუბრობენ. თქვენი აზრით, არის ამის ნიშნები?
_ იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამოქალაქო დაპირისპირება გამოირიცხოს. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება ქვეყანას დაემართოს. ერთხელ უკვე გამოვიარეთ და ეს ჭრილობა დღემდე ვერ მოვიშუშეთ. მსგავსი რამ ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ მინდა ამის ნახვა.
ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ საბოლოო ჯამში კეთილგონიერება გაიმარჯვებს.
_ 15 მაისის აქციას დავუბრუნდეთ. რას ელოდება ოპოზიცია ამ აქციისგან?
_ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. ამაზე ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმაც გვითხრეს. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ იხილონ განვითარებული და დემოკრატიული საქართველო. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ იმაზე მეტად ვერ იღელვებენ ჩვენზე, ვიდრე ჩვენ უნდა ვიღელვოთ საკუთარ თავზე.
ჩვენ თუ იმ ხალხის მემკვიდრეები ვართ, რომელმაც ეს ქვეყანა დღემდე მოიტანა, მაშინ არ უნდა ავიტანოთ ის, რომ ერთმა მდიდარმა კაცმა ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ველოდები, რომ საზოგადოება იქნება აქტიური და ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება მართლა თავისუფლად და ქვეყანას ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება