QronikaPlus
15 მაისი და გადარჩენის შანსი

15 მაისი და გადარჩენის შანსი

2021-03-29 08:17:25

საქართველოში ამა თუ იმ მოვლენის „ისტორიულად“ შეფასება ძალიან უყვართ და ამ ტერმინით ზოგჯერ მართლაც ისტორიულ, ზოგჯერ კი რუტინულ მოვლენებს ამკობენ.

2021 წლის 15 მაისი ისტორიული ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალოვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი _ უდავოდ. სწორედ 15 მაისს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს, გადაწყდება _ აქვს თუ არა ქართველ ხალხს „ქოცობის“ მოშორების თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ცოტათი განზე გაწევის უნარი?
ეს ძალიან რთული საკითხია და პროგნოზირება შეუძლებელია. აქამდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ქუჩაში მომხრეთა კრიტიკული რაოდენობის გამოყვანას წლების მანძილზე ვერ ახერხებს. 15-20 ათასი ადამიანი ერთჯერადად _ ოპოზიციისთვის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო.
შესაძლოა, ეს საკმარისია პროტესტის გამოსახატავად და საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტის საჩვენებლად, თუმცა ძალიან ცოტაა ხელისუფლების შესაცვლელად. ამ ამოცანას ერთიანობაში ასობით ათასი ადამიანი სჭირდება, რომელიც დღეს არ არის.
თუ გსურთ ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლა _ ერთდროულად მთელი ქვეყანა უნდა ააჯანყოთ და, პირველ რიგში, რეგიონებში. დღეს არავის ახსოვს, რომ 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძეზე გაცილებით ადრე რეგიონული ლიდერების თავების ცვენა დაიწყო _ ერთ-ერთი პირველი იყო კახეთის გუბერნატორი მედეა მეზვრიშვილი, რომელსაც კაბინეტი აუჭედეს.
ასევე მოხდა სხვა რაიონულ ცენტრებში _ თბილისში მრავალათასიანი უწყვეტი მიტინგების პარალელურად ადგილებზე ხელისუფლების ფაქტობრივი ცვლა მიმდინარეობდა. გამგებლები და გუბერნატორები გარბოდნენ, პოლიციელები სახლებში იმალებოდნენ.
23 ნოემბრისთვის შევარდნაძის ხელისუფლებისგან მხოლოდ პარლამენტის შენობაში შეკრებილი მონათა ჯგუფი დარჩა…
თუმცა დღეს 2003 კი არა 2021 წელია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალიან სუსტია, მაგრამ იმ პერიოდთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერია. შესაბამისად, ქუჩიდან მის შესაცვლელად ბევრად, ბევრად მეტი ძალისხმევა და გაცილებით მრავალჯერ მეტი მომხრეა საჭირო.
ქოც-9 წლის მანძილზე ოპოზიციამ ამ რაოდენობის მომხრე ვერც ერთხელ შეაგროვა.
ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხია _ საქართველოში პოლიტიკოსები ხშირად პათოსურად ლაპარაკობენ: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში, ერთი ადამიანის აზრიც ყურადსაღებია“.
ამაზე მეტი ფარისევლობა ძნელი წარმოსადგენია _ რეალურად, საქართველოში ყველაფერს მიტინგებზე მოსული ადამიანების რაოდენობა წყვეტს. თავების თვლა დიდი ხნის და უკვე დამკვიდრებული ტრადიციაა. გამოვა ბევრი ადამიანი _ მოგისმენენ, არ გამოვა _ იმიტინგე და იყვირე, რამდენიც გინდა.
15 მაისი გადამწყვეტი დღეა. თუ 15 მაისს არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა _ 2024-იც მოგებული აქვთ.
„ქართული ოცნება“ ასეთი დისკრედიტებული ჯერ არასდროს ყოფილა. დღეს უკვე „ქოცები“ დემოკრატობისა და წესიერების ნიღაბს აღარ ატარებენ _ აზრი არ აქვს. დღეს ქვეყანას ღიად და დაუფარავად მართავს ბანდფორმირება, რომელსაც გაუნათლებელი მილიარდერი-სოციოპათი ძალიან ცუდად და არაკომპეტენტურად ხელმძღვანელობს.
ბერა-იკას შოკისმომგვრელი საუბარი არანაკლები კომპრომატია, ვიდრე ციხის სკანდალი, რომელმაც 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ ნოკდაუნში ჩააგდო. ამ ფონზე თუ ვინმემ დღეს ვერ შეიგნო, რომ ქვეყანა ბანდიტების ხელშია _ ის ამას ვერასდროს გაიგებს, უბრალოდ იმიტომ, რომ გაგება არ სურს.
კოლექტიური გოგა ხაინდრავა-ლალი მოროშკინა ვერ გაიგებს. უფრო სწორად, „არ“ გაიგებს, რადგან არ აწყობს.
ამას ვერასდროს გაიგებს სახელმწიფო აპარატი, რომელიც ქვეყნის მსახურისგან ქვეყნის გამყიდველად იქცა. ვერ გაიგებენ საჯარო მოხელეები, რომლებიც თავიანთი მათხოვრული ხელფასების გამო ქვეყანას მომავალს უსპობენ.
უფრო სწორად, ისინიც, არა „ვერ“, არამედ „არ გაიგებენ“, იმიტომ რომ არ სურთ, არ აწყობთ.
„ქოცობის“ 40-45%-იანი დასაყრდენი არსად გაქრება და ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განუდგება, თუ 1-2 თვე ხელფასს ვერ მიიღებს.
თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ, ჯამურად, 52% მიიღო და ეს ის 52% გახლავთ, რომელსაც ესმის, რომ ქვეყანა ბანდიტებმა ჩაიგდეს ხელთ,
ერთად ერთი, რასაც ეს 52% ჯიუტად ვერ ხვდება ისაა, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად მხოლოდ არჩევნებზე მისვლა საკმარისი არ არის. დღეს ვითარება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უკიდეგანო აღშფოთებასა და ქუჩაში გამოსვლას საჭიროებს.
15 მაისს სააიმისო პირობები ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა.
თუ 15 მაისს ქუჩაში ცოტა ადამიანი გამოვა, ეს ნიშნავს, რომ ბევრი არასდროს არ გამოვა.
ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დამშვიდდება, და მიხვდება - ეს ქვეყანა ბიძინას ჯიბეში უდევს, და ჯიბიდან გამოხტომას არ ჩქარობს. დასავლეთის მხრიდან აშკარა წაყრუების ფონზე ეს ნიშნავს, რომ ქოცები არათუ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავენ, არამედ 2024-შიც მოიგებენ.
15 მაისს წყდება - აქვს თუ არა ამ ქვეყანას თვითგადარჩენის ინსტინქტი და ბრძოლისუნარიანობა, თუ ის საბოლოოდ გამოიფიტა, და თავისი ისტორიის დასასრულისკენ გზას შეუქცევადად დაადგა.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება