- შაბათი, 28 დეკემბერი, 2024
2021-03-29 08:11:38
ბერა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია. მან ტვ „იმედთან“ ინტერვიუში სკანდალური ჩანაწერის შესახებ ისაუბრა, ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტიკურობა, ფაქტობრივად, არ უარყო და განმარტა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, დღესაც პასუხს მოსთხოვს.
ტვ „პირველმა“ 6 მარტს ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავდნენ და განიხილავდნენ, რომლებმაც ბერა ივანიშვილს შეაგინეს. ჩანაწერში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ბავშვები ისჯებიან. ჯერჯერობით, უცნობია, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას სავარაუდო დანაშაულზე.
ამ თემამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური თემების ფონზე, თითქოს, სკანდალური ჩანაწერების საქმე გადაიფარა.
რა რეაქცია ჰქონდათ ახალგაზრდებს სკანდალურ ჩანაწერებზე? რამდენად რეალურია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა? და რა ფორმით უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში ახალგაზრდა აქტივისტები?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სამოქალაქო აქტივისტ გიორგი ქიტიაშვილს ესაუბრა:
_ რა რეაქცია გქონდათ, როცა ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერები მოისმინეთ, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ბავშვები ისჯებიან?
_ პირველ რიგში, აღშფოთების რეაქცია მქონდა, შემდეგ სირცხვილის იმის გამო, რომ ჩვენს დროში მსგავსი რაღაც ხდება. არაფორმალური მმართველის შვილი ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ურეკავს და არასრულწლოვანი ბავშვების დასჯას სთხოვს „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარის გამო. ეს, რა თქმა უნდა, ევროპული და დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტილი არ არის. ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, სადაც კლანური მმართველობა არის წინა პლანზე წამოწეული და გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები აკონტროლებენ ყველაფერს, მსხვერპლებს ახდევინებენ ბოდიშებს კომენტარების გაკეთების გამო, ალბათ, სჯიან. ვუყურე ბერას ჩართვას „იმედზე“, სადაც ამ ჩანაწერების ავთენტიკურობა, ფაქტობრივად, დაადასტურა. მან თქვა, რომ ღარიბაშვილს „ტრი-ტრის“ კი არა, „ანტონის“ ვეძახდიო, ე. ი. ეს საუბარი შედგა. ასევე ბერამ თქვა ისიც, რომ თუ მსგავსი რამე მოხდება მომავალში, აუცილებლად იგივეს გააკეთებს. პირველ რიგში, ივანიშვილის ოჯახი ამ ქვეყნიდან მოსაშორებელია, რადგან ესენი საქართველოს უკან წევენ, ამსგავსებენ ჩეჩნეთის რესპუბლიკას და რუსეთს. სწორედ, იმ ქვეყნებში ხდება მსგავსი შემთხვევები, ვიდეო ბლოგებია ინტერნეტში, თუ როგორ ახდევენიბენ ბოდიშებს იმ ადამიანებს, რომლებიც კადიროვის ან პუტინის ოჯახის წევრებზე კრიტიკულ კომენტარს ან პოსტს დაწერენ.
_ „შეაგინე ბერას“ საპასუხოდ ამ გზავნილით აქცია გაიმართა. რამდენად სწორი იყო ეს საპროტესტო მესიჯი?
_ საზოგადოებამ უნდა დაანახოს ბერას, რომ მისი მუქარის არავის ეშინია. საბოლოოდ კი იქამდე უნდა მივიდეთ, რომ ეს ოჯახი და მათი პარტია ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ბერას გინებასა და მასზე ფიზიკურ ძალადობას არავინ აპირებს, მას არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მთავარია, ეს ადამიანები ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანად გავწიოთ ხელისუფლების სადავეებიდან. რაც შეეხება ბერას ინტერვიუს ნარატივს, ძველბიჭური, ვითომ ტრადიციულ-ქართული ახსნა, რომ გინებას არავის შეარჩენს და ფიზიკურად გაუსწორდება ბავშვებს, აქედან ჩანს, რომ ვერც ფულით, ვერც დასავლეთში განათლების მიღებით ადამიანი პროგრესული ვერ გახდება.
_ ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი თემა აგორდა, რამაც თითქოს გადაფარა ჩანაწერების სკანდალი. მათ შორის, ყველაზე აქტუალური იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრები. სამწუხაროდ, 18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს?
_ ჩვენს ქვეყანაში მიეწყო და ყოველდღე ისეთი ახალი ამბებია, რომ ძველს ფარავს. ვფიქრობ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია და მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ვერ შედგა ევროპული საბჭოს მედიაციით, იგი მაინც უნდა გაგრძელდეს. იქნებ, დაახლოების წერტილები მაინც იპოვოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, რადგან კრიზისი, პირველ რიგში, ქვეყანას, შემდეგ კი საზღვარგარეთ ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს. დღეს რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს საზიანოა ყველასთვის. სამწუხაროა, რომ პოზიციები ვერ დაახლოვდა და კონსენსუსი ვერ შედგა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება მას შემდეგ, რაც დანიელსონი ჩაიტანს ანგარიშს შარლ მიშელთან, ამის შემდეგ კი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ საქართველო ისევ დემოკრატიული ქვეყანაა. ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და ისე ესაუბროს „ქართულ ოცნებას“. ჩვენი მედიატორების შუამავლობით ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როცა პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტი გამოაცხადა?
_ არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია უკეთესს ნაბიჯს გადადგამდა. ასევე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც „გირჩმა“ თქვა, რომ ერთი ერთზე უნდა ელაპარაკოს „ოცნებას“. „გირჩი“ და ელისაშვილის „მოქალაქეები“ ჩემთვის „ოცნების“ რუპორები არიან, სამწუხაროდ, მათ თამაშს თამაშობენ. ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს და პროტესტი უნდა გააგრძელოს. 20 მარტს მათ განცხადება გაააკეთეს, რომ პროტესტი ყველა ქალაქში გაგრძელდება და ეცდებიან, ხალხი გარეთ გამოიყვანონ. ეს სწორი პოზიციაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ ნაცვლად არც ევროპა და არც ამერიკა არაფერს გააკეთებს. ისევ ჩვენი მისაღწევია ვადამდელი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია ბევრ კომპრომისზე წავიდოდა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ არაფერს დათმობდა, რადგან ეს არის ძალა, რომელსაც რაღაცის დათმობა სისუსტედ მიაჩნია. პოლიტპატიმრების გამოშვება და 2022 წლის შემოდგომაზე არჩევნების დანიშვნა, ვფიქრობ, ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო.
_ გიორგი, აღნიშნავთ, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციამ ვერ დაარწმუნა დასავლელი პარტნიორები არჩევნების გაყალბებაში?
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ვიყავი ჩართული, მთაწმინდა-კრწანისის ოლქი ფეხდაფეხ შემოვიარე. არჩევნების გაყალბება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ როგორც 2003 წელს იყო, ასობით ბიულეტენი ჩაყარეს აჭარაში. ადამიანის თავისუფალ ნებაზე მოქმედება, დაშინება და მოსყიდვა, _ ეს არის არჩევნების გაყალბება. ასევე არსებობს „IღI-ის“ („საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“) დასკვნა, სადაც წერია, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა ძალიან ბევრი დარღვევა. რეალურად, ამ დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა. არჩევნების დღეს ვნახეთ, რომ გლდანში იარაღიანი ადამიანები დარბოდნენ, _ ევროპაში ასე რომ ჩატარდეს, რომელიმე ევროპარლამენტარი იტყვის, რომ არჩევნები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა?! ოპოზიციას ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ არ მგონია, მათი მთავარი პრობლემა ის იყოს, რომ დასავლელ პარტნიორამდე სათქმელი ვერ მიიტანეს. რადგან ეს სათქმელი მიიტანეს, ზუსტად ამიტომ ჩამოვიდნენ და ამიტომაც იმართებოდა მოლაპარაკებები მათი მედიაციითა ამ კრიზისის განსამუხტად, რასაც საბოლოოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე უნდა მივეყვანეთ. ქართველი ამომრჩევლის 52%-მა ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ასე რომ, ქუჩის მასობრივი აქციები შეგვიძლია ბერკეტის სახით გამოვიყენოთ და ასე შევძლებთ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიყვანოთ ქვეყანა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რევოლუცია არავის სურს და ყველამ იცის, რომ შესაძლოა, რევოლუცია მშვიდობიანად ვერ დასრულდეს, რაც საზიანო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
_ დღევანდელი მოცემულობით, დაკარგა თუ არა ოპოზიციამ მოსახლეობის ნდობა? როცა 5 თვის შემდეგ ისევ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად ეძახის ოპოზიცია ამომრჩეველს და ამ დროის განმავლობაში კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია, ეს გარკვეულ უნდობლობას იწვევს.
_ რა თქმა უნდა, ოპოზიციას ბევრი პრობლემა აქვს და იმედით არ შეჰყურებს მოსახლეობის ნაწილი. რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს პრობლემა ჩვენს პოლიტიკურ კლასს რეალურად აქვს, ამის უარყოფა არ შეიძლება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანები ქუჩაში საკუთარი მომავლისთვის უნდა გამოვიდნენ. დავივიწყოთ ის, თუ რომელი ოპოზიციონერები დგანან ქუჩაში, ჩვენ ჩვენი მომავლის გადასარჩენად უნდა გამოვიდეთ. თუ ადამიანს სურს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა, ქუჩაში უნდა გამოვიდეს. სამწუხაროდ, საარჩევნო ყუთის ნაცვლად ქუჩის პროტესტით უნდა მივაღწიოთ ამას. სამართლიან გარემოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნებით მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, რომელიც საბოლოოდ უკეთესი იქნება ყველასთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და, მათ შორის, იმისთვის, რომ ერთპიროვნულად არავინ ჩაიგდოს მომავალში ძალაუფლება და იგივე სისასტიკით არ გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორც არსებული ხელისუფლება უსწორდება დღეს.
_ ბევრჯერ ახსენეთ ის, რომ ჩვენს გასაკეთებელს დასავლეთი ვერ გააკეთებს. რა ფორმით და როგორ უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად? რა პასუხისმგებლობა გვაქვს სამოქალაქო კუთხით?
_ როდესაც აქციები დაანონსდება, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ეს პოლიტიკური კრიზისი აწუხებს, უნდა გამოვიდეს გარეთ და დაანახოს ხელისუფლებას, რომ ის წარმოადგენს ამ ქვეყანას და მას ეხება არსებული ყველანაირი პრობლემა. ასევე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, თუ საშუალება იქნება, შიდა პარტიულ კონკურენციაშიც ჩაერთონ და წინა პლანზე წამოიწონ. რეალურად, ჩვენს პოლიტიკურ კლასს გაჯანსაღება და სიახლეები სჭირდება, ეს ხელოვნურად ვერ მოხდება, ეს გაჯანსაღება არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა უბრალოდ ასაკის გამო პარტიებმა წინა პლანზე წამოწიონ, _ ეს ბევრად უარესს შედეგს მოიტანს. ამ ტიპის გაჯანსაღება ბუნებრივად უნდა მოხდეს და კონკურენციაში უნდა დაამარცხონ ძველი თაობის ოპოზიციონერები და ასე გადმოვიდნენ წინა პლანზე. იქნებ, ამ პროცესმა ის ნიჰილისტური დამოკიდებულება შეცვალოს, რაც საზოგადოებაში არსებობს და ხალხი ბევრად უფრო შემოაბრუნოს ოპოზიციისკენ. ოპოზიციური ახალი სახეებიც უფრო მისაღები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ერთადერთი გზა დღეს არის ქუჩის პროტესტი. საბოლოოდ, ჩვენს გასაკეთებელს, ვერც ამერიკელები და ვერც ევროპელები ვერ გააკეთებენ, ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და აქ ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს მშვიდობიანი გზით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ამერიკის ჩართულობით და საბოლოოდ, ხელისუფლება და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებამდე შეთანხმდებიან. ვფიქრობ, მოლაპარაკების პროცესში, სანამ პირადად ივანიშვილს და მის ოჯახს არ დაემუქრება სანქციები, მანამ „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს. თუ ივანიშვილს დასავლეთში სანქციებს დაუწესებენ, მმართველი გუნდი უფრო თვინიერი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან.
ნენე ინჯგია