- შაბათი, 28 დეკემბერი, 2024
2021-03-26 10:12:18
19 მარტს საქართველოდან გაემგზავრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, შეთანხმების მიღწევას.
12 მარტიდან დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. შეხვედრები გაიმართა როგორც ცალ-ცალკე, ისე საერთო ფორმატში. ამ პროცესებში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში, 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 10 საათი გრძელდებოდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანა 14 მარტს უნდა დაეტოვებია, თუმცა მოგვიანებით, ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად მეტი დრო სჭირდებოდათ.
საქართველოში, მოლაპარაკებების პარალელურად, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლეს კომისარ ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელმაც თქვა: „ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეუთო-მ მიიჩნია ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“.
ამ ყველაფრის პარალელურად, შესაძლოა, ამერიკასა და რუსეთს შორის სიტუაცია დაიძაბოს. უფრო კონკრეტულად კი ამის მიზეზი შესაძლებელია, ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება გახდეს. „ვფიქრობ, პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის“, _ ამის შესახებ ბაიდენმა ABC -ის ეთერში განაცხადა.
ამ მოცემულობაში რა გზას აირჩევს აშშ საქართველოსთან მიმართებით? რა პერსპექტივები აქვს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს? რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ევროპამ საკმარისი პრინციპულობა არ გამოიჩინა?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, გასულ კვირას დასრულდა პრემიერ-მინისტრის 15-17 მარტის ვიზიტი ბრიუსელში. იყო მოლოდინი, რომ იქიდან ხელისუფლების მისამართით საკმაოდ კრიტიკული გზავნილი გაკეთდებოდა, თუმცა ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. მათ შორის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა გააკეთა პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.
რა გაირკვა ბრიუსელში ვიზიტით და რაზე მიანიშნებს ევროპარლამენტარების ეს კონკრეტული განცხადებები?
_ შეიძლება ითქვას, რომ ევროპამ ვერ თუ არ გამოიჩინა საკმარისი პრინციპულობა. ერთი მხრივ, თითქოს შექმნა იმის იმიტიცია, რომ როგორმე საქართველოში არსებული კონფრონტაცია სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო. შესაძლოა, ჰქონდათ კიდეც ამის მცდელობა. თუმცა ევროპა არ იყო საკმარისად პრინციპული, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აღინიშნა მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზიციის ანგარიშში. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა Freedom house , რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არჩევნების დროს დაფიქსირდა ვითარების გამწვავება, ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები. საერთო ჯამში, ანგარიშში ნათქვამია, რომ ოლიგარქიული მმართველობა, თავის მხრივ, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ Freedom house დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დონის განსაზღვრის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. რაც შეეხება ეუთოს ანგარიშს, ბატონმა ბორელმა განაცხადა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რაც ასახულია ეუთოს ანგარიშში, თუმცა იქ მხოლოდ ეს არ წერია. როგორც ჩანს, ბორელმა მხოლოდ შესავალი ნაწერი წაიკითხა, პირველი ორი წინადადება, რადგან დაშინებასა და იმაზე, რომ ხანდახან ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ზღვარი გამქრალი იყო, საერთოდ არაფერი უთქვამს.
_ ბორელის ეს განცხადება, სადაც მხოლოდ ეუთოს დასკვნის დადებით ნაწილზეა გამახვილებული ყურადღება, რით შეიძლება აიხსნას? მან მიზანმიმართულად გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლო განცხადება?
_ უფრო მგონია, რომ ბორელმა „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო განცხადება გააკეთა. ორი ვარიანტი განვიხილოთ: შესაძლოა, მან მხოლოდ ეუთოს დასკვნის დასაწყისი ნაწილი წაიკითხა და შემდგომ გააკეთა განცხადება, _ ასეთ შემთხვევაში ეს ბორელის უპასუხისმგებლობასა და მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. მას ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, მაგრამ ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ვიცით დასავლეთში, რომელიც ხშირად გარკვეულ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს. მაგალითად, გერმანია მოწინავე ქვეყანაა ევროკავშირში, ეკონომიკური განვითარებისა და ბევრი სხვა თვალსაზრისით, ამ ქვეყნის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგო. რადგან გერმანიის კანცლერია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ნათქვამი რეალობას შეესაბამება, შროდერს საკუთარი ინტერესები ჰქონდა „გაზპრომთან“. ასევე შეგვიძლია, მეორე მაგალითი მოვიყვანოთ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, როდესაც დადგენილება გამოიტანეს ხელისუფლების სასარგებლოდ და თავისუფალი მედიის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაშიც სასამართლო სხდომას გერმანელი იურისტი თავმჯდომარეობდა, რომელიც, თავის დროზე, აცხადებდა, რომ აფხაზეთს უნდა მიენიჭოს დამოუკიდებლობა, რადგან მე-15 საუკუნემდე იგი იმპერია გახლდათო. ამ მაგალითებიდან გამომდინარე, დასავლეთშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ: ან რუსეთზე არიან გაყიდულები, ან არაკომპეტენტურები ბრძანდებიან. დასავლეთშიც არ არის ყველა სუფთა ადამიანი. რა თქმა უნდა, საქართველო მიისწრაფის ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ იქაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. იგივე ევროპარლამენტი რომ ავიღოთ, იგი 730-ზე მეტი წევრისგან შედგება და ბუნებრივია, ყველა ერთ პოზიციაზე არ იქნება, მათ შორის, საქართველოს საკითხების შესახებაც. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ფარგლებში უფრო მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პარტიები, მაგალითად, ევროპის სახალხო პარტია, მხარს უჭერს ოპოზიციას, მემარცხენე ორიენტაციის პარტიები კი უფრო „ქართული ოცნების“ მხარეს არიან გადახრილი, რადგან მმართველი გუნდი უფრო მემარცხენე პარტიაა. ასე რომ, ბორელი ან არაგულწრფელი იყო, ან არაკომპეტენტური. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მან უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.
_ საბოლოო ჯამში, ოპოზიციური სპექტრი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ელის, ბრიუსელისგან იმედგაცრუებული დარჩა?
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ევროკავშირს მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა.
თავის დროზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაისვა საკითხი, სადაც საუბრობდნენ, დაახლოებით, 15 მილიონი დოლარის დახმარებაზე კონგრესის მხრიდან. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, საქართველო რამდენად განახორციელებდა რეფორმებს დემოკრატიის მიმართულებით, რაც გულისხმობდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, მის თავსუფლებასა და ა. შ. ევროკავშირის შემთხვევაშიც მსგავსი ფაქტები უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა საკუთარ ქვეყანაზე გიწევს საუბარი, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს, მაგრამ როდესაც შესაბამისი რეაქცია არ არის, „ქართული ოცნება“ უფრო თამამდება. ღარიბაშვილისთვის მკაცრი პასუხი რომ მოეთხოვათ ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით და არ ეთქვათ, რომ 2020 წლის არჩვენები მშვიდ გარემოში, დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარდა, ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, დათმობაზე წასულიყო, მაგალითად, იგივე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ხელისუფლებამ დაინახა, რომ ევროპასთან გაუვიდა. როდესაც ამ ტიპის უმოქმედობას ვხედავთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ციცერონის სიტყვები: „ცუდ ქმედებაზე უარესი არის უმოქმედობა“. რიგ შემთხვევაში ევროპამ უმოქმედობა გამოიჩინა ან არასწორი ქმედება განახორციელა. მისასალმებელია, რომ შარლ მიშელმა მოლაპარაკებები გამართა და შემდეგ საკუთარი წარმომადგენელი გამოუშვა, მაგრამ თავიდანვე რეალისტური მიდგომა უნდა ყოფილიყო. ევროკავშირს უნდა შეესწავლა, რა კომპრომისები იქნებოდა შესაძლებელი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტის საკითხი არ განიხილება, ოპოზიცია კი ამას მოითხოვდა. ასევე ფაქტები არსებობს, არჩევნებზე როგორ მიავლინეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბნებთან. ასევე იყო ჟურნალისტის ცემის ფაქტები. დანიელსონი ყოვედღე საქართველოში არ არის, მაგრამ ამ ფაქტებს საელჩოები ხომ აფიქსირებენ? საქართველოს მისწრაფება დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთში ყველა წმინდანი არ არის და თუ ვინმე განცხადებას გააკეთებს, არ ნიშნავს, რომ ყველა ავტორიტეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია როგორ ევროკავშირმა, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, ამ მხრივ ორი აზრი არ არსებობს. თუმცა მედალს მეორე მხარე აქვს და ჩვენი კრიტიკა საფუძვლიანია დასავლეთში მოღვაწე ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ. მათი ცუდი ქმედება ან უმოქმედობა ხშირად გამოიხატება შესაბამისი რეაქციის არქონით ან არასწორი განცხადების გაკეთებით, რაც ვნებს საქართველოში არსებულ ვითარებას, ხელისუფლება კი თამამდება, ეს არის რეალობა. არჩევნებზე საუბრობენ, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარდაო და ამას აცხადებენ არა მხოლოდ 31 ოქტომბრის არჩევნებზე, არამედ 21 ნოემბერს ჩატარებულ მეორე ტურზეც. ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა, რადგან 21 ნოემბერს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მომხრეებმა და რომელ კონკურენტულ გარემოზეა საუბარი, როცა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს?! მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა.
_ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის პარალელურად, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა.
რატომ ვერ შედგა შეთანხმება? რა ფაქტორებმა გამოიწვია მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება?
_ პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადოთ დანიელსონს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და მთელი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საათობით და ცდილობდა, როგორმე მხარეებს კომპრომისისთვის მიეღწიათ. თუმცა როდესაც შეხების წერტილი არ არსებობს ქართული პოლიტიკური ელიტის ფარგლებში და არა მხოლოდ (ჩვენ ვიცით, როგორი კონფრონტაციაა ხელისუფლების მომხრეებსა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს შორის), ამ ვითარებაში როგორ შეიძლებოდა რაიმე კომპრომისის გამონახვა? ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არანაირად დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, მეორე მხრივ კი ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, პრობლემური იყო შეთანხმების მიღწევა. ამას ემატებოდა ისიც, რომ დასავლეთში თავიანთი განცხადებებით თთითქოს აქეზებდნენ „ქართულ ოცნებას“. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც იყო მოსალოდნელი.
_ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე და განგვიხილავს, რამდენად შესაძლებელი იყო საქართველოში პლახატნიუკის პრეცედენტის გამეორება, როცა მოლდოვის არაფორმალურ მმართველის ოლიგარქია 2019 წელს დასრულდა, ის სახელმწიფოს მიტაცებაში ამხილეს და აშშ-მ იგი შავ სიაში შეიყვანა.
მმართველობის სტილით პლახატნიუკსა და ივანიშვილს ამსგავსებდნენ და აცხადებდნენ, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ივანიშვილიც იგივე ბედს გაიზიარებდა.
დღევანდელი მოცემულობით, რამდენად რეალურია სანქციების თემა?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სანქციები განხორციელდეს, პირველ რიგში, აშშ-ს მხრიდან. „ვფიქრობ, პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის“, – ამის შესახებ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამ შემთხვევაში საინტერესოა, რა გზას აირჩევს აშშ? ყოველ შემთხვევაში, იგი დაინტერესებულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებით. მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოსა და უკრაინაში რომ გარკვეულწილად რუსეთს შეუქმნას პრობლემები. თვითონ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებშიც არის აზრთა სხვადასხვაობა თუ რა გზას აირჩევენ ივანიშვილის სანქცირების მიმართულებით. არსებობს ორი ვარიანტი: 1. თვალი დახუჭოს საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ ქმედებებზე და უშუალოდ მოელაპარაკოს მას, რომ საქართველოს ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას ანაკლიის პორტის მშენებლობაზე და ასევე იმაზე, რომ განავითარებს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ამერიკული კომპანიების საქართველოში შემოსვლას; 2. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის მოქმედებები მისთვის მიუღებელია, ამიტომაც მიმართოს მეთოდს და მიიღოს სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. ივანიშვილი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც რუსეთის კაცი, რომელიც ფლობს აქციებს „გაზპრომში“. გარდა ამისა, ივანიშვილი ახლა კულუარებში იმალება, მაგრამ მისი „დამსახურებაა“, რომ ვერ შედგა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შემთხვევაში, აშშ გააძლიერებს გარკვეულ სანქციებს, მათ შორის, რუსეთთან დაახლოებულ პირებზე, რუსეთის ფარგლებს გარეთ.
_ ბოლო პერიოდში კიდე უფრო მკვეთრად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პერსპექტივა ბუნდოვანია. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს კონსენსუსი?
_ საქართველოში პრობლემის მოგვარების პერსპექტივები არ ჩანს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია კონსენსუსი, ეს დამოკიდებულია აშშ-ის პოზიციაზე. თუ აშშ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებს, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა, იძულებული გახდეს, რომ უფრო კონსტრუქციული იყოს. აშშ-ზე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული.
ნენე ინჯგია