- შაბათი, 28 დეკემბერი, 2024
2021-03-26 10:07:05
მოლოდინი არ გამართლდა: „ოცნება“ ვერც ევროპელების ჩართულობით მოვიდა გონზე და ოპოზიციის ერთი მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. „ანტიოცნებელები“ ყველაფერში, ცხადია, ივანიშვილის გუნდს სდებენ ბრალს, თუმცა, მოგეხსენებათ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს. ჰოდა, ჩვენც ასე დავსვათ საკითხი: გარკვეული შეცდომები ოპოზიციამაც ხომ არ დაუშვა?
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გოჩა ჯოჯუა, რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეობის მრავაწლიანი სტაჟი და გამოცდილება აქვს, „ქრონიკა+“-სთან ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბრობს.
_ ბატონო გოჩა, ევროპამ გადაგვაგდო?
_ ასეთ შეფასებას არ გავაკეთებ.
_ რატომ?
_ იმასაც მნიშვნელობა აქვს, ევროპას თავად ჩვენ რა დავანახეთ.
_ რა დავანახეთ?
_ ერთი მხრივ, არის ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყალბა და, მეორე მხრივ, საკითხავია, ოპოზიციურმა პარტიებმა რა გავაკეთეთ საიმისოდ, რომ იგივე ევროპისთვის დაგვენახვებინა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, რას მიიღებს.
_ ანუ?
_ საქართველო სტაბილური სახელმწიფო იქნება სტაბილური ხელისუფლებით, თუ გაურკვევლობა გველის, რისიც ყველას ეშინია?
_ „გაურკვევლობაში“ რას გულისხმობთ?
_ სიმართლე გითხრათ, ევროპელებისგან მეტს ველოდით. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებდით, რომ არჩევნები ადეკვატურად შეფასდებოდა. საერთოდ, ყველასთვის თვალნათელია, როგორი ფორმებით გააყალბეს, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, დასავლეთმა ვერ დაინახა, ხელისუფლების შეცვლას რა მოჰყვებოდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში ერთპარტიულობა უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერ შევძელით, რომ საამისოდ შესაბამისი მზაობა გამოგვეჩინა.
_ ეს თემა განვავრცოთ…
_ იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი, ხელისუფლების დათვლით, გადალახეს, არჩევნებს ნახევრად ან ირიბად ლეგიტიმაცია მისცეს.
_ როგორ?
_ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მათ გარეშე დასხდნენ, ვისზეც ჩაითვალა, რომ ბარიერი ვერ გადალახეს.
მოკლედ, ამ კუთხით ოპოზიციას საერთო პოზიცია არ ჰქონდა.
_ ერთი სიტყვით, ბატონო გოჩა, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ევროპა ოპოზიციაში სანდო პარტნიორს ვერ ხედავს?
_ საუბარი სანდოობაზე არ არის.
_ აბა, რაზეა?
_ ეს პოლიტიკური სპექტრი არის თუ არა მზად, რომ, მაგალითად, ხვალ ხელისუფლება გადაიბაროს.
_ ე. ი., პრობლემა, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაშიც არის. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ერთ-ერთმა გავლენიანმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, ეუთო-ს დასკვნით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულაო და იქვე დასძინა, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არაო. ეს რა მესიჯია, ბატონო გოჩა?
_ ეუთომ თქვა, არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მაგრამ ძალიან ბევრი დარღვევა იყოო.
_ გულწრფელად ვთქვათ: დარღვევები გაყალბებას არ ნიშნავს. ვცდები?
_ იმისთვის, რომ ყველაფერში გავერკვეთ, აუცილებელია, რომ ჩვენ გარშემო არსებული სიტუაციაც გავიაზროთ, ანუ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტის, ასე ვთქვათ, დასრულების შემდეგ, რუსეთის გავლენა სერიოზულად ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანში რუსული სამხედრო შენაერთები უკვე ოფიციალურად დგანან. მართალია, ამ შენაერთებს სამშვიდობო მისია აქვთ, მაგრამ რუსეთის კონტროლი გაძლიერებულია.
სხვათა შორის, ნარიშკინის განცხადებაც ძალიან საყურადღებოა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“, პრაქტიკულად, უთხრა, თუ აშშ-ისა და დასავლეთის დირექტივებს ისე არ შეასრულებ, როგორც წინა ხელისუფლება ასრულებდა და ამის გამო პრობლემები შეგექმნება, ჩვენ მზად ვართ, გვერდით დაგიდგეთო.
ერთი სიტყვით, რუსეთმა „ოცნებას“ უთხრა, თუ დასავლეთი „მოგაწვება“ და ამით შენს ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხე დაემუქრება, მხარს დაგიჭერო.
საერთოდ, სახელმწიფოებიც ზუსტად ისე იმართებიან, როგორც ოჯახი ან ნებისმიერი ურთიერთობა.
_ კერძოდ?
_ ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების ალტერნატივა არ დგას.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ სათანადო პროტესტი არ არის. გულახდილად თუ ვიტყვით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, რომ ისეთი სტრუქტურა ჩამოეყალიბებინა, რომელიც მოსახლეობას დაანახვებდა, რომ ესა და ეს ადამიანები ქვეყანას ამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისიდან გამოიყვანენ და სხვა პრობლემებსაც გადაწყვეტენ. ასეთ სიტუაციაში დასავლეთს, რასაკვირველია, ურჩევნია, რომ ერთგვარი „ლუფტი“ დაიტოვოს და თუკი არ შეიცვლება, არსებულ ხელისუფლებასთან ნორმალური ურთერთობა ჰქონდეს, თუმცა თუ ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას დაინახავდა, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
_ „სხვანაირად“ რას ნიშნავს?
_ აფრიკა, კერძოდ, სომალი, ალბათ, გახსოვთ.
_ დიახ, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ სანამ ისეთი ვინმე არ გამოიკვეთა, ვისაც ხელისუფლების შეცვლა შეეძლო, დასავლეთის მოქმედებები ძალიან ფრთხილი და მოზომილი იყო.
_ ბატონო გოჩა, ირიბად იმ მოარულ ხმას ადასტურებთ, რომ მოლაპარაკებებს სამი _ ხელისუფლება, ოპოზიცია და დასავლეთი _ კი არა, რეალურად ოთხი მონაწილე ჰყავს და ეს მეოთხე არაოფიციალური რუსეთია, ანუ ერთმანეთს „ოცნება“ და ოპოზიცია კი არა, სინამდვილეში, დასავლეთი და რუსეთი ელაპარაკებიან, არა?
_ მართალია, რუსეთი, როგორც მხარე, არ ჩანს, მაგრამ შინაარსი ისაა, რასაც ამბობთ.
სხვათა შორის, ამ პროცესში ჯერ აშშ ჩართული არაა, რაც ცალკე ფაქტორია. ამიტომ აშშ-ის მოქმედებებს უნდა დაველოდოთ. აქედანვე ჩანს, რომ ეს პროცესი მალე არ დამთავრდება და, ვფიქრობ, აშშ-ის მოქმედებებიც არ დააგვიანებს.
საერთოდ, იმას, თეთრი სახლის პოზიცია როგორი იქნება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
_ რატომ?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ოპოზიციამ ვერ შევძელით, იმის რეალური სტრუქტურა დაგვედო, „ოცნების“ შეცვლის შემთხვევაში, დაახლოებით, რა კონფიგურაციის ხელისუფლება იქნებოდა და ეს კონფიგურაცია ქვეყნის მართვას შეძლებდა თუ ვერა.
_ ბატონო გოჩა, ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში ნათქვამ ერთ ფრაზას გაგახსენებთ, _ მე არ ვწყვეტ, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არაო. გასაგებია, რომ კანონით, ნებისმიერ არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ ცხადია, ღარიბაშვილმა ზურაბიშვილზე არ მიანიშნა. ე. ი., პრემიერმა ისრები ივანიშვილისკენ გადახარა?
_ ღარიბაშვილის ამ განცხადებას ორმაგი გაგება აქვს.
_ ანუ?
_ ერთი მხრივ, შეგვიძლია, ვიფიქროთ, ამ განცხადებით ღარიბაშვილმა ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ ვინ არის ქვეყნის რეალური მმართველ-პატრონი, მეორე მხრივ კი სტანდარტული პოზა დაიჭირა, _ გადაწყვეტილებას, არჩევნები დაინიშნოს თუ არა, ქართველი ხალხი და, საბოლოოდ, პარლამენტი იღებს, რადგან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკააო.
ღარიბაშვილს იმის გაკეთება არ შეუძლია, რაც გახარიამ გააკეთა.
_ გახარიამ რა გააკეთა?
_ გადადგა. ეს გადადგომა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად, ცხადია, ვადამდელ არჩევნებს უკავშირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას დაკავება მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება არ არის. მელია მთელი ოპოზიციის ლიდერად გამოიკვეთა. სხვათა შორის, მელიამ ბევრი ისეთი რამის გაკეთებაც შეძლო, რისაც „ოცნებას“ საკუთარი ამომრჩევლების უმეტესობა სთხოვდა.
_ კერძოდ?
_ მელიამ ძველი ხელისუფლების ის პოლიტიკური ლიდერები და თანამდებობის ყოფილი პირები, რომელთა მიმართაც, მინიმუმ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაშორა, ანუ როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, პარტიის რებრენდინგი გააკეთა და პარტია მთლიანად გადაახალისა. ამით კი ის პოზიტივი შექმნა, რომ იგი მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლიდერი არაა. მელია ის ადამიანია, რომელსაც ახალი სახეები თანდათან შემოჰყავს და პოლიტიკას ის ძველი ადამიანები მოაშორა, რომელთა მიმართაც, მართალია, დაუსაბუთებელი, მაგრამ ბრალდებები არსებობს.
_ მელია იქით იყოს და, ოპოზიციამ სტრატეგიის ჩამოყალიბება, იქნებ, იმიტომ ვერ შეძლო, რომ შიდა გავლენებისთვის ლიდერები ერთმანეთს ღიად თუ ფარულად ებრძვიან?
_ არა.
_ აბა?
_ ვფიქრობ, გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობდა და შეუთანხმებლობა პოლიტიკური სიმწიფის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს.
საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის იმ ლიდერების უმეტესობა, რომლებსაც ოპოზიციაში უყურებს, ისევ ძველი „ნაციონალური მოძრაობაა“. ამასთან, ხალხი ვერც იმას ხედავს, ოპოზიციის მუშობაში ახალი სახეების მონაწილეობა როგორი დოზისაა.
ამიტომ, როცა კითხულობენ, ხალხი ქუჩაში რატომ არ გამოდისო, პასუხი უნდა მოსთხოვონ ხალხს კი არა, საკუთარ თავს.
_ ოპოზიცია, იქნებ, იმიტომაა არათანმიმდევრული, რომ მოარული ხმით, მისი ზოგიერთი ლიდერი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. სხვათა შორის, ამ კონტექსტში მინიშნება ბოკერია-ბურჯანაძის ტანდემზე კეთდება…
_ ბრალის წაყენება უფრო ადვილია, ვიდრე _ იმის დანახვა, თუ რა დილემის წინაშე იდგნენ თუნდაც ის ლიდერები, რომლებიც ფიქრობდნენ, გარკვეული დათმობები საჭიროა, რადგან ოპოზიციური, თუნდაც ეს გადღაბნილი ერთობა შენარჩუნებულიყო!
სხვათა შორის, მხოლოდ რევოლუციურ კი არა, ჩვეულებრივ საარჩევნო სიტუაციაშიც გარკვეული სტრუქტურიზაცია არსებობდა, ანუ ყოველთვის იყო შტაბი თუ კომიტეტი. ამასთან, ე. წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტებიც გვახსოვს. ახლა კი მსგავსი არაფერი გაკეთებულა.
_ რატომ?
_ შალვა ნათელაშვილის ოფისში ვიკრიბებოდით, თუმცა არც რეგლამენტი იყო განსაზღვრული და არც _ თემების რაოდენობა. მეტიც, გადაწყვეტილების მექანიზმიც კი არ არსებობდა. ამიტომ ხშირად კონსენსუსის პრინციპით ვთანხმდებოდით და ამ კონსენსუსის უმეტესობა იმით იყო განპირობებული, რომ ხელისუფლებისთვის ჩვენი სისუსტე არ დაგვენახვებინა.
აი, მაგალითად, პლებისციტის საკითხზე გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მივიღეთ, ანუ ეს თემა გარკვეულმა ადამიანებმა იმიტომ გავიზიარეთ, რომ მოლაპარაკებები არ ჩაშლილიყო.
_ რიგითი ადამიანები თუ ვხვდებით, ცხადია, ოპოზიციის ლიდერებიც მიხვდებოდნენ, რომ ბლებისციტი ბლეფი თუნდაც იმიტომაა, რომ არსებული საარჩევნო კოდექსით ჩატარების შემთხვევაში, „ოცნება“ იმ შედეგს დადებს, რაც თავად უნდა. მეთანხმებით?
_ სხვანაირად შევხედოთ.
_ როგორ?
_ ვთქვათ, პლებისციტზე ამომრჩევლის 30-35 პროცენტი მოვიდა _ მეტის გამოყვანის რესურსი არ არსებობს.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ ჩვენ ტემპერატურა ისე ვერ ავწიეთ, რომ იგივე პლებისციტზე ამაზე მეტი ამომრჩეველი მივიდეს.
მოკლედ, თუ პლებისციტში მონაწილეობას ამომრჩევლის 30-35 პროცენტი მიიღებს და ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ივანიშვილი იტყვის, _ ხომ ხედავთ, პლებისციტში მონაწილეობა ამომრჩევლის 40%-მაც არ მიიღო და ახალი არჩევნები ვისი მოთხოვნით უნდა ჩატარდესო?
თუ პლებისციტს „ოცნება“ მოიგებს, მაშინ ოპოზიციას სალაპარაკო აღარ ექნება.
ერთი სიტყვით, პლებისციტი, როგორც განმუხტვის მექანიზმი, თავიდანვე არ ამართლებდა და ამის მომხრე პირადად მეც არ ვიყავი, მაგრამ მოლაპარაკებების დროს ასეთი ტექნიკური საკითხები არსებობს, როცა გამოსავლად რაღაც საკითხი მიიჩნევა, ანუ ამ შემთხვევაში, კომპრომისის საგანი, რეალურად, ის კი არაა, ვადამდელი ჩატარდეს თუ არა. ვადამდელი არჩევნები ის მოთხოვნაა, რომლამდეც კომპრომისით უნდა მიხვიდე!
_ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ბოკერიამ განაცხადა, თუ სხვა საკითხებზე შეთანხმება მოხდება, პარლამენტში შევალთ, რადგან ვადამდელი არჩევნების თემა გადავწყვიტოთო. ბატონო გოჩა, ეს ხომ თამაშია?
_ შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანებს პარლამენტში არშესვლა თავიდანვე არ ჰქონდათ გადაწყვეტილი.
დღევანდელი მონაცემებით, პარლამენტში 51 ადამიანი არ შედის, რაც 2/3-ზე მეტია.
_ ეს რა შუაშია?
_ ეს ადამიანები და, პლუს, შალვა ნათელაშვილის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების სხვა მონაწილეები ცალკე რომ შეკრებილიყვნენ და მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიეღოთ, ამით მეორე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნებოდა. ასევე იმის დემონსტრირებაც მოხდებოდა, რომ პარლამენტში შესვლის გზას არ ვიტოვებდით. ამიტომ ევროპელი პარტნიორები ასევე ამერიკელებიც და თუნდაც რუსებიც ამ ცენტრს რეალურ ძალად აღიქვამდნენ, თან იძულებული გახდებოდნენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლა განეხორციელებინათ!
მოკლედ, ამ ცენტრს სიტუაციის რეალური ამოყირავება შეეძლო, მაგრამ დღეს ასეთი ცენტრი არ არსებობს.
_ მაშასადამე, დღევანდელი მოცემულობით, მოგებული „ოცნებაა“ იმის ძახილი, აი, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, „ოცნება“ დამთავრებულია და სანქციები გარდაუვალიაო, გულზე მჯიღის ცემა და მეტი არაფერია, არა?
_ შანსი ჯერ კიდევ არის.
_ აბა, რა შანსია, დამისაბუთეთ…
_ ის შანსი, რაზედაც წეღან გელაპარაკეთ…
_ იმის შანსი, რომ „ოცნებას“ უკან დაეხია, ჩემი აზრით, მაშინ იქნებოდა, მოლაპარაკებები, შალვა ნათელაშვილის მსგავსად, სხვა ოპოზიციონერებსაც რომ დაეტოვებინათ…
_ მსგავსი ნაბიჯი შეიძლება, კარგადაც იქნას გამოყენებული და ცუდადაც.
_ ანუ?
_ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად მართვადია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა განცხადება შეიტანონ, კონსტიტუცია და რეგლამენტი დარღვეულია, ამიტომ ეს ადამიანები პარლამენტში რომც შევიდნენ, ამის უფლება არ აქვთო.
_ რატომ არ აქვთ?
_ რეგლამენტით, დეპუტატობაზე უარის თქმის განცხადების უკან გამოტანა დაწერიდან შვიდი დღის განმავლობაში შეიძლება. შვიდი დღის შემდეგ კი ეს განცხადება ძალაში შედის. შესაბამისად, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ეს ადამიანები კანონდამრღვევი პარლამენტარები იქნებიან.
_ ბატონო გოჩა, ოპოზიცია პარლამენტში თუნდაც იმ მოტივით რომ შევიდეს, რათა „ოცნებას“ ვადამდელის დანიშვნა აიძულოს, ეს ნაბიჯი გამართლებული იქნება?
_ კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთი გამოსავალს ეძებდა, რომ სახე შეენარჩუნებინა და პარლამენტში ისე შესულიყო, თუმცა „ოცნებამ“ ამის საშუალება არ მისცა.
ასე რომ, ვერავინ ვერაფერს დაუშლის და ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, პარლამენტში შევიდეს თუ _ არა, მაგრამ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობდა, არჩევნები გაყალბდაო და ახლა პარლამენტში შევა, არ მგონია, ელისაშვილზე ნაკლებ დღეში აღმოჩნდეს!
_ ელისაშვილი რა დღეშია?
_ ეს თეა წულუკიანის მისდამი მიმართვიდანაც კარგად ჩანს.
მოკლედ, თუ ვინმე პარლამენტში შევა, ტყუილად იფიქრებს, რომ სახეს შეინარჩუნებს.
პლებისციტი და პოლიტპატიმრების განთავისუფლება შესაძლოა, სახის შენარჩნების გარკვეული ფორმა გამხდარიყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამის საშუალებას არ იძლევა. სხვა შემთხვევაში, ყველა, ვინც პარლამენტში შევა, ჩემთვის „ელისაშვილი 2“ იქნება!
ვანო პავლიაშვილი