QronikaPlus
თაკო ჩარკვიანი: „ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება!“

თაკო ჩარკვიანი: „ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება!“

2021-03-26 10:00:04

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციამ აქციები მაისამდე გადადო. კერძოდ, დიდი აქცია 15 მაისს გაიმართება.

მართალია, გაერთიანებული ოპოზიციის იმ სხდომას, რომელზედაც აქციების 15 მაისამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი არ ესწრებოდა, მაგრამ ოპოზიციური გეგმის გასაჯაროების შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„აი, ეს სურათი-„კარტინკა“ ოპოზიციაში არ-აღარ შეიძლება _ უკვე „უნიჭობაა“.
თუ რამე ვთქვი, ყველაფერი ზუსტად ასრულდა, სამწუხაროდ!
ამ გეგმაში, ამ „კარტინკით“, არ და ვერ მოგყვებით, რადგან ზუსტად ვიცი, რომ კატასტროფააა ქვეყნისთვის და დიდი სისულელე და ისევ ერთ წრეზე ტრიალი.
შევიკრიბებით გარკვეული ადამიანები, ასავლური ვექტორით. მე ჩემს _ „კანონი და სამართლის“ _ გეგმას ვიტყვი, სხვები _ თავისას, შევჯერდებით და, კი ბატონო, ბრძოლა ბოლომდე!
ხალხი?
ხალხი ბრძენია!
მთავარია, ისე არ აიზილოს „სხვისი კორუფციონერი“ „ჩვენს-ჩვენიან კორუფციონერში“, „სხვისი რუსეთი-ოკუპანტის მომხრე“ _ „ჩვენიან“ ოკუპანტ-რუსეთის მომხრეში“!.. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს!
ხალხისთვის ერთი „ნაგავია“!
მოკლედ, გავისაუბრებთ!
ხალხთან ფრთხილად, რადგან ხალხი ბრძენია!“

„ქრონიკა+“ გთავაზობთ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელ თაკო ჩარკვიანის ინტერვიუს:

_ ქალბატონო თაკო, ოპოზიციაში რა ხდება?
_ გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი საქმე გაკეთდა.
_ რას გულისხმობთ?
_ საქართველოს მიმართ ნიშანწყალიც კი აღარ იგრძნობოდა და ეს სიჩუმე ძალიან მაშინებდა. ბოიკოტმა დიდი საქმე სწორედ ამ კუთხით გააკეთა. მოკლედ, დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით საქმე კარგად ვერ არის. ესენი ვითომ წყნარად და მშვიდად მუშაობენ, მაგრამ ევროატლანტიკური კუთხით, სინამდვილეში, არაფერი კეთდება. ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს… სიმართლე რომ ვთქვათ, მუშაობა ნარიშკინებთან, კოსაჩოვებსა და გავრილოვებთან მიდის.
_ კოსაჩოვ-ნარიშკინ-გავრილოვებთან ხელისუფლება მუშაობს, ოპოზიცია თუ ორივე ერთად?
_ ხელისუფლება და ამაზე ორი აზრი არ არსებობს!
მოკლედ, ბოიკოტით ოპოზიციამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა და დასავლეთში საქართველომ ისევ დიდი ინტერესი გამოიწვია!
_ შეიძლება, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა, ანუ შედეგი არ მიგვიღია.
_ დიახ, მაგრამ ყველაფერი მუშაობის შედეგია. საერთოდ, როცა საქმე ბანდადქცეულ ოლიგარქის გარემოცვასთან გაქვს, რომლის სათავეშიც მილიარდერია, შედეგის მიღება რთულად საბრძოლველია!
ერთი წამით პოლიტიკას თავი დავანებოთ და იმას, რაც ქვეყანაში ხდება, ისე შევხედოთ, როგორც რიგითმა მოქალაქებმა.
_ კი ბატონო…
_ მეცხრე წელია, ფაბრიკა-ქარხნები არ არსებობს. ივანიშვილს კი არ ვთხოვ, შენი ფულით გააკეთე-მეთქი, რას ბრძანებთ! ამდენი პროგრამაა და ხომ შეიძლება, ხალხს პირობები შეუქმნა და ინტერესი გაუჩინო, რომ, ელემენტარულად, საწარმოები გაიხსნას, მაგრამ _ არა! და ამიტომაც ვამბობ, მიზანმიმართული ქმედებაა, რომ საქართველო მიწაზე იყოს განრთხმული!
_ ქალბატონო თაკო, ამ მიზანმიმართულობაზე სხვა დროსაც გვისაუბრია, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა, ანუ ოპოზიცია იმედოვნებდა, „ოცნებას“ ევროპის შეეშინდება და უკან დაიხევსო, მაგრამ პირიქთ მოხდა _ „ოცნებამ“ ევროპა ფეხზე „დაიკიდა“ და, გარკვეულწილად, მგონი, ევროპამაც „დაგვიკიდა“. ამ ფონზე, ოპოზიციამ აქციები დააპაუზა და 15 მაისისთვის გადადო. ეს რა არის?
_ ეს ისაა, რაზედაც ჩემი მოსაზრება მაქვს.
_ კერძოდ?
_ დიდი ხანია, ვამბობ, ოპოზიციაში კორექტივებია შესატანი-მეთქი.
_ კარტები გახსენით და პირდაპირ მითხარით, ოპოზიციაში კორექტივები რა კუთხითაა შესატანი?
_ კი ბატონო, გავხსნათ კარტები.
ჟურნალისტებმა მითხრეს, ბურჯანაძემ განაცხადა, თაკო ჩარკვიანს ჩემთან პირადი ინტერესი აქვსო და ცოტა გამიკვირდა. ახლა, რომელიმე პოლიტიკოსთან რა პირადი ინტერესი უნდა მქონდეს ან რაში მაინტერესებს, მაგრამ საქართველოსთვის ვექტორული აღრევა კარგი არ არის, რადგან ეს ნიჰილიზმს იწვევს.
ჩვენს მიტინგებზე ერთი ძალიან საინტერესო და კარგი პიროვნება დადის ხოლმე. ჰოდა, ამას წინათ მითხრა, _ ქალბატონო თაკო, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, ასე ვუყურებთ _ კორუფციონერი და გავრილოვის მომხრე კობახიძე იქნება თუ კორუფციონერი და კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი ბურჯანაძე, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვსო.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ სიახლესა და გარკვეული კორექტივის შეტანას ხალხი ითხოვს. ამიტომ არ მესმის, ეს ვიღაცებში გაღიზიანებას რატომ იწვევს.
აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მთელი ჩემი სამეგობრო რეკავდა და კითხულობდა, ოპოზიციის სამომავლო გეგმების გაცნობისას, გიგი უგულავას შემდეგ, მეორე გამომსვლელი რატომ იყო ქალი, რომელიც უბლოკო სტატუსის მომხრეა და რომელიც მხოლოდ რუსეთის აქტიური მხარდაჭერით კი არა, იგივე 7 ნოემბრის „გაპრავებითაც“ გამოირჩევაო?!
_ „7 ნოემბრის გაპრავება“ რა არის?
_ დარბევები მოგვიანებით აღარ მოეწონა, თორემ 7 ნოემბრის დარბევა 9 ნოემბერს პარლამენტში „გააპრავა“, ანუ ეს შერჩევითი სამართლის ტიპური ნიმუშია. ერთი სიტყვით, ადამიანები კითხულობენ, ამ ქალს ოპოზიციის გეგმა რატომ გამოაცხადებინეთო?
_ ეს კითხვა მეც მაქვს და თქვენ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიპასუხეთ: ბურჯანაძეს ამ კარტ-ბლანშს ვინ აძლევს და, საერთოდ, ოპოზიციამ აქციების 15 მაისამდე გადავადების გადაწყვეტილება რატომ მიიღო, ანუ ამ იდეის ავტორი ვინ არის?
_ ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა სხდომების წამყვანი და ყველაზე აქტიური ბოკერიაა ხოლმე. მართალია, რუსეთუმეობას არ ვაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოკერია ოპოზიციაში რუსულ ვექტორს აცოცხლებს!
ვკითხულობ ხოლმე, _ ეს რუსული ვექტორი რას გვაძლევს, როცა ნულოვანი რეიტინგი აქვს-მეთქი? მაგრამ პასუხს ვერ მცემენ. საერთოდ, ხალხი ძალიან ვაჟკაცი და ბრძენია _ საქართველოში რუსული ვექტორი გაანულა!
ჰოდა, ახლა ვკითხულობ: ხალხის წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეთ? ობიექტური ვიქნები და აქვე ვიტყვი: მიხეილ სააკაშვილს შენიშვნებს კარგად აძლევენ ხოლმე.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ სააკაშვილის პარტიის წევრი არ ვარ და არც ვაპირებ, რომ გავხდე, მაგრამ პოლიტიკური ანალიზის დროს სიტუაცია რეალურად უნდა შევაფასოთ.
_ ანუ?
_ სააკაშვილს, კაცს, რომელსაც ერთმილიონიანი ამომრჩეველი ჰყავს, ეუბნებიან, შენ გაიწიეო და ამ დროს პოლიტიკურ თამაშში ნულოვანი რუსული ვექტორი შემოგყავს. კითხვას ვსვამ და ვინმემ მიპასუხოს: ოკუპირებულ საქართველოში ხალხისგან განულებული რუსული ვექტორი რას გვაძლევს?
_ ამ კითხვას ოპოზიციის ე. წ. შიდა სხდომებზე თუ სვამთ ხოლმე?
_ შიდა სხდომა რად მინდა, როცა ტელეეთერსა და ბეჭდურ მედიას არ ვტოვებ, ამაზე არ ვისაუბრო.
როცა ხუთასჯერ იტყვი და არ ესმით, მერე ხუთასმეერთედ იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ. აბა, ბოკერიას ჭკუაზე ხომ არ ვივლი?
მხოლოდ ჩემი აზრი კი არაა, არამედ ყველანი ვხედავთ, რომ ხალხის დაკვეთა ასეთია _ ოპოზიციაში კორექტივების შეტანა!
ამ დროს კი ესენი მიშას დაეტაკნენ, გაიწიეო, მაგრამ მე ან თქვენ რა უფლება გვაქვს, რომ კაცს თავისი ერთმილიონიანი პარტიიდან გაწევა მოვთხოვოთ? აი, მაგალითად, კაკო ბობოხიძე ვინ არის, რომ სააკაშვილს უთხრას, ტროტუარზე იაროს თუ რა ქნას? ის პოლიტიკურ თამაშს პოლიტიკურად სწორად თამაშობს… ამასობაში კი ნულოვან პარტიას ოპოზიციის გეგმას აცხადებინებენ. ამიტომ უკვე ეჭვი მეპარება, ამას ვიღაც სპეციალურად აკეთებს.
_ რისთვის?
_ პროცესი რომ ჩავარდეს!
_ ქალბატონო თაკო, წინასწარ იცოდით, რომ ოპოზიცია აქციების გადადებას 15 მაისამდე აპირებდა თუ ამის შესახებ, როგორც იტყვიან, ლაივში გაიგეთ?
_ იმ სხდომაზე, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არ ვყოფილვარ.
_ მერე, კითხვა არ გაქვთ, რატომ, მაინცდამაინც, 15 მაისი და არა, ვთქვათ, 15 აპრილი?
_ ჯერ ერთი, კოვიდის ამბებია და ჭირს.
_ რა ჭირს?
_ ხალხთან სამუშაოა.
_ სხვათა შორის, 31 ოქტომბრის არჩევნების წინ, ბოკერიამ და მისმა მეუღლემ, როგორც მახსოვს, ხალხთან იმუშავეს, მაგრამ ფოთში ერთი პროცენტიც ვერ აიღეს…
_ საქმეც ეს არის!
ისე, ჩემი პარტიის _ „კანონისა და სამართლის“ სახელით ვამბობ, რომ გარკვეული შეთავაზებები გვაქვს.
_ კერძოდ?
_ კორექტირებაზე მინდა, დავილაპარაკოთ. თუ ჩვენს წინადადებებს მიიღებენ, გამიხარდება. არ მიიღებენ და არ მინდა, პროცესი დაზიანდეს.
პირდაპირ ვიტყვი: ერთობას რუსულ ვექტორთან ერთად არ მივიჩნევ წარმატებად და სწორედ ამიტომ ვღელავ, რომ თუ ხალხის დაკვეთა არ შესრულდება, ერთობა კი არ დაინგრევა, არამედ ყველაფერი ჩამოიშლება! ვერავინ შემეკამათება, რომ საქართველოში ხალხის დაკვეთა რუსული ვექტორი არ არის!
ყველა ტროლი არაა და შევიდნენ, ნახონ, სოციალურ ქსელში ხალხი რას წერს.
_ რას წერს?
_ კოალიციურ მთავრობამდე ნდობით უნდა მივიდეთ.
_ რა თქმა უნდა.
_ ასეთი რადიკალური სიტუაცია როდემდე უნდა იყოს? ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ჭირისუფლის, გამოსავალი ასეთია.
_ აბა, როგორი?
_ ქვეყანას ამ ჩიხიდან კოალიციური მთავრობა გამოიყვანს, მაგრამ კოალიციურ მთავრობამდე რომ მივიდეთ, ხალხი უნდა გვენდოს, ნდობის უპირველესი ფაქტორი კი ვექტორის გამოკვეთაა, რაც ბალტიის ქვეყნებმა, თავის დროზე, უკვე გააკეთეს.
_ დამისაბუთეთ, ნდობის უპირველესი ფაქტორი ვექტორის გამოკვეთა რატომ არის?
_ როცა გავრილოვის სამარცხვინო შემოყვანაზე ვსაუბრობთ, საშუალება უნდა გვქონდეს, რომ რუსეთის მსახურმა კობახიძემ ცხვირში არ მოგვარტყას, _ მე თუ გავრილოვის შემომყვანი ვარ, კოსაჩოვთან ბოდიშისმომხდელი და „პუტინის ქალი“ მანდ გიზითო.
ამის საბაბი არავის უნდა მივცეთ, ეს სწორი არაა და ჩემთვის გაუგებარია, რომ ამბობენ, გაიწევაო. რომ არის, რა პროცენტი მოაქვს და თუ გაიწევა, რას წაიღებს?
თუ რუსული ვექტორი გაიწევა, ოპოზიციიდან ოჯახის წევრების ხმებზე მეტს რას წაიღებს?
_ ე. ი., იმ ტაიმ-აუტით, რომელიც ოპოზიციამ 15 მაისამდე აიღო, მოგებული „ოცნება“ დარჩება, არა?
_ არა, ასე ვერ ვიტყვით.
_ რატომ?
_ ყველაფერს მუშაობა აჩვენებს.
_ რას გულისხმობთ?
_ 15 მაისისთვის კარგად მომზადებულ და გაწერილ აქციას.
საერთოდ, „ოცნება“ ამ ტაიმ-აუტით კი არა, ვერაფრით იგებს!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, ქალბატონო თაკო?
_ ხალხთან მოგება არ არსებობს!
ხელისუფლება მოგებული თუნდაც იმიტომ ვერაა, რომ მედიაციის გამო დასავლეთის ამხელა ჯგუფი ჩამოვიდა, ანუ ამით მსოფლიომ მხოლოდ კი არ დაინახა, არამედ დაიმახსოვრა კიდეც, რომ „ოცნება“, მაპატიეთ და, ისეთი იდიოტია, კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად ელემენტარულ ნაბიჯებსაც ვერ დგამს.
მოკლედ, ახლავე ვამბობ, რომ „ოცნება“ წაგებულია, მაგრამ იმაზეა საუბარი, საქართველო კიდევ რამდენ ხანს გაწვალდება. მინდა, ნაკლებ დროში განვითარდეს მოვლენები, თორემ „ოცნება“ წავა და გამორცხულია, ასე არ მოხდეს! ეს მხოლოდ ჩემი სურვილი კი არაა, ყველაფერს ასე თავად ისტორია დაალაგებს!
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლებამ ვაქცინა ჯერ როდის შეუკვეთა, მერე საცოდავად 43 ათასი შემოიტანა და მოსახლეობის ნახევარიც არაა აცრილი. წეღანდელი თქმისა არ იყოს, საწარმოები არ მუშაობს და შიმშილია! ყველაფერი გაუბედურებულია და მიწასთან ისეთი გართხმული საქართველო, რაც ამ ხელისუფლებამ უქნა, არასოდეს ყოფილა!
ბოლოს და ბოლოს, საქართველოში, გაერო-ს მონაცემებით, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და ამიტომ „ოცნება“ უკვე დამარცხებულია!
არავის ვეუბნები, გაქრი და აორთქლდი-მეთქი _ ეს ჩემი საქმე არაა და ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს, მაგრამ „ნულოვანი“, ანუ ხალხის მიერ განულებული რუსული ვექტორი უკვე ისე გათამამდა, რომ ბედავს და მიკროფონით ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს!
ეს ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომაა და ამაში დარწმუნებული ვარ!
_ ე. ი., გჯერათ, რომ „ოცნების“ უარის მიუხედავად, ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნება?
_ დიახ, აუცილებლად დაინიშნება.
_ რა იცით?
_ თუ გახსოვთ, მოლაპარაკებების ჩაშლის წინა დღეს, „ტვ პირველის“ ეთერში ვთქვი, ოპტიმისტი კი ვარ, მაგრამ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდები-მეთქი.
_ დიახ, მახსოვს, ეს განცხადება რომ გააკეთეთ…
_ რუსული ოლიგარქიული მმართველობა ყოველთვის ბედავს, რომ ხალხი ბოლო წუთამდე გააჩეროს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მარცხდება. „ოცნებასაც“ უფრო დიდი მარცხი ელის!
_ კერძოდ?
_ ცოტა ხანში პროცესი სხვაგვარად წავა და ჩვენი პარტნიორის (აშშ-ს ვგულისხმობ) ჩართულობით, ეს ხელისუფლება შეიცვლება, ოღონდ პირადად მე კოალიციურ მთავრობას ვემხრობი!
დიახ, სიშვიდე რომ მოვიპოვოთ და რადიკალიზაცია მოისპოს, ის მილიონი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან უნდა მივიდეს და ბობოხიძე იქნება, პეტრე თუ პავლე, გაიწიე და გამოიწიეს ძახილით, უკაცრავად და, თავი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს!
_ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას როდისთვის ელოდებით?
_ ეს ხელისუფლება ძალიან უტვინო რომ არ იყოს, ვადამდელი არჩევნების თარიღად 2022 წელს დაასახელებდა, მაგრამ რახან სიტუაციას ასე ძალიან ამწვავებს, ყველაფერი შესაძლოა, გაცილებით ადრეც მოხდეს!

ვანო პავლიაშვილი

გაზიარება