QronikaPlus
ვალერი გელბახიანი: „ბიძინას ფულს რა გამოულევს და როგორც ჩანს, ლობისტებში დიდი ფული იხარჯება!“

ვალერი გელბახიანი: „ბიძინას ფულს რა გამოულევს და როგორც ჩანს, ლობისტებში დიდი ფული იხარჯება!“

2021-03-25 09:31:27

ქართული პოლიტიკური ელიტა 16 მარტს, ანუ თარიღს, როცა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, ისე ელოდა, როგორც ბავშვი ელოდება ხოლმე თოვლის პაპასა და საახალწლო საჩუქრებს, მაგრამ მუხრან მაჭავარიანის პერიფრაზით რომ ვთქვათ, საქართველოს პრემიერმა რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ „სახელგანთქმული ბრიუსელიდან“, ანუ ოპოზიციის იმედი, პირდაპირ თუ ირიბად, გაცრუვდა. ყოველ შემთხვევაში, გავლენიანმა ევროპელმა პერსონებმა ღიად განაცხადეს, ეუთო-ს დასკვნით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა და ვერც იმას გადავწყვეტთ, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს თუ არაო. ერთადერთი, რაზედაც ევროპაში „ოცნებას“ ყური აუწიეს, ის იყო, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ღარიბაშვილს უთხრა, მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ პოლიტიკურ სპექტრთან სამომავლოდ შეთანხმებას მიაღწიოსო.

„გასული წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა… ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს. ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რომლებიც გაახმოვანებენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ“, _ განაცხადა ბორელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ „კრება მხიარული დარჩება“, ანუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, თუმცა ვალერი გელბახიანი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ დიპლომატიური ენა განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯაროდ სხვა განცხადებები კეთდება, კულუარებში კი სხვა რამეზე საუბრობენ.

რა ხდება კულუარებში და მოუწყვეს თუ არა პროვოკაცია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე გოგი წულაიას, რომელიც ძალადობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს? _ ამ კითხვებით ვალერი გელბახიანს მივმართეთ, რომელიც წულაიას ინტერესებს იცავს.

_ ბატონო ვალერი, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, ან ოპოზიციას რა უნდა, ან _ ხელისუფლებას. თქვენ გაიგეთ?
_ რა ვიცი, როგორ გითხრათ.
_ როგორც გინდათ, ისე მითხარით.
_ საერთოდ, დიპლომატიას თავისი ეტიკეტი და ჩარჩო-ფორმატი აქვს.
_ ეს რა შუაშია?
_ ჩვენ გვჩვევია, რომ ყველა თემაზე ალალმართლად, ღიად და გულწრფელად ვსაუბრობთ, მაგრამ დიპლომატიური პოლიტიკა ცოტა სხვანაირია, ანუ რაღაც ეტიკეტი საფეხურ-საფეხურაა დაცული. აი, მაგალითად, ბოლო დღეებში სულ იმაზე ვფიქრობ, რაც ბრიუსელში გაცხადდა, ანუ ამის თქმა სხვაგვარად შეიძლებოდა თუ არა.
_ არ შეიძლებოდა?
_ ევროკავშირის წარმომადგენელი პირდაპირ ვერ იტყოდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
_ ეს არც უთქვამს. პირიქით, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, ეუთოს ცნობით, არჩევნები არ გაყალბებულაო.
_ დიახ… მოკლედ, ჩარჩო-ეტიკეტს არ გასცდა, თუმცა სხვა საკითხია, კულისებში რას საუბრობენ.
_ და კულისებში რა ხდება?
_ როგორი გაცხადებული რეალობაც უნდა იყოს, არჩევნები არ გაყალბებულაო, ფაქტია: სახეზე კრიზისია, რომელიც უნდა დაიძლიოს, ანუ შედეგი სხვანაირია, გაცხადებული პოზიცია კი _ სხვანაირი. ამიტომ თუ ევროპა ფიქრობს, რომ საქართველო დასავლეთის ინტერესებიდან არ უნდა გამოვიდეს და ევროატლანტიკური კურსი შეინარჩუნოს, რუსეთი ასე არ ფიქრობს. წარმოიდგინეთ, აქეთ ორი განდგომილი და არაღიარებული ავტონომია, იქით თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ანუ ეს სივრცე ჩაკეტილი აქვს და ერთადერთი საქართველო დარჩა, რომელსაც აიძულებენ, რომ გაერთიანების მეექვსე წევრი გახდეს.
_ იმ გაერთიანებას გულისხმობთ, რომლის შექმნის ინიციატივითაც, თავის დროზე, თურქეთი გამოვიდა?
_ დიახ. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, საქართველო ევროპასა და აშშ-სთან ინტეგრაციულ კავშირზე ვეღარასოდეს წავა.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ ასეთ შემთხვევაში, დასავლეთთან ინტეგრაცია აზრს სრულიად კარგავს, ანუ აშშ კონტროლს მხოლოდ კავკასიაზე კი არა, მთელ აღმოსავლეთზე დაკარგავს.
გარდა ამისა, ისრაელსაც უდიდესი პრობლემები შეექმნება, რომელსაც ირანსა და თურქეთთან ისედაც გართულებული ვითარება აქვს. მოკლედ, თუ ეს ექვსეული შეიქმნება, ისრაელი აბსოლუტურად დაუცველი დარჩება.
ყველაფერ აქედან გამომდინარე კი ის მსოფლიო წესრიგი მთლიანად დაირღვევა, რომელსაც აშშ ახორციელებს.
_ ე. ი., ბატონო ვალერი, იზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველოში მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას კი არა, რეალურად, დასავლეთსა და რუსეთს შორის მიდის?
_ იცით, როგორ არის?
_ როგორ?
_ მოლაპარაკებები კი არ მიდის, არამედ, ორივე მხარე თავისას ცდილობს.
_ უფრო კონკრეტულად?
_ 10-12 დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლსა თუ ანკარაში დაიბარეს, სადაც პირდაპირ უთხრეს, ამ გაერთიანების მეექვსე წევრი საქართველო უნდა იყოსო.
წარმოიდგინეთ, 21 საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა, რომ ორი ისლამური დაპირისპირებული ბანაკი ერთ კოალიციაში ყოფილიყო. ახლა კი ირანისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს რუსეთის შუამავლობით დაემთხვა.
_ ეს ულტიმატუმი თურქეთში ვიზიტად მყოფ ზალკალიანს ღიად არ წაუყენეს, არა?
_ არა, ღიად არ უთქვამთ.
ისე, რომ იცოდეთ, ზალკალიანმა იკითხა, თუ ეს თემაა სალაპარაკო, მაშინ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი როგორ იქნებაო?
_ რა უპასუხეს?
_ თუ ამ ექვსეულში არ შემოვა, მაშინ საქართველოს ნაცვლად აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსით შემოვლენ, ამიტომ ამ თემაზე საუბარი არ იყოსო.
_ ბატონო ვალერი, ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
_ საგარეო წყაროებიდან ვიცი, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად იყო.
_ ახლა, პრაქტიკულად, სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებთ…
_ სკანდალურს არაფერს ვამბობ! საგარეო საქმეთა სამინისტროც დაადასტურებს, რომ ზალკალიანი თურქეთში იმყოფებოდა.
_ ზალკალიანის თურქეთში ვიზიტის შესახებ უწყებამ განცხადება თავიდანვე გაავრცელა…
_ მოკლედ, ის საუბარი, რომლის შესახებაც გითხარით, თურქეთში ნამდვილად შედგა…
_ საინტერესოა… ისე, გულწრფელები თუ ვიქნებით, ქრთამი ევროპასაც ანათებს. ჰოდა, გამორიცხავთ, რომ ევროპელმა დიპლომატებმა განცხადებები იმის გამო შეარბილეს, რომ „ოცნებასთან“ ვალში არიან?
_ შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც საქმე გეოსტრატეგიულ ინტერესებს ეხება, ქრთამი ვერ ანათებს! შეიძლება, საერთოდ, ლობისტობა ოფიციალური ფორმატია _ ლობისტს, რომელსაც ქირაობ, ფულს უხდი. მან კი პოლიტიკურ წრეებში ისეთი აზრის ჩამოყალიბება უნდა შეძლოს, რომელიც ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ პოზიტიური იქნება, ანუ პოლიტიკური ლობიზმი საიდუმლო ურთიერთობის ფორმა არაა. ბიძინას ფულს რა გამოულევს და შესაბამისად, ლობისტებში, რა თქმა უნდა, დახარჯავს. სხვა საკითხია, ეს ფული თანამდებობის პირებში იხარჯება თუ არა. ეს ჩემი წვდომის არეალი არ გახლავთ _ არავინ მეტყვის, მაგრამ ლობისტებში რომ დიდი ფული იხარჯება, აშკარად ჩანს _ ლოიალურ განწყობებს ვხედავთ, მაგრამ როცა საქმე მსოფლიო წესრიგსა და სტრატეგიულ ინტერესებს ეხება, მაშინ ეს ნაწილი გამორიცხულია!
_ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, წაგებული ხელისუფლებაა თუ ოპოზიცია?
_ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაა.
_ დიახ, ეს ვიცი…
_ ოპოზიცია, როგორი უპასუხისმგებლოც უნდა იყოს იგი და როგორ შეცდომებსაც უნდა უშვებდეს, იმ კრიტერიუმებით არ ფასდება, როგორითაც ხელისუფლება უნდა შევაფასოთ!
საერთოდ, ყოველთვის ყველა პრობლემა ხელისუფლების გადასაჭრელია, მათ შორის, პოლიტიკური კრიზისიც.
ამიტომ რეპუტაციულად მეტი ზიანი ოპოზიციას კი არა, „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული და მეტსაც მიიღებს. ამ შემთხვევაში ოპოზიცია მხარდაჭერილია, რადგან ძალაუფლებას არ ფლობს და, შესაბამისად, შექმნილ ვითარებაზე არც პასუხისმგებლობა ეკისრება!
ერთი სიტყვით, კრიზისის დაძლევა ევროპასაც უნდა და აშშ-საც, ანუ სიტუაციის განმუხტვა ყველას ინტერესშია, მაგრამ იმაზე, გამოსავალი მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნებია თუ არა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
_ თქვენი აზრით, ვადამდელი არჩევნები გამოსავალია?
_ ყველა ქვეყანაში, როცა პოლიტიკური კრიზისი იქმნება, აქსიომასავითაა _ რახან კრიზისია, აზრი ხალხს ვკითხოთო.
სხვათა შორის, ევროპელებმა ისიც თქვეს, რა აზრი აქვს, თუ ახალი არჩევნების შემდეგ იგივე შედეგი დადგებაო? ანუ არჩევნებმა შედეგი უნდა შეცვალოს. ჰოდა, ჩვენც უნდა დავანახოთ ევროპას, ხელახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა იმიტომაა, რომ ხალხს ასე უნდა, მაგრამ ხალხის აზრი არ ვიცით. ამიტომ ვითხოვთ პლებისციტს.
_ ე. ი., ვალერი გელბახიანი პლებისციტის მომხრეა?
_ პრაგმატულად, პლებისციტის მოწინააღმდეგე ვარ.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ თუ პლებისციტი იგივე საარჩევნო სისტემით და ტექნოლოგიებით ჩატარდება, მაშინ გარანტია არ არსებობს, რომ პლებისციტიც ისევე არ გაყალბდეს, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ განაცხადა, თუ ყველა სხვა პუნქტი დაკმაყოფილდა, პარლამენტში შევალთ, რადგან ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთო. ეს რას ნიშნავს?
_ უყურეთ, რა ხდება.
_ რა ხდება?
_ რამდენიმე საკითხია.
_ კერძოდ?
_ ექვსიდან ორი პუნქტის დაკმაყოფილებაზე, ოთხის კი დღის წესრიგიდან მოხსნაზეა საუბარი. ამ ორი პუნქტიდან პირველი პოლიტპატიმრებს ეხება, მეორე კი _ ადგილობრივ არჩევნებს. ადგილობრივი არჩევნებისთვის ევროპელებისგან ასეთი წინადადებაა შეთავაზებული, რომ თუ „ქართული ოცნება“ 45 პროცენტზე მეტს მიიღებს, მაშინ პლებისციტი საჭირო აღარ იქნება და, შესაბამისად, დღის წესრიგიდან ვადამდელის საკითხიც მოიხსნება, მაგრამ თუ „ოცნება“ ადგილობრივში 45 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ასეთ დროს ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება.
_ ადგილობრივი არჩევნები ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს?
_ არა, ახალი. პარალელურად, არსებობს საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ არის შეტანილი: 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და თუ, ასე ვთქვათ, გაყალბება ერთ პროცენტს ასცდება, მაშინ ადგილობრივი არჩევნების შედეგს აზრი აღარ ექნება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობა პარიტეტულ საწყისებზე უნდა შეიცვალოს. აი, ახლა რეალურად ეს იხილება.
_ ყველაფერ ამისთვის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აუცილებელია?
_ დიახ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი.
_ მესმის, მაგრამ იგივე 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არსებობს გარანტია, რომ „ოცნებამ“ ოპოზიცია არ „გადააგდოს“?
_ ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ თუ შუამავლები დოკუმენტს ხელს მოაწერენ, გარანტია ეს იქნება, ანუ ხელისუფლებას ოპოზიცია კი არა, უკვე ევროპა მოსთხოვს პასუხს…
_ ფარული ჩანაწერების სკანდალი თითქოს გადაიფარა, მაგრამ, ბატონო ვალერი, თქვენ, როგორც იურისტი, ამ ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნებს ხედავთ?
_ ეს ამბავი პირადად მე გადამხდა _ ჩემზე ისეთი კომპილირებული ჩანაწერი გავრცელდა, როცა მოვუსმინე, ყურებს არ დავუჯერე, _ ნუთუ, ამას მე ვლაპარაკობ-მეთქი?
_ თქვენგან განსხვავებით, ჩანაწერის შინაარსი, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ ბერამაც დაადასტურა და ანზორ ჩუბინიძემაც.
_ მეც დავადასტურე, რომ ჩემი საუბრიდან რაღაცები ამოკრებილი და გადაბმული იყო, ანუ ჩემი ნალაპარაკები იყო, მაგრამ წინადადებები სხვადასხვა კონტექსტიდან იყო ერთმანეთზე მიბმული. ამიტომ იძულებული გავხდი, ბეჭდური მედიისთვის მეთხოვა, რომ ამ ჩანაწერის სრული ტექსტი გამოექვეყნებინა, რადგან ხალხს წაეკითხა, სინამდვილეში, რას ვამბობდი და 12-წუთიან მონტაჟში რა გავიდა.
მოკლედ, ჩემი მწარე გამოცდილებიდან, ვერ ვაკეთებ კომენტარს, ეს ჩანაწერი ორიგინალია თუ მონტაჟი.
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ავთენტიკურობა ხელაღებით არც ბერამ უარყო. მეტიც: ისიც კი თქვა, თუ ვინმე დედას კიდევ შეეხება, ანალოგიურად მოვიქცევითო…
_ ბერამ ჩანაწერების ავთენტიკურობა არც უარყო და არც დაადასტურა, მაგრამ ეს განცხადება სერიოზული არაა. მართალია, ბერა არც იურისტია და არც იურიდიული განათლება გააჩნია, მაგრამ მის ნათქვამს გამართლება არ აქვს!
მეტიც: ეს განცხადება დასჯადი ქმედებაა!
გასაგებია, რომ ქართულ კულტურაში დედის შეგინება დღემდე შეურაცხყოფად მიიჩნევა და პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ ეს ადათობრივი სამართალია. საჯარო სამართალი კი ასეთ რაღაცებს გმობს.
ამიტომ პასუხისმგებლობა იმან უნდა აიღოს, ვინც რისკავს!
_ ისე, როგორ ფიქრობთ, ამ ფარული ჩანაწერის გასაჯაროება „ოცნების“ ინტერესში შედიოდა? ეს ჩანაწერი „ნაცებს“ რომ ჰქონოდათ, წესით, აქამდეც გამოაქვეყნებდნენ, არა?
_ „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილს 9 წლის განმავლობაში, ცხადია, არ დაზოგავდნენ!
_ ეჭვი ვისზე გაქვთ, „ოცნებიდან“ ეს ჩანაწერები ვის უნდა გამოეტანა?
_ როგორც ჩემამდე მოდის ინფორმაცია, ლაშა ნაცვლიშვილის ხელით უნდა იყოს გაკეთებული!
_ ნაცვლიშვილს შურისძიება ღარიბაშვილზე უნდოდა თუ მთელ „ოცნებაზე“?
_ „ოცნებიდან“ რომ გაუშვეს, ამიტომ უნდოდა შურისძიება.
სხვათა შორის, ეს მხოლოდ ერთი კომპრომატი არაა.
_ აბა?
_ სხვა კომპრომატებიც არის და ამით ვაჭრობს. ადრე რომ გაუშვეს, მაშინაც ივაჭრა და დააბრუნეს. ახლაც, როგორც ჩანს, ვაჭრობს, თუ თავს არ დამანებებთ, სხვებიც მაქვსო.
_ ნაცვლიშვილი ამ ჩანაწერებს თვითონ ვერ გააკეთებდა. ე. ი., ძალოვნებიდან ვინმე აწვდის, არა?
_ არ ვიცი, სწორია თუ არა, მაგრამ, ჩემი აზრია, რომ ნაცვლიშვილს „ოტოში“ ვიღაც ჰყავდა, თავისი კაცი, რომელიც ყველაფერ ამას იწერდა და ნაცვლიშვილს აძლევდა.
_ სხვათა შორის, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, გოგი წულაიას დაკავება სწორედ ამ ფარული ჩანაწერების სკანდალის გაგრძელებაა, ანუ ბატონმა წულაიამ ბერა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში აგინა და გაჩნდა ვერსია, რომ ქალზე ძალადობა მოუწყვეს. თქვენ, როგორც დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატი, ამ ვერსიას იზიარებთ? სხვათა შორის, დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ცოტა დალია, მაგრამ დაუჯერებელია, წულაიას, რომელმაც გულის ოპერაცია რამდენიმე თვის წინ გაიკეთა, დაელია…
_ გოგი წულაიას ტესტი ჩაუტარდა და ალკოჰოლი ნულია ნაჩვენები, ანუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ ყოფილა.
_ ე. ი., ვერსია, რომ ქალი სპეცსამსახურებმა მიუგზავნეს ან გადაიბირეს, დასაშვებია?
_ არაა გამორიცხული…
_ ბოლოს, ბატონო ვალერი, მთელი ეს პოლიტიკური ბაკქანალია რით დამთავრდება? სხვათა შორის, მახსოვს, 31 ოქტომბრის არჩევნებამდე მეუბნებოდით, აი, „ოცნება“ დღე-დღეზე დამთავრდებაო, მაგრამ კი არ დამთავრდა, ავად თუ კარგად, ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩა.
_ დავიჯერე, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი ეს მოსწყინდა და პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შევცდი.
თურმე, თუ დიდ ტყუილს იტყვი, ადამიანები იჯერებენ, პატარა ტყუილზე კი ეჭვი აქვთ.
მოკლედ, მისი ნათქვამი დავიჯერე, რადგან არ მეგონა, თუ ამხელა ტყუილს იტყოდა!
_ ახლა რისი გჯერათ, ანუ რას ელოდებით?
_ იმაზე მეტ რესურსს, რაც აქვს, ოპოზიცია, ცხადია, ციდან ვერ ჩამოიტანს. ეს რესურსი ვადამდელი არჩევნებისთვის საკმარისი არაა, მაგრამ ჩვენთვის დამამშვიდებელი გარემოება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკი მხოლოდ ოპოზიციაზე არ გახლავთ.
_ აბა, კიდევ ვისზე ან რაზეა?
_ საქართველო მსოფლიოს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია! ამიტომ ეს ამბავი მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი შეიძლება არც გახდეს და დასავლეთი უკეთესადაც გადაწყვეტს!
_ ე. ი., ვადამდელ არჩევნებს გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ?
_ სწრაფად არაფერი ხდება. საერთოდ, ომი გრძელვადიანია. ეს კი ჩვეულებრივი ომია, ღირებულებათა ომი.

ვანო პავლიაშვილი

გაზიარება