QronikaPlus
მირიან მირიანაშვილი: „სააკაშვილმა პარტია ივანიშვილის დახმარებით წამართვა“

მირიან მირიანაშვილი: „სააკაშვილმა პარტია ივანიშვილის დახმარებით წამართვა“

2021-03-25 08:51:34

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები რომ უშედეგო იქნებოდა, ამაში ბევრი იყო დარწმუნებული. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც მოლაპარაკებების არ სჯეროდა, მირიან მირიანაშვილი გახლდათ. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამერიკამ საქართველოში რევოლუცია ჩაშალა და ამით ჩვენს ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან. მისივე თქმით, ოპოზიციის უკან კრემლის აჩრდილი მოჩანს. მოსკოვის მიმართ გულგრილი არც ხელისუფლებაა. მირიანაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბაიდენის ლანძღვის გამო აუცილებლად მოსთხოვს ვაშინგტონი პასუხს.

ვინ უფრო პრორუსულია _ გახარია თუ ღარიბაშვილი? რა დავალება მიიღო გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან? რისგან იხსნა საქართველო კელი დეგნანმა? რა პრობლემები შეექმნებათ „ოცნებასა“ და სააკაშვილს ბაიდენის გამო? _ ამ თემების შესახებ მირიან მირიანაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ საზოგადოების დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ დასავლეთის ჩართულობით გამართული მოლაპარაკებები უმრავლესობა-ოპოზიციას შორის შედეგს გამოიღებდა. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ?
_ არანაირ შედეგს არ ველოდი და ამისთვის საკმარისი არგუმენტებიც მქონდა. დასავლეთიდან და რუსეთიდან წამოსული დაკვეთები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს მოსკოვი დესტაბილიზაციას უკვეთს, დასავლეთს კი უნდა, რომ საქართველოში სიმშვიდე იყოს. არჩევნების შემდეგ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში ვთქვი, რომ საქართველოში რევოლუცია მზადდებოდა. ეს სცენარი ამერიკელებმა ჩაშალეს, რაც არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. ამერიკა ამისთვის კარგა ხნით ადრე ემზადებოდა. და ძალიან კარგია, რომ ისინი ამისთვის მზად იყვნენ. ვაშინგტონი რომ არა, ახლა საქართველოში ქაოსი იქნებოდა.
_ დიდი ხნით ადრე რატომ ემზადებოდნენ? წინასწარ საიდან იცოდნენ, რომ აქ მოვლენები რევოლუციური სცენარით უნდა განვითარებულიყო? იქნებ, ოპოზიცია იმარჯვებდა არჩევნებში? არსებობდა კი საერთოდ ეს რევოლუციური სცენარი?
_ საკმაოდ სერიოზული რევოლუციური სცენარი არსებობდა. და ამის შესახებ ვაშინგტონი არჩევნებამდე იყო ინფორმირებული. საპარლამენტო არჩევნების საფარქვეშ რომ ფართომასშტაბიანი რევოლუცია მზადდებოდა, ამას ხვდებოდა ყველა, ვისაც პოლიტტექნოლოგიების რამე გაეგება. მოსალოდნელი რევოლუციის შესახებ ამერიკელებს კონკრეტული ინფორმაციებიც ჰქონდათ. ეს საკმაოდ საჯარო მოხმარების პროდუქტი იყო. ამერიკელებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარის ლეგიტიმაციას არ შეუწყობდნენ ხელს. ვაშინგტონში ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგები მოჰყვებოდა რევოლუციას და ვინ იყო მისი ავტორი.
საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუცია ჩაიშალა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში ვეღარ შედის, რომ კანონშემოქმედებითი სამუშაოები განახორციელოს. ხაზგასმით ვამბობ, რომ ისინი პარლამენტში ვერ შედიან.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ვერ შედიან? იქნებ, არ შედიან?
_ შესვლა უნდათ, მაგრამ ვერ შედიან. იმიტომ ვერ შედიან, რომ იმ ხალხს, ვინც ამ მარიონეტებს მართავდა, თვისობრივად სხვა გეგმები აქვს, ვიდრე ევროპასა და ამერიკას. მათ სურთ, რომ საქართველო პერმანენტულად დესტაბილიზაციის რეჟიმში იყოს. რევოლუცია იმისთვის არ იყო ნავარაუდევი, რომ მიშა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. რევოლუცია უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ საქართველოში ყოფილიყო ქაოსი. რუსეთს არ აწყობს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ახლა იმის შედეგებს ვიმკით, რაც გასული წლის ნოემბერში არჩევნების შემდეგ დავთესეთ.
დღეს რომ საქართველოში ქაოსი არ არის, ეს ამერიკის ელჩის დამსახურებაა. კელი დეგნანმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში რევოლუციის ლეგიტიმაცია არ დაშვებულიყო. მოვლენები რუსული გეგმის მიხედვით რომ განვითარებულიყო, ახლა საქართველო სრულ ქაოსში იქნებოდა.
_ თქვენ თქვით, ამერიკელებმა იცოდნენ, აქ რომ რევოლუცია იგეგმებოდა და მის ჩასაშლელად ემზადებოდნენო. რუსებმა, რომლებიც, თქვენი თქმით, რევოლუციის უკან იდგნენ, არ იცოდნენ, რომ ვაშინგტონი მათი გეგმების ჩაშლას აპირებდა? ან არ ივარაუდეს მაინც, რომ თეთრი სახლი მათი სცენარის ჩაშლას შეეცდებოდა?
_ რუსეთის დაზვრევა კარგად მუშაობს. მოსკოვმა მშვენივრად იცოდა, რომ ვაშინგტონი რევოლუციის ლეგიტიმაციას არ დაუშვებდა. ამის მიუხედავად, არ გაჩერდნენ და როგორც იტყვიან ხოლმე, გაზს ფეხი მიაჭირეს. ამბობენ, მათ დონალდ ტრამპთან ჰქონდათ კომუნიკაცია და თითქოს იყო კიდევაც შეთანხმება, რომ საქართველოში დღეს იმის საპირისპირო ვითარება უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის.
_ ტრამპი საქართველოში რევოლუციის მომხრე იყო?
_ ასე ხელაღებით ამის თქმა არ შეიძლება. ტრამპი პრეზიდენტად რომ აერჩიათ, ვაშინგტონს შესაძლოა, აქ რევოლუციის ლეგიტიმაციისთვის დაეჭირა მხარი. როგორც უკვე აღვნიშნე, არის ინფორმაცია, რომ რუსებს ამ თემაზე ტრამპის გარემოცვასთან რაღაც კომუნიკაცია ჰქონდათ. ამერიკამ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩია. მოსკოვის ერთ-ერთი კოზირი გაიჭრა და ახლა გვაქვს დღევანდელი მოცემულობა.
ეს საკმაოდ ღრმა პროცესია და ამაზე ასე მარტივად ვერ ვისაუბრებთ. ამ ამბავს ერთი კარგი შედეგიც მოჰყვა: ჩვენი პოლიტიკური პარტიები ცოტა აზრზე მოვიდნენ. ისინი აცნობიერებენ, რომ მსოფლიოში ძალთა ბალანსი შეიცვალა და რუსეთი აღარ არის ის, რაც იყო ადრე. იმასაც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ინტერესები ძალიან მაღალია. მათ პროცესში ჩართეს ევროპა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა თავის მომავალს გადახედეს, რომელიც რუსების გამარჯვების პირობებში გარანტირებული ჰქონდათ.
_ კონკრეტულად, რა ჰქონდათ გარანტირებული?
_ კომფორტული ცხოვრება და ფსევდოპოლიტიკური საქმიანობა. ამ პროცესებში ჩართული ქართველი პოლიტიკოსებისთვის მთავარი ახლა პარლამენტში შესვლა არ გახლავთ. მათ სურთ, რომ წარსულიდან მომავალში ბილეთი მიიღონ. ამ ბილეთის გამომწერი კი მხოლოდ ამერიკის საელჩოა. ახლა ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსების თვალში ალიბი შეიქმნან.
_ რა ალიბზე საუბრობთ? ვინ უნდა შეუქმნას მათ ეს ალიბი?
_ დიდი სურვილი აქვთ, რომ ალიბის შექმნაში დასავლეთი დაეხმაროს. სანამ ამ პროცესებში მონაწილე ოპოზიცია დასავლეთიდან არ მიიღებს ულტიმატუმს, ისინი პარლამენტში რუსეთის შიშით ვერ შევლენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რიგი ოპოზიციონერები დასავლეთს კულუარულად სთხოვენ, რუსეთის დასანახად ულტიმატუმი წამოგვიყენეთ, სხვანაირად პარლამენტში ვერ შევდივართო. დასავლეთი ულტიმატუმის წაყენებაზე უარს ამბობს. ამით, ცოტა არ იყოს, ხელისუფლებაც გაკვირვებულია.
_ „ქართულ ოცნებას“ რაღა აკვირვებს?
_ დასავლეთი ასეთი დოზით არის ჩართული მხარეებს შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ მათი მხრიდან წამოსულ შეთავაზებებს ულტიმატუმის სახე არ აქვს. ისინი მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევიან. დასავლეთი ულტიმატუმის ენით საუბარზე ერთი მიზეზით ამბობს უარს _ მას სურს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ანტირუსული ნაბიჯი საკუთარი ნებით გადადგან.
_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ოპოზიცია რუსეთის თამაშს თამაშობს და ხელისუფლებას პროდასავლური კურსი აქვს აღებული?
_ ამის თქმა არ მინდა. ხელისუფლებაში ძალიან ბევრია ისეთი, რომელსაც რუსეთთან აქვს პირდაპირი ბმა. ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე მხოლოდ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ის არის წინააღმდეგობის მამოძრავებელი. ასეთი მოსაზრება მაქვს, რომ დასავლეთს უნდა, ოპოზიციამ საკუთარი ნებით შეაქციოს ზურგი რუსეთს. შემდეგ ვიღაც-ვიღაცებს თავად გაუსწორონ ანგარიში და ამით პოლიტიკური ველი გაათავისუფლონ.
_ ანგარიშის გასწორებაში რას გულისხმობთ?
_ პოლიტიკური ველიდან გაყვანას.
_ ეს პოლიტიკური ველი რისთვის ან ვისთვის უნდა განთავისუფლდეს?
_ იმისთვის უნდა განთავისუფლდეს, რომ აქ ახალი პოლიტიკური პროცესები დაიწყოს. სინამდვილეში, აქ სულ სხვა რეალობა გვაქვს და არა ის, რომელსაც საზოგადოება უყურებს.
_ რა რეალობაზე საუბრობთ?
_ რაც დღეს ხდება, ეს არ არის „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დაპირისპირება. დღეს საქართველოში რუსული და ამერიკული პოლიტტექნოლოგიების ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ბრძოლაში საქართველოს ინტერესებს იცავს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. ყველა სხვა საქართველოს ინტერესების მთავარი დამცველის ოპონენტია. უბრალოდ, ფორმები და მასშტაბებია სხვადასხვა.
ამ პროცესებზე საუბრისას გვერდს ვერაფრით ავუვლით გახარიას თემას და მის გადადგომას პრემიერობიდან. გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნა პირდაპირ ჯდებოდა რუსულ სცენარში. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში გახარიას მსგავსი პრორუსული ფიგურა არ ყოფილა. გახარიას პარტიის შექმნის თემაზე ბიძინა ივანიშვილთან სერიოზული საუბარი იყო და ეს გეგმაც ჩაიშალა.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის აქტიურად მუშაობს ახალი პარტიის შექმნაზე.
_ შეიძლება მუშაობს. მის მიერ პარტიის შექმნას ეჭვის თვალით ვუყურებ. ახლა საქართველოში სტაბილურობის გარანტად ღარიბაშვილი ჩაითვალა. ამერიკელებმა ის წარუდგინეს ევროპას. რამდენადაც ვიცი, ევროპაში მისი პერსონით უკმაყოფილო არ არიან.
_ კმაყოფილები რით არიან?
_ დასავლეთს აქ სურდა, რომ ტექნიკური პრემიერი ყოფილიყო. ამ ფუნქციას, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი განახორციელებს. არის ასეთი გეგმა, რომ „ქართული ოცნება“ გადაკეთდეს ღარიბაშვილის პარტიად. რუსებს სურდათ, რომ „ოცნება“ გახარიას პარტიად გადაქცეულიყო.
_ იქნებ, პირიქითაა და რუსებს უნდათ, რომ „ოცნება“ ღარიბაშვილის პარტია იყოს? მის სახელს ბევრი რუსული სკანდალი უკავშირდება. დავიჯერო, დასავლეთმა ეს არ იცის?
_ დასავლეთმა შესანიშნავად იცის ამ სკანდალების შესახებ, მაგრამ ახლა საქმეს ასე სჭირდება. საქართველოში ბალანსის დაცვა სხვანაირად ძალიან რთული იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ და მასზე ჩამოკიდებული ოპოზიცია ასეთ მძიმე დღეში რომ არის, ეს დიდწილად სააკაშვილისა და მისი უკრაინული კეისის ბრალია.
_ გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი ღუპავს „ნაცმოძრაობას“?
_ სააკაშვილმა უკვე დაღუპა „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის მხრივ, გადაიყოლა მასზე ჩამოკიდებული პატარ-პატარა პარტიები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: უახლოეს მომავალში სააკაშვილს უკრაინული კეისი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. სერიოზული პრობლემები შეექმნება „ქართულ ოცნებასაც“ და ეს პრობლემები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად უჭერდნენ მხარს ტრამპს.
_ ამის გამო დასჯის მათ ვაშინგტონი? ხალხი სოციალურ ქსელში წერდა, ტრამპს ვუჭერთ მხარსო. ვის დაუჭერენ მხარს, ეს მათი უფლებაა.
_ ამის გამო მათ არავინ მოსთხოვს პასუხს. სოციალურ ქსელებში რას წერენ ქართველი ჩინოსნები, ეს ამერიკას არ აინტერესებს. მათთვის მთავარი ისაა, რომ ამ პროცესებში ათეულობით ათასი ქართველი ჩაითრიეს, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ბაიდენის ლანძღვა-გინებაში. ეს ამერიკის არჩევნებში უხეში ჩარევაა. ეს მათი კანონმდებლობით საკმაოდ სერიოზული დანაშაულია.
რამდენადაც ვიცი, „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ, ამერიკას ხმა მიაწვდინონ და დაუმტკიცონ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ იმასთან, ათეულობით ათასი ამერიკის ეთნიკურად ქართველი მოქალაქე ბაიდენს რომ აგინებდა. ბაიდენის გამო მიშა სააკაშვილსაც მოსთხოვენ პასუხს.
_ სააკაშვილს რატომ მოსთხოვენ პასუხს?
_ სააკაშვილს ბაიდენის წინააღმდეგ არანაკლები როლი აქვს ნათამაშები, ოღონდ უკრაინაში. პოროშენკო რომ გადააგდეს და ზელენსკი მოიყვანეს პრეზიდენტად, ეს ამბები ამერიკამ კარგად იცის. ეს ყველაფერი ჯულიანის დაგეგმილი იყო, რომელიც ნომერ პირველ მაფიოზად მიიჩნევა. ის არის ტრამპის ადვოკატი. მიშას რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა ჯულიანისთან. ამის შემდეგ ის პოროშენკოს გადაუხტა და ქუჩიდან რევოლუციის მოწყობას უპირებდა. არადა, პოროშენკო იყო ის კაცი, ვინც საქართველოდან გაქცეული მიშა შეიფარა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში სააკაშვილი ქვაფენილზე რომ ჩამოჯდა, საკუთარი ინიციატივით მოიქცა ასე? მას საკმაოდ სერიოზულ ძალებთან ჰქონდა კომუნიკაცია. მათი მხარდაჭერის გარეშე ის პოროშენკოს წინააღმდეგ არ წავიდოდა. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ და ამიტომ ვამბობ ამას. ის ამბები, რაც მან რამდენიმე წლის წინათ უკრაინაში დაატრიალა, ძალიან ცუდად დახვდება წინ. ეს მისთვის შეიძლება, დიდი პრობლემა გახდეს. ამ ქეისით ის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ვეღარ ჩაერთვება.
_ მომავალში რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ აქამდე ის კარგად ერთვებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
_ ერთვებოდა და სწორედ ეგ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასზე ჩამოკიდებული პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პრობლემა.
_ პრობლემა რატომ არის? ბევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის გამო უჭერს მხარს.
_ უფრო ბევრი სააკაშვილის გამო გამოდის ამ პარტიის წინააღმდეგ. ეს მშვენივრად იცის მიშამ, მაგრამ მაინც არ ჩაეხსნა „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავის ამბიციებს გადააყოლა პარტია. მისგან სხვას არც ველოდი, ის არასდროს გამოირჩეოდა კეთილგონიერებით. ამერიკელებმა „ოცნებაზე“ რომ მოახდინეს დღეს ფოკუსირება, ეს თავიდან ბოლომდე მიშას ფაქტორის დამსახურებაა.
_ ივანიშვილისა და სააკაშვილის თანამშრომლობაზე რა აზრის ხართ? ისინი წლების მანძილზე ერთად იყვნენ და როგორც ამბობენ, მათი თანამშრომლობა ახლაც გრძელდება.
_ არ გამოვრიცხავ. მათ თანამშრომლობასა და ურთიერთობებზე საკუთარი აზრი მაქვს. მიშა სააკაშვილმა, თავის დროზე, პარტია ივანიშვილის ფულით და დახმარებით წამართვა. ეს გადმოცემით კი არ ვიცი, მან პირადად მითხრა.
_ არის ასეთი მოსაზრება, რომ ნიკა მელიას დაჭერა მათი შეთანხმება იყო. ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არც ერთს აწყობდა და არც _ მეორეს. ამ ვერსიაზე თქვენ რას იტყვით?
_ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არა მგონია, მათ შორის ამ თემაზე რამე შეთანხმება ყოფილიყო. სააკაშვილი ნიკა მელიას არ მიიჩნევს იმ ფიგურად, რომ ამ თემაზე ივანიშვილთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები.
_ რატომ არ მიიჩნევს? ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ პარტიის წევრებმა აირჩიეს და ამ არჩევნებში მან სააკაშვილის მხარდაჭერილ კანდიდატ ლევან ვარშალომიძეს აჯობა.
_ გასაგებია, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე წასულიყო. პარტიის თავმჯდომარეობაზე ვსაუბრობთ და არანაკლებ საინტერესოა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის საკითხი.
_ გრიგოლ ვაშაძის თემა მართლა საინტერესოა. ადამიანი მოულოდნელად წავიდა პარტიის თავმჯდომარეობოდან და ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია მისი მემკვიდრის დაკავებაზე. არც პარტიის ოფისის დარბევაზე ამოუღია ხმა.
_ თქვენს მკითხველს მის გადადგომასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია მინდა მივაწოდიო: ბატონი გრიგოლ ვაშაძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან თავად არ გადამდგარა. ეს გადაწყვეტილება მას საკუთარი ნებით არ მიუღია.
_ აიძულეს?
_ მოსთხოვეს, რომ გადამდგარიყო.
_ ვინ მოსთხოვა?
_ რუსეთმა.
_ რატომ?
_ სიტუაციას სჭირდებოდა ასე. მოსკოვმა გრიგოლ ვაშაძეს გადადგომა მას შემდეგ მოსთხოვა, რაც აქ რევოლუციური სცენარი ჩავარდა.
_ ვაშაძეს აბრალებდნენ ამ სცენარის ჩაგდებას?
_ არა. რევოლუციური სცენარის ჩაგდების შემდეგ კრემლმა გადაწყვიტა, ვაშაძე განზე გაეყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ახალ კადრს აირჩევდნენ და ამით ეს პარტია ამერიკის ყურადღებას მიიპყრობდა. ამის შემდეგ უნდა დაეკავებინათ ლიდერი. თავიდან ეს ვარიანტი გრიგოლ ვაშაძეს შესთავაზეს, მაგრამ ის ამ შეთავაზებას არ დასთანხმდა. არადა, ჰქონდა გარანტიები, რომ ციხიდან მალე გამოიყვანდნენ.
_ რამდენ ხანში უნდა გამოეყვანათ?
_ სადღაც, ერთ თვეში.
_ რატომ არ დასთანხმდა?
_ თქვა, მე იმ ასაკში აღარ ვარ, ვინმეს თავი დავაჭერინოო. რაკი გრიგოლ ვაშაძე ამაზე არ დასთანხმდა, გადადგომა მოსთხოვეს და ისიც გადადგა. პარტიამ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია, რომელმაც ამ გარიგების შესახებ არაფერი იცოდა. ამაში დარწმუნებული ვარ.
_ გრიგოლ ვაშაძის დუმილზე რას ფიქრობთ? ერთი-ორი სიტყვით მაინც დაეგმო მელიას დაპატიმრება.
_ გრიგოლ ვაშაძეს ამაზე დავალება არ ჰქონდა მიღებული და მაგიტომ არ გააკეთა არანაირი განცხადება. პარტიის თავმჯდომარეობასაც იმიტომ დაეთანხმა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური დავალება. ეს დავალება რუსეთიდან მოდიოდა. ის ისე დასვეს ამ პოსტზე, რომ არც კი ჰკითხეს, სურდა თუ არა მას პარტიის თავმჯდომარეობა. მისგან ტყუილად ელოდებით რამე განცხადებას. ბატონი გრიგოლი მხოლოდ მაშინ ალაპარაკდება, როცა რუსეთი დაავალებს.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება