- შაბათი, 28 დეკემბერი, 2024
2021-03-25 05:55:31
ყოფილი დეპუტატი, პეტრე მამრაძე, არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. მას არც იმის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კულუარებიდან მართავს. მამრაძის თქმით, ის მხოლოდ წერტილოვან ჩართვებს ახორციელებს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ სტრესულ გარემოს ქმნის. მათ არ იციან, როდის ჩაერთვება პროცესებში ივანიშვილი.
რა შემთხვევაში ღებულობს გადაწყვეტილებებს ივანიშვილი? რა საფრთხე ემუქრებოდა ნიკა მელიას? ვინ გასცა „გავრილოვის ღამეს“ დარბევის ბრძანება? რას ითხოვს სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ოპოზიციისგან? რატომ სჯობს ბობოხიძე ბაქრაძეს? _ ამ თემებზე პეტრე მამრაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ისევ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელიც იანვარში პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წავიდა. თქვენ რას ფიქრობთ, _ ივანიშვილი ჩართულია ქვეყნის მართვაში?
_ ივანიშვილი პროცესებში არ ერევა. მასზე ადრეც ამბობდნენ, რომ ქვეყანას კულუარებიდან მართავდა, რაც არასწორი იყო. როდესაც პრემიერის პოსტი ეკავა, მაშინაც კი ნაკლებად ეკარებოდა იმ საქმეებს, რაც მთავრობის მეთაურს ევალებოდა. რამდენიმე წლის წინ მან თქვა, ჰკითხეთ გიორგი კვირიკაშვილს, როცა ის პრემიერი იყო, თუ დამირეკავს და რამე დავალება მიმიციაო. ეს ალალი სიტყვებია. ქვეყნის მართვა და ეპიზოდური, წერტილოვანი ჩართვები სხვადასხვა რამე გახლავთ.
გამოჟონა ინფორმაციამ და ლოგიკასაც ემთხვევა, რომ ივანიშვილი ჩაერია იმის გადაწყვეტაში, თუ ვინ გახდებოდა პრემიერი გიორგი გხარიას გადადგომის შემდეგ. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ და მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ გუნდი თავისი ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერად არ დააბრუნდებდა. ასეთი წერტილოვანი ჩარევები ქმნის სპეციფიკურ ატმოსფეროს გუნდში. გუნდის წევრებმა იციან, რომ რაღაცას თუ იტყვიან ან გააკეთებენ, შესაძლოა, ივანიშვილი უცბად ჩაერიოს. ეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მოქმედებს როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს არ მართავს, მაგრამ ეპიზოდურად ერთვება და ხელისუფლებაც იმას აკეთებს, რაც ივანიშვილს უნდა.
_ ძალიანაც რომ უნდოდეს, ის ვერ მოახერხებს ქვეყნის მართვას. ვინც ქვეყანას მართავს, მას უწყვეტ რეჟიმში უნდა აწვდიდნენ ინფორმაციებს ქვეყანაში და მის გარეთ არსებულ ვითარებაზე. გადაწყვეტილება რომ მიიღო, ეს ინფორმაციებიც უნდა გადაამოწმო, რადგანაც შესაძლოა, ყველაზე სანდო და ერთგულმა ადამიანმა შეცდომით მოგიტანოს ამბავი. ივანიშვილი არ მართავს. როგორც გითხარით, ის მხოლოდ წერტილოვან ჩართვებს ახორციელებს. გუნდი მის აზრს ითვალისწინებს.
_ მოლაპარაკებების ჩაშლა თუ იყო ივანიშვილის ეპიზოდური, წერტილოვანი ჩარევის შედეგი? ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამის უკან სწორედ ბიძინა ივანიშვილი დგას.
_ ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. მოლაპარაკებები ჩაშალა ოპოზიციამ, პირველ რიგში სააკაშვილმა და ბიძამისმა თემურ ალასანიამ გააკეთეს ეს. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა საუბრის ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი და ბიძამისი საუბრობენ. იქ ალასანია ქართველ ხალხს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მერე დასძენს: რადიკალიზაცია! იქვე ამატებს: დავიღალე ცდით!
თემურ ალასანია რამდენიმე მიზეზის გამო არის საინტერესო პერსონა. რუსული პრესა მას ყოველთვის მოიხსენიებს, როგორც КГБ-ს გენერალს. ამ ორგანიზაციისთვის წარსული დრო არ არსებობს. იგორ გიორგაძე დღემდე აცხადებს, რომ КГБ-ს გენერალია. მას ეუბნებიან, საბჭოთა კავშირი 30 წლის წინათ, 1991 წელს დაიშალაო. ეს ჯიუტად ამბობს, _ მერე რა, რომ დაიშალა, მე ვიყავი და დღემდე ვრჩები საბჭოთა კავშირის КГБ-ს გენერლადო. თემურ ალასანიას თავისი უახლოესი გარემოცვისთვის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მიშა ჩემ გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არასდროს ღებულობსო. ცხონებულმა ალექსანდრე რონდელმა წლების წინათ თქვა, _ როგორც ჩანს, ქვეყანაში ახალი თანამდებობაა, პრეზიდენტის ბიძა.
_ „ნაციონალების“ მმართველობის წლებში არაერთხელ ითქვა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომებს პირადად თემურ ალასანია ატარებდა.
_ ის ხშირად აკეთებდა ამას. როგორც ამბობენ, ის არწმუნებდა მიშას, შესულიყო ცხინვალში. უმტკიცებდა, რუსებს მოველაპარაკე და ყველაფერი კარგად იქნებაო. რით დამთავრდა ცხინვალში შესვლა, ვიცით. მკითხველს მისი და გუბაზ სანიკიძის საუბარსაც გავახსენებ. სააკაშვილის ბიძა სანიკიძეს ეუბნება, არავითარი შესვლა პარლამენტში. ძალაუფლება უნდა აიღოთ ხელში და შექმნათ ეროვნული გადარჩენის კომიტეტი. უნდა მიმართოთ მსოფლიოს, რომ თქვენი არაფერი გვჭირდება. ჩვენ მოვედით და ყველაფერზე პასუხს თავად ვაგებთ. ეს ბოლო ძალიან საინტერესო განცხადებაა. უცხოეთის დახმარების გარეშე საქართველო საერთოდ ვერ იარსებებს.
თქვენმა მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს კაცი „ქართული ოცნების“ აპოლოგეტია და მათ უჭერს მხარსო. მე „ოცნების“ მხარდამჭერი არ ვარ. ეს ხელისუფლება არაერთხელ მყავს უმოწყალოდ გაკრიტიკებული. ახლაც სიამოვნებით გავაკრიტიკებდი მათ, ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდეს, მაგრამ ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ. „ოცნებას“ ძალიანაც რომ სდომოდა, ოპოზიციის ორ მოთხოვნას უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებდა. ვერც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა და ვერც პოლიტპატიმრებს გამოუშვებდა. ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.
_ შეუძლებელი რატომ იყო?
_ ახლავე მოგახსენებთ, რატომაც იყო შეუძლებელი: ოპოზიციის მოთხოვნა რომ მოისმინეს, უცხოელი დიპლომატები, უბრალოდ, გაოგნდნენ. დიპლომატები ყოველთვის ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ. ამ შემთხვევაში ძალიან რადიკალურები იყვნენ. მათ ოპოზიციას მოუწოდეს, პარლამეტში უნდა შეხვიდეთო. ნიკა გვარამიამ თავად დაწერა თავის ფეისბუქგვერდზე, როგორ უთხრა ამერიკის ელჩის მოადგილემ გიორგი რურუაზე, რომ ის არ არის პოლიტპატიმარი, არამედ ბანდის ლიდერი იყო.
ნიკა მელიაზეც ძნელია იმის თქმა, რომ ის პოლიტპატიმარია. მე არ მიხარია, ის რომ ციხეში ზის და არც ხელისუფლებას ვამართლებ. ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, როდესაც სამაჯური მოიხსნა. სასამართლო მთლად დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, მაინც მის დაკავებას გადაწყვეტდა.
_ სამაჯური ნიკა მელიამ გასული წლის ნოემბერში, მიტინგზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თუ ამით კანონი დაარღვია, მაშინვე რატომ არ დააკავეს იგი?
_ მართალი შენიშვნაა. ის ან შარშან ნოემბერში უნდა დაეკავებინათ, ანდა 2019 წლის ივნისში, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. მაშინ, რატომღაც, არ დააკავეს და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. „გავრილოვის ღამეც“ ძალიან საინტერესო იყო. იმ ღამეს მთელი ძალოვნები ელოდნენ წერტილოვან ჩარევას. მე მართვითი სისტემების სპეციალისტი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან აშკარა და ნათელი იყო. საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტები“ ხშირად აწყობენ არეულობებს. პოლიციის პრეფექტი ადგილზე ღებულობს გადაწყვეტილებებს, როგორ მოიქცეს, მას ზევიდან ნებართვა არ სჭირდება. აქვს წესდება და რომლის მიხედვითაც მოქმედებს.
ჩვენთან კიდევ რა მოხდა, _ „გავრილოვის ღამეს“, ლამის, საათ-ნახევარი გაუნძრევლად იდგა პოლიცია. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ურტყამდნენ და ამცირებდნენ. გახარიას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ისე არ მიუღია გადაწყყვეტილება სროლისა და გაზის გაშვებისა, როგორც მე და თქვენ არ გაგვიცია ეს ბრძანება.
_ ეს ბრძანება მას რომ არ გაუცია, ამაზე მაშინვე საუბრობდნენ. თუმცა მან ბრძანების გაცემა, რატომღაც, საკუთარ თავზე აიღო.
_ რატომ აიღო ეს საკუთარ თავზე, არ ვიცი. „გავრილოვის ღამეს“ რეზინის ტყვიების სროლა და გაზის გამოყენება მანამდე არ დაიწყეს, სანამ რუსთაველზე ანზორ ჩუბინიძე არ მივიდა. მას არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს ველაპარაკე და მან მითხრა, აქცია დაშალეთო. ბრძანება ასე არ გაიცემა. იქ ანზორ ჩუბინიძის გამოჩენაც კი საკმარისი იყო. ყველამ კარგად იცოდა, თუ ვისთან ჰქონდა მას უშუალო კონტაქტი. მან თქვა, კანონის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთო. ეს უკვე მწვანე შუქი იყო, რომ ძალოვნებს მოქმედება დაეწყოთ. როცა ასეთი მოლოდინია ვიღაცის წერტილოვანი ჩარევის, ამ დროს სისტემას ყოველთვის აგვიანდება რეაგირება.
_ ჩუბინიძის ამბავი დავაზუსტოთ: თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სროლის ბრძანება გასცა ჩუბინიძემ, რომელსაც, თავის მხრივ, ამის გაკეთების უფლება ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
_ ამას ვერ დავასაბუთებ. უბრალოდ, ეს მაგალითად მოვიყვანე. ვიღაცებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ეს მართლაც ასე იყო, რაც მტკიცებულება არ არის. ფაქტი ისაა, რომ სანამ ჩუბინიძე არ გამოჩნდა და ვიღაცებს არ დაელაპარაკა, პოლიციას ხელი არ გაუნძრევია. ჩუბინიძე ამაზე აუცილებლად დაელაპარაკებოდა ივანიშვილს, მაგრამ ის არ ეტყოდა, რომ მიდით და დაარბიეთო. ივანიშვილი მას ეტყოდა, ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროაო. ეს უკვე გასაგები იქნებოდა ხელისუფლებისთვის, რომ ივანიშვილს მათი მოქმედება არ ეწყინებოდა.
თემას გადავუხვიეთ და ოპოზიციის მოთხოვნებს დავუბრუნდეთ. მმართველ პარტიას თავიდანვე გადაკეტილი ჰქონდა გზა, რომ ეს ორი მოთხოვნა შეესრულებინა. ოპოზიციაში ბევრი მილიონერია, რამდენიმე საერთოდ მულტიმილიონერი გახლავთ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვგულისხმობ. ამდენი ფული რახან იშოვეს, სულელები არ არიან. მათ თავიდანვე შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს ორი მოთხოვნა პრინციპულად შეუსრულებადია.
გიორგი რურუას „ქართული ოცნება“ ვერ გამოიყვანს. ამის ბერკეტი სალომე ზურაბიშვილს აქვს. ის პრეზიდენტია და მას შეუძლია გიორგი რურუას შეწყალება. ნიკა მელიას რაც შეეხება, გეგულებათ მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც პოლიტპატიმარს ეძახდნენ იმის გამო, რომ 11.000-ევროიანი გირაო არ გადაიახადა? ჩვენ ვიცით დეტალები, რაც ამას წინ უძღოდა. უცხოელებისთვის ამის ახსნა ცოტა ძნელი იქნება.
კარტოგრაფების საქმე არის „ქართული ოცნების“ უდიდესი დანაშაული. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სულ ტყუილად დააკავეს. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ ისინი გირაოთი გაათავისუფლეს. არც ერთ მათგანს არ ჰქონდა გირაოს გადახდის საშუალება. ვიღაცამ გახსნა ანგარიში და თქვა, თანხა შევუგროვოთო. ქართველმა ხალხმა ამ ორ ადამიანს წუთებში შეუგროვა გირაოსთვის საჭირო თანხა. ამ თანხის შეგროვების შესახებ მოგვიანებით გავიგე. დალხენილი ცხოვრება არ მაქვს, მაგრამ მათ ანგარიშზე 100 ლარს ჩავრიცხავდი. იგივე უნდა გაეკეთებინა ჩემს მეუღლესაც. მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ისინი პატიოსანი ადამიანები იყვნენ და ამიტომ შეგროვდა მათთვის ასე მალე გირაო.
_ არც ნიკა მელია ყოფილა კრიმინალი, ციხეში რომ გაუშვეს. მასაც წუთებში შეუგროვებდა ხალხი გირაოსთვის საჭირო თანხას, მაგრამ მელია კატეგორიულ უარს აცხადებს, რომ ვინმემ მისი გირაო გადაიხადოს.
_ ნიკა მელია არაა კრიმინალი, ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ვიკითხავ, _ რატომ წავიდა ნიკა მელია იმაზე, რომ ხელისუფლებას ის დაეპატიმრებინა? არ ვიტყვი, რომ ნიკამ ეს მიშა სააკაშვილის დავალებით გააკეთა, ის სულ სხვა მიზნით წავიდა ამაზე. ინგა გრიგოლიამ თქვა, ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯებოდა და ის ნიკა მელიამ გააცოცხლაო. მიზანი იყო, რომ მელია პოლიტპატიმარი გამხდარიყო და გახდა კიდევაც.
_ ანუ თქვენც აღიარებთ, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია?
_ არა, მე ნიკას პოლიტპატიმრად არ მივიჩნევ. ამის დაჯერება დასავლეთს უფრო უჭირს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რატომ ჰქვია ადამიანს პოლიტპატიმარი, როცა მას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გარეთ გამოვიდეს.
_ თქვით, რომ მელიამ თავისი დაჭერით „ნაციონალები“ გააცოხლა. ნიკა მელიას დაჭერა „ნაციონალებში“ ვიღაცებს ძალიან გაუხარდათ.
_ ეს აშკარაა. მელიას დაკავება „ნაციონალებში“ ცოტას არ გახარებია. მათ ნამდვილად ჰქონდათ სიხარულის მიზეზი.
_ რატომ გაუხარდათ მისი დაკავება, იმიტომ რომ ვიღაცები ჩააჩოჩა, მათ შორის, მერაბიშვილიც?
_ არა მარტო ჩააჩოჩა. ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს სააკაშვილის ჯინაზე. ეს ძალიან დიდი ამბავია. ალბათ, გემახსოვრებათ რამდენიმე თვის წინ გამოჟონილი სალომე სამადაშვილის საუბარი. ეს პროფესორი ქალი სულ რუსულ უცენზურო სიტყვებს ხმარობს, რომლებიც იწყება ასობგერა ხ-ზე. ის ძალიან კარგი ოჯახიშვილია. ეს საუბარი რომ მოისმინეს, მისი მშობლები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სამადაშვილმა ღიად თქვა ის, რასაც სააკაშვილსა და სხვებზე ფიქრობდა. საუბარში ქალბატონი პროფესორი რომან გოცირიძესაც ახსენებს. ვიმეორებ: ნიკა მელია აირჩიეს სააკაშვილის ჯინაზე. ამან პარტიაში სერიოზული გადაადგილებები გამოიწვია.
მე ვიცნობ ერთ წესიერ ადამიანს, რომელიც „ნაციონალების“ დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარედ მელია რომ აირჩიეს, მითხრა, _ პეტრე, სულ იმაზე ვწუხვარ, სააკაშვილმა ამ დღეებში ნიკა მელია არ გააგორებინოსო.
ეს ჩვენი საუბარი ნიკას დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. ის კაცი მეუბნებოდა, ეს მიშას ხელწერაა, გააგორებს მელიას, აჰკიდებს ამას „ოცნებას“, რასაც მსოფლიო დონის სკანდალი მოჰყვებაო. ეს რომ მითხრა, მეც ძალიან შევწუხდი. სულ მაგ ბიჭის დარდი მქონდა. განსაკუთრებით მაშინ შევშფოთდი, როდესაც მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო. ვფიქრობდი, რა უნდა რაღაცის აფეთქებას და ამ ახალგაზრდის ლიკვიდაციას-მეთქი.
საბედნიეროდ, ეს ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ საამისოდ ხელი ვერავინ გაანძრია, ან ვიღაცას ნებისყოფა არ ეყო, ბინძური დავალება შეესრულებინა. მის გარშემო ერთგული ხალხიც იყო და სერიოზული პროვოკაცია ვერ მოხდებოდა. დაკავების დროს ხალხი „ნაცების“ ოფისს ახლოსაც კი არ მიეკარა. ვერც აქციებზე გამოიყვანეს მხარდამჭერები. ამათი აქციების მთავარი მტერია დრონები. ძალიან ცოტა ხალხი გამოდის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე. აქედან გამომდიონარე, გეკითხებით, _ სად არის კრიზისი? არც პოლიტიკური კრიზისია და არც არჩევნები გაყალბებულა. ამას დასავლეთიც აღიარებს, ჯეიმს აპატურაიმ ღიად უთხრა ოპოზიციას, პარლამენტში შედითო.
_ მეთიუ ბრაიზამაც მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ.
_ ბრაიზაზე ახლობელი ამერიკაში ამ ხალხს არ ჰყავდა. ბრაიზამ „ნაციონალები“ ძალიან ბევრჯერ დაინდო. ახლა აღარ დაინდო და პირდაპირ უთხრა, _ შედით პარლამენტშიო! ისინი მაინც არ შედიან და გაიძახიან, არჩევნები გაყალბდაო. ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ არ გაყალბებულა.
პარლამენტში შესვლა სულაც არ ნიშნავს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას. 2008 წელს მეც ვიდექი პარლამენტში შესვლა-არშესვლის წინაშე, მაგრამ შევედი. 2008 წელს საშინლად გაყალბდა არჩევნები, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადავწყვიტე. რა, ამით გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოვახდინე? რა თქმა უნდა, არა. მე პარლამენტი ჩემთვის გამოვიყენე.
_ რას ნიშნავს, თქვენთვის გამოიყენეთ?
_ პარლამენტის ტრიბუნა ხელისუფლების მხილებისთვის გამოვიყენე. იმ წლების განმავლობაში პარლამენტის ტრიბუნიდან ვამხელდი „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემი ხმა მთელ მსოფლიოში ისმოდა. იმიტომ კი არა, რომ მე რამეს წარმოვადგენდი, არამედ იმიტომ, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვაკეთებდი ამას. საპარალმენტო ტრიბუნიდან ვთქვი, რომ აგვისტროს ომი ეს იყო ავანტიურა.
_ ამის გამო დაგესხათ აკაკი ბობოხიძე თავს?
_ არა, მაშინ ვერ გაბედა თავდასხმა. ამ სხდომას სააკაშვილი ესწრებოდა და მაშინ ამას ვერ გააკეთებდა.
_ ის 2011 წლის 27 სექტემბერს დაგესხათ თავს. სოხუმის დაცემის დღეა და კარგად დამამახსოვრდა ეს თარიღი.
_ 27 სექტემბერი იყო. მე პარლამენტში გავაკეთე განცხადება და ამერიკელი სენატორების ციტატა მოვიშველიე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სააკაშვილმა აფხაზეთი და ცხინვალი ლანგარზე დადებული მიართვა პუტინს. ამ განცხადებას რომ ვაკეთებდი, მაშინ დამარტყა ბობოხიძემ.
_ ისე, ბოროტი ხმები ამბობენ, რომ აკაკი ბობოხიძეს ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა.
_ სულაც არ მიკვირს. მარტო ბობოხიძეს კი არა, ყველა ოპოზიციონერს უნდა იქ შესვლა, მაგრამ ვეღარ შედის.
_ თუ უნდათ, რატომ ვეღარ შედიან? ყველა იმას ეუბნება, შედითო.
_ იმიტომ ვერ შედიან, რომ თავისივე განცხადების გამო აღმოჩნდნენ ჩიხში. მე არ მესმის, როგორ უნდა გაამართლოს ოპოზიციამ ახლა პარლამენტში შესვლა. ჩვენ აკაკი ბობოხიძეზე ვსაუბრობდით. მასთან კარგი მოგონებები არ მაკავშირებს, მაგრამ ის პიროვნულად მირჩევნია დავით ბაქრაძეს.
_ რატომ გირჩევნიათ ბობოხიძე ბაქრაძეს?
_ რამდენიმე წლის წინ პარლამენტში აკაკი ბობოხიძე მიუბრუნდა „ქართულ ოცნებას“ და უთხრა, _ ჩვენ ვართ შემზარავები, ჩვენ ვართ ამაზრზენები, მაგრამ თქვენ გვაჯობეთ. დავით ბაქრაძისგან წარმოგიდგენიათ, რომ თქვას, ჩვენ შემზარავები და ამაზრზენები ვართო? ეს წარმოუდგენელია.
_ ვერც მე წარმომიდგენია, დათო ბაქრაძემ ასეთი განცხადება როგორ უნდა გააკეთოს.
_ კაკოს ემოციურ დონეზე ბევრი რამის თქმა შეუძლია და ამით უფრო მაღლა დგას, ვიდრე დავით ბაქრაძე თავისი თავშეკავებულობით, რომელიც უცხოელებს აგიჟებს. ისინი ხშირად ამბობენ, ეს როგორი თავდაჭერილი და განათლებული პოლიტიკოსი გყოლიათო. არადა, დავით ბაქრაძეს მხოლოდ ფული აინტერესებს.
გაგახსენებთ სააკაშვილისა და ვაშაძის საუბარს, რომელიც რამდენიმე წლის წინათ შედგა. ეს საუბარი გასაჯაროვდა. სააკაშვილი ეკითხება ვაშაძეს, _ დათო ბაქრაძე რას ამბობსო? ეს პასუხობს, _ დათო რას იტყვის, გაიძახის, ფული, ფულიო.
სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული ნაცისტები ბოლო წლებში მხოლოდ ერთი რამით ახერხებდნენ ყურადღების მიპყრობას. გაიძახოდნენ, რომ საქართველოში მხოლოდ ისინი წარმოადგენენ პროდასავლურ ძალას. ამტკიცებდნენ, ამ ქვეყნის პატრიოტები ვართო. სულ იმას გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ადგილი ნატოსა და ევროკავშირშიაო. საქმით კი საპირისპიროს აკეთებდნენ. მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცეს.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დასავლეთი მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ეუბნება, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენეთო. ამ მოწოდებების გამო „ნაციონალებმა“ არაერთხელ გალანძღეს დასავლეთი. სააკაშვილმა სულ ახლახან თქვა, _ ყველა იდიოტი და დეგენერატია დასავლეთში, ვინც მე მაკრიტიკებსო. მათი დასავლურობის როგორ დავიჯერო, როცა მათთვის КГБ-ს გენერალ თემურ ალასანიას მოწოდება უფრო ძვირფასია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის? თემურ ალასანია მათ ეუბნება, არც ერთი ადამიანი პარლამენტში, ახლავე ხელში აიღეთ ძალაუფლებაო. დასავლეთი კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
შორენა მარსაგიშვილი