QronikaPlus
ვისი პირით და რა შეუთვალა ივანიშვილმა ლაშა ნაცვლიშვილს?

ვისი პირით და რა შეუთვალა ივანიშვილმა ლაშა ნაცვლიშვილს?

2021-03-25 05:51:17

ფარული ჩანაწერების სკანდალური კულუარული დეტალები

„შუშის სასახლის“ კარზე ის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა წყაროს მონაცემით, მის გარეშე „პირველთან“ ვერც ჩიტი შეფრინდებოდა და ვერც ჭიანჭველა შევიდოდა. ასეთი „ჩიტები“ და „ჭიანჭველები“ კი მმართველ პარტიაში, მოგეხსენებათ, საკმარისზე მეტნი არიან… მისთვის „ის“, ანუ ბიძინა მზეც იყო, მთვარეც და ვარსკვლავებიც. მეტიც: სხვებსაც არწმუნებდა, ბიძინა ყველგანაა, ყველაფერს, ყველას ხედავს და ყველაფერი ესმისო.

„მას არ სჭირდება გაკერპება რადგან ის თავად ამსხვრევს კერპებს!
მას არ სჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია!
არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიძინა ხალხია!
მას არ სჭირდება განდიდება, რადგან ის უკვე განადიდა მისმა საქმეებმა!
არ გჭირდებათ ფიზიკური ბიძინა, ყველა, ვინც ადამიანის სამსახურში დგას, პოლიციელისა და ექიმის ჩათვლით, ყველა ბიძინაა და ამიტომ ნუ ნერვიულობთ. ის გახარიაც ბიძინაა და ის ჯანდაცვაც“, _ აი, ზუსტად ამ სიტყვებით მოძღვრავდა „ოცნების“ მრევლს არცთუ დიდი ხნის წინ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ამქვეყნად მარადიული არაფერია. შესაბამისად, მისი „მარადიულობაც“, უფრო სწორად, „შუშის სასახლის“ კარზე გავლენებიც, დამთავრდა, თან, მოარული ხმით, ისე დამთავრდა, რომ ვეღარასოდეს „აღორძინდება“, რადგან კულუარებში ყველა ამბობს, „ბატონი“ ძალიან გაბრაზებულიაო.
„ქრონიკა+“-ს იმასაც უყვებიან, თუ ვისი პირით შეუთვალა ბიძინა ივანიშვილმა ლაშა ნაცვლიშვილს, _ მარტო ტელევიზიიდან კი არ წახვიდე, არამედ ისე „გაქრი“, რომ შენი არსებობა აღარავინ და აღარაფერმა გამახსენოსო.
„შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ივანიშვილსა და ნაცვლიშვილს შორის ე. წ. შუამავალი ირაკლი კობახიძე იყო. აქამდე ნაცვლიშვილს ოლიგარქთან მესამე პირით საუბარი არ სჭირდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ გახდა, ყველაფერი შეიცვალა.
ზოგადად, ახალი იმაში არაფერია, რომ ღარიბაშვილსა და ნაცვლიშვილს იმთავითვე ცუდი ურთიერთობა აქვთ. ალბათ, ისიც გახსოვთ, პირველად რომ გახდა ღარიბაშვილი პრემიერი, ლაშას პარტიული გავლენები შესუსტდა და ამიტომ მაშინ იძულებული გახდა, ტელევიზია დაეფუძნებინა. ალბათ, მოახერხა და ივანიშვილი დაარწმუნა, ტელევიზია ხალხის სამართავად ყველაზე კარგი იარაღია _ პროპაგანდისტული მანქანაა და ამაში ფულის დახარჯვაც ღირსო“, _ უყვება წყარო ჩვენს გამოცემას.
ნებისმიერი მედიასაშუალება, ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხელში კარგი იარაღია _ ასე იყო ადრე და ასეა ახლაც, მაგრამ 21-ე საუკუნეში, კარგად თუ ჩავუღრმავდებით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სოციალური ქსელით უკეთესად შეიძლება, ვიდრე, მაგალითად, ტელევიზიით, თან თუ ეს ტელევიზია რომელიმე პოლიტიკურ, მით უმეტეს, მმართველ ძალასთან ილინკება, მოსახლეობას, მინიმუმ, კითხვის ნიშნები უჩნდება.
მოკლედ, პოსტ ტვ-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა და, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას ფინანსური ნაკადების ნაკლებობა, როგორც ამბობენ, არასოდეს ჰქონია, ქვეყანაში ისეთი ფონი ვერ შექმნა, აი, თუ „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა, „სისხლისმსმელი“ „ნაცები“ დაბრუნდებიან და ის „ავბედითი“ 9 წელი ხელახლა დაიწყებაო.
სხვათა შორის, იმაზე, რომ აღნიშნულ მედიასაშუალებაში ფული უაზროდ და ხშირად უმიზნოდაც იხარჯება, პოლიტიკურ წრეებში ბევრს საუბრობენ.
მეტიც: რამდენიმე დღის წინ იმ ინფორმაციაცამ გამოჟონა, რომ „პოსტ ტვ-ში“ თითქოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
ამის გაგება არავის გაჰკვირვებია, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ნაცვლიშვილის ტელევიზიიდან წასვლას დაემთხვა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ფნანსურის შესვლა ფეიკ-ნიუსი იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია „პოსტ ტვ-ში“ და არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არც ერთ მედიასაშუალებაში და არც ტელეკომპანია „პოსტ ტვ-ში“ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული.
მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, _ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
ისე, როცა აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, ე. წ. ფარული ჩანაწერების სკანდალი უკვე დაწყებული იყო: ალბათ, გახსოვთ, რომ ტვ „პირველმა“, კერძოდ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჯგუფმა, 6 მარტს სკანდალური ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლის მთავარი ფიგურანტებიც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი არიან. ეს სამეული იმ მოზარდებისა და ახალგაზრდების დასჯა-დაშინების მეთოდებს განიხილავს, რომლებმაც სოციალურ ქსელში გაბედეს და ბერა ან გააკრიტიკეს, ან უხამსი კომენტარი დაუწერეს.
მართალია, ანზორ ჩუბინიძემ და ივანიშვილის ვაჟმა ჩანაწერების ავთენტიკურობა ეჭვქვეშ არ დააყენეს და, პირდაპირ თუ ირიბად, მიანიშნეს, ასეთი დიალოგები მართლა გვქონდაო, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი, როგორც ამბობენ, „ოცნებაში“ იმ ადამიანს ეძებს, რომელსაც ამ ჩანაწერის ჟურნალისტებისთვის მიწოდება შეეძლო.
სხვადასხვა წყაროს მონაცემით, თავიდანვე ამ კუთხით სამი ადამიანი იყო ეჭვმიტანილი: თბილისის მერი კახა კალაძე, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, თავად ლაშა ნაცვლიშვილი, ანუ მმართველი პარტიის მთავარი სტრატეგი და „პიარშჩიკი“.
თუ გავყვებით ვერსიას, რომ ჩანაწერები ნაცვლიშვილმა გამოიტანა, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, _ რა რჯიდა, ანუ ის ტოტი რატომ მოიჭრა, რომელზედაც იჯდა? ახლა, თუ ნაცვლიშილი ივანიშვილის მხოლოდ მარჯვენა კი არა, მარცხენა ხელიც იყო, ცხადია, ამას „საზოგადოებრივ საწყისებზე“ არ გააკეთებდა. ე. ი., შესაბამისი ანაზღაურებაც ექნებოდა, გავლენაზე აღარაფერს ვამბობთ, მაგრამ ყურადსაღებია ერთი დეტალი:
კერძოდ, ის, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერიად ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნება, ცნობილი ხდება, რომ ნაცვლიშვილმა „ოცნების“ მთავარი სტრატეგის პოსტი დატოვა. ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან წერილის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ამ უკანასკნელსა და ღარიბაშვილს წლებია, ცუდი ურთიერთობა აქვთო.
სახლში კი წავიდა, მაგრამ ხომ გახსოვთ, ნაცვლიშვილმა რომ „დაგვიბარა“, ბიძინა ყველგან არის, ყველასა და ყველაფერს ხედავსო.
ჰოდა, სახლშიც დაინახა და…
აი, ყველაზე მთავარი სწორედ ამის მერე იწყება, ანუ შინ კი წავიდა, მაგრამ სამთავრობო წრეებიდან გამოჟონილი ხმების თანახმად, ნაცვლიშვილს იქ, ზევით შეუთვლია, ჩემთან ომს არ გირჩევთ, რადგან ისეთი აუდიოთეკა მაქვს, წინა საუბრები მონაგონი იქნება _ თუ როგორმე მედიის ხელში მოხვდა, მესამე მსოფლიო ომი თუ არა, „ოცნების“ აფეთქება გარდაუვალიაო.
უცნობია, „ოცნების“ აფეთქება ექსსტრატეგოსმა სად და ვისთან დააანონსა, მაგრამ სანდო წყაროები პირადი საუბრებისას ადასტურებენ, რომ ამ „დაანონსების“ გამო მმართველ ელიტაში არცთუ კარგ გუნებაზე არიან და ყოველი ახალი დღის გათენებას შიშით ელიან, _ ემანდ, ჟურნალისტებმა რამე არ გაავრცელონ და შარში არ გავეხვიოთო.
ამასთან, ის ხმაც დადის, რომ ნაცვლიშვილის პერსონით შესაძლოა, შესაბამისი სამსახურებიც დაინტერესდნენ.
ზოგადად, „ოცნებაში“ მსგავსი შიდა ომები ახალი არ გახლავთ, თან ისედაც ხომ ვიცით, რომ ციხე შიგნიდან ტყდება. აბა, შიგნიდან რომ არ გატეხილიყო, „შუშის სასახლის“ არცთუ ჰუმანური „გართობების“ შესახებ საზოგადოება ხომ ვერ გაიგებდა? ამიტომაც, ახლა „ოცნება“, უფრო სწორად, მისი ლიდერშიფი, ორ ფრონტზე იბრძვის _ ჯერ ერთი, ჩაშლილი მოლაპარაკების მიუხედავად, დასავლეთის, ამ შემთხვევაში, აშშ-ის რისხვას როგორმე უნდა გადაურჩეს და მეორეც, თუ უცხოელებისგან საფრთხე არ შეექმნება, ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოიბას, რადგან ერთ არამშვენიერ დღეს ციხე შიგნიდან შესაძლოა, ისევ გატყდეს და საზოგადოება კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ამბების მოწმე გახდეს, ვიდრე ზემოხსენებული ფარული ჩანაწერი იყო.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება