QronikaPlus
გია ხუხაშვილი: „ხალხმა ოპოზიციის მიმართ ნდობა დაკარგა“

გია ხუხაშვილი: „ხალხმა ოპოზიციის მიმართ ნდობა დაკარგა“

2021-03-25 05:30:39

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრების სერია კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

19 მარტს დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა.
10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ საბოლოოდ პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ეკისრებათ.
„გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმაში, ეს მისასალმებელი და შეუცვლელი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი იყო. მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, _ განაცხადა დანიელსონმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ ფოკუსირება, კონცენტრაცია და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მთელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. გარდა ამისა, როგორც დანიელსონმა აღნიშნა, კრიზისის დასრულება ნიშნავდა წინსვლას ევროკავშირის დღის წესრიგით და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვას რეგიონში.
საქართველოში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიმდინარეობდა.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის პირდაპირ გზავნილს, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ოპოზიციის მხრიდან მყისიერად კრიტიკა მოჰყვა. მეტიც: ოპოზიციურმა სპექტრმა ჟოზეფ ბორელი ეუთოს დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციაშიც დაადანაშაულა.
ხელისუფლების ოპონენტებში განსხვავებული პოზიცია ჰქონდა „გირჩს“, რომელმაც ბორელის განცხადება გზავნილად მიიღო და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ამით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არგუმენტები ამოეწურა.

რაზე მიანიშნებს ბორელის განცხადება? იყო თუ არა ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი ოპოზიციისთვის ვერდიქტი? რა სამოქმედო არეალი რჩება ოპოზიციურ სპექტრს?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის, ძალისხმევის მიუხედავად, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. 19 მარტს დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა.
გასაგებია, რომ ამ შედეგს სახელმწიფოებრივი კუთხით გამარჯვებული ვერ ეყოლება, მაგრამ ვიწრო პარტიული ინტერესების თვალსაზრისით მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა?
_ თუ ჩვენ ტაქტიკურ გამარჯვებას ვგულისხმობთ, ხელების გადაგრეხის პრინციპით ვინ არის წინ, ბუნებრივია, ეს ხელისუფლებაა. მის ხელთ იყო ნებისმიერი შეთანხმების ლეგალიზება და მან ამაზე ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, მას შეუძლია, რომ ფორმალურად ამ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადოს, რადგან ინარჩუნებს ხელისუფლებას, ასევე რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება და, თითქოს, ფორმალური გაგებით წინ არის. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როცა პოლიტიკური კრიზისია და ომი მძვინვარებს, ეს ომი ბევრი ბრძოლისგან შედგება. აქედან გამომდინარე, ტაქტიკური გამარჯვება, საბოლოო ჯამში, შეიძლება ომში დამარცხებად გაფორმდეს. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ის ყოველთვის გადაგორების პრინციპით არსებობს. მათ გრძელვადიანი გათვლები არ აქვთ, მხოლოდ მოკლევადიანი, ტაქტიკური სვლებით ცდილობენ, რომ მუდმივად იყონ ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებამ ისარგებლა გარკვეული ცალკეული გამონათქვამებით ბრიუსელში და ამ ტალღაზე შეეცადა გამაგრებას, ესეც ძალიან მოკლევადიანი ხედვაა, რადგან ჯერ არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რა განწყობები ჩამოყალიბდება. დანიელსონი ჩავა და ანგარიშს წარადგენს.
_ თქვენ აღნიშნეთ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა გააკეთა პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რით შეიძლება აიხსნას მისი ეს განცხადება?
_ მე სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ ბორელის გამონათქვამები ბრიუსელის შიგა, მეფის კარის თამაშების ნაწილი იყო. მოგეხსენებათ, რომ ბორელს მიჰყავს საგარეო ურთიერთობების მიმართულება, ის ჩამოშორებული იყო საქართველოს თემის გადაწყვეტისგან. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რუსეთში მისი ვიზიტი სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში გატარდა და იგი, გარკვეულწილად, ჩასაფრებული იყო შარლ მიშელის მიმართ. რბილად რომ ვთქვათ, ბორელი, როგორც პოლიტიკოსი, არ იყო დაინტერესებული, რომ მიშელის მისია წარმატებული ყოფილიყო. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებების ჩაშლაზე ითამაშა. ასეთ ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დასავლეთთან ყველაფერი „მოაყომარა“. ეს პროცესი არ დასრულებულა და შეიძლება, ხელისუფლებას ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზები ელოდებოდეს. თუმცა ეს არ არის ხელისუფლების ერთადერთი პრობლემა, მას აქვს პრობლემები ქვეყნის შიგნით, არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის სახით. არც ერთი მიმართულებით არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, მეტიც: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, ჩააგდეს თავისი ბრიყვული მენეჯმენტით, ექიმებიც კი არ იცრებიან. ამ დროს ეს პროცესი სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშველოვანია. გარდა ამისა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვთ. ეს ყველაფერი კი, ერთ მშვენიერ დღეს, ზვავივით წამოვა. დღეს ოპოზიცია რომც გაჩერდეს, ეს პრობლემები მაინც რჩება, იგივე „ნამახვანმა“ შეიძლება გადაიყოლოს ეს ხელისუფლება. მე არ მგონია, რომ ხელისუფლებას დღეს გამარჯვების ზეიმის ფუფუნება ჰქონდეს. რომც გაიმარჯვოს, ეს ყველა შემთხვევაში პიროსის გამარჯვება იქნება. თქვენ ამით დაიწყეთ და ამ თამაშში გამარჯვებული არ შეიძლება არსებობდეს. ხელისუფლებას დამარცხების შანსი ძალიან დიდი აქვს, რადგან ვერ ვხედავ გზას, როგორ უნდა გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა.
_ ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელიდან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდნენ, _ ეს მოლოდინი შეუქმნეს საკუთარ ელექტორატსაც. მუდმივად ქმნიან რაღაც ტიპის მოლოდინებს და ბოლოს იმედგაცრუებულები რჩებიან. აიხსნება თუ არა პოლიტიკური ლოგიკით მათი ეს ქმედება?
_ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის მუდმივი პრობლემა. მე საქართველოს უახლეს ისტორიას ერთ წინადადებაში განვსაზღვრავ ხოლმე, ეს არის: ტყლაპოდან ტყლაპომდე ისტორია. არ ვიცი, ამას ინფანტილიზმი დავარქვა თუ არაპროფესიონალიზმი. ერთი მხარე უშვებს შეცდომას, მეორე კი ამას იფორმებს საკუთარ გამარჯვებად. სიხარულით იწყებს ხტუნვას და თვითონ ხტება ტყლაპოში, ეს გაეხარდება იმ მხარეს, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო იგივე მდგომარეობაში, იწყებს ხტუნვას და ახლა თავად ვარდება ტყლაპოში. ასეთი შეცდომა, ვფიქრობ, ამჯერადაც დაუშვა ოპოზიციამ. მას იმედი ჰქონდა, რომ ბრიუსელი მათ მხარეზე ითამაშებდა, ხელებს გადაუგრეხდა ხელისუფლებას და, ფაქტობრივად, მათი გასაკეთებელი საქმე ბრიუსელში სხვების ხელით გაკეთდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, იყო ილუზია. ვფიქრობ, ოპოზიციას მეტი უნდა ემუშავა. გასაგებია, რომ არჩევნების გაყალბების თემას ბოლომდე ვერ გამოიძიებდნენ, მაგრამ უფრო აქტიურად უნდა ყოფილიყვნენ ჩართული კონტრარგუმენტების მოძიებასა და გარკვეული საბრალდებო დასკვნის წინასწარი ფორმის მისაცემად. მათ ამის ნაცვლად რწმენის საკითხად აქციეს ეს ყველაფერი. როდესაც ბორელმა ეუთო/ოდირის დასკვნა დადო, ოპოზიციას არც ერთი კონტრარგუმენტი, თუნდაც კონკრეტული ქეისების სახით, არ წარმოუდგენია. ოპოზიციის მხრიდან ასეთი მსუბუქი, ზერელე დამოკიდებულება და იმის იმედი, რომ მათ სიტყვაზე დაუჯერებდნენ, შეცდომა იყო. გარდა ამისა, შეცდომა იყო ის, რომ _ პარალელურ რეჟიმში ბრიუსელს არ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა.
_ არ დაანახეს თუ ვერ დაანახეს?
_ ვფიქრობ, რომ დაეზარათ და არაფერი გააკეთეს ამისთვის. გასაგებია, რომ ფონად ამ ყველაფერს არ უნდა გაჰყოლოდა პიკეტირება და ძიძგილაობა, მაგრამ მშვიდობიანი მანიფესტაციიებით თბილისსა თუ ბრიუსელში მათ უნდა დაენახვებინათ, რომ ეს პოლიტიკური ელიტის ფეხების ბაკუნი და კაპრიზები კი არ არის, არამედ ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომლის დელეგირებასაც ისინი სინამდვილეში ახდენენ. ამის ჩვენების ნაცვლად საერთოდ შეწყვიტეს ყველაფერი და თქვეს, რომ ამის დრო არ არის. ბრიუსელისთვის საინტერესოა ის ოპოზიცია, რომელსაც ხალხში აქვს მხარდაჭერა და ამის დემონსტრირებას ახდენს. თუ ხალხი სახლებში ზის და მხოლოდ 10-20 კაცი აბაკუნებს ფეხებს, ეს არ ითვლება მნიშვნელოვან ფაქტორად. შესაბამისად, სისტემური მუშაობა იყო საჭირო და არა იმ ილუზიის შექმნა, რომ ახლა ჩაიკეტებიან დარბაზში და თავიანთი მჭევრმეტყველებით ფონს გავლენ. ეს იყო შეცდომა.
_ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა შანსები რჩება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის კუთხით?
_ ვფიქრობ, რომ თითქმის 100%-იანი შანსია ამის. რიგგარეშე არჩევნები იმიტომ კი არ არის გარდაუვალი, რომ ოპოზიცია მოერევა ხელისუფლებას, არამედ ამის ობიექტური წინაპირობებია. ხელისუფლებას ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს პრობლემები, ოპოზიცია საერთოდ რომ გაითიშოს ამ პროცესიდან, ეს ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში ვერ მართავს, რადგან არ აქვს ლეგიტიმაცია. ვაქცინაციის არათუ ექიმებს, არამედ ხალხსაც აღარ სჯერა. იგივე ხელისუფლებას თუ ვინმემ ხმა მისცა, მისცა სულ სამ ადამიანს: ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიასა და კახი კალაძეს. აქედან ორი ახლა პოლიტიკაში აღარ არის, მესამე კი „ქართული ოცნებიდან“ დისტანცირებულია. თქვენ როგორ გგონიათ, თვითონ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კობახიძისა და ღარიბაშვილის ქვეყანაში ცხოვრება უნდა?! _ არ უნდა და აქედან გამომდინარე, ამ ტიპის ხელისუფლებამ რომ ოთხი წელი მართოს ქვეყანა, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ნდობა მათ მიმართ ნულოვანია, გამოწვევები კი მაქსიმალურია, მათ შორის, სოციალური, ეკონომიკური, პანდემია და ბევრი სხვა კონკრეტული თემები. „ნამახვანის“ თემა ასე მარტივად არ დასრულდება, დღეს ისეთი ვითარებაა, შესაძლოა, სწორედ ამ თემამ გადაწყვიტოს ხელისუფლების ბედი, მსგავსი თემები კიდევ რამდენი იქნება, ჩვენ ეს არ ვიცით. ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლება ზის ნავში, რომელსაც ბევრი ხვრელი აქვს და მას მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი გააჩნია, რომ თითებით დაიწყოს დაგმანვა. რაც არ უნდა გმანოს თითებით, ნავი მაინც ჩაიძირება. როგორ უნდა უზრუნველყოს სტაბილურობა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია.
_ გასაგებია ის ნაწილი, რომ ხელისუფლება, რომლის მთავარი შემადგენლები კობახიძე და ღარიბაშვილია, ოთხი წელი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. მაგრამ ოპოზიცია მხოლოდ ამის იმედად ვერ იქნება. დღევანდელ სიტუაციაში რა სამოქმედო არეალი რჩებათ?
_ სამწუხაროდ, ჩვენ ამ ნაწილში ველოსიპედს ვერ მოვიგონებთ. სამოქმედო არეალად ოპოზიციას რჩება ხელისუფლების მისამართით მუდმივი პრესინგი, რაც, სამწუხაროდ, ცუდია, ეს რყევები ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სახიფათოა, თან მოგეხსენებათ, რა სამყაროში ვცხოვრობთ. გლობალური დაპირისპირების გრადუსი ძალიან გაზრდილია. ჩვენ ერთ-ერთ ეპიცენტრში გვიწევს ყოფნა. ამიტომ რყევები ნეგატიურია. ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, რომ რეალურ ფასამდე მივიდეს საქმე, არა მხოლოდ რიტორიკულად, არამედ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ფასის გადახდამდე. ამავდროულად, ქვეყნის შიგნითაც უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს. საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის ბედს, პირველ რიგში, მოსახლეობა წყვეტს. ასე რომ, ოპოზიციამ ყველა ფრონტზე უნდა იმუშაოს, ყველა ინსტრუმენტით, რა თქმა უნდა, კანონისა და ინსტიტუციის ფარგლებში.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვე გავიდა და ფაქტია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ვერც ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ვერც დასავლეთის დარწმუნება მოახერხა იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, რამდენად აქვს ოპოზიციას ამის რესურსი, რომ სათანადოდ გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს? გარდა ამისა, კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ დაიღალა.
_ ოპოზიციამ უნდა მოძებნოს თემები. დღეს არჩევნების გაყალბების თემა არ არის დომინანტური ადამიანების განწყობაში. პირველ რიგში, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რას სურს ხალხს, რა სტკივა, შესაბამისად, ამის კაპიტალიზაცია უნდა მოახდინოს. მუდმივად ის კი არ უნდა იძახოს, რაც ამ ხალხს შეიძლება ნაკლებად აინტერესებს. იგივე ნამახვანის თემა ძალიან შემაშფოთებელი სიმპტომია მათთვის, მე ამ თემის შინაარსში არ შევდივარ, მაგრამ როდესაც იმართება მასშტაბური აქციები და ხალხს აქვს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ აქტიური პროტესტი, მაგრამ იგივე ხალხს აქვს, აგრეთვე, უნდობლობა ოპოზიციის მიმართ, ეს პრობლემაა. უნდა გადონ ეს გზები ხალხთან. ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხალხს მათ მიმართ ნდობა დაკარგული აქვს. ოპოზიციას ნუ ჰგონია, რომ ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება ცუდია, ავტომატურად იფიქრებს, რომ ოპოზიცია კარგია. დღეს, სამწუხაროდ, მთვარი მოთამაშე ჩვენთან არის ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი პოლიტიკური კლასის პრობლემა. ოპოზიციამ თუ სერიოზულად და კრიტიკულად არ გადააფასა თავისი რეალური სტატუსი და ვერ მოახერხა ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, მაშინ ვიღაც მესამე მოვა. ხელისუფლება წავა, რაც ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია მოვა, ვიღაც მესამე ისარგებლებს ამით. ამიტომ ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, ფუნდამენტურად რა ხარვეზები აქვს და რა უნდა შეცვალოს. სერიოზული რეორგანიზაცია და გადაფასება სჭირდებათ საკუთარი მოქმედებების, სტრატეგიისაც და იდეისაც. რა იდეა აქვს დღეს ოპოზიციას? _ ისინი მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგით არიან მუდმივად და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ცუდია. ის პრობლემები და პრეტენზიები, რაც ხალხს აქვს ხელისუფლებასთან _ ამას ვერ უწყვეტს მმართველი გუნდი. ამას რომ ოპოზიცია უკეთესად გადაუწყვეტს, ხალხს არ ეუბნებიან. ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება ცუდია, კი ბატონო, მაგრამ შენ, რომ კარგი ხარ, ეს თუ არ მითხარი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რა აზრი აქვს ცვლილებას? ერთი უბედურებიდან მეორეში გადავიდე? შენ, რომ ოპოზიცია ხარ, უნდა დამარწმუნო, რომ ჩემს პრობლემას ამ ხელისუფლებაზე უკეთესად გადაწყვეტ.

ნენე ინჯგია

გაზიარება