- შაბათი, 28 დეკემბერი, 2024
2021-03-18 06:32:22
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფანჯარა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ დაიხურა. მოცემულობა კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მისი მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შედგა.
ამის პარალელურად კი პარლამენტის წინ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი და ამ ფორმით ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს.
გიორგი ქაჯაია მიიჩნევს, რომ სწორედ ახალგაზრდებზე დგას დღევანდელი პოლიტიკური კლასი.
რამდენად რეალისტურია რიგგარეშე არჩევნები? რა როლი აქვს ამ პროცესებში ახალგაზრდულ პროტესტს?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ პოლიტიკოს გიორგი ქაჯაიას ესაუბრა:
_ მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეძლო პრეზიდენტ ზურაბიშვილის სასახლეში ერთ მაგიდასთან დაესვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, გაჩნდა მოლოდინი, რომ შეთანხმება შესაძლოა, შედგეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით შარლ მიშელის ვიზიტს და რა პერსპექტივა აქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს?
_ ევროსაბჭოს პრეზიდენტ ბატონი შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი პოზიტიური მოლოდინის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა. ის ჩამოვიდა საკმაოდ მკაფიო განცხადებებით და სწორედ მიშელის შინაარსიანმა და, შეიძლება ითქვას, კატეგორიულმა მესიჯმა აიძულა ორივე მხარე, მოლაპარაკების მაგიდას დაბრუნებოდნენ. მსურს, გავშალო თემა: ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც შიდა პოლიტიკური საკითხების მოგვარებაში ფასილიტატორების ჩართულობა ხდება საჭირო. ეს მიუთითებს ჩვენი პოლიტიკური ხარისხის დაბალ მაჩვენებელზე. საქართველოში არ აღმოჩნდა ამ დრომდე ისეთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კეთილსინდისიერი და გონიერი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც მოახერხებდა ამ ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალების კონსენსუსამდე მიყვანას. ხოლო რაც შეეხება შეთანხმებას, ეს გარდაუვალია, ვინაიდან როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ ფრთას, მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა, ვინაიდან გამოვიდნენ იმ გვირაბიდან, სადაც სინათლე ჯერ კიდევ არ ჩანს. მივესალმები ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რაც მედიტაციაზე გადასვლას გულისხმობს. ეს მართებული და სწორი ნაბიჯია. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ იაფფასიანი სპექტაკლის ყურებას, რაც შესთავაზა მათ არსებულმა პოლიტელიტამ. აუცილებლად შედგება შეთანხმება და გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
_ რეალურად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. შესაძლებელია თუ არა ამ პერიოდის განმავლობაში მათ მოახერხონ საერთო ენის გამონახვა?
_ ორკვირიანი ვადა ძალიან მოკლე პერიოდია კრიზისის განსამუხტად ან საერთო ენის საპოვნელად, მაგრამ შეთანხმების პროცესს დააჩქარებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი პრინციპული საკითხის გადაწყვეტა: ეს არის პოლიტიკური შერჩევითი სამართლით დაკავებული პირების დაუყოვნებლივ განთავისუფლება და პლებისციტის დანიშვნა. ამ მოცემულობაში ბევრია დამოკიდებული მმართველი გუნდის პოზიციებზე. ამ ორი ფუნდამენტური მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზრი ექნება პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას. ახალი კონტურები გამოიკვეთება, რასაც გაჰყვებიან კიდეც საბოლოო ჯამში. დღეს ქაოსური ვითარებაა, სადაც პროგნოზის გაკეთება ყველას გაუჭირდება. ქვეყანას არ გააჩნია პოლიტიკური დღის წესრიგი, ინერციით მივდივართ, რომელიც კარგის ფიქრის შესაძლებლობას არ გვაძლევს.
_ შარლ მიშელის შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება დაიწყო, რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ქმედება ოპოზიციის დესტრუქციულობაზე მიუთითებს. თქვენი გადმოსახედიდან, რაზე მეტყველებდა ოპოზიციის პროტესტის ეს ფორმა ასეთ მოცემულობაში?
_ კუნთების დატოლების დრო ნამდვილად არ გვაქვს. აქციები გამოხატვის ერთი-ერთი ლეგიტიმური ფორმაა, მაგრამ უმჯობესია, თუკი ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული და, ამავე დროს, პროდუქტიულიც იქნება. საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს მათი სამოქმედო გეგმა, თუ რა ხედვა აქვთ ახლო პერიოდში. ჩემთვის ბუნდოვანია ოპოზიციური ძალების გატარებული პოლიტიკის მომავალი. ვიმედოვნებ, ტაქტიკას შეცვლიან. რადიკალიზმი ჩემთვის პირადად მიუღებელი ფორმაა, მაგრამ მართებულია, როდესაც ხელისუფლება სხვა გზას, უბრალოდ, არ გვთავაზობს. რაც შეეხება მმართველი პარტიის განცხადებებს დესტრუქციულობის შესახებ, ვფიქრობ, გარეთ დგას თავისუფლებისმოყვარე ასობით ადამიანი, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული მომავალი აინტერესებს და მათთანაც იგივე ვალდებულებით უნდა იყვნენ, როგორც თავიანთი პარტიის ამომრჩეველთან. ხოლო პარლამენტის შენობაში მოკალათებულია ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი არსით და ბუნებით კოლაბორაციონისტია, ასეთ ადამიანთა ჯგუფს კი მორალური უფლებაც არ გააჩნია, აქტივისტებზე მსგავსს კონტექსტში ისაუბროს. მიშელთან შეხვედრის პერიოდში არავის უთქვამს, რომ საპროტეტო ტალღა არ იარსებებდა ქვეყანაში. ეს პროცესები განუწყვეტლივ იქნება, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, ხოლო მანიპულირება ამ თემით ღიმილის მომგვრელია.
_ ფაქტია, რომ ოპოზიციამ აქციები და პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, უწყებების პიკეტირება, საერთოდ გადადო და შეაჩერა. ეთანხმებით თუ არა მათ ამ გადაწყვეტილებას?
_ ვიზიარებ, მაგრამ არ ვეთანხმები. მშვიდობიანი სამართლებრივი ნორმების დაცვით პროსტესტი არის ის ერთადერთი ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს მოდუნების შესაძლებლობას. ყოველდღიურად უნდა შეექმნათ დისკომფორტი, რათა დროულად მოეძებნათ გამოსავალი. ტემპერატურა ძალიან აწეულია და ამ დროს მუხტის დაგდება, თუნდაც მას მოვუძებნოთ გამამართლებელი არგუმენტი, დანაშაულად მიმაჩნია. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თავისუფლების იდეით გაერთიანებული ათასობით ადამიანის მონაწილეობით მისასალმებელია. საქართველო უნდა დაბრუნდეს განვითარების სწორ ვექტორზე, რომელიც გაერთიანებული ერების დიდ ოჯახში შეგვიყვანს. ქვეყნის განვითარება არ უნდა შეფერხდეს! სწორედ ამ იდეით განმსჭვალულ ახალგაზრდებს ვხედავ საკანონმდებლო ორგანოს წინ და როგორ შეიძლება, მათ აქციის გადადებაზე ესაუბრო?! ამავე დროს, მათ უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ იქცნენ ბრმა იარაღად ასაკოვანი პოლიტიკოსების ხელში. ვურჩევდი, იყვნენ ყოველთვის ლოგიკის ადვოკატები, ვიდრე _ რომელიმე პარტიის. გულწრფელობა და ენთუზიაზმი არის მათი მთავარი ინსტრუმენტი საზოგადოებასთან კომუნიკაციის დასამყარებლად.
_ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პროცესები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩიხშია შესული. ამ ხნის განმავლობაში რამდენად ქმედითი და სწორი იყო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები?
_ 31 ოქტომბრის არჩევნებმა ყველას ცხადად გვაჩვენა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოში, არამედ ავტოკრატიულ რეჟიმში. საზოგადოებას უბრალოდ დასცინეს, ხალხს თავმოყვარეობა შეულახეს, მათ წაართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი _ გამოხატვისა და ხმის მიცემის უფლება. დღეს სახელმწიფოში სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდა, _ როდესაც თითქმის ყველა ინსტიტუცია მიზანმიმართულად ჩამოშალეს, სხვა შედეგი წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ოპოზიცია თავიდან ეგზალტირებული იყო და ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღეს ყველასთვის მოულოდნელად სწორი ნაბიჯებით მიდის მიზნისკენ. ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ხელი შეუწყო მათი პოლიტიკური წონის გაზრდას საერთაშორისო პარტნიორების თვალში. იმედიანად ვარ. მძიმე და საინტერესო ორი კვირა გვაქვს წინ. ალბათ, ევროსაბჭოში ვიზიტის დასრულების შემდეგ უფრო მეტად შევძლებ ანალიზს.
_ პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ირონიით აღნიშნავენ, რომ სულ რამდენიმე ადამიანია პროტესტის წინა ხაზზე. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოდის ქუჩაში ხალხი? საკმარისად ვერ აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას?
_ ბატონები კობახიძე და ვოლსკი თავების დათვლით თუ არ დაკავდებიან, ეს მათთვისვე იქნება უკეთესი. კეთილი ინებონ და კარვებშიც მივიდნენ, თავისი ქვეყნის მოქალაქეები არიან, გაესაუბრონ, იქნებ, იპოვონ კიდეც მათთან საერთო ენა. პოლიტიკა სწორედ ეს არის _ გქონდეს ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა შენი ხალხის წინაშე, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობისა. ამის ნაცვლად ღლიცინებენ და კლოუნებად იქცნენ. ხალხში ნიჰილიზმი სუფევს. ეს მათთან არასწორმა კომუნიკაციამ გამოიწვია. მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს პოლიტიკოსების, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის გულწრფელობაში. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, ოდიოზური ფიგურები ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს ვინაიდან მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, ისინი საერთო საქმეში ხელის შემშლელ ფაქტორადაც კი იქცნენ. ეკონომიკური სტაგნაციის გათვალისწინებით მოკლე ხანში მშიერი ხალხი ქუჩაში გამოვა და ვერანაირი ძალა ვეღარ შეაჩერებს მას. სიღრმისეულად არ უყურებენ პრობლემას მდინარაძე-კობახიძე-თალაკვაძე და თავის ამფსონები, თორემ არა მგონია, ანალიტიკური აზროვნების უნარი რომ გააჩნდეთ, სასაცილოდ ჰქონდეთ საქმე.
_ ამ პოლიტიკურ პროცესებში ბრძოლის რომელ ხაზზე ხართ და რა გზას ირჩევთ თქვენ, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი?
_ არჩევნების შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში. ვთანამშრომლობ მესამე სექტორთან, ასევე სამოქალაქო აქტივისტებთან, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაში შესვლას ვფიქრობ, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემა საკუთარი თავის თვითრეალიზებისა და მეც ვიქნები პროდუქტიული მათთვის. ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იდეური და ღირებულებითი თანხვედრა. დიალოგი მაქვს რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან. დაახლოებით მარტის ბოლოს საჯაროდ გავაკეთებ განცხადებას, თუ რომელი გუნდის წევრი გავხდები. ეს აუცილებლად იქნება დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული ძალა. ამ ეტაპზე ვსწავლობ სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის მიმართულებით.
_ ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ პროტესტს რა როლი აქვს ამ კონკრეტულ სიტუაციაში? როგორ უნდა იმოქმედონ ახალგაზრდებმა, რომლებსაც რეალურად სურთ ცვლილებები?
_ ახალგაზრდების როლი შეუფასებელია ამ მოცემულობაში. სწორედ ეს ადამიანები არიან, ვისზედაც რეალურად დგას დღევანდელი პოლიტიკური კლასი. მათ უნდა შეინარჩუნონ სიმტკიცე, მხნეობა, პრინციპულობა, იყვნენ უფრო ექსპერტის როლში და არა როგორც რიგითი აქტივისტები. მათი წვლილი უდიდესია საზოგადოების წინაშე. მეამაყება თითოეული მათგანი, ვისაც დღეს ფრონტის წინა ხაზზე ვხედავ და ღრმად ვარ დარწმუნებული მათ გულწრფელობაში, სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულში და ჯანსაღი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის სურვილში. ჩვენ ყველანი ერთად შევცვლით არსებულ რეალობას და ჩვენს ოპონენტებთან თუ თანამოაზრეებთან ერთად ვიცხოვრებთ მშვიდ, პროგრესულ სახელმწიფოში.
ნენე ინჯგია