QronikaPlus
საქართველო _ კომპრომისსა და წრეზე სირბილს შორის

საქართველო _ კომპრომისსა და წრეზე სირბილს შორის

2021-03-18 06:25:12

ის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, უკვე ყველასთვის ცხადია, ქოცფანატების გარდა.

სავარაუდოდ, არსებულ რეალობას „ქართული ოცნების“ სარდლობაშიც აცნობიერებენ _ ეს უკვე იქიდანაც ჩანს, რომ რიხინით ჩართული რეპრესიების მანქანა ამჯერად ნიკა მელიათი შემოიფარგლა. ეს ქოც-ფან-კლუბისთვის უსიამოვნო ახალი ამბავია – ისინი, რატომღაც, გულწრფელად ელოდნენ, რომ ცოფიანი ღარიბაშვილი მთელს ოპოზიციას დაერეოდა, ყველას ციხეებში ჩააყუდებდა, ტელევიზიებს დახურავდა და „კოჰაბიტაციას“ საბოლოოდ დაასრულებდა.
შესაძლოა, თავად ღარიბაშვილსა და მის ზურგს უკან მდგომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდათ კიდეც ასეთი ჩანაფიქრი, თუმცა ისევე როგორც 2013-2014-ში ვერ მოხერხდა ამის გაკეთება, მით უმეტეს ეს ძალიან პრობლემურია დღეს.
როგორც ჩანს, დღევანდელი რეალობა ისეთივე იქნება, როგორიც ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის პერიოდში იყო _ აგრესიული რიტორიკა, უფრო ხისტი მოქმედებები ოპოზიციის მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში, თუმცა ღია დიქტატურამდე საქმე არ მივა.
სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა, ჩიხურია იმის გამო, რომ ორივე მხარეს, დაახლოებით, ერთნაირი მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ცალკე აღებული „ქართული ოცნების“, თუმცა ეს ჩამორჩენა სახელისუფლებო ბერკეტებით კომპენსირდება.
„ქართულ ოცნებას“ აბეზარა და ყელში ამოსული ოპოზიციონერების საბოლოოდ ალაგმვა არ შეუძლია. სხვა თუ არაფერი, ძალიან ბევრნი არიან. ნიკა მელიას დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთი ან რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება არაფერს ნიშნავს.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაპატიმრებამ ხელისუფლებას ცხოვრება არაფრით გაუადვილა, დამატებითი პრობლემები კი ნამდვილად შეუქმნა.
თუ ივანიშვილს საკუთარი თავისთვის იდეალური კომფორტის შექმნა სურს, დემოკრატიობანას და ევროპელობანას თამაში უნდა შეწყვიტოს და პირდაპირ დააპატიმროს ყველა ოპოზიციური ლიდერი, დახუროს ყველა ტელეკომპანია, დაამყაროს ეფექტიანი კონტროლი ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე.
ამის არც ფიზიკური, არც მორალური რესურსი მას არ გააჩნია, რადგან ის ამ შემთხვევაში მასშტაბური სანქციების ქვეშ მოხვდება და მასთან ერთად _ ქვეყანაც.
ხშირად გავიგონებთ, ამას ყველაფერს ივანიშვილი იმისთვის აკეთებს, რომ დასავლეთს საბოლოოდ დაემშვიდობოს და საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ დააბრუნოს.
სავარაუდოდ, ეს ასე არ არის _ დღეს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, საქართველო როგორც არასდროს, დამოკიდებულია დასავლეთზე და კერძოდ მის ფინანსურ დახმარებაზე, რომლის გარეშეც ჩაკეტილი ქვეყნის ეკონომიკა ერთ დღეში ჩამოიშლება.
ასეთ დახმარებას მას რუსეთი ვერ გაუწევს _ მოსკოვი, როგორც წესი, ელიტებს არჩენს, თუმცა „ოცნებას“ თავისი მთავარი ამომრჩევლის _ საჯარო სტრუქტურების _ უპირობო მხარდაჭერა სჭირდება. ის ამ მხარდაჭერას დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ დასავლური დახმარების გარეშე დარჩენილი ეკონომიკა იმდენად დაიქცევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების პრობლემა დადგება.
1-2-თვიანი დავალიანება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ „ოცნება“ საჯარო სამსახურის მხარდაჭერას სამუდამოდ დაემშვიდობოს და კოლექტიური გოგა ხაინდრავების იმედით დარჩეს.
ამიტომაც მმართველი პარტიის მანევრირების სივრცე ძალიან შეზღუდულია _ დღევანდელი არეულობის უსასრულო გაგრძელება საინვესტიციო კლიმატს დაასამარებს, ხოლო ერთი ხელის მოსმით ოპოზიციის პრობლემის გადაწყვეტა პირდაპირი გზაა საერთაშორისო სანქციებისკენ და ვერანაირი რუსეთი ამას ვერ უშველის.
ერთი სიტყვით, ჩიხია.
თუმცა არც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიცია უკეთესს მდგომარეობაშია _ ისიც ჩიხშია.
მთავარი მიზეზია საზოგადოებრივი პასიურობა, რომელიც არა დაბალი რეიტინგების ან სხვა რაიმე პრაქტიკული მიზეზებით, არამედ ქართველი ხალხის ისტორიული გადაღლილობითაა გამოწვეული.
ყველა საპროტესტო აქცია ერთი სქემით ვითარდება: პირველ დღეს _ 15-20 ათასი მომიტინგე, მეორე დღეს _ 10 000, მესამე დღეს _ 5000 და ბოლოს ყველაფერი იმით სრულდება, რომ თქვენ მიტინგზე ხართ, გვერდით კი რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობაა _ ჩავარდნის ყველაზე ნათელი მაჩვენებელი.
ოპოზიციას ხელისუფლების მშვიდობიანი ჩამოგდებისთვის მხარდაჭერა არ ჰყოფნის _ რევოლუციის მთავარი ფორმულა რა არის? რევოლუციას მოსახლეობის აქტიური 2% აკეთებს, 90%-ის მდუმარე მხარდაჭერის პირობებში.
სწორედ აქაა ოპოზიციის წარუმატებლობის საიდუმლო _ მას 90% არ ჰყავს, მხოლოდ 45-50%, ისიც პასიური, ჩამკვდარი, აპათიაში ჩავარდნილი.
მეორე მხრივ, არც ოპოზიციას შეუძლია დღევანდელი აუტანელი რეჟიმით დიდხანს ცხოვრება _ ადრე თუ გვიან, ეს მუხტი თავისით ჩაქრება, ცოტა ხნით. შემდეგ კი ერთი და იგივე სერიალის მეათასე სეზონს ვიხილავთ..
თეორიულად ორივე მხარეს ესმის _ ამ ჩიხის პირობებში ჰაერივით სჭირდებათ მოლაპარაკებები. ოღონდ ორივე მხარეს მოლაპარაკებები მხოლოდ თავის პირობებზე სურს, ასე კი არ გამოვა.
ვითარების განმუხტვის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს _ ორივე მხარემ რაღაცა უნდა დათმოს და მოლაპარაკებები განახლდეს (რა თქმა უნდა, ნიკა მელიას უპირობო განთავისუფლების შემდეგ, ეს საკითხი არც უნდა განიხილებოდეს).
არაპოპულარულ აზრს გამოვთქვამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამისთვის არავითარი წინაპირობა არ არსებობს _ არც ქართველი ხალხის აქტიურობა ქუჩაში და არც დასავლეთის მხარდაჭერა.
ეს საკითხი უნდა დაიხუროს, როგორც უკვე წარსულს ჩაბარებული.
ოპოზიციამ დღეს უნდა მიაღწიოს შემდეგი, ვადიანი არჩევნების კანონიერად ჩატარებას და თუ ამისთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევიდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება ის, რაც უკვე არაერთხელ გვინახავს _ რადიკალური მოთხოვნა შეუსრულებელი დარჩება, ხოლო რეალისტურზე არავინ ფიქრობს. საბოლოოდ, არც ვადამდელი არჩევნები იქნება და არც _ ნორმალური ვადიანი.
საქართველო ისევ შემდეგ წრეზე წავა.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება