- კვირაპერი, 29 დეკემბერი, 2024
2021-02-15 06:43:47
პარტია „მოქალაქეებმა“ რღვევა დაიწყო. მისი რიგები ბათუმში დატოვეს გენრი დოლიძემ და გიორგი გაბაიძემ. რა არის მიზეზი? ხომ არ უკავშირდება მათი გადაწყვეტილება ელისაშვილისა და იოსელიანის პარლამენტში შესვლას? სად გააგრძელებენ ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ გენრი დოლიძეს ესაუბრა:
_ ბატონო გენრი, რატომ დატოვეთ პარტია „მოქალაქეები“?
_ პარტიიდან წასვლას არ ჰქონია ერთი კონკრეტული მიზეზი და ეს არ ყოფილა ნაჩქარევი გადაწყვეტილება. უპირველესად, დავტოვე იმის გამო, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში ამოვწურე საკუთარი თავი. მიმაჩნია, სამოქალაქო პლატფორმიდან გაცილებით მეტს გავაკეთებ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ვიდრე პარტიაში ტივტივით. ასევე იყო გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, აბსოლუტურად ჯანსაღი დემოკრატიის ფარგლებში.
_ თქვენთან ერთად პარტია დატოვა გიორგი გაბაიძემაც. ხომ არ უკავშირდება თქვენი ეს გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას?
_ გიორგი და მე უკვე 14 წელია, ვთანამშრომლობთ. პოლიტიკაში მისი მოსვლა იყო ჩემი ზურგის გასამაგრებლად გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთხმად მივიღეთ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ეს ნაბიჯი არ უკავშირდება ალეკოსა და ლევანის პარლამენტში შესვლას. ჩვენ შორის განსხვავებული შეხედულებები ცოტა ადრე ჩამოყალიბდა. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ვცხოვრობთ, დღის წესრიგში გვაქვს განსხვავებული თემები. ვფიქრობთ, სამოქალაქო აქტივობით უფრო ეფექტიანად შევძლებთ ბათუმისა და აჭარისთვის პრიორიტეტული საკითხებისთვის ბრძოლას.
_ თუ გქონიათ ამ თემაზე დიალოგი თქვენი პარტიის ლიდერთან?
_ ცენტრალურ ლიდერებთან დიალოგი და კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია იყო კონსტრუქციული, გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებებიც გვაქვს. უშუალოდ ჩემი გუნდის შეხედულებები და პოზიციის გამოხატვის ფორმა უფრო ახლოს დგას სამოქალაქო აქტივიზმთან, ამიტომ გადავინაცვლებთ მესამე სექტორში და გავაგრძელებთ იგივე საქმეს, იმავე მიზნითა და პრინციპებით _ ცოტა განსხვავებული და ჩვენთვის უფრო მოხერხებული ფორმით.
_ ოპოზიციის ყველა დეპუტატი რომ შესულიყო პარლამენტში, მაინც დატოვებდით პარტიას?
_ ყველა პარტია რომ შესულიყო პარლამენტში ან ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო, მაშინ აზრი ექნებოდა ჩვენს ბრძოლას პარტიული ფლანგიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელფასი ავიღო და რაღაც სტატუსი მქონდეს, არ მიღირს პოლიტიკაში ტივტივი. ქვეყანა ნადგურდება და ყველამ უნდა დაიკაპიწოს ხელები, რომ რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ ივანიშვილის ხელისუფლება, რათა სახელმწიფოს ნანგრევებში არ გაგვეღვიძოს ერთ დღეს.
_ როგორ შეაფასებთ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას? სწორად მოიქცნენ ისინი?
_ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დრო შეაფასებს. დაველოდოთ, ძალიან მალე გამოჩნდება, ამ უდიდესს სარისკო ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება ქვეყნისა და პარტია „მოქალაქეებისთვის“. მე პირადად არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის გუნდის. არ ვაპირებ მათთან კომპრომისს, თუმცა ჩემი ყოფილი თანაგუნდელების განსხვავებულ აზრსაც პატივს ვცემ, მით უფრო, რომ მათი მსჯელობა ემყარება ფასილიტატორი ელჩების რეკომენდაციებს.
_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები _ აპირებთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, თუ მორჩა თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა?
_ ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო სექტორში გადავინაცვლებთ. არ დავმალავ და გვქონდა შემოთავაზება რამდენიმე პოლიტიკური პარტიისგან, თუმცა მყარად ვარ იმ აზრზე, რომ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა გავაგრძელოთ როგორც უპარტიო აქტივისტებმა. ეს მეტ თავისუფლებას მოგვცემს. დამოკიდებული ვიქნებით მხოლოდ საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებებზე.
ხვიჩა მამულაძე