- კვირაპერი, 29 დეკემბერი, 2024
2021-02-15 06:34:34
კახა კალაძე, რომელიც პარტიაში პოზიციების გამყარებით არის დაკავებული, ახალ შარში გაეხვია. ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სუსმა ის გააფრთხილა. ასეთი მეთოდებით ქალაქის თავი სხვა დროსაც გაუფრთხილებიათ და გაუჩერებიათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „შეცვალეს“ დამფუძნებელი დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ კალაძის წინააღმდეგ სუსში საკმაო მტკიცებულებები აქვთ და ზედმეტს თუ მოინდომებს, მას აუცილებლად გაანეიტრალებენ. ბიძინაშვილი არ გამორიცხავს, რომ კალაძეს სურდეს დამოუკიდებელი თამაშის დაწყება, მაგრამ დარწმუნებულია, მას ამის უფლებას არ მისცემენ. „შეცვალეს“ ლიდერისთვის ის უფრო საინტერესოა, თუ რატომ გააქვს თბილისის მერს ქონება საზღვარგარეთ?
რატომ გაყიდა კალაძემ უკრაინაში ბიზნესი? რისთვის გამოიყენებს ამ თანხას? რა მიზნით შეიტანა შვეიცარიის ბანკში მილიონი? რას ვერ იყოფენ თბილისის მერი და სუსის უფროსი? _ ამ თემების შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში თავისი ბიზნესი გაყიდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ფულს თბილისის მერი საკუთარი პოლიტიკური თამაშის დასაწყებად გამოიყენებს. ის არ მალავს, რომ უკვე ქვეყნის პრემიერობა სურს. თქვენი აზრით, რა ხდება?
_ ამ ადამიანის საქმიანობა კარგად გვაქვს შესწავლილი და შემიძლია გითხრათ, რომ სისულელეს სისულელეზე აკეთებს. ადრე ამბობდა, უკრაინაში სამი და ოთხი იქს თანხა ჰქონდა დაბანდებული. იმაზე მეტს ადეკლარირებდა, ვიდრე იქიდან ჰქონდა შემოსავალი. შემდეგ თბილისელებისა და ბიუჯეტის ხარჯზე ნაშოვნ ფულს ათეთრებდა უკრაინული კომპანიებით. ეს ამბავი გაუსკდა და მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა უკრაინაში ბიზნესის ქონას. ადგა და ეს კომპანიები მოიშორა.
ბევრი იკითხავს, კალაძე მილანში თამაშობდა და რაში სჭირდება თბილისელების ფულიო? კი ბატონო, თამაშობდა მილანში, კარგი ხელფასიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ ამხელა ქონება არ დაუგროვებია. სანამ ის ბურთს დასდევდა, მხოლოდ 1.5 მილიონის ქონება ჰქონდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან 4.5 მილიონის ქონება შეიძინა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კალაძე გაცილებით მეტ ფულს შოულობს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვიდრე მილანში თამაშისას.
ფაქტი ისაა, რომ დღეს თბილისის მერია ერთ დიდ კორუფციულ მანქანად არის გადაქცეული. თუ გინდა, რომ რომელიმე ტენდერი მოიგო და რაღაც გააკეთო, „ატკატი“ უნდა მიიტანო კახა კალაძესთან. ეს აღარავისთვისაა დასამალი. კორუფციული სქემები თბილისის მერს არაერთხელ გავუშიფრეთ.
_ ამ სქემების გაშიფვრას ჯერ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
_ ჯერჯერობით არ მოჰყოლია, მაგრამ დადგება დრო და კალაძეს ყველაფერზე მოუწევს პასუხისგება. არანაკლებ კორუმპირებულია კახა კალაძის მოადგილე, რომელსაც მილიონ-ნახევრიანი სახლი აღმოაჩნდა. ეს სახლი მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინა.
_ ირაკლი ხმალაძეზე საუბრობთ?
_ ხმალაძეზე მოგახსენებთ. ორი წლის წინათ მისი დაკავების საკითხი იდგა დღის წესრიგში. ხმალაძე დაკავებისგან კალაძემ იხსნა. ამის შემდეგ ის ტელეეკრანებს მოაცილეს. კალაძე და მისი გარემოცვა თბილისელების გატყავებით არიან დაკავებულები. ისინი იმ დროსაც ატყავებენ ხალხს, როცა პანდემია მძვინვარებს და ძალიან დიდი გაჭირვებაა. პანდემიამ ხალხი უკიდურესს სიღატაკემდე მიიყვანა. ამავე პერიოდში ჩინოსნები და მათთან დაახლოებული ტიპები კიდევ უფრო გამდიდრდნენ. აგერ კალაძემ 350.000 დოლარზე მეტი სახლში გადაიხადა; ასეულობით ათას დოლარად იყიდა ახალი მანქანა; 10.000 დოლარად მოტოციკლი შეიძინა; მილიონზე მეტი შვეიცარიულ ბანკში დადო.
შვეიცარიულ ბანკში ფულის დადებაში უცნაური არაფერი იქნებოდა, ამას ბევრი ბიზნესმენი აკეთებს, მაგრამ ეს ბანკი, სადაც კალაძემ ფული დადო, დიდ სკანდალებშია გახვეული.
_ რა სკანდალებშია გახვეული?
_ ამ ბანკს შვეიცარიულმა სახელმწიფომ ღიად მოუწოდა, რომ კარგად გაეკონტროლებინა თავისი საქმიანობა. ითქვა, რომ ამ ბანკში თეთრდებოდა ფული და მასთან კორუმპირებული ჩინოვნიკები იყვნენ კავშირში. თბილისის მერი ფულსაც ათეთრებს და კორუფციაშიც ღრმად არის ჩაფლული. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ამ ბანკს ანდო თავისი ფული. სინამდვილეში, ის ფული, რომელიც საეჭვო რეპუტაციის ბანკში წაიღო, არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მოპარული თანხა. თბილისის მერი ჩვენი მოსახლეობის გატყავებას ახლაც განაგრძობს.
_ ისევ უკრაინაში გაყიდულ ბიზნესს დავუბრუნდეთ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ სკანდალის გამო გაყიდა ეს ბიზნესი კალაძემ? გამორიცხავთ, ეს თანხა რაღაცისთვის დასჭირდა?
_ ერთი ამბავი ისაა, რომ გაეშიფრა ფულის გათეთრების სქემა. დეკლარაციაში იმაზე მეტი თანხა ჰქონდა ჩაწერილი, რა შემოსავალიც უკრაინული კომპანიებიდან შემოსდიოდა. მეორეც: ის თანხებს აგროვებს. ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა და თბილისის მერმა შეიძლება იფიქრა, რომ ახლა ნამდვილად დადგა მისი დრო. კალაძეს ყოველთვის სურდა თავისი თამაშის თამაში და შესაძლოა, ახლა რაღაც აქვს ჩაფიქრებული. არც იმას გამოვრიცხავ, გაქცევასაც აპირებდეს.
_ ისე მიდის საქმეები, რომ კალაძე შეიძლება, ქვეყნიდან გაიქცეს?
_ ახლა ნამდვილად არ აპირებს ქვეყნიდან გაქცევას, მაგრამ სულ ასე არ იქნება. ერთ მშვენიერ დღეს მას მართლა გასაქცევად ექნება საქმე. ყველაზე უკეთესად მან იცის, რა საქმეები აქვს ჩადენილი, ამიტომ წინასწარ დაიჭირა თადარიგი _ ქონების მოგროვება და მისი უცხოეთში გატანა დაიწყო. ფულის ნაწილი საზღვარგარეთ უკვე დააბანდა. აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი რაღაცისთვის ემზადება. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი: ის უძრავი ქონებები, რომელსაც კალაძე და მისი მსგავსი კორუმპირებულები ყიდულობენ, სადღაც ქრება ხოლმე და მას ვერავინ პოულობს.
ასე გაქრა პრემიერ გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციიდან ყველაფერი. ამ ადამიანს არაფერი აღარ გააჩნია.
_ თავადაც წუწუნებდა გახარია, რაც მთავრობაში ვარ, გავღარიბდი კაციო.
_ მარტო კი არ გაღარიბდა, მთლად უსახლკარო დარჩა. მის ქონებრივ დეკლარაციას თუ გადახედავთ, ასეა. დეკლარაციის მიხედვით, მას სახლიც კი არ გააჩნია. ფაქტობრივად, უსახლკარო პრემიერი გვყავს. ვინ დამაჯერებს, რომ გიორგი გახარია, რომელიც ბიზნესიდან მოვიდა, უქონელია და მას არაფერი გააჩნია?! ქონება რომ დაეკარგა, ე. ი. უნდა გაკოტრებულიყო, რაც არ მომხდარა. გახარია როგორ უნდა გაკოტრებულიყო, როცა „ოცნების“ ყველაზე პატარა ჭანჭიკებიც კი დიდ ფულს შოულობენ?! კალაძე და გახარია რომ ძალიან ბევრ ფულს იშოვიან, ამაში არავის ეპარება ეჭვი.
_ კალაძე ფულს კარგად შოულობს, მაგრამ შეძლებს დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას? აქვს ამის რესურსი? გიორგი გახარიასგან განსხვავებით მას თავისი გუნდი ჰყავს, მათ შორის, პარლამენტშიც.
_ ჯერ ის ვთქვათ, ვის სჯერა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პარტიიდან. დღემდე ის წყვეტს, ვინ, სად და როგორ უნდა იყოს პარტიაში. მეორე: ივანიშვილს ჰყავს სერიოზული დასაყრდენი ძალოვან უწყებებში, მათ შორის, სუსში. სუსი რომ კალაძეს არ სწყალობს, ეს ცოტა ხნის წინათ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, _ იმ დროს, როცა დედაქალაქის მერი ჩუღურეთის გამგებელთან ერთად იდგა, მის მოადგილეს სუსი აკავებდა. ამით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერს შეახსენა, რომ ის ვერასდროს გახდება ისეთი დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც ვერ გააკონტროლებენ.
_ როგორც ამბობენ, კალაძეს პრემიერობა უნდა და შიდა წრეში თქვა კიდევაც, _ მერის მოვალეობას როცა ამოვწურავ, პრემიერი ვიქნებიო.
_ არ გამოვრიცხავ, მას პრემიერობა უნდოდეს, თუმცა სუსმა ბოლო დაკავებით მას ამის სურვილი საბოლოოდ მოუკლა. იმ კომპანიას, რომლის ლობირების გამოც ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს, სხვა გამგეობებიც ლობირებდნენ. მაგალითად, ამ კომპანიასთან დიდუბისა და მთაწმინდის გამგეობებს უფრო მეტი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ვიდრე _ ჩუღურეთს. მართლა გამოძიება რომ სდომოდა სუსის ანტიკორუფციულ სამსახურს, სხვა რაიონის გამგეობების წარმომადგენლებსაც დააკავებდა, მაგრამ თბილისის მერთან დაახლოებული პირი დააკავეს. ეს კალაძისთვის მინიშნება იყო, რომ მას არ გამოუვა ის თამაში, რისი დაწყებაც სურს. გრიგოლ ლილუაშვილის ხელით ივანიშვილი კალაძეს ყოველთვის გააკონტროლებს და საჭირო თუ გახდა, გააჩერებს კიდევაც.
_ სუსის მოქმედი უფროსი თბილისის მერს ადრეც აკონტროლებდა. კალაძეს თბილისის მერობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ივანიშვილმა ლილუაშვილი მოადგილედ რომ დაუსვა.
_ რაღაც პერიოდი მერიაში აკონტროლებდა. მერე მათ შორის სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა კომპანია „სვეტის“ გამო. სუსის ახლანდელი უფროსი და თბილისის მერი სამშენებლო ბიზნესის გამო დაეტაკნენ ერთმანეთს. ორივემ კარგად იცის, რომ სამშენებლო ბიზნესში დიდი ფული იშოვება. თბილისში ადგილი არ დატოვა ხელისუფლებამ, სადაც სამშენებლო ნებართვა არ გასცა. ლილუაშვილსა და კალაძეს შორის დღემდე მიდის ბრძოლა. სუსი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს კალაძეს იმის უფლებას, რომ თავისუფლად იმოქმედოს. ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, სუსი კი ოლიგარქის ინტერესების სადარაჯოზე დგას. არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში თბილისის მერი და მერია რამე ახალ სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეულები.
_ ერთ-ერთი სკანდალი უცბად ჩაფარცხეს. გლდანში მიწიდან 500 ტონა ძველი მილები გაქრა და ამაზე პასუხი არავის უგია.
_ ამ შემთხვევაში დედაქალაქის მერიამ, მინიმუმ, გულგრილობა გამოიჩინა _ არცკი იცოდნენ, ალბათ, იქ რომ ამხელა ლითონი იყო. დღემდე არაა ცნობილი, ვინ წაიღო იგი. გამოძიებამ, რომელიც კალაძის მოთხოვნით დაიწყო, ვერაფერი დაადგინა.
_ შეიძლება, იმიტომ არაფერი დაადგინა გამოძიებამ, რომ იციან, ვინც წაიღო ეს მილები. ამას ჩვეულებრივი კრიმინალები ვერ გააკეთებდნენ. არც ჯართის შემგროვებლების ნამოქმედარს ჰგავს.
_ შეიძლება, იციან, ვინცაა გამკეთებელი და ამიტომაც არიან ჩუმად. შეუძლებელია, 500 ტონა ლითონი ისე ამოთხარო მიწიდან, ამის შესახებ არაფერი გაიგონ. ეს საქმე ერთ ღამეში არ გაკეთდებოდა. მას დიდი დრო დასჭირდებოდა და დამნაშავეები ვიღაცას უნდა დაენახა. 500 ტონა ლითონის გაქრობაშიც ხელისუფლება იქნება გარეული. კალაძე ის კატეგორიაა, რომელიც ცდილობს, ყველაფრისგან ფული იშოვოს. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პერიოდში ირანიდან თეთრი ქვები შემოიტანეს. საქართველოში, თურმე, ქვა დაილია და ირანში გააგზავნეს 3 მილიონი. ჯანდაბას, ირანული ქვა ჩამოვიტანეთ, მაგრამ კომპანია, რომლის ნაწარმიც შევიძინეთ, ამერიკის მიერ არის სანქცირებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. კალაძემ ამაზეც თვალები დახუჭა, ოღონდ დამატებითი შემოსავალი ნახოს და ყველაფერს იკადრებს.
მისთვის ფულია მთავარი და არა მოქალაქე ან ქვეყანა. იგივე დამოკიდებულება აქვთ „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოსნებსაც. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მეცხრე წელი დაიწყო, რაც ესენი ხელისუფლებაში არიან და ყველა მიმართულებით ჩავარდნა გვაქვს. „ქართული ოცნება“ კი იჩემებს, რომ ცხოვრების დონე გააუმჯობესა, მაგრამ საქმე პირიქითაა, _ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან პრობლემები და გაჭირვებაა.
საქართველოში ვერ დამისახელებთ ფენას, ვისაც ეს გაჭირვება არ შეეხო. გაჭირვება რომ არის ქვეყანაში, ამას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ვეღარ მალავენ. ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობს, არის ხელისუფლება და მასთან დაახლოებული წრე. ისინი ჩვენი ფულით იკვებებებიან. ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით იწყობენ ცხოვრებას. უკანასკნელ თეთრებს ვიხდით, რომ ესენი ვკვებოთ. იმისთვის გვაძრობენ ტყავს, რომ შემდეგ კალაძემ შვეიცარიაში გადამალოს მილიონები. ოფშორებშიც დიდი ოდენობით ფული გააქვთ „ოცნების“ წევრებს.
ხშირად ისმის კითხვა, _ რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა? ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი ჩინოსნების გაუმაძღრობაა. რვა წელია, დოვლათი ვერ შევქმენით და ფული ვერ გავაჩერეთ ქვეყანაში. 300.000 დოლარს რომ გაიტანს თითო ადამიანი, წარმოიდგინეთ, რა იქნება. „ოცნებაში“ კორუმპირებული მოხელეები მრავლად არიან და არც კი ვიცით, რა ოდენობის თანხები გადის. ყოველწლიურად ბიუჯეტიდან, სულ მცირე, ნახევარი მილიარდი დოლარი მაინც გააქვთ კორუმპირებულ ჩინოსნებს ბიუჯეტიდან ოფშორებში.
ცალკე საუბრის თემაა, თუ რა პრობლემებს უქმნიან ადამიანებს საბაჟოზე. ამას იმისთვის აკეთებენ, ეს მეწარმეები ვიღაც ჩინოსნის კომპანიაში მივიდნენ და იქ მეტი გადაიხადონ. ისიც კარგად ვიცით, საქართველოს რკინიგზით კერძო კომპანიებს ტვირთების გატარების უფლებას არ აძლევენ. ტვირთის გატარებაზე ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ, თუ ამაში „ქრთული ოცნების“ წარმომადგენლები ჩაერევიან.
რამდენიმე წლის წინათ ხორბლის შემოტანაზეც დიდი ამბები ატყდა. გადამზიდავ კომპანიებს ხორბალი ტრაილერებით შემოჰქონდათ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ეს გზა ჩაეკეტა და ხორბალი გემებით შემოეტანა. გემები ვისია, ისიც კარგად ვიცით. იგივე ვითარებაა სპირტის ბიზნესშიც. ყველას მოგვეხსენება, ვინ დგას სპირტის ბიზნესის უკან.
_ ადიკო ივანიშვილი განაგებს საქართველოში სპირტის ამბებს.
_ აბსოლუტურად ყველა ბიზნესში ესენი არიან. ჩვენს ფულს იპარავენ და ოფშორებში გადააქვთ. ბიუჯეტიდან ყოველ წელს, მინიმუმ, ნახევარ მილიარდს რომ გაიტან, იქ ლარი ვერანაირად იქნება სტაბილური. ასეთ დროს ინფლაციაც მძვინვარებს და ფასების ზრდაც. ყველაფერი ჩამოკიდებულია დოლარზე. კომუნალურებზე ტარიფები რომ გაიზარდა, ესეც დოლარზეა ჩამოკიდებული. მიზანმიმართულად აკოტრებენ და აღარიბებენ ამ ხალხს. ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება და ამას აუცილებლად დავუსვამთ წერტილს. ჩვენ უპირობოდ ვამხელთ კორუმპირებულ ჩინოსნებს, რომლებმაც შემდეგ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.
_ ამ მიზნით ჩაერთეთ კამპანია „ამხილეში“?
_ ხელისუფლებას ყოველთვის ვამხელდი. არაერთი კორუფციული სქემა გვაქვს შესწავლილი და გაშიფრული. რაც შეეხება მოძრაობა „ამხილეს“, ეს ორგანიზაცია ჩემმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს. მათ გვერდით ვარ და ყველანაირად ვეხმარები. ახლა იწყებენ ისინი და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. ძალიან მალე აქტიურად დაიწყებენ კორუმპირებული ჩინოსნების მხილებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ სად მიდის ჩვენი ფული. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ ხრავს ბიუჯეტს და ვინ იწყობს ამით ცხოვრებას. „ქართული ოცნების“ ჩინოსნები იმდენად გაუმაძღრები არიან, რომ პანდემიის დროსაც კი არ მოერიდათ ხალხის ფულების მითვისება. ჩვენ გვეუბნებიან, დარჩით სახლშიო და თავად მაროდიორობენ.
_ იმას, რასაც ხელისუფლება პანდემიის დროს აკეთებდა, მართლა მაროდიორობა ჰქვია. სხვა შეფასება ამას, უბრალოდ, არ აქვს.
_ მაროდიორები არიან და ამის გამო აუცილებლად აგებენ პასუხს. გადავხედოთ ჩინოსნების ცხოვრებას. მითხრას ვინმემ, რომელ ჩინოვნიკს გაუჭირდა? კანში ვეღარ ეტევიან. ძალიან დიდი ქონება იშოვეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ.
_ ფინანსთა მინისტრმა დაიწუწუნა, ცოტა მაქვს ხელფასიო: 4.900 ლარი ვერ აკმაყოფილებს.
_ ასეთი განცხადებებით ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვცინიან. გული იმაზე მწყდება, რომ აქამდე ვერ შევცვალეთ ესენი. ძალიან დიდი ხანი მივეცით დრო „ოცნების“ გუნდს, რომ ქვეყანა გაეძარცვათ და ხალხი გაეუბედურებინათ. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან თუ მალე არ გავუშვებთ, ამ ქვეყანას კიდევ უფრო გაუჭირდება, ხალხი უფრო გაღატაკდება.
არაერთხელ მითქვამს და, მათ შორის, „ქრონიკა+“-სთანაც, რომ ბიძინა ივანიშვილი კაპიკ-კაპიკ ამოიღებს, თუ რამე აქვს დახარჯული. თქვენმა მკითხველმა გადახედოს ფაქტებს და თავად დარწმუნდება, რომ რუსი ოლიგარქი არც ერთი თეთრის შერჩენას არ აპირებს, რაც ამ ქვეყნისთვის დაუხარჯავს.
_ ქვეყნისთვის დახარჯულს ვინ ჩივის, იმ ფულის ამოღებასაც აპირებს, რა ფულსაც თავის მაქებარ ინტელიგენციას უხდიდა და ახლაც უხდის.
_ რა თქმა უნდა, არც ამას შეგვარჩენს. თავის მაქებარ ინტელიგენციას ფულს უხდის, იმადლიერებს და დანაკლისს ბიუჯეტიდან ინაზღაურებს. ბევრს საუბრობენ, რომ ამდენი და ამდენი დახარჯა ბიძინამ ქველმოქმედებაზეო. მაშინ, ჩვენც დავთვალოთ, რამდენი წაიღო აქედან. მარტო საყდრისიდან 2.5 მილიარდზე მეტი წაიღო!
იმაზე აღარაფერს ვამბობ, ნახევარი საქართველო ერთ ლარად რომ გადაიფორმა. რეგიონი არ დატოვა, სადაც ქონება არ დაითრია. უზარმაზარი ტერიტორიები აქვს გადაცემული ერთ ლარად. ეს კაცი ქართველების გასაძარცვად მოვიდა ხელისუფლებაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი პრიორიტეტი იყო დამშეული ქართველი! მიზანს მიაღწია და საქართველოს მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად არის დამშეული, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო.
დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მალე ჩამოსცილდება ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფო თავზე დაგვენგრეს. ასეთი მძიმე მდგომარეობა შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. მაშინ საქართველოს მოსახლეობა უფრო წელში გამართული იყო და ბევრად მეტი საშუალება ჰქონდა, ოჯახები ერჩინა. „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ყველა პერსპექტივა მოუსპო. განვითარების პერსპექტივა მოუსპო სახელმწიფოსაც. ქვეყანა დაპაუზებულია. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის ივანიშვილის გარემოცვა და საერთოდ არ ადარდებს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ. ამ პანდემიის დროს განსაკუთრებით დაამშიეს ხალხი. ბოლო დროს დაწყებულმა პროტესტმა დათმობაზე წასვლა აიძულა. თუმცა ახლაც იდიოტური გადაწყვეტილება მიიღეს _ რესტორნები გახსნეს და კომენდანტის საათი დატოვეს. ადამიანი 7 საათამდე რომ მუშაობს და სახლში 9 საათისთვის უნდა იყოს, რესტორანში როგორ წავა? ხელისუფლების გადაწყვეტილება ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. ცდილობენ, რომ რამენაირად პროტესტი გაჩერდეს. ამ პროტესტს ვერაფერი ვეღარ გააჩერებს. „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი გაგიჟდნენ.
შორენა მარსაგიშვილი